წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
ბატონო გიორგი,
ეს წერილი ხანგრძლივი ფიქრისა და უშფოთველი განსჯის ნაყოფი არ არის. იგი მხოლოდ უკიდურეს, გამონაკლის შემთხვევაში შეიძლებოდა დაწერილიყო. საკითხს, რომელსაც ეს წერილი ეხება, შესაძლოა არ აკისრია უპირველესი მნიშვნელობა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ იგი უპირველესია ადამიანთა ცხოვრებაში. ეს საკითხი - განათლებაა. ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა არ არის ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობა, განათლების უგულებელყოფა კი ქვეყნის ყოველმხრივი დაქვეითების უმთავრესი საწინდარია.
2010-2014 წლებში ვსწავლობდი ინტერდისციპლინარულ პროგრამაზე კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლაში. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ შეუპოვრად ვცდილობდი, მაგისტრატურაზე სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამეგრძელებინა.
2015 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ უდიდეს კვლევით უნივერსიტეტში - კოლუმბიის უნივერსტიტეტში ჩავაბარე, კინოსა და მედიის მცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე. თებერვალში უნივერსიტეტისგან ნაადრევი ჩარიცხვის წერილი მივიღე და მჭიდრო ურთიერთობა დავამყარე კინომცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორთან, ჯეინ გეინსთან. იგი, ამავდროულად, აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი დამაარსებელიცაა. ნებისმიერი აპლიკანტისთვის, ნაადრევი პასუხის მიღება ნიშნავს, რომ იგი ერთ-ერთი პირველია ჩარიცხულ სტუდენტთაგან. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი მოლოდინიც გამიჩნდა, რომ უნივერსიტეტისგან გარკვეულ ფინანსურ ხელშეწყობასაც მივიღებდი.
სამწუხაროდ, კოლუმბიის უნივერსიტეტის კინოსა და მედიის დეპარტამენტს, თეორიულ სპეციალობებზე არ გააჩნია სტიპენდიები. ამ მიზეზით, დახმარებისთვის ადგილობრივ ფონდს მივმართე.
მოგეხსენებათ, 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ დაარსდა. მას შემდეგ ცენტრმა ასობით სტუდენტს მისცა შესაძლებლობა, სწავლა გაეგრძელებინა ქვეყნის გარეთ, სხვადასხვა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე. თუმცა, ცენტრს თავისი შეზღუდვები გააჩნია: ყოველწლიურად, პრიორიტეტულად კონკრეტული პროფესიული მიმართულებები ცხადდება და თუკი სტუდენტის მიერ შერჩეული სპეციალობა მათ შორის არ არის, მას კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ შერჩეული პროგრამა თავისი არსით ჰუმანიტარულ მეცნიერებებს უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე ხელოვნებას, „განათლების საერთაშორისო ცენტრმა“ იგი სახელოვნებო მიმართულებად აღიარა და შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის უფლება არ მომცა. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა საგანგებო წერილიც კი შეადგინა ცენტრის დირექტორის სახელზე, რათა განემარტა, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში კინომცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა სრულფასოვანი აკადემიური დისციპლინაა და იგი ნებისმიერი სტანდარტით თავისუფლად შეიძლება მიეკუთვნოს ჰუმანიტარულ მეცნიერებებს (უმეტეს ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში, ასეცაა).
იმავე ზაფხულს, ფულბრაიტის ყოველწლიურ სამაგისტრო პროგრამაზეც გავგზავნე განაცხადი, კონკურსის ბოლო საფეხურსაც მივაღწიე და საბოლოოდ, სრული სტიპენდიის მიღებაზე თავადვე განვაცხადე უარი. საქმე ისაა, რომ ფულბრაიტის პროგრამა აპლიკანტებს არ აძლევს საკმარის ავტონომიას, რომ დამოუკიდებლად შეარჩიონ ის უნივერსიტეტი, სადაც მომდევნო წლებში გააგრძელებენ სწავლას. საზღვარგარეთ განათლების მიღება კი არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თავად გამაჩნდეს უფლება ავირჩიო ის უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჩემს აკადემიურ მოთხოვნებს.
2016 წელს კინომცოდნეობის მიმართულებით ამავე ფაკულტეტზე ნიუ-ორკის უნივერსიტეტში (NYU) ჩავაბარე და ჩავირიცხე 25%-იანი დაფინანსებით. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტიშის სახელოვნებო სკოლა ყოველწლიურ რეიტინგებში მეორე ადგილს იკავებს საუკეთესო ამერიკულ კინო სასწავლებლებს შორის. იმხანად, „განათლების საერთაშირისო ცენტრმა“, მთავარი კონკურსის პარალელურად, სპეციალური სახელოვნებო პროგრამა დაარსა, მე კი დარჩენილი სწავლის საფასურის დაფარვის მოთხოვნით, ხელმეორედ მომეცა განაცხადის გაგზავნის შესაძლებლობა.
