Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაერთიანების ეკლესია საქართველოში

19 მარტი 2013

გაერთიანების ეკლესიის ოფიციალური სახელწოდებაა «სულიწმინდის ასოციაცია მსოფლიო ქრისტიანობის გასაერთიანებლად», 1954 წლის 1 მაისს დაარსებულ იქნა მუნ სან მიონის მიერ. გაერთიანების ეკლესია გაერთიანების მოძრაობაში შემავალი ერთ-ერთი ორგანიზაციაა და აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანების ეკლესიის თეოლოგიას აღიარებენ.

დოქტორი მუნი არა მხოლოდ გაერთიანების ეკლესიის, არამედ გაერთიანების მოძრაობაში შემავალი უამრავი პროექტის დამფუძნებელია. გაერთიანების მოძრაობის ძირითადი მიზანია სხვადასხვა რასის, ეროვნების, რელიგიის და კულტურის ადამიანების საქმიანობის რეალური შეკავშირება-გაერთიანება. გაერთიანების მოძრაობის პროექტები ხორციელდება იმ პირების მიერ, ვინც არ გვევლინებიან უშუალოდ ამ ეკლესიის წევრებად. ამ მოძრაობის უამრავი (200 მეტი) საერთაშორისო რელიგიური და საერო ორგანიზაციების პროექტების მიზანია განათლების, მეცნიერების, ეკონომიკის, მედიის, პოლიტიკის, კულტურის და ხელოვნების სფეროში ცვლილებების შეტანით მსოფლიოში განხეთქილების, უსამართლობის, უცოდინრობის და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა.

მუნ სან მიონი 1920 წლის 25 თებერვალს დაიბადა თანამედროვე ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე. მისი მშობლები გლეხები, პრესბიტერული ეკლესიის წევრები იყვნენ. მუნ სან მიონი იზრდებოდა ქვეყანაში, რომელიც იაპონიის მიერ იყო ოკუპირებული და სადაც ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობას ეყრებოდა  საფუძველი. მან ბავშვობიდანვე ისწავლა სამშობლოს სიყვარული და ნამდვილი პატრიოტიზმი. იაპონიაში, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, აქტიურად ეხმარებოდა კორეის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს.

სწორედ იმ წლებში, ღრმა სულიერი განცდების ზეგავლენით, მუნ სან მიონი მივიდა დასკვნამდე, რომ კონფლიქტების საბოლოოდ შეწყვეტა შესაძლებელია ადამიანის ღმერთთან ურთიერთობაზე, სულიერი დისციპლინის და მაღალი ზნეობრივი ღირებულებების პრაქტიკაზე დაყრდნობით. მან ქადაგება კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეაში, რელიგიის დევნის პირობებში დაიწყო. 1946 წელს კომუნისტმა მმართველებმა დააპატიმრეს. საშინელი წამების შემდეგ, მისი უსიცოცხლო სხეული თოვლში დააგდეს ციხის გალავნის მიღმა. მაგრამ, ის გადარჩა და დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ კვლავ შეუდგა ქადაგებას.

1948 წელს მუნ სან მიონი კვლავ დააპატიმრეს სააღმსარებლო საქმიანობისთვის და გადაყვანილ იქნა კომუნისტურ ჰინამის ბანაკში – სიკვდილის ბანაკში, სადაც მშიერ პატიმრებს შრომას აიძულებდნენ. ის შემართებით ცდილობდა გადარჩენას, რათა ადამიანებს შესძლებოდათ ღმერთის სიყვარულის შეცნობა. მოგვიანებით იხსენებდა: ,,არასოდეს მილოცია სისუსტის გამო და არასოდეს მიწუწუნია. ღმერთსაც კი არ ვთხოვდი დახმარებას. პირიქით, მას ყოველთვის თანავუგრძნობდი და ვთხოვდი, ჩემზე არ ედარდა. ღმერთმა უკვე იცოდა ჩემი ტანჯვის შესახებ და არ მინდოდა შემეხსენებინა და ამით მისთვის ტკივილი მიმეყენებინა. მე მას უბრალოდ ვეუბნებოდი, რომ არასოდეს დავნებდებოდი“. 1950 წელს ამერიკის კორეის ომში ჩარევამ მას თავისუფლება მოუტანა. შემდეგ კი იყო გზა სამხრეთისკენ, რომელიც ფეხით გაიარა; თიხისა და მუყაოს ყუთებისგან აშენებული პაწაწინა ქოხი, რომელიც თავის მოწაფესთან ერთად ააშენა; ლოცვასა და მუშაობაში გატარებული უძილო ღამეები და ცრემლიანი ქადაგებები.

