Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომერციულ ბანკებთან, კერძო იპოთეკარებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ქონების უზრუნველყოფით დადებული სასესხო ხელშეკრულების დარღვევის გამო 2012 წელს საცხოვრებელი ბინა 718–მა ოჯახმა დაკარგა. გადაუხდელი ვალის გამო საკუთარი სახლიდან გამოსახლება ამჟამად 500 ოჯახს ემუქრება. 

სადარბაზოში, ოდესღაც თეთრად შეღებილ ხის კართან რამდენიმე ჩანთა, ქვაბებით სავსე დიდი ყუთი და საბჭოთა საქართველოში გამოცემული წიგნების დიდი შეკვრა დევს. იქვე, ხის სკამზე შავებში ჩაცმული, მოხუცი ქალი ზის,  ერთიანად ცახცახებს და თავს დამტყდარ უბედურებაზე ტირილით ყვება. „ჩემმა დისშვილმა მომატყუა, ბინა გამიყიდა და  ქუჩაში დამტოვა. ხელი მქონდა მოტეხილი. მითხრა, შენი მკურნალობისთვის საჭირო საბუთებს ვაგროვებ და ხელი მომიწერეო. თურმე სესხის აღებაზე მომაწერინა ხელი. არ ვიცი რამდენი ისესხა, ან  საიდან. ჩემთვის არაფერი უთქვამს. ბინა რომ გამიყიდეს, მაშინ გავიგე, როცა ერთ დღეს ახალგაზრდა ქალი მოვიდა პოლიციელებთან ერთად  და ბინის დაცლა მომთხოვა. აღმასრულებელი ორჯერ იყო მოსული. ბინს დაცლაზე უარი ვთქვი. ახლაც  მოტყუებით გამიყვანეს სახლიდან, ვითომ საქმის გასარკვევად. მოვედი და ჩემი ბარგი გარეთ დამხვდა. ნაწილი სარდაფში ჩაუტანიათ, კარზე საკეტი შეცვლილია და ვეღარ შევდივარ. მე რატომ გამიყიდეს ბინა? ფული ვინც აიღო, პასუხიც იმას მოჰკითხონ. არსად არ წავალ. ან სამართალს ვიპოვი, ან აქ მოვკვდები, მაგრამ არსად არ  წავალ“, –– ამბობს 86 წლის ნელი ე–შვილი.  

„დეიდას ქუჩაში ხომ არ დავტოვებ?  ჩემთან წავიყვან. მე მისი მეურვე და ერთადერთი მემკვიდრე ვარ. მესმის მისი, განერვიულებულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა“, – ამ სიტყვებით იმართლებს თავს მეზობლების წინაშე ეკა, ნელის დისშვილი. ის 50 წლის არის. ამბობს, რომ ფინანსური პრობლემებისა და  სამსახურის დაკარგვის გამო კერძო იპოთეკარისგან აღებული სესხის დაფარვა ვეღარ მოახერხა და დეიდის ბინასთან ერთად საკუთარი ბინაც დაკარგა. ოჯახთან ერთად ახლა ნაქირავებ, orოთახიან ბინაში ცხოვრობს. ეკას მსგავსად იპოთეკური სესხის გამო საქართველოში ბინა ასეულობით ადამიანმა დაკარგა.

„შეგვიჩერეთ გამოსახლებები“, „ბატონო ბიძინა, თქვენი იმედი გვაქვს“,  „დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტები“, - ასეთი შინაარსის  ტრანსპარანტებით  აქციები ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან  და პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახლთან პერმანენტულად იმართება.

კერძო იპოთეკარებთან, ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ქონების უზრუნველყოფით დადებული სასესხო ხელშეკრულების დარღვევის შედეგად უბინაოდ დარჩენილ მოსახლეობას „ქართული ოცნება“ დახმარებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაჰპირდა. თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა. პრემიერ–მინისტრმა აღიარა, რომ იპოთეკური კრედიტებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება არც ისე მარტივი აღმოჩნდა: „იპოთეკური სესხების პრობლემასთან დაკავშირებით ვერ დაგპირდებით, რომ დიდ შედეგებს მივიღებთ. პროცესი რთულია. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ბანკებიც გაჭედილი არიან. ხშირად ჩემს სახლთანაც მხვდებიან დაზარალებულები. აღარ ვიცი, როგორც მოვიქცე. ვერ დაგპირდებით, რომ დიდ შედეგებს მივიღებთ, რაც უფრო ღრმად შევდივართ ამ პროცესში, მით უფრო რთული სიტუაციაა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. პრემიერ–მინისტრი ამბობს, რომ იპოთეკური კრედიტებით გამოწვეული პრობლემების სრული მოგვარებისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში არ არის. გარდა ამისა, პროცესს  მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სიმრავლეც აფერხებს. 

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში საკუთარი ბინიდან 111 ოჯახი გამოასახლეს, აუქციონზე კი 718 საცხოვრებელი ბინა და  961 მიწის ნაკვეთი (მასზე მიმაგრებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად) გაიყიდა.  2013 წლის პირველ ორ თვეში აუქციონზე უკვე 132 ბინა გასხვისდა. გადაუხდელი ვალის გამო საკუთარი სახლიდან გამოსახლება კიდევ 500 ოჯახს ემუქრება. ამ ოჯახების ნახევარი კომერციული ბანკების, ნახევარი კი კერძო იპოთეკარების კლიენტია.

