Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტალანტებიც და თაყვანისმცემლებიც

20 ივლისი 2017
საოპერო სეზონის დასასრულ ახალგაზრდა თაობის მომღერლებმა მსმენელს სიუპრიზი მოუწყვეს

ოპერისა და ბალეტის თეატრი 165-ე სეზონს „აბესალომ და ეთერით“ დაასრულებს. თუმცა მანამდე ოპერის მოყვარულებსა და მელომანებს, თეატრის დირექციამ მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა - გალაკონცერტი ახალი თაობის მომღერლებისა და ოპერის სტაჟიორების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ კონცერტში 29 მომღერალი მონაწილეობდა(!), რომელთაგან უმრავლესობა პირველად იდგა საოპერო სცენაზე. სადირიჟორო პულტთან კი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ რევაზ ტაკიძე, დავით მუქერია და კახი სოლომნიშვილი.

გალაკონცერტის იდეა ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბადრი მაისურაძეს გაუჩნდა, რომელიც მანამდეც ახალი თაობის მომღერლებს ლობირებდა. შესაბამისად, ისინი საოპერო სპექტაკლებშიც  მონაწილეობდნენ. ასე იყო, მაგალითად, „აბესალომში“, „კარმენსა“ და სულ ერთი თვის წინ გამართულ პრემიერაში, როდესაც გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარში“ მხოლოდ ნორჩებმა იმღერეს. ბევრი მათგანისათვის ეს დებიუტი იყო თბილისის საოპერო სცენაზე. ფერნანდო ბოტეროს სცენოგრაფიითა და მხატვრობით შთაგონებულ დადგმაში მონაწილეობდნენ: მარიამ როინიშვილი (ადინა), ირაკლი მუჯირი (ნემორინო), გიორგი წამალაშვილი (ბელკორე), გივი გიგინეიშვილი (დულკამარა) და თამთა კორძაია (ჯანეტა)... სხვათა შორის, მათი მოსმენა მელომანებს საოპერო გალაზეც შეეძლოთ.

თუ ცოტა ისტორიასაც გავიხსენებთ, იმასაც აღვნიშნავთ, რომ დაახლოებით 10-15 წლის წინ (როდესაც ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელები ცნობილი ტენორი თემურ გუგუშვილი და რეჟისორი გურამ მელივა იყვნენ), ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა კონცერტი ახალგაზრდა თაობის მონაწილეობით, რომელთაგან დღეს ბევრი საერთაშორისო ვარსკვლავია.

იმდროინდელი კონცერტიდან შეგვიძლია დავასახელოთ გიორგი გაგნიძე (დღეს მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი); ცნობილი ტენორი გია ონიანი, რომელმაც ამას წინათ თბილისში, ძეფირელისგან დროებით ნასესხებ „აიდაში“  რადამესის პარტია შეასრულა; ევროპაში უკვე ცნობილი სოპრანო ლიზა მარტიროსიანი. ოპერის მოყვარულებს შეიძლება გაახსენდეთ მეცო- სოპრანო ანა კიკნაძე, ბარიტონი სულხან გველესიანი, ბანი კახაბერ თეთვაძე და ბევრი სხვანი... ასე რომ, ახალი კონცერტი, კარგად დავიწყებული ძველის გარკვეულ გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს.

გალაკონცერტის ყველა მონაწილის შესახებ შეუძლებელია საუბარი, თუმცა ხმითა და ნიჭით გამორჩეული ათი-თორმეტი ვოკალისტის აღნიშვნა მაინც მსურს. მაგალითად, დრამატული სოპრანო თამარ ლებანიძე, რომლის ძლიერი, მსუყე და დრამატიზმით სავსე ხმა ძალიან მოუხდა აიდას არიას. თუმცა დაბალი რეგისტრი აშკარად დასამუშავებელი აქვს. შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა სოპრანო მარიანა იმნაძემ, რომლის მძლავრი, სუფთა, მაღალი ბგერები და ტექნიკა შთამბეჭდავზე მეტი იყო. მომხიბვლელ, სცენურ და შესანიშნავი ხმით გამორჩეულ მომღერალს ნამდვილად აქვს შანსი საერთაშორისო დონის ვარსკვლავი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ცნობილი ტენორის, ალექსანდრე ხომერიკის მოწაფეა.

