9 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან... სიდუხჭირის, შიშის, გატაცებებისა და დაკავებების 9 წელი. საოკუპაციო ხაზს იქით დარჩენილი შვილები, მშობლები, ახლობლები. შენს მიწებს, შემოსავლის ხშირად ერთადერთ წყაროსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ. შენ კი დილემის წინაშე ხარ - შეშაში ან ფული უნდა გადაიხადო, რომელიც არ გაქვს, ან მის მოსაჭრელად თავისუფლება რისკის ქვეშ დააყენო და საოკუპაციო ხაზი გადაკვეთო. სწორედ ასეთი ელემენტარული საჭიროების დასაკმაყოფილებლად უწევს საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა. ადამიანები კი შიშით ელოდებიან, დაბრუნდებიან თუ არა უკან ტყეში შეშაზე ან საქონლის სამწყემსად წასული ოჯახის წევრები.
სოფელი ბერშუეთი. როგორ ხშირადაც არ უნდა გესმოდეს ისტორიები საზღვრისპირა სოფლებზე, რთულია, წარმოიდგინო, რომ მავთულხლართები უშუალოდ აქ მცხოვრებთა ეზოებზე გადის. სოფელში პირველივე შემხვედრს ვაჩერებთ და ზაზა ბერიანიძის მისამართს ვეკითხებით. ის და მისი მეგობარი რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს და მესამე დღეს გაათავისუფლეს. შუახნის კაცი გზას გვასწავლის და ამატებს - „პირდაპირ ნუ ივლით, თორემ მავთულხლართებს მიადგებით“.
ბერიანიძეების სახლი ე.წ. საზღვრიდან ათიოდე მეტრში დგას. ზაზა ბერიანიძე სახლში არ გვხვდება, ამიტომ ამბის გაგება მისი ახლობლისგან გვიწევს. ქალი გვიყვება, რომ ბერიანიძე სოფლის სალოცავში მეგობრებთან ერთად ქეიფობდა და ის და მისი ზერტელი მეგობარი სწორედ მაშინ გაიტაცეს.
„არავის ვუცემივარ და არც ცუდად მექცეოდნენო. თავზე აქვს რაღაც ჭრილობა, მაგრამ, როგორც ამბობს, ნასვამი იყო, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დაეცა. მისი დაკავების შემდეგ საქმეში სოფლის გამგებელი და პოლიცია ჩაერთო, შემდეგ 80 ლარი გადაიხადა ოჯახმა და დაკავებიდან მესამე დღეს გაათავისუფლეს ზაზაც და მისი მეგობარიც“, - გვიყვება ოჯახის ახლობელი.
ბერიანიძეების სახლიდან ისევ სოფლის თავში ვბრუნდებით, დიდი ხის ჩრდილქვეშ, რკინის ჯიხურში გახსნილი მაღაზიის წინ ქალები და კაცები სხედან. მათი საუბარზე დათანხმება რთული აღმოჩნდა, ეჭვით გვიყურებენ და სიტყვა ჩამწერის გაგონებაც არ უნდათ. ბოლოს დუმილს 70 წელს მიტანებული ქალი არღვევს.
„აბა, როგორ უნდა ვცხოვრობდეთ, ერთი მიწის ნაკვეთი მქონდა და ახლა ვეღარც კი მივდივართ იქ. „საზღვრის“ გავლების შემდეგ ჩვენ მხარეს დარჩა, მაგრამ ზედ მის პირზე გადის მავთულხლართი და მეშინია, ხომ ხედავთ, რა ხდება. როგორია, შენ იქ მუშაობ და ხაზს იქით რუსი მესაზღვრეები დადიან. შემოსავლისა და ლუკმა-პურის გარეშე დავრჩით და ჩემი შვილი იძულებული გახდა, სამხედრო სამსახურში წასულიყო. მაგაზეც გული მისკდება, ძროხას რომ მიჰყვება ხოლმე, მასაც არაფერი ავნონ რუსმა სამხედროებმა“, - გვეუბნება მარინე დურგლიშვილი.