სამწუხაროდ, ამ ახლად დაარსებული სახელოვნებო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი მთავარ საკონკურსო პროგრამის ბიუჯეტზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. შესაბამისად, კონკურსში გამარჯვების მიუხედავად, მათ ჩემ მიერ მოთხოვნილი თანხის მხოლოდ 1/6-ის დაფარვა შემომათავაზეს.
ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო, უკვე ზედიზედ მეორედ მომიწია იმ უნივერსიტეტებში სწავლაზე უარის თქმა, რომელშიც მოხვედრა ზედმიწევნით რთულია; რთულია, არა მხოლოდ საერთაშორისო სტუდენტისთვის, არამედ ამერიკელი სტუდენტებისთვისაც კი. მაგრამ, რადგანაც დანებება ჩემს ყველა ბუნებრივ ინსტინქტს ეწინააღმდეგება, ფარ-ხმალი არც მაშინ დავყარე და დაუყოვნებლივ მომდევნო აკადემიურ წელზე დავიწყე ფიქრი. ზოგადი განათლების გაღრმავების მიზნით ამ ჯერზე უპირატესობა „თავისუფალ ხელოვნებებს“ (Liberal Arts) მივანიჭე.
4 წლის განმავლობაში, კინომცოდნეობაზე სწავლისას, ცხადად და ნათლად გავაცნობიერე, რომ კინოს ისტორია სამი ძირითადი ძალის – ტექნოლოგიების, სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და ესთეტიკის – უწყვეტი ურთიერთდამოკიდებულების შედეგად ვითარდება. თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროშიც, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და რელიგიური საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სტუდენტებისთვის სწორედ ამ მიზეზითაა უმნიშვნელოვანესი ინტერდისციპლინარულ პროგრამებზე სწავლა და ზოგადი განათლების მიღება, რის შემდეგაც მათ საგრძნობლად გაუადვილდებათ ამ უაღრესად კომპლექსურ, „ურთიერთდაკავშირებულ“ სამყაროში გზის გაკვლევა.
გარდა ამისა, საქართველოს უნივერსიტეტებში ჰუმანიტარული მეცნიერებების სწავლების ხარისხი წლების განმავლობაში დაქვეითდა და გაუარესდა. ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის არარსებობა ბევრი სტუდენტისთვის ჯერ კიდევ უმთავრესი წინაღობაა საფუძვლიანი განათლების მიღების გზაზე: ვინკელმანი და ჰერდერი, უოლტერ პატერი და ეი სი ბრედლი, მონტენი და ლესინგი ახლაც უცნობ ავტორებად რჩებიან უმეტესი სტუდენტებისათვის.
ყოველწლიურად, აბიტურიენტების 2/3 უპირატესობას ანიჭებს ბიზნესის, ეკონომიკის ან სამართლის შესწავლას, ანუ იმ პროფესიებს, რომლებიც მომავალში, მათ, პოტენციურად, მეტ ფინანსურ სარგებელს მოუტანთ. საქართველოს უნივერსიტეტებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, აღნიშნული დარგების მუდმივი პოპულარიზაცია იმგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს განათლების ძირითადი დანიშნულება მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში მდგომარეობდეს. ბიზნესისა და ეკონომიკის შესწავლა სტუდენტებს შესაძლოა უფრო პროდუქტიულს ხდიდეს, მაგრამ მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებების - ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების, ფილოსოფიისა და რელიგიის - შესწავლა ჩამოუყალიბებს მათ კულტურულ შეგნებას, ღირებულებათა და ფასეულობათა მყარ სისტემას, მდიდარი წარმოსახვის უნარს და ემპათიას. ამ ფუნდამენტური დისციპლინების ათვისება სტუდენტებს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის კაცობრიობის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ანუ მიაწვდის მათ ისტორიულ პერსპექტივას - იმას, რაც თანამედროვე „სპეციალიზაციის“ ბუმის პირობებში თანდათანობით ქრება და უჩინარდება.
დიახ, მე ღრმად მწამს, რომ ხანგრძლივი, სისტემატური და უწყვეტი მუშაობის შედეგად ჰუმანიტარული მეცნიერებები, რომლებიც ამჟამად საძირკვლამდეა შერყეული, შედარებით მყარ ნიადაგზე შედგება. ჩვენ უნივერსიტეტი უნდა ვაქციოთ სივრცედ, სადაც სტუდენტები ისწავლიან დამოუკიდებლად მუშაობას, კრიტიკულ აზროვნებას, მტკიცე არგუმენტების ჩამოყალიბებასა და კითხვას (დიახ, კითხვას!); უნივერსიტეტში, პროფესორმა სტუდენტს უნდა გაუღვივოს არა ცნობისმოყვარეობა, არამედ ცოდნისმოყვარეობა, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაჰყვეს.
