“იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ დადებით პასუხს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან და დავსახავთ კონკრეტულ გზებს, როგორ უნდა შევაჩეროთ “ბიოპლანის” მოხმარების, შესყიდვის და გამოწერის პროცესი საქართველოში”, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ჯერჯერობით უცნობია როგორ აპირებს სახელმწიფო „ბიოპლანის“ შესყიდვის და გამოწერის პროცესის შეჩერებას საქართველოში, თუმცა მოხმარების შესაჩერებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო. ოპიუმის, ბუპრენორფინის, მეტადონის, კოკაინის, ამფეტამინის ტესტებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაბინოიდების დასადგენ ტესტებსაც შეისყიდის.
ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევრის, ირმა კირთაძის თქმით, მოხმარების კრიმინალიზაცია და შარდის ტესტებით ამ პრობლემასთან ბრძოლა არაეფექტურიაა, რადგან ყოველი სახეობის ბიოს თავისი ტესტი სჭირდება. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა კი შემოდინების შემცირებაზეა ორინეტირებული და არა მოხმარების კრიმინალიზაციაზე.
„ყველა ევროპულმა ქვეყანამ მოწოდების შემცირებაზე ორიენტირებული ზომები მიიღო. ჩვენთან ამაზე არავინ არაფერს ამბობს და პირდაპირ ხდება მოხმარების კრიმინალიზაცია. 150 დასახლების ბიო არსებობს, ყველას თავისი ტესტი სჭირდება. მესმის რომ ყველაზე გამოწერადი პრეპარატის მიხედვით შეირჩევა ტესტები, მაგრამ რატომ მივდივართ ამ გზით? ხომ შეიძლება, რომ შემოტანას ებრძოლო?“- ამბობს ირმა კირთაძე და ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრის 2012 წლის ანგარიშს იხსენებს, რომლის პრეზენტაციაც, ცენტრის წარმომადგენელმა, 2012 წელს ამერიკაში “წამალდამოკიდებულების ინსტიტუში” გამართულ კონფერენციაზე გამართა.
„შარშან “წამალდამოკიდებულების ინსტიტუტში” გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე ახლადგამოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებებს ცალკე სესია მიეძღვნა. ისაუბრეს, მარილებზე, ბიო სტიმულატორებზე და სხვადასხვა სინთეზურად შექმნილ ნივთიერებებზე. ითქვა, რომ მოდის ახალი თაობის ნარკოტიკები, რომლის აღმოჩენაც ვერ ხდება, რადგან მოლეკულაში კონკრეტული ფორმულირებაა შეცვლილი. ნარკობაზარი გადავიდა ახალგაზრდა თაობაზე და, უხეშად რომ ვთქვა, დილერული ქსელი ინტერნეტში შევიდა. ანგარიშში ძალიან საინტერესო თავია სადაც წერია, თუ როგორი სტრატეგიით ებრძვიან სხვადასხვა ქვეყნები ამ ახალადგამოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებებს და რა შედეგები მიიღეს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის საუბრიდან გამოიკვეთა, რომ ამის დევნას აზრი ეკარგება და პრობლემასთან გასამკლავებლად ქვეყნებმა უფრო ეფექტური ღონისძიებები უნდა დასახონ .“ - ამბობს ირმა კირთაძე.
„ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრის” 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, ირალანდიამ, რუმინეთმა და ავსტრიამ ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების არაკანონიერი დისტრიბუციის, რეალიზაციის და რეკლამირების შემთხვევაში დამსჯელი საკანონმდებლო პროცედურები/რეგულაციები დანერგეს.
სხვა სახელმწიფოებმა შეასწორეს არსებული კანონები ან დააჩქარეს მედიკამენტების კონტროლის პროცედურები.