ნელ-ნელა საუბარში სხვებიც აგვყვნენ. მაღაზიის მეპატრონე გვიხსნის, რომ მის სოფლელებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ყველაზე ხშირად საქონლის მოსაბრუნებლად უწევთ.
„საძოვრისთვის კარგი ადგილები საოკუპაციო ხაზს იქით დარჩა და ძროხებიც იქით იწევენ. საქონლის საძოვარზე გაყვანა ვისაც უწევს, ზარალიც მან უნდა აანაზღაუროს და როგორია, 1500-ლარიან ძროხას რომ დაკარგავ. ვინ წავა მაგაზე. თავს საფრთხეში იგდებენ და „საზღვრის“ იქით გადადიან. არ ურჩევნია, 100 ლარით დაჯარიმდეს?! თან გგონია, რომ უცებ გადახვალ, მოაბრუნებ ძროხას და გადმოხვალ. მაგრამ იქვეა ჩასაფრებული რუსი სამხედრო და ეგრევე გაკავებს“,- გვიხსნის გივი ზაუტაშვილი.
ამბობს, საოკუპაციო ხაზს ზოგჯერ ბავშვებიც კვეთენ, თუმცა ჯერჯერობით რუსი სამხედროები მათ არ ერჩიანო. მაგრამ მაინც აშინებს ეს ამბავი. იმის გამო, რომ მავთულხლართები ყველგან არაა გავლებული, საქონელი ოკუპირებული ტერიტორიიდანაც გადმოდის და ბერშუეთელების ბაღებსა და ბოსტნებს აზიანებს.
„ჩვენზე ცუდ მდგომარეობაში საოკუპაციო ხაზს იქით დარჩენილები არიან. ერთხელ საქონელს გამოყვნენ უკან გასარეკად და მაშინ მითხრეს, თქვენ თუ 3000 რუბლს გახდევინებენ, ჩვენთვის ჯარიმა 6000 რუბლიაო. თანაც მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს მხარეს არ გადმოვიდეთო. როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა არ აღდგეს“, - ამბობს გივი ზაუტაშვილი.
გივი ზაუტაშვილი ბერშუეთიდან. ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ე.წ. საზღვრის იქით შემთხვევით შეხვდა რუს მესაზღვრეებს, მაგრამ დაკავებას გადაურჩა.
ოკუპაციამ მიწებსა და საძოვრებზე უფრო ძვირფასი, ადამიანური ურთიერთობა გამიჯნა და ისეთი ხაზი გაავლო, ვერსაიდან რომ გადაკვეთ. გივი ზაუტაშვილი თანასოფლელი გოგოს ამბავს გვიყვება, რომელიც მეზობელ სოფელში გათხოვდა, თუმცა 2008 წლის შემდეგ ვეღარც თვითონ მოდის მშობლებთან და ვერც ისინი მიდიან შვილთან.
მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ დაკავება მათ სოფელშიც ხშირია, თუმცა ყველაზე ხშირად სოფელ კირძალის მოსახლეობას აკავებენ. იქ სხვანაირი ხალხი ცხოვრობს, ჯიუტები არიან და საოკუპაციო ხაზის კვეთის აკრძალვას არასოდეს შეეგუებიანო.
გივი სოფლისკენ მიმავალ გზას გვასწავლის და ჩვენც იქით მივემართებით. 10 წუთში ადგილზე ვართ და ერთ-ერთ ღია ჭიშკართან ვჩერდებით. ეზოში მასპინძელი გვეგებება. როცა მისვლის მიზანს იგებს, გვიყვება, როგორ გაიტაცეს რუსმა სამხედროებმა მისი ორი შვილი. მათ გასათავისუფლებლად 600 ლარამდე გადაიხადა. თუ ცხინვალში ნაცნობი გყავს, იაფად გამოდიხარ, თუ არადა ბევრს გახდევინებენო, ამბობს.
