Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოჩისი: ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ოკუპაცია უნდა დაგმოს

30 ივლისი 2017

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის" მიერ

ავტორი: ანა კალანდაძე

ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე საქართველოში, NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის დღევანდელობასა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აშშ-ს როლზე ამერიკის ხმა ვაშინგტონში მდებარე ჰერითიჯის ფონდის მარგარეტ თეტჩერის თავისუფლების ცენტრის ევროპის პოლიტიკის სპეციალისტს დენიელ კოჩისს ესაუბრა:

ამერიკის ხმა: რას ნიშნავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის და რა გზავნილს მიიღებს რუსეთი?

დენიელ კოჩისი: ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი პრეზიდენტ ტრამპის ევროპული ტურნეს, განსაკუთრებით ვარშავის “სამი ზღვის ინიციატივის სამიტის” მნიშვნელოვანი გაგრძელებაა.

ამჯერად ვიცე-პრეზიდენტი ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვის რეგიონების მოკავშირეებთან ჩადის. გზავნილი კი ის არის, რომ აშშ გულშემატკივრობს ამ ქვეყნებს, სურს მათი გაძლიერება და მათი მიტოვება არცკი უფიქრია. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ აშშ ამ ქვეყნების გრძელვადიანი განვითარებითაა დაინტერესებული და რუსეთის გამო აღნიშნულ სახელმწიფოთა ინტერესების დათმობას არ აპირებს.

ამერიკის ხმა: საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე რას გვეტყვით? როგორ აფასებთ თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობის ხარისხს?

დენიელ კოჩისი: საქართველო აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა. თანამშრომლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დაიწყო და სხვადასხვა მთავრობების მიერ ქვეყანაში ეკონომიკის ლიბერალიზაციითა და დემოკრატიის ხელშეწყობით გაძლიერდა. აშშ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ ერთი მონაპოვარი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა: საქართველო NATO-ს სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გარდა, ის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთობლივ წვრთნებს (“ღირსეული პარტნიორი”) ატარებს. საქართველო გულმოდგინედ აგრძელებს სვლას NATO-სა და ევროკავშირისაკენ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ ამერიკა მის ძალისხმევას მხარს უჭერს და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში დაეხმარება. თავის მხრივ, საქართველომ ინტეგრაციისკენ სვლა უნდა გააგრძელოს.

ამერიკის ხმა: რა საგრძნობ შედეგს ელით ვიცე-პრეზიდენტის ევროპული ვიზიტისაგან?

დენიელ კოჩისი: ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მოუწოდებს, რომ მან NATO-ში გაწევრიანებისათვის ძალისხმევა არ დაიშუროს. ასევე, ვიცე-პრეზიდენტმა რეგიონში რუსეთის ქმედებებს თავის სახელი უნდა დაარქვას და თქვას, რომ ესაა უცხო ქვეყნის ოკუპაცია. და ბოლოს, ვისურვებდი, რომ დაიწყოს საუბარი, უკრაინის მსგავსად, საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე, რადგან საქართველო რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს.

ამერიკის ხმა: რა რეაქცია ექნება რუსეთს რეგიონში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე?

დენიელ კოჩისი: ვფიქრობ, მოსკოვში უნდა გაიგონ, რომ აშშ ბალკანელ, ბალტიისპირელ და ქართველ მეგობრებთან აქტიურად ურთიერთობს. პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ამ ადმინისტრაციის მუშაობის ხანმოკლე პერიოდში დაამტკიცეს, რომ მათ საამისო პოლიტიკური ნება გააჩნიათ. აშშ ევროპასთან ურთიერთობას ააქტიურებს ისეთი ხარისისხით, რაც ათ წელზე მეტია, არ გვინახავს. ვგულისხმობ საბიუჯეტო ინიციატივებს, ჯარების გადაადგილებასა თუ ერთობლივ წვრთნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ მზადაა, მოკავშირეებს გვერდში დაუდგეს და მათი ინტერესები დაიცვას.

ამერიკის ხმა: 8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავი აღინიშნება. იმ დროს აშშ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება უკრაინაში?

დენიელ კოჩისი: გეთანხმებით, მაშინ ამერიკა რუსეთის მყისიერი აგრესიით სახტად დარჩა. რუსეთის მიმართ საკმარისი სიმკაცრე ვერ გამოვიჩინეთ. იმ მოვლენებიდან ბევრი არც არაფერი ვისწავლეთ. რუსეთმა კი რამდენიმე წელიწადში ანალოგიური რამ გაიმეორა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. აშშ-მ მკაცრად უნდა დაგმოს რუსეთის ქმედებები, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას და ეცადოს, თავიდან აიცილოს მისი მომავალი თავდასხმები. კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

ამერიკის ხმა: რადგან სანქციები ახსენეთ, რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა სანქციების გარდა, რათა მომავალში რუსეთის დესტრუქციული ქმედებები გამორიცხოს?

დენიელ კოჩისი: კონგრესის ბოლო სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედებებით იყო შთაგონებული, თუმცა ნათელია, რომ ყველაფერი საქართველოზე თავდასხმით დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს რუსეთის ძირგამომთხრელი ნაბიჯების, მათ შორის, პროპაგანდის დაგმობა და დაეხმაროს ჟურნალისტებს ყალბი ცნობების გამოაშკარავებაში.

ამერიკის ხმა: როგორი იქნება ევროპელთა რეაქცია მკაცრ ამერიკულ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ?

დენიელ კოჩისი: სხვათა შორის, რუსეთი გაკვირვებული იყო, თუ რამდენ ხანს გაძლო ევროკავშირის სოლიდარობამ. მოსალოდნელია, რომ აზრთა ძირითადი განსხვავებები ენერგო სფერო საკითხში იქნება, თუმცა ძირითადად შეერთებული შტატები და ევროპა მხარდამხარ მივდივართ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^