Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავღანური დღიურები

04 აპრილი 2013

რეპორტაჟი ავღანეთიდან

20 მარტი

    

სახელითა ალაჰისა, მოწყალისა და მწყალობლისა... თავდაცვის სამინისტროსთან წარმოებული ხანგრძლივი, გულისხმიერი და გულმოდგინე მოლაპარაკება, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა შედეგიანად, სასიკეთოდ, ორმხრივი შეთანხმებით დასრულდა და "ლიბერალიც" ავღანეთის გზას დაადგა, ამ ქვეყნის სხვადასხვა პროვინციებში, ამერიკისა და ნატოს ISAF   სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული 1600 კაციანი ქართული კონტიგენტის მოსანახულებლად.    

ქართული სამხედრო შენაერთები 2009 წლიდან მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად. ავღანეთში ქართული სამხედრო კონტიგენტი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სხვა შეიარაღებული ძალების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია.  

ამ წლების განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 19 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, თითქმის ორჯერ მეტი კი დაიჭრა და დასახიჩრდა. ბუნებრივია, ასეთმა დანაკარგმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კითხვები და, მეტიც, პროტესტი გააჩინა. სულ უფრო ხშირად ისმოდა შეკითხვა, თუ რამდენად აუცილებელია ქართველი ჯარისკაცების ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა და მით უმეტეს - ამ რაოდენობით, როდესაც, მაგალითად, ესტონეთი, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრია, სულ 100 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი და ჩვენებისგან განსხვავებით, ავიაციის გამოძახების უფლებაც აქვთ. მთელი ამ წლების განმავლობაში, ასევე არ წყდება კულისებმიღმა საუბრები იმის შესახებ, რომ ქართულ სამხედრო შენაერთებს, ყველაზე რთულ, რისკიან და აქტიურ ზონებში უშვებენ, - ჰელმანდისა და ყანდაჰარის პროვინციებში. ისევე როგორც თავის დროზე ერაყშიც, სწორედ თიქრითტში, სადამ ჰუსეინის სამშობლოში იყვნენ დისლოცირებული, რომ ქართველ ჯარისკაცებს უფრო ნაკლებად უფრთხილდებიან, ვიდრე თავისი სამხედროების, რომ ქართველები უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე სხვები...    

დარწმუნებული ვარ, მსგავსი ინფორმაციების მიღების და გადამოწმების მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს. უნდა ადგე და თავად ჩახვიდე იქ, სადაც ეს ამბები ხდება და საკუთარი თვალით ნახო ის, რაც გაინტერესებს. მით უმეტეს, რომ არამცთუ რამდენიმე დღე და კვირა, ამა თუ იმ კონფლიქტის ზონაში რამდენიმე თვიანი ყოფნაც კი არ გაძლევს გარანტიას, რომ ზუსტად და ნათლად დაინახავ, ასახავ თუ გადმოსცემ იქაურ მოვლენებს. მით უმეტეს, წარმოუდგენელია ავღანეთის ომის და ამ კონფლიქტში ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობა-არმონაწილეობის მიზანშეწონილობაზე, რისკის, სარგებლის თანაფარდობაზე, ავღანეთში მომსახურე სამხედროების მდგომარეობაზე თბილისში, რედაქციებიდან ან ბარნოვის ღია კაფეებიდან იმსჯელო. 

რა მინდოდა ავღანეთში? საერთოდ რა გვინდა ავღანეთში? არ ვიცი. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ავღანეთი ქართველების ბედისწერად იქცა, თუ ჩვენ ვიქეცით ავღანელების ბედისწერად, ირანელებთან გვქონდა საქმე, ავღანეთში ვომობდით, რუსებთან – ავღანეთი, ახლა ამერიკა და ისევ ავღანეთი. რატომ? როგორ ხდება ასეთი ამბები? კანონზომიერებაა, ბედისწერაა თუ დამთხვევა? მართლა არ ვიცი და როგორც უკვე გითხარით, სულაც არ მქონია იმის იმედი თუ ილუზია, რომ ავღანეთში ჩასვლით ამ კითხვებს რაიმე კონკრეტულ პასუხებს მოვუძებნიდი და გავცემდი.   

ამის მიუხედავად, 20 მარტს დილის 6 საათზე სტამბულის გავლით გავემგზავრეთ ქაბულისკენ. გიორგი გოგუა და მე პირდაპირ აეროპორტში შევუერთდით თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ - გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე,  J – 2 სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაც, 1986-1988 წლებში ავღანეთში მსახურობდა, J – 3 სარდალი პოლკოვნიკი გიორგი სურმავა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ევროატლანტიკურ სივრცეში რეინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი ვაკო ავალიანი, ნატოში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი თამარ კეკენაძე.   

სტამბულში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები დაგვხვდნენ და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, თან გადაგვყვნენ. ბოლო წამამდე არ მოგვცილებიან და თვითმფრინავის ტრაპამდე მიგვაცილეს, იმის მიუხედავად, რომ სტამბულის დროით საღამოს 7 საათიდან დილის 4 საათამდე ჩვენთან ერთად მოუწიათ ყურყუტი. 2 საათისთვის გათვალისწინებული ფრენა 4 საათისთვის გადაიდო, რადგან ქაბულში მაგარი ნისლი ჩამოწვა და აეროპორტი თვითმფრინავებს ვეღარ იღებდა.

 

21 მარტი

    

სწორედ მაშინ გავიღვიძე, როცა თენდებოდა. პირველად ვნახე მზის ამოსვლა ასე ცაში გამოკიდებულმა. ქვევით, ნაფლეთ-ნაფლეთ ღრუბლებში, თოვლიანი ხრიოკი მთები ჩანდა. 

ზემოდან ავღანეთი უცხო პლანეტას ჰგავს. მხოლოდ მთები, ბორცვები და უცნაურად დახეული ხეობები, წითელი, გადახრიოკებული მიწა, ქაბულამდე ვერც ერთი დასახლებული პუნქტი ვერ შევნიშნე, მხოლოდ უსიცოცხლო კანიონები.   

ეს ყველაფერი კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო უზარმაზარი, კიდით  კიდემდე გადაშლილი, დაუსრულებელი და გაჩახჩახებული სტამბულის შემდეგ, რომლის ერთი უბნის ხმაური, ყიჟინა, სურნელი და ბედნიერება მთელს ავღანეთს რამდენიმე ათეული წელი ეყოფა. სხვათა შორის, ეგეც არ ვიცი, როგორ და რატომ ხდება. აი ეგ, ერთს რომ ერთი ერგუნება, მეორეს - მეორე და მერე თითქოს დამთავრებულია, თითქოს ამას აღარაფერი ეშველება.   

