Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯარისკაცის ცხოვრების 24 საათი

21 მარტი 2013

სენაკის სამხედრო ბაზა ქალაქის რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის დროს,  რუსმა სამხედროებმა სამხედრო ობიექტი გაძარცვეს, ბუნკერები დაბომბეს, საფრენი ზოლი მწყობრიდან გამოიყვანეს, საბრძოლო ტექნიკა კი მოიპარეს. აგვისტოს ომს მეორე ქვეითი ბრიგადის 33 სამხედრო ემსხვერპლა. ომის შემდეგ ბაზაზე რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობდა და დღეისათვის სენაკის სამხედრო ბაზა სრულფასოვნად ფუნქციონირებს.

თბილისიდან 5 საათიანი მგზავრობის შემდეგ მატარებელი სენაკის რკინიგზის სადგურში ჩერდება. სადგურიდან სენაკის სამხედრო ბაზამდე მისასვლელად 3 კილომეტრის გავლაა საჭირო.

ბაზის თავზე ქართული დროშა ფრიალებს. აქ მეორე ქვეითი ბრიგადაა განლაგებული. საგუშაგოზე მობილურ ტელეფონებს ვტოვებთ, სამოქალაქო პირებს სამხედრო ობიექტზე მათი შეტანა ეკრძალებათ.

შლაგბაუმიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ოფიცრებისა და სერჟანტების ოჯახების საცხოვრებელი კორპუსებია. ეზოში ბავშვებისათვის სათამაშო მოედანია მოწყობილი.

„სკოლის ასაკის ბავშვებისთვის ავტობუსი გვყავს გამოყოფილი, დილაობით აკითხავთ, სკოლაში მიჰყავს და იქიდანაც ავტობუსითვე ბრუნდებიან. პერიოდულად, შაბათ-კვირას, განმუხტვის დღეებს ვუწყობთ“, - გვიხსნის მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე.

საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზეა სპორტული ქალაქი, სადაც ვარჯიშებთან ერთად სპორტული ღონისძიებები იმართება და წმინდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის ეკლესია, რომელიც ავღანეთისა და ერაყის სამშვიდობო მისიების მონაწილე სამხედროების შემოწირულობით აშენდა. ტაძარში ბრიგადის კაპელანი, მამა იოსები წირავს და პატრიოტულ მეცადინეობებსაც ატარებს. კაპელანი ავღანეთსა და ერაყშიცაა ნამყოფი, 2008 წლის ომში კი სამხედროებს დაჭრილი მებრძოლების გამოყვანაში ეხმარებოდა. 

ტერიტორიაზე ყაზარმებთან და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებთან ერთად სამედიცინო პუნქტი, სპორტდარბაზი, აუზი და ბიბლიოთკაა განლაგებული.

2008 წლის ომის დროს სენაკის სამხედრო ბაზა რუსმა ჯარისკაცებმა დაიკავეს. ქართველ სამხედროებს ბაზა გაძარცვული, საფრენი ზოლი მწყობრიდან გამოსული, ბუნკერები დაბომბილი, ტექნიკა კი წაღებული დახვდათ.

რუსეთ-საქართველოს ომში მეორე ქვეითი ბრიგადის 33 სამხედრო დაიღუპა. ბაზაზე მათი ხსოვნის მემორიალი დგას. „ვინც არ უნდა გაიაროს მემორიალის გვერდით, აბსოლუტურად ყველა ვალდებულია დაღუპულებს მხედრული სალამი მისცეს“, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე.

სამხედროების სამუშაო პროცესი დილით, საქართველოს ჰიმნით იწყება. ამ დროს, ყველა სამხედრო მოსამსახურე სმენაზე დგება.

სამუშაო დღის გრაფიკი გეგმით არის გაწერილი. დილის ადგომა 6 საათზე იწყება. ჯერ კიდევ სიბნელეა, წვიმს და ქარი ქრის. 6-ს რომ 10 წუთი აკლია, პირადი შემადგენლობის გასაღვიძებლად უმცროს მეთაურთა შემადგენლობა დგება. „ბატარეა ადექ!“, გაისმის მეთაურის ხმა, ჯარისკაცები პირად ჰიგიენას იწესრიგებენ და სპორტულ ტანსაცმელს იცვამენ, „დააჩქარეთ, დრო 10 წუთი!“  

10  წუთის შემდეგ სამხედროები ეწყობიან - „პირველი მწკრივი, 5 ნაბიჯით წინ, ნაბიჯით იარ! მეორე მწკრივი ოთხი ნაბიჯით წინ, ნაბიჯით იარ! მესამე მწკრივი ორი ნაბიჯით წინ, ნაბით იარ! ყურადღებით, ვიწყებთ დილის გამამხნევებელ ვარჯიშს!“

დილის გამამხნევებელი ვარჯიში 20-დან 30 წუთამდე გრძელდება.

