Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გრემი - ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პირველი ქალაქგარეთა ფურცელი

28 ივლისი 2017

ზაფხულის სიცხეს თავი რომ ავარიდოთ, კახეთში, სოფელ გრემში თბილისიდან დილით ადრე მივემგზავრებით. მანქანაში არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელთან, ვაჟა კასრელიშვილთან ერთად ვსხდებით, მძღოლთან კი 32 წლის ლადოს ვუთმობთ ადგილს. რამდენიმე თვის წინ ლადო აქტიურად მოიხმარდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არაერთხელ დამუქრებია. ოთხწლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. ახლა ლადოს რემისიის პერიოდი აქვს და ჩვენი მისიაა ქალაქგარეთ, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრამდე მშვიდობით ჩავიყვანოთ. ქართულ რეალობაში ასეთი ტიპის დაწესებულება ერთადერთია. გრემში კიდევ ერთი ბენეფიციარი და ინსტრუქტორ-კონსულტანტი ივანე რატიანი უნდა დაგხვდნენ.  

ლადომ გადაწყვიტა, სამუდამოდ დაემშვიდობოს ნარკოტიკებსა და სასმელს. ამ რთული ამოცანის შესრულებაში სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტები დაეხმარებიან. ის ამბობს, რომ მზად არის, აიტანოს ფიზიკური და სულიერი დისკომფორტი. მობილური ტელეფონიც კი, რომელიც არასოდეს გაუთიშავს, სახლში დატოვა, რათა გარე სამყაროსთან კავშირის „ცდუნებებს“ გაექცეს.

ლადოს შერეული დამოკიდებულების - ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის ისტორია ტრაგიკული შემთხვევების წყებაა. მას ჯერ დედ-მამა, შემდეგ კი ნარკოტიკების ზედოზირებით მეუღლე გარდაეცვალა. დეპრესიაში ჩავარდნილმა ახალგაზრდამ სიცოცხლის მიზანი დაკარგა.       

გზაში ცენტრის თანამშრომელ ლევან ღვიანიაშვილსაც გავუარეთ. მასაც აქვს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების საკუთარი, უკვე წარსულს მიბარებული ისტორია.

2016 წლის აპრილიდან დღემდე ცენტრის ინსტრუქტორ-კონსულტანტები -  ლევანი და ივანე რამდენიმე ადამიანს დაეხმარნენ ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მოხსნაში. ჰქონდათ ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბენეფიციარმა ცენტრში გაჩერება ვერ შეძლო და ძველი ცხოვრების წესს დაუბრუნდა.

სარეაბილიტაციო ცენტრს კიდევ ერთი თანამშრომელი ჰყავს - ფსიქოლოგი, რომელიც დროდადრო გრემში თბილისიდან ჩადის.  

მანქანაში ცენტრის სერვისებზე სპეციალურად ხმამაღლა, ლადოს გასაგონად ვსაუბრობთ. „ჯერ იდეალური პირობები არ გვაქვს, მხოლოდ სამი ადამიანის მიღება შეგვიძლია. თუმცა, როგორც კი სექტემბერში სარემონტო სამუშაოები დასრულდება, 12 ბენეფიციარს მოვემსახურებით. ეს შენობა ჩვენმა ორგანიზაციამ თავისი სახსრებით შეიძინა და ის დიდი პროექტის - „აღმოვფხვრათ ხარვეზები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად“ - ნაწილი გახდა. პროექტის მიზანი დამოკიდებული ადამიანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. მის ფინანსურ მხარდაჭერას ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჰოლანდიური საქველმოქმედო ფონდი „შიდსის ფონდი აღმოსავლეთი-დასავლეთი“ (AIDS Foundation East-West, AFEW) უზრუნველყოფს“, - ამბობს ვაჟა კასრელიშვილი.

ფსიქო-სოციალური ცენტრის გახსნის იდეა ვაჟა კასრელიშვილს 2001 წლიდან გაუჩნდა, მას მერე, რაც პოლონეთში მსგავსი ცენტრის ქსელი ნახა. ერთი წლის წინ კი, უკრაინაში მივლინების დროს, დაბა ზნამენკის სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა და იქაურ  ბენეფიციარებთან ერთად ორი კვირა დაჰყო: „დავრწმუნდი, რამდენად ეფექტიანი იყო ასეთი ტიპის დაწესებულება. ჩემი თვალით ვნახე ადამიანები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეაბილიტაცია და დღეს მათთვის ნარკოტიკებს კი არა, სიფხიზლეს მოაქვს ადრენალინი“.