ქაბულის აეროპორტში პირველი, რაც  თვალში მომხვდა, ცნობილი ავღანელი საველე მეთაურის, "პენშარის ლომად” წოდებული აჰმად შაჰ მასუდის უზარმაზარი ფოტო იყო და წარწერა; - "Welcome to the hand of the brave” თუმცა, თეთრ ხიფთანებში გამოხვეული ფეხშიშველი და გაჩეჩილთმიანი თვალებარეული ადგილობრივების დანახვაზე ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, რომ ეს სწორედ ის ავღანელები არიან, რომლებმაც უკვე საუკუნეებია სახელი გაითქვეს, როგორც მაგარმა მეომრებმა. ტანმორჩილი ხალხის იერზე ცხადად იკითხება, რომ ამ ტერიტორიაზე ალექსანდრე მაკედონელიდან მოყოლებული ათასი ტომის, ჯურის, ჯიშისა და მოდგმის ხალხმა გაიარა, და ყველამ თავისი კვალი დატოვა. ავღანეთის მრავალფეროვანი მოსახლეობა აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან – აქ ცხოვრობენ – პუშტუნები, ტაჯიკები, უზბეკები, შიიტი ხაზარები, ბახთიარები და ა.შ. ამ ხალხებს საერთო ტერიტორიის გარდა ერთმანეთთან თითქმის არაფერი აქვთ, არც ეთნიკური, არც ლინგვისტური, არც ეთნოგრაფიული თუ ანთროპოლოგიური თვალსაზრისით. ამიტომ აქ ნებისმიერი გარეგნობის ავღანელს შეხვდებით მონღოლოიდური, თურქული, ფარსული თუ  სემიტური ნიშნებით.  ამ მრავალეთნიკურ და ჭრელ მოსახლეობას მხოლოდ ორი რამ აერთიანებთ: პირველი რელიგია და მეორე, აბსოლუტური გაუცხოება გარე სამყაროს მიმართ. ეს ორი ფაქტორი ძალიან მტკიცედ აერთიანებთ, მაგრამ ამაზე ქვემოთ.     

ქაბულის აეროპორტში გამოსვლისთანავე ქართველი სამხედროები, ბრონირებული ჯიპებით დაგვხვდნენ. ნაჩქარევი სალამისა და მოკითხვის შემდეგ, სასწრაფოდ ჩაგვსხეს მანქანაში და სწრაფად დაიძრნენ ადგილიდან. რაციებში განუწყვეტელი გადაძახილი ისმოდა: - "სწრაფად... გადაკეტეთ... არ გაატარო, ჩაგიდგება... სამი მეტრის დისტანციაზე... რა სამი მეტრი, შვიდტონიანი მანქანებია... მაგრამ, ბატონო პოლკოვნიკო, ძალიან  ცუდი მოძრაობაა... გააკეთეთ, რასაც გეუბნებით და წესიერად იარეთ, არანაირი სამი მეტრი,…  არის!" - რომელიც კიდევ ერთხელ გახსენებდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად მიჩნეული ტერიტორიის, ფეთქებადი და საშიში ქვეყნის, ავღანეთის დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობდი.

პირველი პუნქტი, სადაც გავჩერდით, ქაბულში "ISAF"-ის ცენტრალური ბაზა იყო, სადაც შედგა შეხვედრა ქართულ დელეგაციასა და ნატოს "ISAF"- ის მისიის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ნიკ კარტერთან და ნატოს ელჩთან ავღანეთში, მაურიც იოახიმთან.

შეხვედრის შემდეგ სამხედრო ბაზა "ფენიქსისკენ" ავიღეთ გეზი. ქაბულის  ქუჩები და ამ ქუჩებზე მოძრაობა კიდევ ცალკე თემაა. ჩემი და გიორგის ქალაქში მარტო გავლაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.  ქაბულში სამხედროებიც კი - და ეს ნებისმიერი ქვეყნის კონტიგენტს ეხება - მხოლოდ დაჯავშნული ჯიპებით გადაადგილდებიან.   

 

თუმცა, ბრონირებული მანქანის ფანჯრებიდან დანახული პეიზაჟებითაც ცხადად იგრძნობოდა ყველა ის უბედურება და ნგრევა, რაც ამ ქალაქმა მთელი ორმოცი წლის განმავლობაში ჯერ საბჭოთა ოკუპაციისა და მერე კი სხვადასხვა ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების შორის შიდა, შეიარაღებული, სასტიკი და სისხლისმღვრელი დაპირისპირების შედეგად გადაიტანა. ქაბულში დღემდე არ არის კანალიზაცია, ცენტრალურ პროსპექტზე ყოველ ხუთ-ათ მეტრში, ქუჩის ორივე მხარეს, პირდაპირ ტროტუარზე სხედან ჩადრებში გამოხვეული ქალები, პატარა ბავშვები და მოწყალებას ითხოვენ. ყოველ გზაჯვარედინზე ადგილობრივი ავღანური პოლიციის ბლოკპოსტები დგას. ქალაქში ერთმანეთს ენაცვლება საბჭოთა კავშირის დროს  აშენებული უსახური კორპუსები, ეგრეთ წოდებული "ხრუშჩოვკები" და ადგილობრივი ალიზით ნაშენი სახლები, მათ შორის კი პირდაპირ ნაგავსაყრელებში პატარა ბავშვები ირევიან. ქაბულის ქუჩებში ნებისმიერი სახის ტრანსპორტს შეხვდებით, ჯავშანტექნიკით დაწყებული, ვირის საზიდით დამთავრებული. 

მარტის დასაწყისში, ავღანეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჰამიდ ყარზაის განცხადების მიუხედავად, რომელმაც ფაქტობრივად ბრალი დასდო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას თალიბებთან ცალმხრივ და ლამის სეპარატულ მოლაპარაკებებში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჰამიდ ყარზაის ხელისუფლება (რომელიც, სხვათა შორის, თავის დროზე, სწორედ აჰმად შაჰ მასუდის მარჯვენა ხელი იყო)  მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალისხმევაზეა დამოკიდებული და დამყარებული. ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან მისი ბოლო დროინდელი შეხვედრაც, სადაც მან ფაქტობრივად უკან წაიღო თავისი განცხადება, ალბათ, ისევ ამ ტენდენციაზე მეტყველებს.  