„ყურადღებით, ბატარეა ნაბიჯით იარ! ბატარეა სირბილით იარ! „ერთი, ერთი, ერთ-ორ-სამი, ერთ, ერთ, ერთი-ორი-სამი! სიმღერა - დაიწყე!“

„ჩვენ ვართ ქართული არმია, ჩვენთვის ვარჯიში კარგია, დაკარგულს ჩვენ დავიბრუნებთ, გულზე რომ გვაწევს ჯავრია, ისევ აღვსდგებით ქართველნი ...“ - სამხედროები ბრძანებას ემორჩილებიან.

მომდევნო ეტაპი დილის დათვალიერებაა, რომელშიც უმცროსი მეთაური - ათეულის მეთაური, ოცეულის მეთაური და სერჟანტი იღებენ მონაწილეობას, აწყობენ პირად შემადგენლობას და გარეგან იერს უმოწმებენ, ანუ ამოწმებენ მზად არის თუ არა სამხედრო იმ დღისთვის. დილის, ანუ სამწყობრო დათვალიერების შემდეგ ქვედანაყოფი საუზმეზე მიდის. საუზმე დილის 07:30 საათზე იწყება და 8-მდე სრულდება.

სასადილოში საკვების გასაცემი ოთხი პუნქტია. თითოეულ მაგიდაზე ექვსი ადამიანი ჯდება. კუთვნილი ულუფის მიღება რიგის მიხედვით მიმდინარეობს. როდესაც სასადილოში ერთი ასეულიღაა შემოსასვლელი, მხოლოდ ორი გამანაწილებელი პუნქტი რჩება.

ჯარისკაცებს სამჯერადი კვება აქვთ, დილით, შუადღეს - 13 საათსა და საღამოს 7 საათზე. კვების რაციონი მენიუს მიხედვით განისაზღვრება, განსაზღვრულია ისიც, თუ რა ულუფა ერგება თითოეულ ჯარისკაცს, პოლიგონზე მყოფ სამხედროებს საკვებს ადგილზე უგზავნიან.  

საუზმის შემდეგ, 6 საათი ქვედანაყოფის გეგმის მიხედვით თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს ეთმობა.

საკლასო მეცადინეობა 9 საათზე იწყება. აუდიტორიაში 26 ჯარისკაცი ზის. დღის სასწავლო დისციპლინა სამხედრო ტოპოგრაფია, მეცადინეობის თემა კი რუკის წაკითხვა, კომპასი, ნავიგაცია, ადგილზე და სანავიგაციო სისტემის გარეშე გადაადგილებაა.

„ტოპოგრაფიის - საგნის, როგორც სამხედრო დისციპლინის მიზანი ადგილმდებარეობის შესწავლა, მასზე გაზომვების ჩატარება და მისი სამხედრო მიზნებისათვის გამოყენებაა. რა ფრად აღინიშნება რუკაზე მწვანე საფარი, ჰიდროგრაფიული ქსელი და ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები?“

კითხვას, რიგითი კაპანაძე პასუხობს, რელიეფისა და მისი ფორმების ახსნისას კლასს ვტოვებთ.

მეორე ქვეითი ბრიგადის მაიორი ჩუბინიძე განმარტავს, რომ ახალწვეულებთან ძირითადად პირველადი აუცილებლობის მომზადება მიდის, შემდგომში კი მომზადების დონე ქვედანაყოფების მიხედვით იზრდება. ძირითადი საგნები სამხედრო ტოპოგრაფია, საცეცხლე, ფიზიკური და სახელმწიფოებრივი მომზადებაა - „იკითხება საქართველოს ისტორია, მამა იოსებსაც აქვს  დრო გამოყოფილი და ჯარისკაცებს რელიგიის შესახებაც უკითხავს ლექციებს. თითქმის ყველა დისციპლინაში, რაც კი სამხედროს სჭირდება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება“, ამბობს მაიორი ჩუბინიძე.

სწავლებისთვის გამოყოფილი დრო ორად იყოფა და ექვსი საათი გრძელდება, შუაში კი სადილია. სასადილოს წინ მოწყობილი სამხედროები საკუთარ რიგს ელოდებიან. დათქმულ დროზე გვიან მისული ორი ჯარისკაცი თავის მართლების მიუხედავად, ბრიგადის სერჟანტისგან შენიშვნას იღებს.  

