Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპარლამენტო ცარცის წრე

22 მარტი 2013

„პრინციპების ომი“ დასრულდა - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აღარ არსებობს მინიმალური შეასაძლებლობაც კი, რომ პრეზიდენტი აპრილში მთავრობას დაითხოვს. მიღწეული შეთანხმება პრინციპულად დაძაბული ერთკვირიანი ბრძოლის შედეგია.

ეს ბრძოლა  საპარლამენტო პარტიათა ფარგლებს რომ სცილდებოდა, დღეს უკვე აღარავისთვის არის უცხო. მაშინაც კი, როდესაც სხდომათა დარბაზში დებატები მიმდინარეობდა, პერმანენტულად გრძელდებოდა შიდა მოლაპარაკებები, „ნაციონალებმა“ სხდომა დაახლოებით სამჯერ დატოვეს, მათ შორის ერთხელ თვით პარლამენტის თავმჯდომარემ გაიყვანა მოსათათბირებლად, თუმცა ყოველ ჯერზე უმცირესობის პოზიცია უცვლელი იყო: „ ჩვენ ვითხოვთ სარეიტინგო კენჭისყრას.“

ამ პოზიციას კიდევ უფრო ამყარებდა ასევე პერიოდულად გავრცელებული ინფორმაციები პრეზიდენტის ქუთაისში ყოფნასთან დაკავშირებით, ამყარებდა რა უმცირესობის პოზიციებს, გამოხატავდა კიდეც პრეზიდენტის უშუალო და აშკარა ინტერესს - საკუთარი პოლიტიკური გუნდის ერთიანობის შენარჩუნებაზე.

თუ კი „ქართული ოცნება“ სარეიტინგო კენჭისყრას ერთი კაცის ახირებას უწოდებდა, იმასვე იმეორებდნენ „ნაციოანალები“  და ამბობდნენ, რომ უმრავლესობა ერთი კაცის მძევალია. „ერთ კაცებში“ ორივე მხრიდან კონკრეტული სახელები იკითხება, ერთის მხრივ, მიშა სააკაშვილი და, მეორეს მხრივ, ბიძინა ივანიშვილი. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჭიდილიც სხვა არაფერი იყო თუ არა, ბრძოლა ორ ლიდერს შორის. არც არავის გაჰკვირვებია, მომდევნო დღეს პრემიერ მინისტრის განცხადება: „უსუფაშვილს მე დავურეკე და ვუთხარი, რომ სარეიტინგო კენჭიყრას დათანხმებოდა.“ ეს ისედაც ნათელი გახდა მაშინ, როდესაც ტექნიკური შესვენების შემდეგ დარბაზში დაბრუნებული პარლამენტის თავმჯდომარე არა თავისი სავარძლისკენ, არამედ თავისი გუნდის წევრების ადგილებისკენ გაეშურა და თანამოაზრეებს ხელგადახვეულმა „ერთის კაცის“  ზარის შესახებ მოახსენა. თავმჯდომარის გამოსვლა ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ხალხით სავსე დარბაზში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით, თუმცა, უკვე მოსალოდნელი დასასრულით: „მე ვერ ვხედავ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობას. ეს რომ არ ეხებოდეს საქვეყნო საქმეს, სხვანაირად მოვიქცეოდი... ჩვენ კაპრიზზე, კაპრიზით ვერ ვუპასუხებთ - ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა.“

სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა, ტაბლოზე 93 ხმა დაფიქსირდა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მისაღებად 100 ხმა არის საჭირო. უმრავლესობას კი ასეთი გადაწყვეტილებისთვის 7 ხმა დააკლდა. ის. რაც თითქოს ისედაც ნათელი იყო, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

და მაინც რა პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ასეთ კენჭისყრას? „ჩვენ მოვიფიქრეთ იურიდიული ძალის არმქონე, უწყინარი რაღაც და ჩავატარეთ ტესტი. ტესტი, რომ ვერ გაგვტეხეს. აქ არ ყოფილა ცვლილებების შინაარსზე დავა. დავა იყო ამ ცვლილებების მიღების ფორმაზე, თორემ ის, რომ სააკაშვილი არ გამოიყენებდა საკონსტიტუციო უფლებას, არავიში იწვევდა ეჭვს. ასეთი ნორმის ამოქმედება აწყობდა უმრავლესობას და აქრობდა „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური სპექტრიდან. მე ხომ ვიცი, რომ იქეთ მხარეს არის მყარი 60 პროცენტი, რომელიც ელოდება ახალი ხელისუფლებისგან რაღაცას და არ უნდა ეს რაღაცა დაკაროს, პრეზიდენტს, რომ თავისი უფლება გამოეყენებინა, ის ხალხი ხომ ჩვენს წინააღმდეგ წამოვიდოდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებდით“- გვითხრა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა.