ასეა თუ ისე, ავღანეთი კვლავაც რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს და ფეთქებადსაშიშ ქვეყნად. ავღანეთის და მისი მაცხოვრებლების ტრაგედიას უამრავი ობიექტური, ისტორიული, სოციალ-ეკონომიკური თუ ეთნო-ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაიზარდა თაობები, რომლებმაც “კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების მეტი არაფერი იციან. ავღანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ისიც კი არ იცის, რამდენი წლისაა. ძალიან ზერელე წარმოდგენა აქვთ ისლამზე – რელიგიაზე, რომელსაც ამდენი ხანია ასეთი ფანატიზმით ეწირებიან. ამას ემატება ისიც, რომ ავღანეთი ოპიუმის წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ტრადიციულად მისი ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი და ექსპორტიორია. ავღანეთში ოპიუმის  წარმოების და მოყვანის დაახლოებით ისეთივე ტრადიცია და კულტურა არსებობს, როგორც საქართველოში ვენახის, ვაზისა და ღვინის. შედეგად ეს და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი განაპირობებს ამ ქვეყნისა და დანარჩენი სამყაროს, მათ შორის იმავე მუსულმანურ ქვეყნებს შორის ორმხრივი გაუცხოების, შეუთავსებლობის განცდას და ასე იკვრება დახურული, და უამრავი საფრთხის შემცველი ჯადოსნური წრე სახელად - ავღანეთი!  

მას შემდეგ, რაც "ფენიქსის" ბაზაზე დავბინავდით და ცოტა სული მოვითქვით, თავდაცვის სამინისტორ დელეგაციამ, გენერალ ვახტანგ კაპანაძის ხელმძღვანელობით, ფრანგულ ბაზა "ვერჰაუზზე" გადაინაცვლა, სადაც ქართული ოცეული მსახურობს. ფრანგულ ბაზაზე, გერმანული ჯავშნოსანი მანქანები, "ემრაფები", ფრანგულმა "ვაბებმა" შეცვალეს. გენერალმა სიტყვით მიმართა ქართულ ოცეულს, შემდეგ კი გაიმართა აბსოლუტურად შინაურული საუბარი ქართველ სამხედროებს, გენერალ კაპანაძის დელეგაციის წარმომადგენლებსა და პოლკოვნიკ ალიკა კიკნაძეს შორის, რომლის დროსაც სხვადასხვა სამხედრო, სამეურნეო თუ სოციალური საკითხები განიხილეს. შეხვედრის ბოლოს გენერალმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღის – 22 მარტის საფრანგეთ-საქართველოს საფეხბურთო მატჩზე ფრანგული ბაზა "ვერჰაუზზე" გამარჯვებას სწორედ ქართული ოცეულის წარმომადგენლები იზეიმებდნენ. თუმცა ჩვენი ავღანეთში ყოფნის დროს ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა გენერლის სიტყვას, ინტონაციას და გამოსვლას დამაჯერებლობა აკლდა.    

"ვერჰაუზის" ფრანგულ ბაზაზე განლაგებულ ქართულ ოცეულთან შეხვედრის შემდეგ, კვლავ "ფენიქსის" ბაზაზე დავბრუნდით. დასრულდა ჩვენი პირველი დღე ავღანეთში.

 

22 მარტი

 

ამ დღეს დილიდან შევიკრიბეთ და საუზმის შემდეგ ჩვენი კოლონა, რომელიც ოთხი დაჯავშნული "ტოიოტას" მარკის სამხედრო ჯიპისაგან შედგებოდა, სამხედრო აეროპორტისკენ დაიძრა. მანქანებშიც და სამხედრო ვერტმფრენებსა თუ თვითმფრინავში სრულიად აუცილებელი იყო ჯავშანჟილეტის ჩაცმა და სამხედრო მუზარადის დახურვა, რამაც სიმართლე რომ ვთქვა, გვარიანად მომაბეზრა თავი. ბაზიდან სამხედრო კოლონის შესვლა-გამოსვლა მთელი ცერემონიაა, ბაზაზე შესვლისას, თვითოეული მანქანა ცალ-ცალკე რამდენჯერმე და საფუძვლიანად მოწმდება. ბაზის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ 10 კმ. სთ-შია შესაძლებელი. ბაზიდან გასვლის დროს პირველი მანქანა ქუჩას კეტავს, რასაც ქაბულის არეულ მოძრაობაში, სადაც ყველანაირი, სულიერი თუ უსულო ტრანსპორტი თავის ნებაზე და თავის გზაზე მიერეკება, ძალიან დიდი მოხერხება და სიმარჯვე სჭირდება. ერთხელ ასეთი გზის გადაკეტვისას, მთელი სისწრაფით წამოსული მანქანა კინაღამ ზედ აგვასკდა, რასაც, როგორც ჩვენს, ისე ქაბულელების მანქანაში ქართულ-ავღანური ფოლკლორისა და სკაბრეზული მახვილსიტყვიერების დემონსტრაცია მოჰყვა. არც ერთ მხარეს არაფერი გვესმოდა, მაგრამ ჩვენი სახის გამომეტყველება ცხადყოფდა, რომ როგორც ქართველ გიორგი XI-ს, ისე ავღანელ მირ-ვეისს ღირსეული შთამომავლები დაუტოვებიათ.

გზის გადაკეტვის შემდეგ, პირველი მანქანა წინ ატარებს თავის უკან მომყოლ სამ მანქანას და თვითონ არიერგარდში ჩამკეტად რჩება. თავდასხმის შემთხვევაში, მანქანები არ ჩერდებიან, პირიქით, სისწრაფეს უმატებენ და შეძლებისდაგვარად შორდებიან თავდასხმის ადგილს. საპასუხო ცეცხლის გახსნა და ე.წ. "სწრაფების" ანუ ქართული "სწრაფი რეაგირების კორპუსის" გამოძახება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ერთ-ერთი მანქანა იმდენად დაზიანდება, რომ გზას ვეღარ განაგრძობს და მის ეკიპაჟს დახმარება დასჭირდება.  

აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თუ ქაბულში, ჰელმანდში და საერთოდ მთელ ავღანეთში რაიმემ სასიამოვნოდ გაგვაოცა, ეს იყო ქართული ჯარის და ქართველი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება. რა თქმა უნდა, ჯარის სამხედრო ტაქტიკურ, სტრატეგიულ, ოპერატიულ განათლებაზე და მის ტექნოლოგიურ მდგომარეობაზე თუ თანამედროვედ აღჭურვაზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, ეს პროფესიონალების საქმეა, მაგრამ სრულიად გულწრფელად და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლიათ გითხრათ, რომ მხედრული შემართების და საბრძოლო სულისკვეთების თვალსაზრისით, ქართულ არმიაში, ყოველ შემთხვევაში, მის ავღანურ კონტიგენტში, ყველაფერი წესრიგშია. ამაზე შეგვიძლია თავი დავდოთ. ეს თავად ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა და სიურპრიზი იყო. 2008 წლის აგვისტოს ომში დამარცხების, მით უმეტეს, იმ რეპრესიების შემდეგ, რაც არმიამ მთელი ამ ხნის განმავლობაში გადაიტანა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართულ არმიას გული ჰქონდა გატეხილი, საბრძოლო სულისკვეთება კი საბოლოოდ ჩაქრობოდა. 