ბაზის დათვალიერებისას ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე გვიხსნის, რომ კონტინგენტის ან ტექნიკის რაოდენობის დასახელებას ყველა სამხედრო ერიდება, რადგან რაოდენობიდან გამომდინარე უცხო ქვეყნის დაზვერვის კარგმა სამსახურმა შესაძლოა კონკრეტული მონაცემები დაადგინოს. 

საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დისციპლინარულ შენიშვნას კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე იღებს - „დისციპლინიდან ოდნავი გადაცდენა ამდენი შეიარაღებული მამაკაცის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. გამშვებ პუნქტზე მიცემული შენიშვნა ელემენტარულია, თუმცა სამხედრო კონკრეტულ დავალებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. პატარა ნიუანსმაც კი მომავალში სავალალო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს“, - ამბობს ზაზა ჩხაიძე.

გზაზე სამხედრო ჯგუფი გვხვდება. პრაქტიკული მეცადინეობა აქვთ - 10 კილომეტრიან მარშს გადიან და მის დეტალებს ამუშავებენ.  

„მეთაურები უხსნიან ჯარისკაცებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ. ვთქვათ, როდესაც ასეული გადაადგილდება, მას უსაფრთხოების ელემენტი უნდა ჰყავდეს. ამ შემთხვევაში ეს ორი ჯარისკაცი, რომელიც ჯგუფის წინ მიდის, დაზვერვას აწარმოებს. ასეთი ნიუანსები თეორიულად ისწავლეს, ახლა პრაქტიკულად ამუშვებენ. აღჭურვილობის წონა დავალების სირთულეზეა დამოკიდებული, მზვერავები გაცილებით უფრო მსუბუქად არიან აღჭურვილნი. ეს პატარა მარშია, უფრო დიდებიც არსებობს, თუმცა ეს ქვედანაყოფზეც არის დამოკიდებული და ასეთ შემთხვევაში დავალების შესასრულებელი დღეებიც იზრდება“, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე.

„ვცდილობთ დიდი ზომის ქვედანაყოფს წავადგეთ, ჩასაფრებაში რომ არ მოხვდეს, მას წინ ყოველთვის პატარა ზომის ქვედანაყოფი მიჰყვება, რომელიც მოწინააღმდეგის ჩასაფრებული ჯგუფისათვის ღირებული არ არის, სახელიც ასეთი ჰქვია - უსაფრთხოების ჯგუფი“, - საუბარს განაგრძობს მაიორი ჩუბინიძე.

საკლასო მეცადინეობის შემდეგ, 16 საათზე ძირითადი ფიზიკური მომზადება იწყება და 1.5 საათს გრძელდება. შუადღის „ფიზო“ კონკრეტული გეგმის მიხედვით ტარდება, სხეულის გახურებას აზიდვები, პრესის ვარჯიში, სირბილი და ღერძზე მიზიდვები მოჰყვება.

22-ე ბატალიონს „ფიზოს“ სერჟანტი კახა კიუტი უტარებს. სერჟანტი 2005 წლიდან მსახურობს, ყოფილი სპორტსმენია, მუხროვანის ბაზაზე კი რეინჯერთა მოსამზადებელი კურსი აქვს გავლილი. 

„სირბილის დაწყება ორგანიზმის გახურებამდე არ შეიძლება“, - განმარტავს ბატალიონის მეთაური, მანუჩარ ბარბაქაძე, „კუნთი რაღაც დონეზე უნდა გახურდეს, რის შემდეგაც სირბილი შესაძლებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ვარჯიში უშედეგოა. გახურების შემდეგ კუნთის დამუშვება ხდება, რის შედეგადაც სხეული უფრო ელასტიური და მოქნილია, ამასთანავე, ადვილად იტანს გაზრდილი დატვირთვებს მომდევნო ვარჯიშებზე“, - ამბობს მანუჩარ ბარბაქაძე.

მოთელვის შემდეგ სერჟანტის ბრძანება გაისმის - „სირბილით იარ, სიმღერა დაიწყეთ!“

„ვდარაჯობთ მიწას, მშვიდობას ვიცავთ, მომავალს ნათელს, სამშობლოს ვფიცავ, მებრძოლი სული, გვარგუნა ღმერთმა, ქართველთა ჯარის, გული ძგერს ერთხმად, გაუმარჯოს, გაუმარჯოს, ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს”... - მღერიან ჯარისკაცები.

მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილს საბრძოლო გამოცდილება სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობითაც აქვს მიღებული.