„ნაციონალების“ მხრიდან ეს მხოლოდ ვერბალური მსჯელობაა, მოქმედ კონსტიტუციაში გაწერილი ნორმის მიხედვით კი პრეზიდენტს აპრილის თვეში ეძლეოდა საშუალება, ერთპიროვნულად დაეთხოვნა პარლამენტი, შემდეგ კი მთავრობა და ერთპიროვნულად შეეძლო მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ფორმირება. მასვე დაეკისრებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვალდებულება. ბუნებრივია, „ნაციონალების“ სიტყვიერი მტკიცება, რომ ამ ნორმას პრეზიდენტი არ გამოიყენებდა, „ქართული ოცნებისთვის“ არ იყო დამაჯერებელი არგუმენტი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილება მიზნად ისახავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ უფლების შეზღუდვას. თუმცა, როგორც ცნობილია, ამ უფლებამოსილების შეზღუდვა, 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ოქტომბრის შემდეგ ისედაც იყო დაგეგმილი. ის ცვლილებები კი რომლებსაც 21 მარტს უყარა პარალმენტმა კენჭი, მაისის თვიდან უნდა ამოქმედდეს და მას დროებითი ხასიათი ექნება.

პარლამენტმა პრეზიდენტს აღნიშნული უფლება შეუზღუდა და პროცესში პრეზიდენტისვე პოლიტიკური გუნდი სრული შემადგენლობით დათანხმდა მონაწილეობას. კანონპროექტმა 135 ხმა მიიღო, ისე, რომ მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. „რელაურად სააკაშვილმა საკუთარი გუნდისგან მიიღო სილის გაწვნა სახეში. ფაქტია, რომ სააკაშვილს თავისივე გუნდმა უთხრა, რომ ის 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, როგორც მიმტაცებელი იმ ხმებისა, რაც მას არ ეკუთნოდა. საპარლამენტო ოპოზიციამ აჩვენა რომ ეს ხალხი ყველაზე უარესი ხალხი არ არის, ვანო მერაბიშვილები არ არიან და თავიანთ პრეზიდენტს უთხრეს ის საყვედური, რაც ეკუთვნოდა“- აღნიშნა, ჩვენთან საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა.

„ნაციონალებმა“ პრეზიდენტის უფლებები დათმეს საკუთარი ძალის დემონსტრირების ხარჯზე. მათ უმრავლესობას არა მხოლოდ 7 ხმა მიაშველეს, რაზეც თავიდან იყო საუბარი, არამედ  სრული შემადგენლობით დაუჭირეს მხარი, როგორც ერთიანმა პოლიტიკურმა გუნდმა. თანაც ბათილად აქციეს უმრავლესობის რიგებში არაერთგზის გაკეთებული განცხადებები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, უმცირესობის თანხმობის გარეშეც გავა. სარეიტინგო კენჭისყრაც ამ მოსაზრების გაბათილებას ისახავდა მიზნად. „ჩვენ ვერ გავწირავდით საქმეს, რაღაც აკვიატებების გამო. როგორც გრუშე ვაჩნაძემ არ გაწირა თავისი შვილი და არ გაგლიჯა, ჩვენ როგორც ამ კანონპროექტის მშობელმა დედამ, კანონპროექტს ხელი გავუშვით და სარეიტინგო კენჭისყრას დავთანხმდით“ - გვითხრა ლებან ბერძენიშილვმა.

საკუთარი პოლიტიკური ძალების დემონსტრირება არც უნდა ყოფილიყო „ნაციონალების“ ერთადერთი ინტერესი, თუ გავიხსენებთ, ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტისადმი წაყენებულ წინადადებას, რომ პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლა, მხოლოდ მაშინ შეეძლება, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდოდა. მომავალ სასესიო კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. პარლამენტი ახლა უკვე პრეზიდენტთან შესახვედრად უნდა მოემზადოს. პრინციპების ერთკვირიანი ომი დასრულდა, თუმცა ეს დასასრულის დასაწყისია.   

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^