Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საყოველთაო ჯანდაცვის ანატომია

03 აპრილი 2013

ანდრია ურუშაძის თვალსაზრისი

საქართველოს ბიუჯეტი ჯანდაცვას არასოდეს წყალობდა. თუ 1990-2004 წლებში ამის ძირითადი მიზეზი კორუფციისა და უნიათო მმართველობისაგან დაცარიელებული ხაზინა იყო, ვარდების რევოლუციის შემდეგ, გაზრდილი ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებად უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურული პროექტები გახდა.

მთელი ამ წლების განმავლობაში  სამედიცინო მომსახურება, ძირითადად, საქართველოს მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხებით ფინანსდებოდა (თითქმის 70%).  ყოველწლიურად მზარდი  ბიუჯეტის მიუხედავად  (2004 წლიდან  გაიზარდა 4ჯერ -100დან 400 მლნ-მდე),  სახელმწიფოს წილი მთლიან ჯანდაცვის დანახარჯებში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და სხვადასხვა მონაცემებით 30% ს შეადგენს (NHA 2009). ეს ფაქტი იმაზეც მიანიშნებს, რომ  ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯი წლიდან წლამდე იზრდება და 2010 წლისთვის ამ დანახარჯმა მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2013 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 633 მლნ ლარია - 200 მლნ ლარით (თითქმის 45%-ით) მეტი, ვიდრე 2012 წელს ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა. კიდევ უფრო შთამბეჭდავია მთავრობის მიერ დაგეგმილი 2014 და 2015 წლების ჯანდაცვის  ბიუჯეტები: 905 მლნ ლარი 1,400 მლნ ლარი. (საქართველოს მთავრობა. ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისთვის).ეს ციფრები რომ გადავითვალოთ ერთ სულ მოსახლეზე, აღმოჩნდება რომ სახელმწიფო დანახარჯი ჯანდაცვაზე უახლოეს სამ წელიწადში გაიზრდება 90 აშშ დოლარიდან 200 დოლარამდე. შედარებისთვის - ეუთოს ქვეყნები ერთ სულზე საშუალოდ 2000 აშშ დოლარზე მეტს ხარჯავენ.

თუ ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების სტრუქტურას გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ყველაზე მზარდი და არაბუნებრივად დიდი წილი ხარჯებისა - ფარმაცევტული დანახარჯია (NHA. 2009).  ჩვენ წამლებზე 2010 წელს ჯანდაცვაზე დახარჯული ყოველი 10 ლარიდან 4 ლარი გადავიხადეთ. ეს ციფრი თითქმის ორჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს და შედეგია როგორც მედიკამენტებზე არაპროპორციულად მაღალი ფასისა, ასევე ჯენერიული საშუალებების არაპოპულარულობისა და მედიკამენტების არარაციონალური მოხმარებისა. 2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მთავარი ფინანსური ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისათვის და ჩვენი ოჯახების ბიუჯეტისათვის სწორედ წამლებთან დაკავშირებული ხარჯებია (HUES. 2010). ეს ტვირთი კიდევ უფრო აუტანელია ღარიბი ოჯახებისთვის და ქრონიკული პაციენტებისთვის, ვისაც წამლის მიღება ყოველდღიურად უწევს. ამის მაგალითებია, ჰიპერტენზიით, ან არაინსულინდამოკიდებული დიაბეტით დაავადებული ჩვენი მოქალაქეები. ისინიც, ვისაც ქიმიოთერაპიის ან C ჰეპატიტის დიაგნოზის გამო იძულებულია  საცხოვრებელი სახლი გაყიდოს, ან დააგირაოს ბანკში სესხის სანაცვლოდ.  

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 28 თებერვლიდან დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა  მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევაზე და აირჩია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურების დაფინანსების გზა. ამ ორ მიდგომას შორის განსხვავება იმაშია, რომ თუ დღეისათვის კერძო სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ დაზღვეული მოსახლეობის სადაზღვევო მომსახურებას,  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის მინიმალური სამედიცინო პაკეტით გათვალისწინებულ  მომსახურებას სოციალური მომსახურების სააგენტო დააფინანსებს. სამინისტროს გეგმით, სექტემბრიდან კერძო სადაზღვევო კომპანიებსაც და სოციალური მომსახურების სააგენტოსაც ახალი, სახელმწიფოს მიერ დაარსებული სააგენტო ჩაანაცვლებს.

ვისაც არ ახსოვს, მინდა შევახსენო, ეს ყველაფერი უკვე იყო, და მას შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა . 1990-1995 წ.წ.  შიდა ომებითა და კორუფციით  განადგურებულმა საქართველოს ეკონომიკამ ვეღარ შეძლო „უფასო“ სამედიცინო მოსახურების დაფინანსება და სახელმწიფომ საკუთარი პასუხისმგებლობა  ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით შემოსაზღვრა. 

ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული  პროგრამების სამართავად 1996 წელს შექმნა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში შევიდნენ ჯანდაცვის სამნისტროს, ფინანსთა სამინისტროს, არარსამთავრობო საწარმოების*, ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო კლინიკების წარმომადგენლები. (1997 წლის #355 განკარგულება).  ამის შემდეგ, ყოველ წელს პოლიტიკოსების ზეწოლით იზრდებოდა ჯანდაცვის პროგრამების და  ვალდებულებების მოცულობა.  შეძახილი: „როგორ, მშობიარობა (ან სხვა ნებისმიერი მომსახურება) არ უნდა იყოს უფასო?„ იმ დროისათვისაც ისეთივე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც დღეს. „უფასო“ მომსახურების სია ყოველ წელს იზრდებოდა და ასევე იზრდებოდა ამ პროგრამების ბიუჯეტის  დეფიციტი. ამ დეფიციტის შევსებას ვერც დაწესებულმა სავალდებულო სამედიცინო გადასახადმა  უშველა (3% დამსაქმებელისგან და 1% დასაქმებულისგან) და ვერც ადგილობრივი ბიუჯეტებისაგან შექმნილმა რეგიონალურმა ჯანდაცვის ფონდებმა. 1995-2003 წ.წ. სამედიცინო მომსახურება და ექიმების ხელფასები თითქმის მთლიანად მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილ თანხებზე იყო დამოკიდებული.

ჩვენ თვალწინ დაინგრა და განადგურდა სამედიცინო ინფრასტრუქტურა: საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, სოფლის ამბულატორიები.  მთავარი გაკვეთილი, რომელიც უნდა გვესწავლა ამ წლებიდან, არის ის, რომ ღარიბი ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველასთვის „უფასო“ ჯანდაცვის დაფინანსება შეუძლებელია. პოლიტიკოსები ყოველი არჩევნების წინ შეეცდებიან დაპირდნენ საქართველოს მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვა, მაგრამ ამ დაპირების შესრულება დამოკიდებული იქნება არა იმდენად მთავრობის კეთილ ნებაზე, რამდენადაც საქართველოს ეკონომიკაზე და მის გადახდისუნარიანობაზე, გადასახადების გადამხდელთა და ასევე თავად გადასახადების რაოდენობის ზრდაზე.

საყოველთაო დაზღვევის პროგრამა დაუზღვეველი მოქალაქეებისთვის  აფინანსებს  თერაპევტთან ვიზიტს და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.  ცხადია, რომ მოქალაქეების უმეტესობას, გარდა ოჯახის ექიმის კონსულტაციისა,  ასევე დაჭირდება ვიზიტი ექიმ-სპეციალისტთან, მაგ. ვიზიტი კარდიოლოგთან, საჭირო გამოკვლევების ჩატარება და  გამოწერილი  წამლების ყიდვა და ეს ფული მოქალაქემ ისევ თვითონ უნდა გადაიხადოს.

ბოლო წლების გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მხოლოდ ექიმის კონსულტაციის დაფინანსება  ანაზღაურებადი წამლების და გამოკვლევების გარეშე პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ვერ გააუმჯობესებს. 

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიხედვით მცირდება პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება. დაწესებულებები 1,9 ლარის (2012 წლის ტარიფი) ნაცვლად, ჯამურად 1,11 თეთრს მიიღებენ. ასევე მცირდება ქრონიკული პაციენტების კაპიტაციური დაფინანსებაც. შემცირებული დაფინანსების პირობებში, როცა მოშლილია ინტეგრაცია დამფინანსებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის,  მაღალია რისკი რომ ექიმმაც და სამედიცინო დაწესებულებამაც ვერ გაუძლოს ცდუნებას და დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით უფრო მეტი არასაჭირო მედიკამენტი, კონსულტაცია და გამოკვლევა გამოუწეროს პაციენტს. ამის შედეგად, უფასო ვიზიტით მისული პაციენტის ჯიბიდან გადახდა კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება.

რაც შეეხება გადაუდებელ ჰოსპიტალურ მომსახურებას. აქ მთავარი „სიახლე“ დაავადებათა პოზიტიური სიის აღდგენაა. ესეც  90 იანი წლების წლების გამოგონებაა, როცა სამინისტრო ცდილობდა არარსებული ბიუჯეტით დაეფინანსებინა პოლიტიკური მიზნით გაზრდილი ვალდებულებები.

