“მართლაც, საქართველოს სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ბიჭები, არც არავისზე ნაკლებად მოსულები და ჯანიანები არიან და თავიც ისე უჭირავთ, თითქოს მთელი ცხოვრება სპეცოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას და სულ ახლახან არ გამოეხუროთ თავისი ეზოს ჭიშკარი. არც ერთი წამით არ ეტყობათ, რომ ერთი პატარა და ოკუპირებული ქვეყნის შვილები იყვნენ. ამერიკელები და ნატოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მეგობრულად და პატივისცემით ეპყრობიან ჩვენს სამხედროებს და თუ თალიბებთან კონტაქტური საცეცხლე შეტაკების დროს ვინმეს იმედი აქვთ, მათ შორის ნამდვილად არიან ქართველი ჯარისკაცები. მერწმუნეთ, არც ამ შემთხვევაში ვაჭარბებ რამეს.
… ქართველი სამხედროების შემხედვარე, გენერლითა და პოლკოვნიკებით დაწყებული კაპრალითა და ჯარისკაცებით დამთავრებული, ხვდები, რომ შეიძლება, არც ისე ცუდი და ბოლომოღებული ხალხი ვართ და იქნება მაინც გამოვიდეს ჩვენგან რამე... საქართველო მაინც ესენი არიან, ქართული არმიის ავღანური კონტიგენტის ბიჭები, ასეთი სხვადასხვანაირი აქცენტითა და კილო-კავით მოლაპარაკეები და არა ისინი, ვისაც სრულიად ტყუილად და უსაფუძვლოდ ჰგონია, რომ ვინმეზე უკეთესი, ლამაზი, ჭკვიანი და მნიშვნელოვანია.
ამ ბიჭებთან გამომშვიდობებისას, როდესაც თავისი ახლობლების ტელეფონები ჩამაწერინეს, ძალიან ცუდად და უხერხულად ვიგრძენი თავი. ჩამოხვედი და ატეხილია ერთი ამბავი აქ თუ სახლში - "აუ, რა მაგარია, ავღანეთში წავიდნენ" - აქ კი ეს ბიჭები ექვსი თვე და მეტი მსახურობენ, ყოველ დღე სიკვდილს ჩაჰყურებენ თვალებში და ვითომ არაფერი, ვითომ ასეც უნდა იყოს – სრული სიჩუმე! ეს უსამართლობაც აღარ არის, გაცილებით უფრო უარესია. მართლა ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. აფხაზეთის ომის დროს ასეთებს გასტროლიორებს ეძახდნენ. მურტალი შეგრძნებაა” – სტატიიდან “ავღანური დღიურები”.
“საქართველოში კი, სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემებით შეწუხებულ საზოგადოებას თითქოს დაავიწყდა ათასობით კილომეტრით გაგზავნილი ქართული ქვედანაყოფი, რომელმაც ოთხწლიანი სამშვიდობო მისიის განმავლობაში ავღანეთში უკვე 19 ჯარისკაცი დაკარგა. და მთავარი საკითხავიც სწორედ ისაა, თუ როგორ შეძლებს მსოფლიოს „ცხელი წერტილიდან“ სამშობლოში დაბრუნებული ვეტერანების დაფასებას ის საზოგადოება, რომლისთვისაც მეათეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ ხელისუფლების საზრუნავი ჰგონია ის, თუ სად იმყოფებიან მისი მებრძოლები: კოსოვოში, ერაყში, ავღანეთსა თუ მალიში?!” - წერს კობა ლიკლიკაძე, ამავე ნომერში.
ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო “ლიბერალის” ამ ნომერზე მუშაობა. საერთაშორისო ურთიერთობების თუ ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკის მიღმა, არსებობს ისეთი ფუნდამენტური რამ, რასაც ღირსების შეგრძნება ჰქვია. ის სამხედროები კი, ვინც ავღანურ მისიაში, სხვის ომში, სრული თავდადებით მსახურობენ, ღირსების განცდით გავსებენ. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, მხოლოდ პატივი შეიძლება მივაგოთ მათ, ვინც საკუთარ ქვეყანას ემსახურება.
მადლობა თავდაცვის სამინისტროს და ქართველ სამხედროებს, რომლებმაც სრულიად უპრეცედენტო საშვი მოგვცეს და გვიმასპინძლეს ქაბულისა და ჰელმანდის პროვინციის სამხედრო ბაზებზე.