უცხო ხალხის დანახვაზე ეზოში მისი შვილი გამოდის. ბერშუეთელებისგან განსხვავებით, მაშინვე ერთვება საუბარში და დაკავების ისტორიის მოყოლას იწყებს. ის და მისი ძმა შეშის საჭრელად იყვნენ წასულები. მაგრამ საოკუპაციო ხაზის სიახლოვესაც კი არ ყოფილან, როცა რუსმა სამხედროებმა დაიჭირეს და წაიყვანეს.
საოკუპაციო ხაზი მათი სახლიდან 200-300 მეტრით დაშორებულ მთის ფერდობზე, ტყეში გადის. კირძალის მკვიდრი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საზღვარზე გადახვედი თუ არა, საკმარისია, ტყეს მიუახლოვდე და მაშინვე გიჭერენ. შემდეგ კი ტყეში მიყავხარ და ფოტოებს გიღებენ, თითქოს იქ დაგაკავეს.
„თუ გამოქცევას ეცდები, მხოლოდ მაშინ გცემენ. ისე არაფერს გერჩიან, მაგრამ სადღაც „პადვალში“ ხარ, ისეთი პატარა ოთახია, თაგვი კუდს ვერ მოიქნევს. საჭმელს დღეში ერთხელ გაძლევენ და მაშინაც ერთჯერად სუპს და 1,5 პურს სამ კაცზე. ტუალეტშიც დღეში ერთხელ გაყავხარ“,- გვიყვება კირძალელი ბიჭი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
სოფელ კირძალის მკვიდრი. მისი შვილები რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.
როგორც ჩანს, გივი ზაუტაშვილი კირძალელების დახასიათებაში არ ცდებოდა. ჩვენი მასპინძელი ამბობს, რომ მის სოფელში ე.წ. საზღვარი ყველამ იცის, მაგრამ მას მაინც კვეთენ.
„ტყე აქვე მქონდეს და მე ზამთარში შეშაში ფული ვიხადო? გადავკვეთ ხაზს, აბა რას ვიზამ. ამას წინათ რუსმა სამხედროებმა ბოძები ჩაყარეს, მავთულხლართების გასაბმელად გაამზადეს, მაგრამ ჩემმა სოფლელებმა მოთხარეს და გადაყარეს. რუსებს არც ახალი ჩაუყრიათ და არც რამე უთქვამთ“.
საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის დაკავებული ადამიანები ღრომის ბაზაზე გადაჰყავთ, სადაც ანაბეჭდებს უღებენ; შემდეგ ცხინვალში მიჰყავთ; სასამართლო იმართება და ჯარიმას აკისრებენ. როგორც წესი, მათ 4-7 დღეში ათავისუფლებენ, თუმცა ისეთი შემთხვევაც არსებობს, როცა ადამიანის კვალი საერთოდ გაქრა. 2016 წლის 28 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდაში 26 წლის ნ.ს. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სარწყავი წყლის სათავის ჩასაკეტად იყო ასული. ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა. ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2011-15 წლებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ 2077 ადამიანი დააკავეს, ხოლო 2016 წელს - 327. მათგან 21 არასრულწლოვანი და 32 ქალი იყო. თუმცა, როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, ეს სრული სტატისტიკის მხოლოდ 5-10%-ს მოიცავს და, რეალურად, დაკავებათა რაოდენობა გაცილებით მეტია.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის მონაცემებით კი, 2016 წელს „საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის“ 549 პირი დააკავეს. აქედან 222 ადამიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, შოთა უტიაშვილის შეფასებით, პრობლემა ის არის, რომ ადამიანებმა იციან, სად გადის საოკუპაციო ხაზი, მაგრამ იძულებულები არიან, გადაკვეთონ ის. ამის მიზეზად უტიაშვილი შეშას, საძოვარსა და ჯონჯოლს ასახელებს.