მაგალითად, პოლონეთმა მოახდინა კანონის მოდიფიცირება ახალი ნივთიერებების დისტრიბუციის აკრძალვის მიზნით, მაშინ როდესაც უნგრეთმა და ფინეთმა დააფუძნეს რისკის შემსწავლელი საბჭოები ინფრომირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
შესაბამისად, 2011 და 2012 წლებში გაერთიანებულმა სამეფომ და უნგრეთმა დაამტკიცეს ახალი პროცედურები ნივთიერებებზე ''დროებითი კონტროლის" დაწესებაში.
“ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრის” ანგარიშებში ბიოსტიმულატორები იგივე სინთეზური კანაბინოიდები 2009 წლიდან გვხვდება. 2004 წელს 24 დასახლების კანაბინოიდი იქნა აღწერილი. 2012-ში - 41-ი, 2012-ში - 50-ი.
“2006 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ყოველწლიურად პოლიცია ათასობით ადამიანს აკავებს ქუჩებში და ანალიზებს უტარებს ნარკოტიკული ნივთიერებების მეტაბოლიტების გამოსავლენად. ანალიზის დადებითი პასუხებს კი შედეგად დიდი ჯარიმა ან დაპატიმრება მოჰყვება. აღნიშნული პოლიტიკის ძირითადი არსი ის არის, რომ მკაცრი სადამსჯელო ზომების ნარკოტიკების მომხმარებლები აიძულონ, შეწყვიტონ ნარკოტიკების მოხმარება და ბავშვები და ახალგაზრდები აარიდონ ნარკოტიკების ექსპერიმენტირებას. თუმცა ამგვარი პოლიტიკის ოპონენტები მუდმივად კამათობენ, რომ ათასობით ახალგაზრდის დევნა და ნარკოტიკების აღმოსაჩენად მათი ტესტირებით შემოწმება ძალიან შეზღუდულ, ან საერთოდ არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ნარკომანიაზე. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა ზეგავლენას ახდენს მკაცრი სამართლებრივი ზომები საქართველოში არსებულ ნარკოსიტუაციაზე,”- წერია კვლევაში. “რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება?”- კვლევა, რომელიც 2012 წელს “ფონდ ღია საზოგადოების” მხადაჭერით ჩატარდა.
კვლევის შედეგების საფუძველზე ავტორები ასკვნიან, რომ ნარკომომხმარებელთა დასჯა და დაპატიმრება საქართველოში არანაირ, ან მხოლოდ უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ნარკოდამოკიდებული პირების შემდგომ ქცევაზე. ასე რომ - ეს სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის შეზღუდული რესურსების ძალზე არაეფექტური და ფუჭი ხარჯვაა.
დაჯარიმების შემდეგ, გამოკითხულთა მხოლოდ 11%-მა აღნიშნა, რომ ნარკოტიკის მოხმარებას თავი დაანება და ისიც მხოლოდ რამდენიმე თვით.
ემპირიულ ფაქტებზე დაკვირვებით გაკეთებული მრავალი კვლევაა ადასტურებს, რომ წამალდამოკიდებულების მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს კრიმინალურ ქცევას.
ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის აზრით, სახელმწიფომ ნარკოპრეპარატების შემოდინების შემცირებაზე უნდა იზრუნოს.
“მომხმარებლები ძირითადად არიან ბავშვები, ბიოტესტებით მათი დევნა და დაჯარიმება კარგს არაფერს მოგვიტანს. პრევენცია უნდა იყოს მაღალ დონეზე. ეს არის გლობალური პრობლემა და ყველა ქვეყანა სხვადასხვა გზით ებრძვის. ამ საკითხის კრიმინალიზაცია კარგს არაფერს არ მოიტანს, პირიქით, მეტ ინტერესს გამოიწვევს, როგორც ხდება-ხოლმე. მე მომხრე ვარ ზოგადად დეკრიმინალიზაციის და არა ლეგალიზაციის. მოთხოვნის შემცირება უნდა მოხდეს და არა დასჯადობის გაზრდა.”- ამბობს ზურა სიხარულიძე.