სულაც არ მინდა დაგრჩეთ შთაბეჭდილება, თითქოს რაიმეს ან ვინმეს, თუნდაც ქართული ჯარის გაიდეალებას ვცდილობდე. რასაკვირველია, არსებობს უამრავი პრობლემა, რომელზეც არ შეიძლება მედიაში საუბარი ქვეყნის სახელმწიფო და სამხედრო ინტერესებიდან და მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, თავ-თავისი პროვინციებისთვის დამახასიათებელი გემრიელი კილო-კავით მოლაპარაკე ბიჭებს, რომლებიც ამ უცხო და მტრულ მხარეში განსაკუთრებით დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, მართლა მაგრად უჭირავთ თავი! როგორც ჩანს, რაღაც კარგი თვისებები ჩვენც შეიძლება გვქონდეს, თუნდაც პიროვნული ღირსების შეგრძნება, პირადი სიმამაცე, ერთმანეთის გატანა – ვახუშტი ბაგრატიონის ერთ-ერთ აღწერაში, სადაც ჩვენს უარყოფით თვისებებზე სრულიად დაუფარავად წერს - და ეს ცუდი თვისებები ოდნავაც არ შეგვცვლია დღემდე - ასეთ უცნაურ და საინტერესო ფრაზას ვაწყდებით - "რა ორმა, სამმა ქართველმა უცხოობაში ერთურთი ნახონ, თავსა არღარა გაუჭირვონ"-ო.   

მართლაც, საქართველოს სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული ბიჭები (თბილისელები სულ ორნი შეგვხვდნენ, პლეხანოველი გოგიტა თედიაშვილი, ჰელმანდში, "შუკვანის" ბაზაზე და ლევან დგებუაძე, რომელიც ყველგან იყო), არც არავისზე ნაკლებად მოსულები და ჯანიანები არიან და თავიც ისე უჭირავთ, თითქოს მთელი ცხოვრება სპეცოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას და სულ ახლახან არ გამოეხუროთ თავისი ეზოს ჭისკარი. არც ერთი წამით არ ეტყობათ, რომ ერთი პატარა და ოკუპირებული ქვეყნის შვილები არიან. ამერიკელები და ნატოს  შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მეგობრულად და პატივისცემით ეპყრობიან ჩვენს სამხედროებს და თუ თალიბებთან კონტაქტური საცეცხლე შეტაკების დროს ვინმეს იმედი აქვთ, მათ შორის ნამდვილად არიან ქართველი ჯარისკაცები. მერწმუნეთ, არც ამ შემთხვევაში ვაჭარბებ რამეს.

გოგა კომლაძე – კაპრალი საჩხერედან, ოთარ გაბისონია – კაპრალი ლეჩხუმიდან, გოგიტა  გულუა – უფროსი ლეიტენანტი ხობიდან, თენგიზ ქუთათელაძე, ცნობილი ბესო ქუთათელაძის შვილი, რომელიც 1992 წელს, გორის სამხედრო ნაწილში შეტაკებისას დაიღუპა, ალეკო ბერაია – ფოთიდან - ამ და სხვა ბიჭების შემხედვარეს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, 1918-1921 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრის, შალვა ამირეჯიბის  სიტყვები გამახსენდა წერილიდან, რომელიც 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ პილსუდსკის პოლონეთის არმიაში ჩარიცხულ ქართველ ოფიცრებს მიუძღვნა - "საბრალო ქართველობა, რომელი ქვეყნის სამხედრო მუნდირი გინდა, რომ არ ამძიმებდა მის განიერ და გამძლე ბეჭებსო." სხვათა შორის, იმ ოფიცრებმაც ძალიან ვაჟკაცურად და თავდადებით იბრძოლეს ვარშავის მისადგომებთან, როდესაც ჰიტლერის III რაიხის ვერმახტი, 1939 წლის სექტემბერში პოლონეთს თავს დაესხა და დიდი მსხვერპლიც გაიღეს.    

"პოლკოვნიკი სულ მეჩხუბება, არ ჭამო, ბიჭო, არ გასუქდეო. ვეუბნები, არ ვარ მსუქანი ბატონო პოლკოვნიკო, ჯიში მაქვს მასეთი, დიდი ვარ, მამაჩემიც მასეთია, ბაბუაჩემიც-თქო,” - ეს პოლკოვნიკი ალიკა კიკნაძეა, კლასიკური საველე პოლკის მეთაური, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ჯარისკაცები და ამ სიყვარულის დამალვას გამუდმებული ჩხუბით და ყიჟინით ცდილობს, მაგრამ მაინც არ გამოსდის. ყოველთვის ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულია, მაგრამ მისი მრისხანება ყველანაირ ზღვარს სცილდება, თუ ფრანგების სამხედრო თვითმფრინავით უწევს სადმე გაფრენა. როგორც ყველა პროფესიონალ სამხედროს, პოლიტკორექტურობა სულ ფეხებზე ჰკიდია და რომ გამძვინვარდება, ისეთ გემრიელ და კარგ რამეებს ამბობს ხოლმე, მისი ყურება და მოსმენა ერთ რამედ ღირს. 

სწორედ ფრანგულ სამხედრო  სატვირთო თვოთმფრინავში ვისხედით და ქაბულის სამხედრო აეროპორტიდან, ჰელმანდის ცენტრალურ გამანაწილებელ ბაზაზე  - "ლეზერნიკზე" მივფრინავდით. პოლკოვნიკი ალიკა კიკნაძე წინ იყო გადმოხრილი და გენერალ ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრებოდა, თან ცდილობდა ფრანგული სამხედრო თვითმფრინავის ოთხი აღრიალებული ძრავის ხმა ჩაეხშო. გენერალი გაურკვეველი ღიმილით უსმენდა, ალბათ იმიტომ, რომ ნახევარზე მეტი არ ესმოდა. თუმცა პოლკოვნიკი იმ გრიალშიც კი ახერხებდა თავის აღშფოთების გამოხატვას: "ჰოდა, მე ვუთხარი, ბატონო გენერალო, თალიბები სამი პიკაპით, ჩვენებმა, ერთმა მანქანამ, აუმტვერა, ხილვადობა, დედას..., დასცხეს, გამოეკიდა კაპიტანი, დაყარა, გაექცა,   ჯარისკაცს სჭირდება გული და... ბატონო გენერალო.” ბოლოს კი ეტყობა ძალიან გაბრაზდა და იმხელა იყვირა, საბოლოოდ გადაფარა ცისკენ გრიალით აწეული თვითმფრინავის ხმა. “ვინ გკითხავთ თქვენ, მე როგორა ვარ?" - მე ვუთხარი!”   