დიახ, მე ღრმად მწამდა, რომ ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლა, მე მომცემდა იმის შესაძლებლობას, რომ საკუთარი არცთუ მოკრძალებული წვლილი შემეტანა საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის დახვეწასა და გაუმჯობესებაში. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც გადავწყვიტე ზოგადი განათლების გაღრმავების მიზნით, „თავისუფალ ხელოვნებების“ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამაზე გამეგრძელებინა სწავლა. 2017 წელს, სამ ამერიკულ უნივერსიტეტში - დარტმუსში, დიუკსა და სტენფორდში გავგზავნე განაცხადი. სამივეში ჩარიცხულმა, უპირატესობა სტენფორდს მივანიჭე. სტენფორდის უნივერსიტეტი, ყოველწლიურად, თავად აწესებს თემას, რომელზეც ყველა აპლიკანტი დამოუკიდებლად მსჯელობს და საბოლოოდ, წერს ანალიტიკურ ესეს. სტენფორდში ჩარიცხვის კოეფიციენტი იმდენად დაბალია (4.6%), რომ მასში მოხვედრა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ეს ტრაბახნარევი სტრიქონები, რასაკვირველია, ჩემს თავმომწონეობაზე უნდა მიუთითებდეს, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ასე არაა. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე პარაგრაფი ამის ნათელი დასტური იქნება.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ კანონმდებლობა არ მაძლევდა ნახევარ განაკვეთზე სწავლისათვის სტიპენდიის მოპოვების საშუალებას (სტენფორდში, Master of Liberal Arts ხარისხის პროგრამა მხოლოდ ნახევარ განაკვეთზეა), ამიტომ იძულებული გავხდი ჩემი არჩევანი დარტმუსის უნივერსიტეტზე შემეჩერებინა. დარტმუსის უნივერსიტეტისგან მე უკვე მქონდა სწავლის მთლიანი საფასურის 70%-ის ოდენობის სტიპენდია მიღებული (რაც, ასევე ძალიან იშვიათია). კონკურსში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, „განათლების საერთაშორისო ცენტრს“ სწავლის დარჩენილი საფასური და საყოფაცხოვრებო ხარჯები უნდა დაეფარა. მაგრამ ცენტრმა ამ ჯერზეც არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა.
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ გამოგზავნილი შეტყობინების მიხედვით, მე ვერ გადავლახე სასტიპენდიო პროგრამის კონკურსის მესამე ეტაპი. ასევე, მაუწყეს, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებაზე გამარჯვებულად გამოვლინდა საუკეთესო რეიტინგის მქონე 5 კონკურსანტი, მე კი მიღებული ქულის მიხედვით მეკავა მე-6 სარეიტინგო ადგილი.
მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ამ წერილის მიზანი არ არის „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ რეპუტაციის შელახვა ან დისკრედიტირება. სრულიად საპირისპიროდ, ამ ცენტრის ძირითადი მიზნები იმდენად დიდებული და საქებარია, რომ შეუძლებელია მან ერთსულოვანი მოწონება არ დაიმსახუროს. ასევე, მჯერა ჯანსაღი კონკურსის და, ანტიკური საბერძნეთის მარადიულ თაყვანისმცემელს, მიმაჩნია, რომ ἀγών, ანუ შეჯიბრი, ეფექტურ პირობებს ქმნის ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების გამოვლენისა და დახვეწისთვის. ის, რასაც მე ვეწინააღმდეგები - სრული განურჩევლობაა.
დიახ, მე უარს ვაცხადებ, დავიჯერო, რომ ისეთი მაღალი შეგნების, კულტურისა და განათლების მქონე პიროვნება, როგორიც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ქალბატონი ნინო ჭელიძეა, ანგარიშს არ უწევს იმ ფაქტს, რომ Ivy League-ის ყველაზე პრესტიჟულ და რთულად მოსახვედრ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებს ხელი უნდა შეუწყონ ხარისხიანი განათლების მიღებაში.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მაქეზებს, ვირწმუნო, რომ გასაუბრების დროს, მათ ვერ შეძლეს ცოდნისადმი ჩემი მხურვალე და მგზნებარე სიყვარულის თუნდაც პატარა ნაპერწკლის, პატარა მარცვლის ამოცნობა. ახლა, მე კომისიას განურჩევლობაში ვადანაშაულებ, მაგრამ ისინი ხომ პატიოსანი მსაჯულები არიან?