საქართველოში ნარკოდამოკიდებულებას მხოლოდ ორი მეთოდით მკურნალობენ - დეტოქსიკაციით და ჩანაცვლებითი თერაპიით. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ბენეფიციართა უმეტესობა  ვერ ახერხებს გრძელვადიანი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გავლას, რადგან საქართველოში ასეთი სახის მომსახურება სადღეღამისო ცენტრებში არ არსებობს. არადა, მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ საუკეთესო შედეგები სწორედ ამ გზით და სწორედ ქალაქგარეთ არსებულ ცენტრებში მიიღწევა. აქ დეტოქსიკაციაგავლილი ან რემისიაში მყოფი ადამიანი წყდება ჩვეულ გარემოს და სპეციალისტების დახმარებით, ნაბიჯ-ნაბიჯ უბრუნდება ფხიზელ ცხოვრებას, შემდეგ - ოჯახსა და საზოგადოებას.

გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის უნიკალურობა სწორედ ის გახლავთ, რომ ის მოწყვეტილია ურბანულ გარემოს, აქვს ორი ათასკვადრატიანი ეზო, რაც სოციალური საწარმოების მოწყობის პერსპექტივას იძლევა. აქ კონსულტანტ-ინსტრუქტორებად ის ადამიანები მუშაობენ, ვინც თავად გაიარა ნარკოდამოკიდებულების გზა. ეს აიოლებს ბენეფიციარებთან მუშაობას.

გრემის ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებსაც ემსახურება. ცენტრის პირველი ბენეფიციარი ალკოჰოლიზმით დაავადებული კახელი მამაკაცი იყო, რომლის მდგომარეობაც რეაბილიტაციის შემდეგ გაუმჯობესდა.   

გრემში სიმშვიდე გვხვდება. ცენტრს ჩვეულებრივი ჭიშკარი აქვს. საცხოვრებელი შენობაც ჩვეულებრივია, ფანჯრებზე რემონტის კვალი ატყვია.

ლადოს მანქანიდან მოზრდილი ჩანთა გადმოაქვს, როგორც ჩანს, ცენტრში კარგა ხნით დარჩენა აქვს განზრახული. ლადო ეზოში ჩერდება და ეწევა. არავინ აწუხებს. ადაპტირების საშუალებას აძლევენ. მერე შენობაში ეპატიჟებიან, თხოვენ პირადობის მოწმობას და კედელზე გაკრულ ქცევის წესებსა და რეჟიმს აცნობენ.

ცენტრში კვების ჩათვლით ყველა სერვისი უფასოა. აქ მოსახვედრად აუცილებელია ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილება: სასურველია, ადამიანს მოხსნილი ჰქონდეს  ფიზიკური დამოკიდებულება ქიმიურ ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე, და ჰქონდეს განკურნების ძლიერი სურვილი. 

„მანამდე გავესაუბრებით მას და მისი ოჯახის წევრებს. ადამიანის გამოჯანმრთელებისთვის მხოლოდ დედ-მამის სურვილი არ კმარა. თუ მას ცენტრიდან წასვლა სურს, არ ვაკავებთ; თუ შიდა წესები დაარღვია, თვითონვე გავისტუმრებთ. რეჟიმის მიხედვით, ბენეფიციარები დილის ცხრა საათზე დგებიან და საღამოს თერთმეტზე იძინებენ. დღის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა აქტივობა აქვთ: მორიგეობით ცენტრის დალაგება,  მედიტაცია, ჯგუფური და შრომითი თერაპია, წერილობითი სამუშაოები, ფილმის ყურება და გარჩევა. „ნაბიჯების“ განხილვა. აქ არ ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, არ ვართ ჩაციკლული წარსულზე, არ ვატყუებთ საკუთარ თავს და ერთმანეთს“, - განმარტავს კონსულტანტ-ინსტრუქტორი ლევან ღვინიაშვილი.

ლევანი კუსტარული ნარკოტიკის, „ჯეფის“ მომხმარებელი იყო მანამდე, ვიდრე პარკინსონით არ დაავადდა. მკურნალობის მერე, ის ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის აქტივისტი გახდა, შემდეგ კი ცენტრის ინსტრუქტორად გადამზადების კურსი გაიარა.      

  

ცენტრის მეორე სართულზე უხეში ხის კიბით ავდივართ. ევროკავშირის დაფინანსებით სულ მალე აქ  საძინებლები განთავსდება. ორი ოთახი ქალ მომხმარებლებს დაეთმობა. პირველი სართულზე ცენტრის თანამშრომლების ოთახები და სასადილო დარჩება, მესამეზე კი სპორტული ინვენტარი დაიდგმება.  მწვანე ეზოში, დამატებით შენობა-ნაგებობაში, კერამიკული სახელოსნო და არტთერაპია იმუშავებს. ამ შენობისთვის კუთხე უკვე შერჩეულია.