ჰელმანდის "ლეზერნიკის" ბაზა ამერიკელი "მერინების" - "საზღვაო ქვეითების" ბაზაა და ბაზის სახელწოდებაც საზღვაო ქვეითების ზედმეტი სახელიდან, "leather neck" - "ტყავის კისრიანებისგან" ან "სქელკისრიანებისგან" მოდის. ეს არის თითქმის რუსთავისხელა, საგულდაგულოდ გამაგრებული და დაცული ციხე-ქალაქი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ძლიერი ბაზა ჰელმანდის პროვინციაში. თუმცა რამდენიმე თვის წინ, ოცამდე თალიბმა მაინც მოახერხა ბაზაზე შეღწევა და იმის მიუხედავად, რომ ოცივე გაანადგურეს, რამდენიმე თვითმფრინავის დაწვა მაინც შესძლეს.    

აი, სწორედ ამ ბაზაზე აჯილდოვებდა ქართული დელეგაცია და მისი წარმომადგენლობა "გენერალ კვინიტაძის" მედლით ქართული არმიის სამხედრო მოსამსახურების მხარდაჭერისათვის. აღნიშნული ჯილდო მიიღო:RST – 7, მე-7 პოლკის  საბრძოლო მეთაურმა პოლკოვნიკმა ოსტინ რედფორდმა, შტაბის უფროსმა ვიცე პოლკოვნიკმა ბრაიენ ნილმა, 32-ე ბატალიონის მეკავშირე ჯგუფის მეთაურმა მაიორმა რუდი სალდიდომ მე-12 ბატალიონის მეკავშირე ჯგუფის მეთაურმა, მაიორმა ენდრიუ დელგადიომ. ამ ღონისძიების შემდეგ კი უკვე ვერტმფრენით, ქართულ ბაზა "ლაზიკაზე" გადავფრინდით.

"ლაზიკა" პირველი ქართული სამხედრო ბაზა გახლდათ, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, ჰელმანდის პროვინციაში. ეს "ბაზა" სხვა ქართული, ამერიკული თუ შერეული ბაზებიდან იმითაც გამოირჩეოდა, რომ ძალიან ახლოს, თითქმის ზედ არის მიმდგარი ავღანურ სოფლებს – ყიშლაღებს, რომელთა ცენტრია მუსაქალი ან მუსაყალი, ავღანური სოფლების ზუსტი დასახელების დადგენა ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ ეს თავად ადგილობრივმა მოსახლეობამაც არ იცის და ამ დასახელებას ყველა თავისებურად გამოთქვამს. მეტიც, შუა ბაზაზე ავღანელის საფლავია, რომელიც აქ ბაზის დაარსებამდე იყო და ჩვენებს ეს საფლავი შემოსაზღვრული აქვთ და შეძლებისდაგვარად ცდილობენ, არ შეეხონ.

ჩვენი ბაზაზე მისვლის დროს სწორედ სწავლებები მიმდინარეობდა, გამნაღმვით სამუშაოებში და მ-16 სისტემის ავტომატის მიზანში სროლაში. "ლაზიკის" ტერიტორიაზევე იყო გაკრული ძებნილ თალიბან ტერორისტთა  სახელები, გვარები და ფოტოები. აქედან, ჩვენმა ჯარისკაცებმა რამდენიმე მათგანის ლიკვიდირება შესძლეს ამ ცოტა ხნის წინ და სწორედ ამის შესახებ მოუთხრობდა პოლკოვნიკი კიკნაძე გენერალს. ფოტოებზე სხვადასხვა ასაკის ადამიანები იყვნენ, 12-იდან 60 წლამდე. საერთოდ, ავღანელების ასაკის დადგენა ძალიან ძნელია, რადგან ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ თავისი დაბადების თარიღზე. ცუდ პირობებში ცხოვრება კი, ბუნებრივია, გარეგნობასაც გარკვეულ დაღს ასვამთ.

აბდულ რაჰიმ, აბდულ რაჰმან, აბდულ გალი, აბდულ ხადირ ჰაჯი, მოჰმად იანუს აღა, აბდულ მალიექ, მოჰამად ჰასან, ჯანანი, საიდ ფაისალი, მოჰამედ იესა, აბდულ ქაჰარი, აბდულ სირაჯი, ჰასან სამადი, მანან აკახალი... აი, ძებნილების არასრული სია, ესენი არიან მუსაქალის და მისი მიმდებარე ყიშლაღების ყველაზე ყოჩაღი ბიჭები, სწორედ ამათგან დაიღუპა რამდენიმე ცოტა ხნის წინ, ქართველებთან შეტაკებაში. მათ აქვთ განმასხვავებელი ნიშნებიც, რომელიც ძირითადად ტატუთი გამოიხატება, მაგალითად, ნამგალი და ურო იმ მოჯაჰედებს აქვთ ამოტვიფრული, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის წითელ არმიას ებრძოდნენ. გულში გაყრილი ისარი შაჰიდის ნიშანია, ორი გადაჯვარედინებული ხმალი - შურისძიების და ა.შ. რა უცნაურია, როცა ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო და არაფრისმომცემია ეს გვარ-სახელები, ვერც კი აღვიქვამთ, რომ მათ უკან ჩვეულებრივი ადამიანები დგანან, თავისი ბედით, უფრო სწორად, უბედობით, და სწორედ ამ უბედობამ აქცია ისინი იმად, ვინც დღეს არიან და რითიც განსხვავდებიან ე.წ. "ჩვეულებრივი ადამიანებისგან".

სწორედ "ლაზიკაზე" გავიგე პირველი აფეთქების ხმა. ბაზიდან სამხრეთით, სადღაც 150-200 მეტრში, მწვანე ნათესებს შორის მიმავალ გზაზე იბუთქა და თეთრი კვამლიც დაეკიდა. გიორგი გოგუამ გადაღება მოასწრო.

ამის შემდეგ ბაზას ადგილობრივი პოლიციის უფროსი ეწვია. არსებობს ANA - "Afgan National Army", ANP - "Afgan National Police". პოლიციის უფროსს თარჯიმანი ახლდა თან. თარჯიმანი სამხედრო ფორმით იყო. პოლიციის უფროსი კი ცისფერი, გრძელი კაბით და წითელლაქიანი ფრჩხილებით გამოგვეცხადა და აღმოსავლურად ტრაბახს მოჰყვა: - სულ 9 კაცი მყავს. კიდევ 15 დამიმატეთ და მარტო გავწმენდ ჰელმანდს თალიბებისაგან, ამერიკელები სულ არ დამჭირდებიანო.” ქართველებსაც გვათავისუფლებდა თუ არა თალიბებთან ბრძოლისგან, ეგ კი აღარ დაუზუსტებია. პოლიციელის მეტი რა მინახავს, მათ შორის კაიფში მყოფი პოლიციელიც, მაგრამ ცისფერკაბიანი და წითელლაქიანი პოლიციელი კი პირველად ვნახე. აი, გიორგი გოგუამ კი ეგრევე თავისი ფოტოაპარატი მოიმარჯვა, თან ზუსტად ისეთი სახით, ხომ გახსოვთ "არაჩვეულებრივ გამოფენაში" - "მე ამისგან გავაკეთებ"... და მგონი გააკეთა კიდეც.    