1954 წლის გაზაფხულზე მუნ სან მიონმა ოფიციალურად დააარსა სულიწმინდის ასოციაცია დაყოფილი ქრისტიანული ეკლესიების გასაერთიანებლად, რომელსაც ხშირად გაერთიანების ეკლესიად მოიხსენიებენ. 1957 წელს ეკლესიის განყოფილებები კორეის 30 ქალაქში მუშაობდა. 1958 წელს პირველი განყოფილება მეზობელ იაპონიაში გაიხსნა. შემდეგ წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1960 წელს დოქტორ მუნი ქალბატონ ჰან ჰაკ ჯაზე დაქორწინდა. მათ 13 შვილი ჰყავთ. ქალბატონი მუნიც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან დააარსა ქალთა საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიო მშვიდობისთვის, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო პროექტებში. აქტიურად ეხმარება მეუღლეს მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის საქმიანობის განვითარებაში. დღეს მუნების წყვილის დამხმარეები არიან მათი შვილები და დაახლოებით 40 უფროსი შვილიშვილი.

1965 წელს მუნ სან მიონმა თავისი პირველი მსოფლიო ტურნე დაასრულა. ტურნეს ფარგლებში ის ორმოც ქვეყანას ეწვია. მეორე მსოფლიო სამშვიდობო ტურნე 1969 წელს გაიმართა. 1972 წელს კი იგი ამერიკაში გაემგზავრა. ოთხი წლის განმავლობაში იგი მოხსენებით 50 შტატში ერთხელ მაინც გამოვიდა. ამ კამპანიის კულმინაცია გახლდათ მიტინგი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონის ძეგლთან ჩატარდა 1976 წელს. მიტინგზე 300 000 ადამიანზე მეტი შეიკრიბა.

1975 წელს, კორეაში ვიზიტის დროს, დოქტორ მუნმა ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მიტინგი ჩაატარა ლოზუნგით: «საერთაშორისო კამპანია კორეის გასათავისუფლებლად», სადაც 1, 2 მილიონი ადამიანი შეიკრიბა. იმავე წელს, უამრავი მისიონერი მსოფლიოს 120 ქვეყანაში გაემგზავრა სამუშაოდ.

2000 წლის აგვისტოში ასამბლეის მსვლელობის დროს, დოქტორ მუნი გაეროს სათაო ოფისში გაეროს სტრუქტურის რეორგანიზაციის წინადადებით გამოვიდა (გაეროში უმაღლესი პალატის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ მსოფლიო რელიგიური მოღვაწეები). აგრეთვე, მისი წინადადება განხორციელდა სამშვიდობო ზონების შექმნა კონფლიქტურ რაიონებში გაეროს იურისდიქციის ქვეშ.

2005 წელს დოქტორ მუნ სან მიონმა და მისმა მეუღლემ დააარსეს მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია, რომლის ეგიდით მათ სამი მსოფლიო ტურნე ჩაატარეს მსოფლიოს 180 ქვეყანაში.

გაერთიანების მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრალური პროექტია რელიგიების ტაძრის აშენება კორეაში. კაცობრიობის პრობლემების მოგვარება შეუძლებელია რელიგიების ინტეგრაციის გარეშე. თუ კი ღმერთი ერთია და ის ჩვენი საერთო მშობელია, ეჭვგარეშეა, რომ მას შვილების ერთად ყოფნა სურს. "ღვთიური პრინციპის“ სწავლების თანახმად, თუ როგორი ფორმით ემსახურებიან ადამიანები მამას, მეორე ხარისხოვანია. ყველა რელიგიის წეს-ჩვეულება ხომ განსხვავებული გზაა, რითაც ადამიანი ღმერთთან დაბრუნებას ცდილობს.

კორეაში უამრავი ქრისტიანი ცხოვრობს, რაც უჩვეულოა აზიისთვის. აგრეთვე, ამ ქვეყანაში არსებობს ისეთი დიდი რელიგიები, როგორიცაა ბუდიზმი და კონფუციანიზმი. შესაძლოა, სწორედ ასეთმა სიტუაციამ შეუწყო ხელი კორეაში ჩამოყალიბებულიყო სწავლება გაერთიანების პრინციპის სახელწოდებით.

სან მიონ მუნის სწავლებით, ღმერთი ჩვენი საუკუნის სამი საშინელი დაავადების გამო იტანჯება. პირველ რიგში, საუბარია ახალ თაობაში ზნეობრივი ღირებულებების დამსხვრევაზე და ნაციონალურ ეგოცენტრიზმზე მსოფლიოში; მეორე, ქრისტიანობის დასუსტება და ერთიანობის არ არსებობა მსოფლიო რელიგიებს შორის; მესამე, მატერიალისტური  და ათეისტური იდეოლოგიების გავრცელება.