„გვექნება ბოსტანი, ვიყოლიებთ ძაღლს, გავმართავთ ფუტკრისა და სასათბურე მეურნეობას. ეს ყველაფერი ბენეფიციარებისთვის ერთგვარი თერაპია იქნება. გარდა ამისა, პროდუქტით არა მხოლოდ ცენტრს დავაკმაყოფილებთ, არამედ რეალიზაციაზეც ვიზრუნებთ. შემოსული თანხა  ბენეფიციარებისა და ცენტრის საჭიროებებს მოხმარდება. მართალია, ჯერჯერობით დონორი გვყავს და ის გვეხმარება, მაგრამ სულ ასე არ იქნება და მომავალზეც უნდა ვიფიქროთ“, - ამბობს  ვაჟა კასრელიშვილი.

სადილიც დრო მოდის. 

ცენტრში მზარეულად ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. გრემის მოსახლეობა ცენტრის საქმიანობისადმი ლოიალურად არის განწყობილი.

სადილის დროს ლადო ნაკლებად ერთვება საერთო საუბარში. ინტერვიუზე კი აცრემლებული ჰყვება, როგორ დაკარგა ახლობლები და საკუთარი თავი. ასე ცხოვრება აღარ სურს: „24 საათი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ფული როგორ მეშოვა. ყველაფერზე წამსვლელი გავხდი. ციხიდან რომ გამოვედი, ხან რას მოვიხმარდი, ხან - რას. ნერვები გამიფუჭდა, თავის ტკივილები დამჩემდა. თავი ხელში უნდა ავიყვანო, გრემის იქეთ სხვა გზა არ დამრჩა“. 

ინსტრუქტორ-კონსულტანტი ივანე რატიანი ლადოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზს არ აკეთებს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მონდომებულია იქნება ლადო, აღიარებს თუ არა თავის დაავადებას, დაემორჩილება თუ არა ცენტრის რეჟიმს, როგორ გადაიტანს პირველ რთულ დღეებს. თუ ვერ „გაუძლო“ და წასვლა მოინდომა, ცენტრიდან რჩევებს და ინფორმაციას მაინც მიიღებს - როგორ ჩამოშორდეს იმ ადამიანთა წრეს, რომელიც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებისკენ უბიძგებენ ან ხელს უწყობს ამაში. 

„ჩემი, როგორც ინსტრუქტორის დანიშნულებაა, ჯერ ერთ-ერთი ნაწილი გამოვაცალო ნარკომომხმარებლის ჩვეული ცხოვრების მექანიზმს და შემდეგ - სულ ჩამოვშალო. პროგრამა „12 ნაბიჯის“ პირველი ნაბიჯი ავადმყოფობასთან საკუთარი უძლურების აღიარებით იწყება. შემდეგ მოდის მადლიერება მათ მიმართ, ვინც აქამდე მოიყვანა, მობოდიშება ოჯახის წევრებთან, სინანული და სხვ. ჩვენ მნიშვნელოვნად ვერევით ადამიანის ცხოვრებაში. ზოგისთვის ეს ძნელი ასატანი ხდება, მაგრამ თუ აიტანა, სხვა ცხოვრებას დაიწყებს“ - გვიხსნის ივანე რატიანი. თავად ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია უკრაინაში გაიარა და საბოლოოდ თქვა უარი ნარკოტიკების მოხმარებაზე. მანამდე იყო მოკლე რემისიები, პოლიციასთან დაძაბული ურთიერთობა, პატიმრობა; იყო მეტადონის პროგრამის ბენეფიციარი. დღეს კი ბედნიერია, რომ არა მხოლოდ თვითონ დადგა ფეხზე და ორ შვილს ზრდის, არამედ სხვებსაც ეხმარება.   

„როცა ცენტრი სრულყოფილად ამუშავდება, უამრავი ადამიანი მოგვაკითხავს და ჩვენც ვეცდებით, დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ. იმედია, სამაგალითო გავხვდებით და სხვებსაც გაუჩნდებათ სურვილი, გახსნან ასეთი ცენტრი. დამოკიდებული ადამიანი, უპირველს ყოვლისა, დაავადებულია და მსოფლიო ამაზე შეთანხმდა. ახლა ჩვენი ჯერია - ეს დავიჯეროთ“, - ამბობს ვაჟა კასრელიშვილი გრემიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^