ამის შემდეგ ჰელმანდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბაზა "შუკვანზე" გავფრინდით. უკვე ბინდდებოდა. ბიჭებს იქ სახელდახელოდ სამლოცველო ეკლესიაც აეგოთ და თავისი მოძღვარიც ჰყავდათ. ქართულ-ამერიკულ საერთო სასადილოს კი "ხეჩოს დუქანი" დაარქვეს, შესაბამისი დიდი ტრაფარეტით, ქართული წარწერით, ყანწებით და ამბებით. ამ ბაზაზე ვიპოვე ჩემი თანამემამულე-საგარეჯოელი ვალერა რევაზიშვილი, რომელიც ჩვენს უბანში ცხოვრობს და ჩემი ბიძაშვილის კლასელია. გოგიტა თედიაშვილმა მაპოვნინა, რომელიც ჩემსავით წარმოშობით საგარეჯოელი და მეორე თბილისელია იმ თბილისელთა შორის, რომელიც ავღანეთში ვნახე. მეტი არ შემხვედრია. დანარჩენი ბიჭები ძირითადად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ. თერჯოელები, თელაველები და ა.შ. 

ბიჭებმა ადრიდანვე დაიწყეს თადარიგის დაჭერა, რომ საღამოს ფეხბურთისთვის ეყურებინათ, იყო ერთი კაბელების გადატან-გადმოტანა. კარავში ვიყავით, როცა სამხრეთიდან ორი ტყვია გავარდა. ავტომატის ხმა იყო, ჯერ თითო-თითო ისროლეს.  თერჯოლელმა ბუცხრიკიძემ ყურები ცქვიტა და გარეთ გამოვარდა. მოკლე ჯერმაც გადაიარა და ცოტა ხანში, მანათობელი ტყვიების ჯერი ე.წ. ტრანსირებიც მოაყოლეს. სამხრეთიდან მოდიოდა სროლის ხმა, უფრო სწორად, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩვენებმაც გადაიგრიალეს ყიჟინით და იარაღის ჩხრიალით.

გენერალი კაპანაძე და პოლკოვნიკი კიკნაძეც მოვიდნენ. "ა, ბატონო გენერალო, ასეა აქ ყოველღამე” - გაისმა პოლკოვნიკის მოულოდნელად მშვიდი და არხეინი ხმა. ცოტა ხანში, სროლის ხმაც ჩაწყნარდა, მაგრამ დაძაბული მოლოდინი კიდევ გაგრძელდა. თუმცა საფეხბურთო სამზადისი არ შეწყვეტილა. ავღანეთის დროით პირველის ნახევარზე დავსხედით ფეხბურთის საყურებლად. გული მომიკვდა იმის ნახვით, სადღაც პაკისტანის საზღვართან, რომელიც რეალურად არც არსებობს, სადღაც პუშტუნისტანის სამხრეთით, ქართველი ბიჭები, რომლებიც ორი საათის წინ უკუნ ავღანურ ღამეში ტყვიას და სიკვდილს დასდევდნენ ყიჟინით, როგორ საცოდავად ეხვეწებოდნენ ჩვენს ფეხბურთელებს გატოკებულიყვნენ და რამე გაეკეთებინათ, როგორ გაჰკიოდნენ სიხარულით თუ მოეჩვენებოდათ, რომ რაღაცას ფართხალებდნენ, როგორ მწარდებოდნენ ჩვენი ფეხბურთელების საცოდაობის შემყურე, როდესაც  ბურთს იღებდნენ და ისე პანიკდებოდნენ, თითქოს ფეხებთან ბურთი კი არა გახსნილი “ლიმონკა" დაუგდესო და მივხვდი ერთ რამეს – 33 წელია ფეხბურთს ვუყურებ და სტადიონზე დავდივარ, ანუ ხუთი წლიდან. უკანასკნელ წლებში მხოლოდ გიჟებიღა შემოვრჩით, ვინც საქართველოს ნაკრებს კიდევ ვუყურებთ და ნერვებს ვითხრით. ეს გუნდი, თავის ფედერაციის პრეზიდენტიან, მწვრთნელიან, ფეხბურთელებიანად ნერვებს გვათხრის თბილისში, ნერვებს გვათხრიდა ევროპაში, მაგრამ მე, როგორც ერთი გულშემატკივარი, არასოდეს გაპატიებთ ამ ღამეს პაკისტანის საზღვართან, იმ ბიჭების გულის ჩაწყვეტას, ვინც 24 საათი სიკვდილს უყურებს, ნაღმზე ზის და მაგათ ხმას: - "მიდი ბიჯოო, მიდი ძმურად რაა”. უნდა მოგკიდოთ კაცმა ხელი ფედერაციის პრეზიდენტიან, მწვრთნელიან, ფეხბურთელებიანად და ჭიტლაყით გაგიშვათ აქედან, მაგრამ მაგის ღირსებიც არა ხართ. იყავით და იჯახირეთ ეგრე გაბითურებულებმა და გაფარჩაკებულებმა, ვიდრე არ მოგბეზრდებათ...

  

23 მარტი

    

გვიან ღამით გაწვიმდა. დილას "შუკვანიდან" "ერედვზე" უნდა გადმოვფრენილიყავით. ეს ორი ბაზა საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან, მაგრამ მანქანებით გადაადგილება მაინც სარისკოა, მით უმეტეს, ოფიციალური დელეგაციისთვის. "შუკვანზე" თამარ კეკენაძეს თავისი ახალი მეგობარი სოფო სოფრომაძე აცილებდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შმაგი სოფრომაძის და, ძალიან საყვარელი და სიმპათიური გოგონა, რომელიც შემოგვჩიოდა, ბიჭები ძალიან მიფრთხილდებიან, მიუხედავად იმისა, რომ კაპრალი ვარ, მაინც არსად არ დავყავარ და სულ ამაზე მაქვს ჩხუბიო.  

"ერედვზე", რომელიც ყველაზე სარისკო და ექსტრემალურ ბაზად მიიჩნევა ჰელმანდის პროვინციაში, გენერალ კაპანაძეს არსებული მდგომარეობა გააცნეს და მოახსენეს, რომ ექვსი თვის განმავლობაში 131-ჯერ იყო პირდაპირი ცეცხლის შემთხვევა, 18-ჯერ - არაპირდაპირი, 11-ჯერ გააუვნებელჰყვეს ე.წ. "აიდი", ამოღებულია იარაღი, აყვანიალია და ა.შ.  

