ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და სექტემბრიდან ათასობით სტუდენტი მიაშურებს უნივერსიტეტებს.
გიორგი კოხოძემ სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, თეოლოგიის ფაკულტეტზე 2015 წელს ჩააბარა. მაღალი გადასახადის მიუხედავად, პირველი წელი დახურა. გადასახადი ოჯახის დახმარებით გადაიხადა. თავად მხოლოდ ბოლო შენატანის 500 ლარის გადახდა შეძლო, რომელსაც რამდენიმე თვე აგროვებდა.
მომდევნო წელს გიორგის პროფესიული ინტერესი შეეცვალა, ასევე, მიხვდა, რომ გადასახადის გამო სწავლას ვეღარ გააგრძელებდა და მობილობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლა სცადა. ძალიან მაღალი კონკურსის მიუხედავად, ორი ვაკანტური ადგილიდან ერთი დაიკავა.
გიორგი კლასიკური ფილოლოგიის შესასწავლად მზადებას შეუდგა. საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ნებართვაზე განაცხადი შეიტანა და დადებითი პასუხიც მიიღო. იმდენად ბედნიერი იყო ამ პერსპექტივით, რომ გადაწყვიტა, ზოგ რამეზე თვალი დაეხუჭა - „სულ რაღაც 30 ლარი უნდა გადაგეხადა და ეს დიდი პლიუსი იყო, იქ არსებული სიტუაციის მიუხედავად. ვიფიქრე, მთელ დროს სწავლას დავუთმობდი, ვის რაში აღელვებს კომფორტი...“
როდესაც საბუთები თსუ-ში გადმოამისამართა, გიორგის ანგარიში მისცეს, რომელზეც 2250 ლარი უნდა დაერიცხა. „გავშრი, ხმა ვერ ამოვიღე და მეორე დღეს მივედი დასაზუსტებლად, თუ რა ხდებოდა“.
როგორც აღმოჩნდა, უფასო ფაკულტეტი მისთვის არ იქნებოდა უფასო, რადგან მობილობით ისარგებლა. „ძალიან ბევრ ადამიანს ვთხოვე დახმარება; ვიყავი ყველა დაწესებულებაში, სადაც შეიძლებოდა რამე მეშველა თავისთვის, მაგრამ არაფერი გამოვიდა. საერთო საცხოვრებელშიც უარი მითხრეს, თუ სტუდენტის სტატუსი გიჩერდება, იქ ცხოვრების უფლებას არ გაძლევენ. რამდენიმე თვე მეგობრებთან ვიცხოვრე. მერე სამსახური ვიპოვე. ბოლო სამი წელია, ვიმუშავე თითქმის ყველა სფეროში, მაგრამ ვერაფერს ვქმნი. თანხა, რომელსაც გამოვიმუშავებ, გაჭირვებით, მაგრამ ზუსტად მყოფნის ქირაზე, კომუნალურებსა და სხვა აუცილებელ საჭიროებებზე. მეოთხე კურსზე უნდა გადავდიოდე, მაგრამ მხოლოდ ერთი კურსი მაქვს დახურული; ვმუშაობ სულ, რამდენიმე ადგილას და არაფერი იცვლება...“
. . .
2004 წლიდან საქართველოს სტატისტიკის სამსახური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილი „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. ამის მიხედვით, 2017 წლისთვის საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი თვეში დაახლოებით 155 ლარია.
ბინების გასაქირავებელ ვებგვერდებზე თუ შეიხედავთ და ყველაზე მინიმალური მოთხოვნით მოძებნით ბინას, ანუ მიუთითებთ, რომ ერთოთახიანი, ძველი, გარემონტებული, გარეუბანში მდებარე საცხოვრებლის დაქირავება გსურთ, ნახავთ, რომ საშუალოდ, დაახლოებით 400-500 ლარის გადახდა მოგიწევთ. კომუნალურებისა და ინტერნეტის გადასახადსაც თუ გაითვალისწინებთ, ფასი არც ისე მცირეა.
ამას ემატება სახელმძღვანელოების საკმაოდ მაღალი ფასი. „მაგალითად, ინგლისურის წიგნი 70 ლარამდე ღირდა - იხსენებს გიორგი კოხოძე - ამას ემატებოდა ზღვა მასალის ქსეროქსი, რომელიც თვეში ძალიან ბევრი გამოდიოდა“.
ყველა დანახარჯი რომ შევაჯამოთ, სტუდენტს, რომელსაც საცხოვრებლის დაქირავება უწევს და რომელსაც თუნდაც სახელმწიფო სრულად უნაზღაურებს სწავლის გადასახადს, სტუდენტის სტატუსის შესანარჩუნებლად 800 ლარი მაინც ესაჭიროება; ესეც იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ სამომხმარებლო კალათის მიხედვით ცხოვრება შესაძლებელია, რაც სიმართლისგან საკმაოდ შორსაა.
ანუ, სტუდენტს ორი გამოსავალი აქვს - მისი ხარჯი ან ოჯახმა უნდა გაიღოს, ან სწავლის პარალელურად იმუშაოს და თავად დაიფინანსოს თავი.