მარიანა ბერიძე - ქეთოს არია ვიქტორ დოლიძის ოპერიდან "ქეთო და კოტე".

მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა გიორგი მოციქულაშვილისა (აბესალომი) და გიორგი მჭედლიშვილის (მურმანი) დუეტმა, რომელთა სახით ოპერის თეატრს ღირსეული მომავალი თაობა ეყოლება. ბარიტონმა გიორგი წამალაშვილმა კიაზოს არიით „სულო ბოროტო“ („დაისი“) შეგვახსენა ვოკალური და აქტიორული სინთეზი, რაც ასე ფასეულია საოპერო სცენაზე. შესანიშნავად იმღერა გირგი ჭელიძემ ბანკოს არია ჯუზეპე ვერიდის „მაკბეტიდან“. ასე რომ, ბანების  „ვერდიანულ კოჰორტას“ შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი მომღერალი შეემატოს.

აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ბანი - გივი გიგინეიშვილი, რომლის მოძრავი, მდიდარი ობერტონებით გამორჩეული ხმა ზუსტად მოერგო დონ ბაზილიოს არიას როსინის ოპერაში „სევილიელი დალაქი“.

ლაშა სესიტაშვილი - ჯანი სკიკის არია ჯაკომო პუჩინის ოპერიდან "ჯანი სკიკი"

მარიამ როინიშვილმა უკვე იმღერა სპექტაკლში „სიყვარულის ნექტარი; ასე რომ, ჯულიეტას ვალსი გუნოს ოპერიდან „რომეო და ჯულეტა“ უკვე გარკვეულ გამოცდილებასაც გულისხმობდა. თუმცა მისი გამჭვირვალე, ლირიკული და კრისტალიზებული ხმა კონცერტზე ოდნავ სუსტი თუ თავშეკავებული მომეჩვენა, ვიდრე ადინას არიის შესრულებისას საოპერო სპექტაკლში. ძალიან კარგი მონაცემები აქვს თინათინ მამულაშვილსაც, რომელმაც ნედას არია ლეონკავალოს „ჯამბაზებიდან“ უკვე ჩამოყალიბებული მომღერალივით ზუსტი აქცენტებით და დრამატიზმით შეასრულა.

წმინდა მუსიკალური შეგრძნება-აღქმის დონეზე ორმა ბარიტონმა - ცოტნე მოწონელიძემ და ლაშა სესიტაშვილმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. პირველმა როდრიგოს სიკვდილის სცენა შეასრულა ვერდის „დონ კარლოსიდან“, ხოლო მეორემ - ჯანი სკიკის არია, პუჩინის ოპერიდან „ჯანი სკიკი“. მგონია, რომ ორივე მათგანს ძალიან კარგი მონაცემები აქვთ, რომ წარმატებული საერთაშორისო კარიერა ჰქონდეთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლაშა სესიტაშვილმა „ლა სკალას“ მუსიკალურ აკადემიაში ჩააბარა და ოქტომბრიდან სწორედ მილანში გააგრძელებს სწავლას.

ასე რომ, თაკარა ივლისში, იმ სამარცხვინო „შავი მარშის“ მომდევნო დღეებში გამართული ახალგაზრდა საოპერო მომღერლების გალაკონცერტი, დროული პასუხია, თუ რატომ სჭირდება საქართველოს მსგავსი კონრტკულტურული აქციები; რატომ არის საჭირო, რომ ტალანტებიც და თაყვანისმცემლებიც გაერთიანდნენ მართლაც აუცილებელი ადამიანური ფასეულობების დასაცავად.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^