ამ სამხედრო ტერმინებს იქით კი არის ჰელმანდის უდაბნოში ჩაკარგული ქართული ბაზა სახელად "ერედვი", სადაც 160-მდე ქართველი, 100-მდე ამერიკელი და ათამდე ადგილობრივი ავღანელი მსახურობს. ბაზა, რომელიც მზიანი ამინდის შემთხვევაში კოჭებამდე ქვიშაში იმალება, წვიმის დროს ასევე კოჭებამდე ტალახდება, ხოლო ზამთარში ტემპერატურა –10 გრადუსამდე ეცემა და სადაც ყველაზე ხშირია შეიარაღებული შეტაკებები.  

უცნაურია, რომ ისტორიული ქართული სოფელი ერედვი, რომელიც ცხინვალს ესაზღვრებოდა და დღეს აღარ არსებობს, პატარა ლიახვის ხეობაში ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ და მაგარ სოფლად ითვლებოდა, სწორედ ამიტომაც გაასწორეს რუსებმა და ოსებმა აგვისტოს ომში მიწასთან. მაგრამ ეტყობა, სახელს მაინც თავის ბედისწერა აქვს და “ერედვი” აქ, ავღანეთში, ჰელმანდშიც ყველაზე შარიანი ადგილია. პირდაპირი ცეცხლის 131 შემთხვევა ნიშნავს, რომ ამ 6 თვის განმავლობაში ბაზა 131-ჯერ დაიცხრილა, ავტომატებით და ე.წ. ПК –ს  სისტემის ტყვიამფრქვევით. (Пулемёт калашникова). არაპირდაპირი ცეცხლის 18 შემთხვევა კი ნიშნავს, რომ ბაზა 18-ჯერ დაიბომბა, 60 მილიმეტრიანი და 82-მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნებით, ძირითადად, ჩინური და ირანული წარმოების რაკეტებს ისვრიან, 11-ჯერ "აიდი"-ს გაუვნებელყოფა კი ნიშნავს რომ  განაღმეს 11 დანაღმული ადგილი. ავღანელი თალიბები ნაღმავენ ყველაფერს, დაწყებული მანქანით და რაციით, დამთავრებული მკვდარი ინდაურით და წერაქვის ტარით. მკვდარ ინდაურს გადაუარა ამერიკელი პატრულის მანქანამ და აფეთქდა. გზაზე ეგდო წერაქვი, რომლის ტარიც დანაღმული იყო. ამან ბაზაზე ახალი სახუმარო თემაც წარმოშვა – წერაქვს, თოხს და ბარს გამოვექეცით სახლიდან ავღანეთში და მაგას აქ ვინ მიეკარებოდაო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კუსტარულად დამზადებული ნაღმები ე.წ. "აიდი" არც ისე სახუმაროა, ხოლო მისი დამზადება ძალიან ადვილია და მრავალნაირად შეიძლება, თუმცა, ბუნებრივია, მათი დამზადების რეცეპტებს აქ აღარ აღვწერ. 

 

კოკისპირული წვიმა გრძელდებოდა. ჩვენც ტალახს ვზელდით, შორიახლოს ატეხილი სროლის ხმას ვუსმენდით და გამოდარებას ველოდებოდით, რომ "შირგაზისკენ" გავფრენილიყავით. ბიჭები, როგორც ყოველთვის, ხუმრობის გუნებაზე იყვნენ და საქართველოს ამბებს კითხულობდნენ. მარტო ამ ბაზაზე სამი ტყიბულელი მსახურობდა, დესანტი გვაქვს გადმოსხმულიო - შაყირობდნენ. "ყველაზე" რთული და სახიფათო ბაზა ჩვენია, მაგრამ მაგრადა ვართო, ამბობდნენ. მართლაც, ყველაზე მაგარი და თავზე ხელაღებული ბიჭები აქ იყვნენ. “სროლის პრობლემა არა გვაქვს, ისროლონ, რამდენიც უნდათ, სხვა რამე უფრო გვიჭირს – პური, რასაც ამერიკელები ჭამენ, ჩვენც ზუსტად იმას ვჭამთ, მაგრამ ამერიკელებს პურის მოთხოვნილება არა აქვთ, ჩვენ კი მაგრად შეგვაწუხა ამ უპურობამ, 7 თვეში სულ რამდენჯერმე მოახერხეს პურის შემოტანა.  მეორე, ზამთარში მაგრად გავიყინეთ, სერიოზულად იყო გათბობის პრობლემა და მესამე, კომუნიკაცია, ინტერნეტი არ გვაქვს და სახლთან დაკავშირება ძალიან გვიჭირს.” როდესაც თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის შეფს ვაკო ავალიანს ამაზე ველაპარაკე მითხრა, რომ ინტერნეტის პრობლემა ფაქტობრივად გადაჭრილია და ეს საკითხი მოგვარებულია. ვაკო ავალიანს კომუნიკაციის გარდა სამხედროებმა სოციალურ და სამედიცინო დაზღვევის საკითხზეც მიმართეს და მიიღეს პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რაც შესაძლებელი იქნებოდა და ცოტა შეუძლებელსაც... ყველაზე კარგი, რაც მოხდა ის იყო, რომ ჩვენი გამნაღმველის შვილს, რომელიც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, ჩაუტარდება სათანადო მკურნალობა და არის შანსი, რომ ბავშვმა გაიაროს – ვაკო ავალიანი პატარა ბავშვივით იყო გახარებული. მართლაც, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ყოველდღე სადღაც ავღანეთში დანაღმულ მინდორს ნაღმავს, შინ, საქართველოში კი, ბავშვი ელოდება ცერემბრალური დამბლით. მგონი ამ ბავშვის მკურნალობაზე კარგი ამბავი არც არაფერი მომხდარა!

წვიმდა და წვიმდა. ჰაერში აწეული ბუშტი, როგორც ჩვენ ვეძახდით, ან ბალონი, როგორც ამერიკელები უწოდებდნენ და რომელიც 25-კილომეტრის რადიუსით ყველაფერს აკონტროლებს, დაბლა დაწიეს, რომ ქარს არ წაეღო. ერთხელ ქარმა ასე წაიღო ამერიკელების ბალონი და მერე პატრულირებისას ბავშვები დახვდნენ ჩვენებს და ეძახდნენ: - "გურჯის ბუშტი უუუ!" ბუშტი როგორ გაგიფრინდათ, თქვე არიფებოო! 