„ჯონჯოლის სეზონის დროს საჩხერელები და ხაშურელები ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე საოკუპაციო ხაზს იქით. მოსახლეობა, რომელსაც ძალიან უჭირს, მზადაა, ამ რისკზე წავიდეს. ეს გაჭირვების ბრალია, თორემ შეშა და გაზი რომ ჰქონდეთ, თავისუფლებას საფრთხის ქვეშ არ დააყენებდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ უზრუნველყოფილები შეშით, გათბობისა და ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათიანი სისტემით“,- ამბობს უტიაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას.
შოთა უტიაშვილი ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს და ფიქრობს, რომ მას საზღვრისპირა სოფლების საჭიროებებზე ზუსტად მორგებული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. მაგალითად, იცოდეს, რომელ სოფელშია შეშის პრობლემა და რომელში - სხვა. უტიაშვილის თქმით, საზღვრისპირა სოფლებს, წლებია, ერთი და იგივე პრობლემები აქვთ. მისი შეფასებით, აქ მოუგვარებელი არაფერია, მაგრამ სახელმწიფოს ამ საკითხების დარეგულირებაში ხელს მატერიალური რესურსის არარსებობა უშლის.
„სახელმწიფო იძულებულია, თანხა დაზოგოს. ნაწილისთვის დენის და გაზის სუბსიდირება ხდება. სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს შიში, რომ თუ საზღვრისპირა სოფელს სუბსიდიას მისცემს, მის აქეთ არსებულ სოფელსაც მოუნდება, რადგან არც მას აქვს შეშა. ამიტომ ეს პროცესი არ გაჩერდება და ხარჯის მუდმივ ზრდასთან გვექნება საქმე. ამიტომ ის თავს არიდებს დამატებითი ვალდებულებების თავზე აღებას. მაგრამ სახელმწიფომ ზღვარი უნდა გაავლოს, ვის ეხმარება და ვის ვეღარ“.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი შოთა უტიაშვილს ამ პრობლემის მოგვარება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობითა და შემოსავლის გაზრდით წარმოუდგენია.
სოციალურ პრობლემებზე, სახნავ-სათესი მიწებისა და საძოვრების დეფიციტზე თავის ანგარიშში სახალხო დამცველიც საუბრობს. როგორც ის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავდა, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა შემოსავლის წყაროს მოძიება იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტომ 2016 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 147 ბენეფიციარი დააფინანსა. ჯამურმა თანხამ 655 649 ლარი შეადგინა, თუმცა, სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არასაკმარისია.
„გარდა იმისა, რომ ეს ძალიან მცირე თანხაა რეალური სამეწარმეო საქმიანობისთვის (საშუალოდ, ბენეფიციარზე დაახლოებით 4460 ლარი), ეს პროგრამა არ არის გათვლილი კონკრეტულად კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის“.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებები, ოთხი მხარის ჩართულობით, ორ რეჟიმში მიმდინარეობს, ესაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის მოლაპარაკებები.
IPRM-ის მთავარი მიზანი ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფაა. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.
რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიიღეს. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი იმართება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს. პირველში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, ხოლო მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებისა და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების საკითხებს.
თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვერც ეს მოლაპარაკებები და ვერც სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საზღვრისპირა სოფლების მკვიდრთა მდგომარეობას მნიშვნელოვნად ვერ აუმჯობესებს. ვიდრე მათ ელემენტარული საჭიროებები მოუგვარებელი ექნებათ, კვლავ მოუწევთ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენება. ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს მცოცავი ოკუპაცია, რომელიც, ფაქტობრივად, ომის გარეშე, მშვიდად იტაცებს საქართველოს ტერიტორიას და არავინ იცის, ხვალ ვისი ეზო აღმოჩნდება მავთულხლართს მიღმა. ამ დროს კი ხელისუფლების მხრიდან ოკუპაციის შესაჩერებელად ქმედით ნაბიჯებს კი არა, მკაცრ განცხადებებსაც ვერ იხილავთ.