პრემიერ–მინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტროში იპოთეკის სამართალზე მომუშავე ჯგუფი შეიქმნა, რომელიც  საკითხის მოგვარების შესაძლო მექანიზმების შექმნაზე მუშაობს. „მევახშეებს დაუწესდებათ მკაცრი რეგულაციები იმისთვის, რომ სხვადასხვა სესხის ხელშეკრულებების გაფორმება ისეთი ადვილი არ იყოს, როგორც დღეს არის. რეგულაციები გამკაცრდება შესაბამის ორგანიზაციებთან და ბანკებთან თანამშრომლობის ფონზე. ამ მხრივ ნოტარიუსის როლიც უნდა გადაიხედოს. მთავარი სამუშაო გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებსაც უწევთ სესხთან თამაში უკიდურესი გაჭირვების გამო. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კერძო იპოთეკარებმა ვეღარ ისარგებლონ სესხის ამღების უმწეობით. ამჟამად, კერძო იპოთეკარებზე მოდის იპოთეკის ბაზრის 34%, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და მის უკან დიდი ოჯახური ტრაგედიებია. გვინდა, რომ ქვეყანაში წახალისებული იყოს კერძო ინიციატივა, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რომ ხდებოდეს ადამიანების გაუბედურება. მოსახლეობა მევახშეებისაგან კანონით უნდა იყოს დაცული“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ძვირი იპოთეკური სესხები უკრაინასა  და საქართველოშია. რუსეთში კომერციული ბანკები იპოთეკური სესხებს წლიურ 11,6-12,5%-ად გასცემენ, უკრაინაში – 17,8-20,3%-ად, ხოლო აზერბაიჯანში 11-13%-ად. რაც შეეხება საქართველოს, აქ მოქმედი 19 ბანკიდან იპოთეკურ სესხებს მხოლო 9 ბანკი გასცემს, სესხები  წლიური საპროცენტო განაკვეთი 12%-დან 22%-მდე მერყეობს.

ბანკში კრედიტის აღებისას მომხმარებელი იძულებულია აიღოს სიცოცხლის და ბინის დაზღვევა, რაც სესხს დამატებით 1-2%-ით აძვირებს. კლიენტი იხდის ასევე, სესხის აღების, ბინის შეფასების, ანგარიშის მომსახურების, საჯარო რეესტრიდან ქონების ამონაწერის და  საკრედიტო ისტორიის „კრედიტ ინფოში“ გადამოწმების საკომისიოებს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აძვირებს სესხს და ზრდის მის ასაღებად საჭირო პროცედურის ხანგრძლივობასაც. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კერძო იპოთეკარებს უფრო მარტივი პროცედურები აქვთ და სესხსაც უფრო მოკლე დროში გასცემენ, თუმცა ბანკებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალ პროცენტში. ამიტომ მოქალაქეთა ის ნაწილი, რომელსაც სესხის აღება ძალიან ეჩქარება და თან არც სტაბილური სახელფასო შემოსავალი აქვს,  სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კერძო იპოთეკარებს მიმართავს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ბექა დოჭვირი ამბობს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ისეთ პირთა რაოდენობა, რომლებიც იპოთეკასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში მძიმე შედეგების პირისპირ აღმოჩნდნენ,  მკვეთრად გაიზარდა. დოჭვირი მიიჩნევს, რომ პრობლემების უმრავლესობის მიზეზი მოქალაქეთა გაუთვითცნობიერებლობა, დაბალი სამართლებრივი კულტურა და წინდაუხედაობაა.  „ხშირად პრობლემა ის არის, რომ ადამიანები დაუფიქრებლად და წაუკითხავად აწერენ ხელს იმ ხელშეკრულებებს, რასაც ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები  და კერძო იპოთეკარები სთავაზობენ. როცა ძალიან ეჩქარებათ ფულის აღება, ყურადღებას არ აქცევენ პროცენტის გრაფიკს, განაკვეთს და პირგასამტეხლოს ოდენობას. სესხის გაფორმების შემდეგ კი არკვევენ, რომ პროცენტი ძვირია და მისი გადახდაც არ არის ადვილი. სამოქალაქო კოდექსი მოქალაქეებს საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალებას აძლევს. ამისთვის ხელშეკრულებაში საკუთარი ინტერესების დამცავი გარანტიები იპოთეკართან ერთად მოვალემაც უნდა ჩადოს. პრობლემას ქმნის არა კანონი, არამედ დაბალი სამართლებრივი კულტურა და წინდაუხედაობა. საკანონმდებლო რეგულაციების სიხისტე არაფერ შუაშია“.

იუსტიციის სამინისტროში იპოთეკის სამართალზე მომუშავე კომისია ამ დრომდე სულ ორჯერ შეიკრიბა. შესაბამისად, როდის მიიღებს დასრულებულ სახეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, ჯერ უცნობია. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, პირველ ეტაპზე სახელმწიფო იპოთეკური სესხის საფრთხეებთან და ქონების შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებს და უახლოეს დღეებში სატელევიზიო ეთერში ამ  თემაზე მომზადებული სარეკლამო რგოლს დაატრიალებს.

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^