მასტერ-სერჟანტი ლაშა სამსონიძე 4 თვეა, რაც ავღანეთის სამშვიდობო მისიიდან დაბრუნდა. სამხედრო სფერო ბავშვობიდან იზიდავდა, რამაც განაპირობა კიდეც მისი მომავალი პროფესია. სავალდებულო სამხედრო სამსახური საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 2001 წელს გაიარა, 2006 წლიდან კი საკონტრაქტო სამსახურში გადავიდა. ამავე წელს მონაწილეობდა ერაყის მისიაში - „სამშვიდობო მისიებში საკმაოდ მაღალი იყო საბრძოლო სულისკვეთება, ვებრძოდით ტერორიზმს, ვაკვირდებოდით NATO-ს ჯარისკაცებს, ვიღებდით დიდ გამოცდილებას. პირადად მე არა მარტო სამხედრო, არამედ სამედიცინო დახმარების კუთხითაც კარგი პრაქტიკა მივიღე“.

კაპრალი გიორგი ჩოჩია, რომელიც საკონტრაქტო სამსახურში 2008 წლიდან მსახურობს, 2012 წელს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა - „7 თვე ვიმსახურე ავღანეთში, სნაიპერი ვიყავი და ჩემი ამოცანები მქონდა, ძირითადად ჩემი  მისია ქართული პატრულის უსაფრთხოების დაზღვევა იყო. დიდი ხანი არ არის, რაც შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობ, ჩემი მოსვლიდან სწავლის დონე უფრო და უფრო იზრდება“.

სენაკის სამხედრო ბაზაზე ვირტუალურ-სიმულაციური სწავლების ცენტრიც მდებარეობს. ინსტრუქტორი 5 სამხედროს სროლის წესებს აცნობს, 3 ჯარისკაცი I სამიზნეს ესვრის, დანარჩენი ორი კი II-ს. საცეცხლე წერტილიდან სამიზნემდე დაახლოებით 7 მეტრია. თითოეულმა ჯარისკაცმა 10 გასროლა უნდა განახორციელოს. ავტომატური იარაღის მჭიდი აირითაა დატენილი. 

ვირტუალურ-სიმულაციური სწავლების ჯგუფის სპეციალისტის, სერჟანტ გორგიძეს განმარტებით, აღნიშნულ მეცადინეობაში დაგროვებულ ქულებს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან გაკვეთილის მიზანი ნატყვიართა შეჯგუფულობის დადგენა და სამხედროთათვის რეკომენდაციების მიცემაა.

სენაკის ბაზაზე სამხედროთა უდიდეს ნაწილს მამაკაცები შეადგენენ, თუმცა აქ 50-ზე მეტი ქალბატონი მსახურობს, ისინი თითქმის ყველა ქვედანაყოფში არიან განაწილებულნი, ძირითადად კი სამედიცინო პუნქტში მსახუროებენ.

კაპრალი ირმა ტაბატაძე ბრიგადის ბიბლიოთეკარია. მან მეუღლე 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაკარგა.

ბიბლიოთეკას წიგნებით თავდაცვის სამინისტრო ამარაგებს, ადგილზე დაახლოებით 40 ათასი წიგნია, მათი ძირითადი ნაწილი სამხედრო თემატიკისაა, თუმცა თაროებზე მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებიცაა წარმოდგენილი. 

„ჯარისკაცებს ძირითადად საბრძოლო და საცეცხლე მომზადების შესახებ არსებული ნაწარმოებები გააქვთ. დრო როცა აქვთ მხატვრული ლიტერატურასაც კითხულობენ - უმეტესად ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებს. ახალი გამოცემებიც გვაქვს და აქტივობაც საკმაოდ მაღალია, მიახლოებით 5-დან 6 ათასამდე წიგნია ბრუნვაში“, - ამბობს ირმა ტაბატაძე.  

სამხედროების სამუშაო დღე საღამოს 6 საათზე მთავრდება, მეორედ გაისმის ჰიმნი, პირადი შემადგენლობის ის ნაწილი, რომელიც დათხოვნაში მიდის სამოქალაქო ტანსაცმელში ეწყობა, ხოლო კონტინგენტი, რომელიც ბაზაზე რჩება, თავისუფალი დროისთვის ემზადება.

„დათხოვნაში წამსვლელ პირად შემადგენლობას უტარებენ ინსტრუქტაჟს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბაზაზე არყოფნის დროს, რომ უნდა ახსოვდეს - ის ყველგან ჯარისკაცია, თუნდაც სახლში, ან  ტრანსპორტში. ბაზაზე მყოფ ჯარისკაცებს თავისუფალი დროის გაყვანა ამის შემდეგ საბილიარდოში, სპორტარბაზში ან ფილმების ყურებით შეუძლიათ. ჯარისკაცებს სამხედრო თემატიკაზე გადაღებულ ქართულ და უცხოურ ფილმებს ვაჩვენებთ, ასევე გვაქვს დოკუმენტური ფილმების სერია: ქაქუცა ჩოლოყაშვილზე, მარო მაყაშვილზე, სოხუმის დაცემაზე და ა.შ“, - ამბობს მეორე ქვეითი ბრიგადის სერჟანტი რამაზ პაიკიძე.  