მარი ხულიაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია. წელს მესამე კურსზე გადავიდა. ვინაიდან ბინის ქირის, სწავლის გადასახადის და სხვა ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება საკმაოდ დიდი თანხა გამოდიოდა, გადაწყვიტა, მუშაობა დაეწყო. მეორე კურსიდან სუპერმარკეტ „გუდვილში“, ღამის ცვლაში, კონსულტანტად დაიწყო მუშაობა.
„ღამენათევს ლექციებზე სიარული ძალიან მიჭირდა. სამსახური ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ სწავლა და მუშაობა ერთად ძალიან გამიძნელდა, დავანებე თავი. სწავლა და მუშაობა ერთდროულად, ძალიან რთულია; შეიძლება, ბევრი ახერხებს, მაგრამ, თუ მართლა გინდა სწავლა, მუშაობასთან ერთად, მით უმეტეს საქართველოში, ვერ შეძლებ“. - მიყვება მარი.
„მით უმეტეს საქართველოში“ იმიტომ ვერ შეძლებ, რომ ძალიან ძნელია, იპოვო სამუშაო, რომელიც სტუდენტზე იქნება მორგებული, ვთქვათ, დღის მეორე ნახევარში, ნახევარ განაკვეთზე და აშ. ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალია.
„380 ლარს ვიღებდი; ყოველ მეორე ღამეს, საღამოს 10-იდან დილის 9-მდე ვმუშაობდი; დასვენებას ვერ ვახერხებდი; ღამის განმავლობაში დაჯდომის უფლებაც არ მქონდა,“ - ამბობს მარი. მიუხედავად იმისა, რომ ბინის ქირას მეგობართან ერთად იყოფდა, ხელფასი ვერაფერში ეხმარებოდა და სწავლას ისევ ოჯახის დახმარებით აგრძელებს.
პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი უნივერსიტეტში 2001 წლიდან ასწავლის. გაფრინდაშვილი გვეუბნება, რომ მისთვის ნაცნობია საკითხი სტუდენტთა საკმაოდ რთული სოციალური პრობლემების შესახებ. „თუმცა, რასაც როგორც უკვე პროფესორი ვაკვირდები, უნივერსიტეტში აი, ამ საკითხებზე არასოდეს ყოფილა ბჭობა; იმაზე, რომ შეგვესწავლა, რა სოციალური სურათია სტუდენტებში. ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს არ მიმიღია ამაში მონაწილეობა ; მით უმეტეს, არ ვიცით სურათი დინამიკაში, მდგომარეობა უმჯობესდება, უარესდება…“ - ამბობს პროფესორი.
გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო გადასახადი - 2250 ლარი იმ სოციალ-ეკონომიკურ პირობებში, რაშიც ვცხოვრობთ, ადეკვატური არ არის და მაღალია. – „ამ გადასახადის კრიტერიუმები მე არ ვიცი, არსად წამიკითხავს“.
პროფესორის აზრით, როდესაც სახელმწიფო იღებს ამხელა რაოდენობით სტუდენტებს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ თუნდაც საერთო საცხოვრებელზე მიუწვდებოდეთ ხელი.
ფისო კუღურაძემ და ნათია ბუკიამ ხელმოკლე სტუდენტების დასაფინანსებლად სასტიფენდიო ფონდი ორი წლის წინ დაარსეს და ამ დრომდე სწავლის ფული 28 სტუდენტს გადაუხადეს. მათი დონორები კერძო ბიზნესკომპანიები და ინდივიდუალური პირები არიან, რომლებიც ფონდს მცირე შემოწირულობით ეხმარებიან. ნათია და ფისო სტუდენტებს რეგიონულ უნივერსიტეტებში არჩევენ და ამის შემდეგ ცდილობენ მათი სწავლის დასაფინასებლად თანხები მოიზიდონ. ფისო კიღურაძე გვიყვება, რომ თითოეული სტუდენტის უკან სენტიმენტალური ისტორია იმალება. მაგალითად ერთ-ერთი სტუდენტის ოჯახმა ერთადერთი ძროხა გაყიდა რათა შვილის სწავლის პირველი სემესტრის გადასახადი გადაეხადა. თუმცა, გადახდის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მას ფონდი დაეხმარა.
“კერძო ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, როგორც წესი, ბავშვები ხელმოკლე ოჯახებიდან თავისთავად არათანაბარ პირობებში იმყოფებიან თანატოლებთანან, რომელთა ოჯახებსაც, ვთქვათ, საშუალ;ება აქვთ ისინი რეპეტიტორებთან მოამზადონ”. - ამბობს კიღურაძე.
სტუდენტებისა და პროფესორების მნიშვნელოვანი ნაწილი კი თანხმდება, რომ სტუდენტები ერთ-ერთი ის ფენაა, რომელიც სოციალურად საკმაოდ რთულ პირობებში იმყოფება, და ზოგჯერ მათ ნაწილს სწავლის შესაძლებლობაც ერთმევა. ასევე თანხმდებიან იმაზეც, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა არა მხოლოდ ოჯახების ან კერძო ინიციატივების მხრებზე უნდა გადადიოდეს, არამედ სახელმწიფოსაც მნიშვნელოვანი როლი უკავია.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.