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მე ასევე მაქეზებს, ვირწმუნო, რომ გასაუბრების დროს, მათ ვერ დაინახეს უსაზღვრო ენთუზიაზმი, შემართება და გულწრფელობა ჩემს მიზნებსა და მისწრაფებებში. ახლა, მე კომისიას კიდევ ერთხელ განურჩევლობაში ვადანაშაულებ, მაგრამ ისინი ხომ პატიოსანი მსაჯულები არიან?
„განათლების საერთაშორისო ცენტრმა“ მე უარი მითხრა იმ სტიპენდიის მონიჭებაზე, რომელიც საშუალებას მომცემდა სწავლა ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში გამეგრძელებინა. უარი მითხრა მაშინ, როდესაც 2015 წელს ცენტრმა დაუხარჯავი 1 000 000, ხოლო 2016 წელს 700 000 ლარი დააბრუნა ქვეყნის ბიუჯეტში; უარი მითხრა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მაგრამ, მე არც ეს უარი გამტეხს, არც შემდეგი და არც იმის შემდეგი. ვერცერთი უარი ვერ შეარყევს საკუთარის თავისადმი ჩემს ღრმა რწმენას, ვერ გამოცდის ჩემ უდრეკ ნებისყოფას, ვერ დათრგუნავს ცოცხალი, მაძიებელი გონების ყველაზე ძლიერ იმპულსს, უკურნებელ ლტოლვას უფრო მეტის შეცნობისკენ, უფრო მეტის გაგებისკენ. თუ ახლა ხელს ჩავიქნევ, დავნებდი, რა სახელი მეკუთვნის მაშინ მე?
შეგიძლიათ მერყევი, შემდრკალი ან უპრინციპო დამიძახოთ და ვიმსახურებ კიდეც.
დიახ, მე არ ჩავიდებ ბრაზს გულში, არ დავიწყებ ხმაურსა და ჩხუბს, არც განგაშს ავტეხავ და არც ვიჩივლებ. მე ჩემი ცოდნა და განათლება უფრო ღირსეული გზის მონახვაში დამეხმარება. ადამიანის ნამდვილი ბუნება დამარცხების დროს შეიცნობაო, ამბობენ ამერიკელები და მეც ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებ. დიახ, ეს დამარცხება ჩემთვის ერთგვარი გამოცდაა. დამარცხება ხომ ჩვენი ცოდნისა და კულტურის ყველაზე მკაცრი მსაჯულია. ჩვენ განათლება არა მხოლოდ კონკურსებისა და გასაუბრებების დროს უნდა გამოვავლინოთ, არამედ ყოველდღიურობაში, ყველაზე ტრივიალურ სიტუაციებშიც კი.
ამიტომაც, უარს ვაცხადებ ვიყო დამარცხებული, რადგან მჯერა, რომ დამარცხებული ისაა, ვისაც დამარცხებასთან გამკლავება არ შეუძლია. დამარცხებული ვერ იქნება ის, ვინც იცის, რომ მოთმინება ყველა კარის გასაღებია.
ახლა კი, ჩამოვიხსნი ამპარტავნების ნიღაბს, ჩამოვუშვებ თავდაცვით ფარს და უსაფუძვლო პატივმოყვარეობისგან განიარაღებული, დამარცხებით გამარჯვებული, წრფელი გულით მოგმართავთ - მოგმართავთ არა როგორც, კოლუმბიაში, დარტმუსში ან სტენფორდში ჩარიცხული სტუდენტი, არამედ როგორც რიგითი, ცოდნისწადილით გამსჭვალული მოქალაქე: დროებით დაივიწყეთ პრიორიტეტები, დაივიწყეთ კონტრიბუცია და ყველა ის ვალდებულება, რასაც „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ სტიპენდიის სანაცვლოდ უფარდებს გამარჯვებულ სტუდენტებს. დაივიწყეთ ეს ყველაფერი და დაეხმარეთ იმ ადამიანებს ხარისხიანი განათლების მიღებაში, ვისაც გულწრფელად უყვარს სწავლა და ვისთვისაც, ცოდნა ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
„ხომ მშვენიერი ხელოვნებაა ადამიანი“ - ასე თარგმნის ივანე მაჩაბელი ჰამლეტის ცნობილ ფრაზას „What piece of work is a man”. ამაზე უკეთ ვერავინ შეაფასებს ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მნიშვნელობას - მეცნიერებებისა, რომელთა მთავარი კვლევის საგანი ადამიანია. ადამიანი, როგორც მშვენიერი ხელოვნება.
პატივისცემით,
ლადო გაჩეჩილაძე