სპორტდარბაზიდან ხმაური გამოდის. სხვადასხვა ასეულისგან დაკომპლექტებული გუნდები ფეხბურთს თამაშობენ. ასეულების გარდა მათი განმასხვავებელი ნიშანი სხვადასხვა ფერის მაისურებიცაა. საფეხბურთო მატჩის პარალელურად რამდენიმე ჯარისკაცი აუზზე ცურავს, ცალკე მდებარე საბილიარდოში კი ერთ-ერთი ბატალიონის პირადი შემადგენლობაა შეკრებილი.

საბილიარდოს კარზე ცხრილია გამოკრული, გრაფიკზე აღნიშნულია, თუ რომელ ქვედანაყოფს უწევს დარბაზში შესვლა. ოთახში ბილიარდის ერთი და პინგ-პონგის ორი მაგიდა დგას, ჩართულია მუსიკალური ცენტრიც.

21:30 წუთზე საღამოს ამოძახება, ანუ საღამოს შემოწმება იწყება. მონაცემების შეჯამების შემდეგ, დგინდება, თუ ვინ არის დათხოვნაში, შვბულებაში ან რამდენი სამხედროა მოთავსებული ჰოსპიტალში.

საღამოს შემოწმებას ბატალიონის მორიგე ატარებს. ბატალიონის სერჟანტი ამოწმებს, დგას თუ არა ყველა სამხედრო მწყობრში.

„ბატალიონო მოეწყვე, ბატალიონ სმენა“

ბატალიონის მორიგეები 24 საათის ვადით, ოფიცერთა შემადგენლობიდან ირჩევიან. მათ ემორჩილებიან ასეულის მორიგეები, რომლებსაც სერჟანტთა კატეგორიიდან, ან კარგად მომზადებული ჯარისკებიდან ირჩევენ.  სიის ამოკითხვისას ჟურნალებში აღირიცხება, თუ ვინ სად არის.

მწყობრში ერთი ასეული შეიარაღებით დგას, ეს არის მორიგე, ანუ ბრიგადის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი. თითოეული ქვედანაყოფი ერთი თვის მანძილზე მორიგეობს.

ბატალიონის მორიგე ასეულის მორიგეებისგან მოხსენებას ელოდება. ამოძახების შემდეგ მონაცემებს ბატალიონის მორიგეს აცნობენ.

„ბატონო ლეიტენანტო, ალფა ასეულში საღამოს ამოძახება ჩატარებულია. ყველა ადგილზეა, გარდა შვებულებისა, 9 დათხოვნისა, 5 განმწესისა“.

დამატებითი კონტროლის მიზნით, ასეულებში ყოველთვის რჩება ერთი პასუხისმგებელი ოფიცერი, ბატალიონში - ბატალიონის მეთაური ან შტაბის უფროსი.  

ასეულის მორიგეები მწკრივში დგებიან და ბატალიონის მორიგე ბატალიონის დონეზე მაიორს ახსენებს - „ბატონო მაიორო, 22-ე ბატალიონის საღამოს ამოძახება ჩატარებულია, ყველა ადგილზეა გარდა მივლინებისა, შვებულებისა, ჰოსპიტალისა და დათხოვნისა. ბატალიონის მორიგე, ლეიტენანტი კაპანაძე“

„თავისუფლად!“

„ბატალიონ, თავისუფლად!“

„გააგრძელეთ გეგმის მიხედვით!“

ბატალიონის სერჟანტი პირად შემადგენლობას თავ-თავის ადგილებზე უშვებს. ასეულის სერჟანტებს პირადი შემადგენლობა მიჰყავთ. საღამოს ამოძახების შემდეგ პირადი შემადგენლობა ყაზარმებში ნაწილდება, ჯარისკაცები თავს იწესრიგებენ, 22 საათზე კი გასაყრისი ცხადდება- მორიგეების გარდა ყველა იძინებს.

საღამოს ათი საათი ხდება, სენაკში წვრილად წვიმს და ქარია. „ძველი გამოთქმაა ასეთი - ჯარისკაცს არ შია, არ სტკივა არ ცივა; ჯარისკაცს შია, სტკივა და ცივა, მაგრამ იტანს!“ - მეუბნება ბრიგადის უფროსი სერჟანტი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^