„პოზიტიური სია“ იმ სამედიცინო დიაგნოზების ჩამონათვალი, რომელსაც აფინანსებს საყოველთაო დაზღვევაა. თუ ამ სიას ყურადღებით წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ მაგ.  განგრენოზული თიაქარის მკურნალობა ფინანსდება და თიაქარის სხვა შემთხვევების საფასური პაციენტმა თავად უნდა გადაიხადოს. თუ ანევრიზმა უკვე გამსკდარია, პროგრამა გადაიხდის საფასურს და თუ ჯერ არ გამსკდარა და დროზე მიუსწრეს, მაშინ თავად პაციენტმა უნდა დაფაროს მკურნალობის ხარჯი (მთავრობის დადგენილება#36. 2013).

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გადაიხდის თუ არა პროგრამა „პოზიტიური სიის“ მკურნალობას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ საავადმყოფოში მიიყვანს სასწრაფო პაციენტს. მაგ. თუ ავარიაში მოხვედრილი პაციენტი მოხვდება იმ კლინიკაში, რომელიც ამ პროგრამაში მონაწილეობს, მისი მკურნალობის საფასურს პროგრამა გადაიხდის  და თუ ისეთ საავადმყოფოში, რომელსაც ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი წერილობით არ დაუდასტურებია, არ გადაიხდის. ყველაფერი ეს ზოგავს სახელმწიფო ხარჯებს, მაგრამ ეს დანაზოგი ხდება პაციენტის ოჯახის ხარჯზე. თუ მოქალაქეს ყურადღებით არ წაუკითხავს მთავრობის #36 დადგენილება, შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ის ყველა შემთხვევაში მიიღებს უფასო გადაუდებელ მკურნალობას, მაგრამ თუ პირობებს კარგად გაცნობა, მიხვდება, რომ ყოველთვის ეს ასე არ არის.

სახელმწიფო დაზღვევის პირობები სწორედ იმით განსხვავდებოდა ადრე არსებული ჯანდაცვის პროგრამებისგან, რომ ის ყველა გადაუდებელ ოპერაციას აფინანსებდა და არა მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილ დიაგნოზებს. ამ დროს  პაციენტი ფინანსურად დაცულია ნებისმიერი დიაგნოზის შემთხვევაში. ყველას ვისაც შეხება ჰქონია ადრე არსებულ ჯანდაცვის პროგრამებთან, ახსოვს, რომ პოზიტიური სია მუდმივად იყო დიაგნოზების გაყალბების, „გაპროგრამების“და „გაურგენტების“ მიზეზი და ამ პროგრამების ინპექტირების დროს მუდმივად არსებობდა შემმოწმებელსა და საავადმყოფოს შორის კორუფციული გარიგების მაღალი რისკი.

ივლისიდან საყოველთაო დაზღვევა მოსახლეობას შესთავაზებს არა მინიმალურ არამედ უკვე ბაზისურ პაკეტს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში მაინც დაფინასდეს არა პოზიტიური სია, არამედ ზოგადად გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, როგორც ამას აკეთებდა და ჯერ კიდევ აკეთებს არსებული სახელმწიფო დაზღვევა. ამით დაცული იქნება მოქალაქეც გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან, და ამავე დროს, თავიან ავიცილებთ მანიპულაცებს სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან.

ასევე მნიშვნელოვანია გაიზარდოს ასანაზღაურებელი მედიკამენტების სია და ანაზღაურების ლიმიტი  თუნდაც მხოლოდ სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობისთვის. ეს სია თავიდან შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ქრონიკული პაციენტებისათვის აუცილებელ მედიკამენეტების ჩამონათვალს თანაგადახდის პირობით. უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სავალდებულო რეცეპტი, რომლის შემოღება საყოველთაო დაზღვევის პირობებში მოსახლეობისათვის ნაკლებ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. რეცეპტის ინსტიტუტის შემოღებასთან ერთად, ეს იქნება რეალური ნაბიჯი ჯიბიდან გადახდების და კატასტროფული ხარჯების შესამცირებლად. ეს ნაბიჯი შეასუსტებს ფარმაცევტული კომპანიების ზეწოლას ექიმებზე და დაიცავს მომხმარებელს მედიკამენტების არარაციონალური მოხმარებისგან.

საყურადღებოა, გაითვალისწინებს თუ არა  ჯანდაცვის სამნისტროს ახალი ხელმძღვანელობა იმ შეცდომებს, რისი თავიდან აცილებაც ვერ მოხერხდა 90-იანი წლების ბოლოს. იმედს ვიტოვებთ, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა პოლიტიკური დაპირებების მძევალი აღარ იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^