დოქტორ მუნი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს ოჯახს კაცობრიობის საზოგადოების მომავლის განვითარებაში. ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ქორწინებამდე უმანკოება, ქორწინებაში ერთგულება და ჭეშმარიტი სიყვარული, მუნების წყვილის და მათი პროექტების და წამოწყებების საფუძველია.

ამ მიზეზით მუნების წყვილი აწყობს საერთაშორისო და საერთაშორისო რელიგიური ქორწინების კურთხევის ცერემონიებს, სადაც აერთიანებენ წყვილებს პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან. მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად მტკიცე ოჯახების (რომლის ცენტრია ღმერთი) ჩამოყალიბებაზე უკეთესი გზა არ არსებობს. დოქტორ მუნი ასწავლის, რომ მშვიდობის ფუძე ოჯახია. ხოლო ოჯახი ღმერთის ფუძეა; ღმერთი ხომ ჭეშმარიტი სიყვარულია. პირად და ოჯახურ საფუძველზე დაყრდნობით შესაძლებელია მშვიდობის სფეროს გაფართოება.

წევრები გააზრებულად და ნებაყოფლობით ამბობენ უარს თამბაქოს მოწევაზე, ალკოჰოლის მიღებაზე და ნარკოტიკებზე.

ღვთიური პრინციპის იდეის გავრცელება გაერთიანების ეკლესიის წევრის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. ამისთვის ისინი ატარებენ ღვთიური პრინციპის შესწავლის სემინარებს. ლოცვა გაერთიანების ეკლესიის წევრის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არ არსებობს მკაცრი საცერემონიო წესები ან რიტუალები ლოცვისთვის.

გაერთიანების ეკლესიაში თანხა ძირითადად ქველმოქმედებაში, სამშვიდობო პროექტებსა და სოციალური დახმარებისთვის იხარჯება. დოქორ მუნის მიერ დაარსებული ყველა სამრეწველო და კომერციული საწარმოს მიზანია სხვადასხვა პროექტების ფინანსური მხარდაჭერა.

გაერთიანების ეკლესიის წევრები ყოველ კვირა დღეს ესწრებიან ღვთისმსახურებას. კვირის ღვთისმსახურებაში, როგორც სემინარებზე, მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ პირებმა, რომლებიც არ არიან ეკლესიის წევრები და აინტერესებთ გაერთიანების ეკლესიის პრაქტიკა.  

მათი საეკლესიო პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია ასევე მარხვა, რომელიც არის ნებაყოფლობითი გარკვეული პერიოდის მანძილზე, რომელსაც თვითონ მომარხულე საზღვრავს.

გაერთიანების ეკლესია აღიარებს საერო კანონებს და არ მოუწოდებს მორწმუნეებს თავი აარიდონ სამხედრო მსახურებას ან სხვა ნებისმიერი მოქალაქეობრივი ვალის შესრულებას. გაერთიანების ეკლესიის ერთერთი უმთავრესი იდეალია მორწმუნეს აღზრდა, როგორც ,,ოჯახის ერთგული შვილები, ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი და სამყაროს წმინდანები“. გაერთიანების ეკლესიის წევრები თავიანთი სამშობლოს პატრიოტები არიან. მსოფლიო მასშტაბით ამ ეკლესიას 4-5 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

გაერთიანების ეკლესიას სხვადასხვა სახის სირთულეებთანაც უწევდა გამკლავება. როგორც ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, გაყალბებული ფაქტებისა და მედიის მიერ ახალი რელიგიური გაერთიანების დისკრედიტაციის შედეგად 1995 წელს მუნების ოჯახის ვიზიტი ევროპაში არ შედგა. თუმცა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე სხვადასხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები კორეიდან და ევროპის მოქმედი პარლამენტარების ჩარევით 2006-2007 წლებში შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების უფლება მიეცათ. ასეთმა გადაწყვეტილებამ ცხადყო კანონის ძალა, რომ კანონს ეძლევა ბოლო სიტყვა თანამედროვე ევროპულ ქვეყნებში, სადაც აღმსარებლობის თავისუფლება პატივსაცემი ღირებულებაა.

საბჭოთა კავშირში გაერთიანების ეკლესიამ ლეგალურად მუშაობის უფლება 1990 წელს მოიპოვა მას შემდეგ, რაც მუნ სან მიონი პრეზიდენტ გორბაჩოვს შეხვდა. 1992 წელს სტუდენტთა ჯგუფმა თბილისიდან მონაწილეობა მიიღო სემინარზე, რომელიც ლიტვაში ჩატარდა და ზნეობრივ-ეთიკურ ღირებულებებს ეხებოდა. იმავე წელს თბილისში ჩამოვიდა პირველი მისიონერი ამერიკიდან. ხოლო 1994 წელს იაპონელი და კორეელი მისიონერები ეწვივნენ საქართველოს. შემდეგ კი გერმანელი და ავსტრიელი მისიონერები.

ქალთა საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო მშვიდობისთვის მაშინდელი პირველი ლედის ნანული შევარდნაძის მიერ დაფუძნებულ ქალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ბევრი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა. 2000 წელს თბილისში გაიმართა საერთაშორისო რელიგიური ფედერაცია მსოფლიო მშვიდობისათვის IIFWP და არასამთავრობო ორგანიზაციების ასოციაცია WANGO პრეზენტაცია.

2005 წლის 18 ოქტომბერს 120 ქვეყანაში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მუნების წყვილი საქართველოს ეწვია. შეხვედრა ჩატარდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელსაც 400 ადამიანი დაესწრო. 2006 წლის ივნისში იგეგმებოდა ასევე ქალბატონი მუნის ჩამოსვლა საქართველოში, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების გამო ეს ღონისძიება ჩაიშალა.

მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის ფილიალი საქართველოში 2008 წლიდან დარეგისტრირდა. მისი თავმჯდომარე სმოლენსკში დაბადებული პეტერბურგელი - ვიტალი მაქსიმოვია, რომელიც საქართველოში 2007 წლიდან იმყოფება (მანამდე მის მოვალეობას ამერიკელი პატრიკ ნოლანი ასრულებდა).  ის მიყვება იმის შესახებ, თუ როგორ დაინტერესდა გაერთიანების ეკლესიით. ვიტალი გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ სანამ ამ ეკლესიის წევრი გახდებოდა, არც ერთ რელიგიასთან არ ჰქონია კავშირი და მისი ცხოვრების წესიც არაფრით განსხვავდებოდა სხვა ახალგაზრდებისგან, რომლებთან ერთადაც სწავლობდა. ამბობს, რომ მოხიბლა გაერთიანების ეკლესიის მოძღვრებამ, თავად ამ ეკლესიის წევრთა პიროვნულმა ღირსებებმა. საქართველოში ჩამოსვლამდე ის ესტონეთში მსახურობდა და ამბობს, რომ საკმაოდ დიდი განსხვავებაა ესტონელებსა და ქართველებს შორის რელიგიურობის თვალსაზრისით. მისი თქმით, „ესტონეთში თითქმის ნაკლებად აინტერესებთ რელიგია და რელიგიური ფასეულობები, ხალხი უფრო მეტად მატერიალისტურად აზროვნებს. საქართველოში კი უფრო მეტად შეიმნევა, რომ ხალხი რელიგიურია და პატივს სცემს რელიგიას“. ამ შედარებისას, ვიტალი სხვა გარემოებასაც უსვამს ხაზს:

„ესტონეთში ძალიან არ უყვართ რუსები და მე მქონია შემთხვევები, როდესაც პირადი შეურაცხყოფაც მომაყენეს იმის გამო, რომ რუსი ვარ. საქართველოში კი მსგავსი არაფერი გამიგია“.

მიმდინარე პროექტების შესახებ ვიტალი შემდეგს აღნიშნავს: „თბილისის ერთ-ერთ რუსულენოვან სკოლაში მორალური აღზრდის პროგრამას ვანხორციელებთ, რაც გულისხმობს ყოველ კვირას მოსწავლეებისთვის ტრენინგის ჩატარებას აღნიშნულ თემაზე და აგრეთვე ტოლერანტობის საკითხებზე. მშვიდობის ფედერაციის საქართველოს განყოფილებას მცირე დაფინანსება აქვს, შესაბამისად ჩვენ ვერ ვანხორციელებთ ფართომასშტაბიან პროექტებს. ამ ორგანიზაციაში მოხალისეები მუშაობენ, გაერთიანების ეკლესიას კი საქართველოში მხოლოდ ათამდე წევრი ჰყავს. მხოლოდ თბილისში ვართ, რეგიონებში არ ვართ წარმოდგენილნი. ასევე, როგორც აღვნიშნე, ჩვენ არ ვეწევით პროზელიტიზმს. ჩვენი მიზანი არ არის ამ პროგრამების საშუალებით რეციპიენტები გაერთიანების ეკლესიის წევრებად ვაქციოთ. ამ პროგრამების მიზანია ახალგაზრდებს მივცეთ ტოლერანტობის შესახებ განათლება“.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^