გენერალი ვახტანგ კაპანაძე ყურადღებით აკვირდებოდა ეკრანს. ეკრანზე ნათლად გამოჩნდა წითელი პიკაპი, პიკაპი შეჩერდა და შიგ ხალხი ჩაჯდა. "ამოძრავდნენ" - თქვა გენერალმა. "აქ ყოველთვის ეგრეა, ბატონო გენერალო, თითქმის ყოველ დღე სროლაა", "თან ამინდიც აირია", პოლკოვნიკი კიკნაძე, როგორც ყოველთვის, კოჭებამდე ტალახში იდგა, აწვიმდა, მშვენიერ ხასიათზე გახლდათ და თან ჯარისკაცებს უბრაზდებოდა. გვერდზე ედგა პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი გალის რაიონის სოფელ წარჩედან. დიდი, დინჯი და მოხეული, მეგრელის არაფერი  ეტყობოდა, ტიპიური ლეჩხუმელი იყო, თუმცა თვითონ მეგრელობდა. "ეს ყველაზე მაგარი კაცია, მაგრად გვიყვარს", - მითხრეს ჯარისკაცებმა ისე, რომ მე არაფერი მიკითხავს და ვერც ვკითხავდი, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქ მოსვლამდე წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო კობა ახვლედიანი. 

  

სხვათაშორის, გენერალი ვახტანგ კაპანაძე, პოლკოვნიკი ალიკა კიკნაძე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილი და პოლკოვნიკი გიორგი სურმავა - ყველანი აფხაზეთის ომის ვეტერანები არიან, პოლკოვნიკები კიკნაძე და ახვლედიანი კი საერთოდ აფხაზეთიდან არიან. კიკნაძე სოხუმელია, ახვლედიანი გალელი.   

ამინდი სულ უფრო და უფრო ირეოდა. გენერალი და პოლკოვნიკები მსჯელობდნენ, რა გზას დასდგომოდნენ, თუ ამინდი კიდევ უფრო გაფუჭდებოდა და ფრენა შეუძლებელი გახდებოდა. აქვე დაეტოვებინათ ოფიციალური დელეგაცია თუ ჯავშანმაქანებით, შედარებით უსაფრთხო ბაზაზე გადაეყვანათ. საფრთხე ორივე შემთხვევაში არსებობდა - თუ ბაზაზე დავრჩებოდით, აუცილებლად დაგვესხმოდნენ თავს, რადგან საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, რომელშიც ერთი სახელმწიფოს მინისტრი და თავდაცვის მინისტრის მოადგილეც შედიოდა, თალიბებისთვის ნამდვილად ძვირფასი ნადავლი იქნებოდა. ძალიან დიდი რისკი იყო ჯავშნიანი მანქანებით გადაყვანაც, მით უმეტეს, “შირგაზის” გზაზე. და დაგვცხეს. 

ჯერ სამხრეთიდან დაგვაყარეს, მერე ჩრდილოეთდანაც, ძირითადად კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევიდან  ე.წ. ПК –დან გვესროდნენ. სამხრეთიდან თითქმის 600 მეტრზე მოიწიეს, ჩრდილოეთიდან 700 მეტრზე და მოგვიშვეს და მოგვიშვეს. ჩვენს წასაყვანად წამოსული ვერტმფრენები უკან გაბრუნდნენ. "მოგიწევთ ამაღამ აქ დარჩენა" - გვითხრეს ჯარისკაცებმა. გენერალი და პოლკოვნიკები დარჩენის ვარიანტსაც განიხილავდნენ და ჯავშანტექნიკით გადაადგილებასაც და ორივე შემთხვევის რისკის ფაქტორებს ადარებდნენ. 

"აქ თუ ვინმე მოფრინდა, ესე იგი, ბრიტანელები არიან, "SAS"-ი, ეგენი ძალიან მაგრები ჰყავთ. ნახავ, "ლეზერნიკზე" წვერმოშვებულები დადიან, აჩაჩულ-დაჩაჩულები, მაგრად უბერავენ, ჩვენზე უარესად - ღიმილით ყვებოდნენ ჩვენები, თან ტალახს ვზელდით და სროლის მიხედვით ვცდილობდით ამოგვეცნო  ჩრდილოეთიდან უფრო მაგრად გვიტევდნენ თუ სამხრეთიდან.

"დედა აიტირეს რა, ამ დილაადრიანად" - არხეინად გამოაცხადა ჩრდილოეთის პოსტიდან ჩამოსულმა, წვიმით გალუმპულმა ქართველმა სამხედრომ და შეეცადა ზედ მიკრული უნიფორმა გაეხადა. "რითი გვესვრიან?" "ყველაფრით, რაცა აქვთ, გაახურეს რა დილიდან."    

ჯავშანტექნიკით გადაადგილებაზე ამერიკელებმა უარი თქვეს. ღამით დარჩენაც კი ძალიან სარისკო იყო, მით უმეტეს, რომ უამინდობის გამო ავიაციასაც ვერ გამოვიძახებდით. ძირითადი რისკფაქტორი სამთავრობო დელეგაცია იყო, თორემ ჯარისკაცები რა, მაინც ყოველდღე ამ დღეში იყვნენ. მოკლედ, იმ ორი-სამი საათის განმავლობაში, რაც "ერედვზე" დავყავით, გეგმები რამდენჯერმე შეიცვალა, გაფრენა ვერ ხერხდებოდა. "შირგაზი" თუ "ლეზერნიკი", ბაზაზე დარჩენა თუ ჯავშანტექნიკით გადაადგილება, ყველა ამ ვარიანტს თავისი რისკები, დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლდა და რა თქმა უნდა, უსაფრთხო არც ერთი არ იყო. კიდევ კარგი, აღმოსავლეთიდან ურმუსის ბაზრის მხრიდანაც არ შემოგვიტიეს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, თალიბები მაიცდამაინც ჩრდილოეთ და სამხრეთის მიმართულებას მიაწვნენ და ნელ-ნელა იქაც ჩააჩუმეს ჩვენებმა.    

მოულოდნელად ვერტმფრენების გუგუნის ხმა გაისმა და ორი ვერტმფრენი დაჯდა. მეორე დაზღვევაზე მოჰყვებოდა ვერტმფრენებში ჩავსხედით და ისევ "ლაზერნიკის" ცენტრალურ ბაზაზე დავბრუნდით. "შირგაზისკენ" აღარ გაგვიშვეს, რადგან თუკი ამინდი კიდევ უფრო გაუარესდებოდა, დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ავღანეთში შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო.    

"ლეზერნიკის" ბაზაზე თავიდან ფეხებამდე ტალახში ამოვლებულები დავბრუნდით და როგორც კი ამის საშუალება მოგვეცა, შხაპში შევვარდით, ჰელმანდის გაწებილი წითელი ტალახი ჩამოვიბანეთ და ვახშმის მერე მკვდრებივით ჩაგვეძინა.

 

24 მარტი

 

დღეს 2 საათზე ქაბულში უნდა გავფრენილიყავით, მაგრამ ფრენა 5 საათამდე  გადაიდო, რაც სიმართლე რომ გითხრათ, მხოლოდ გაგვიხარდა. ჯარისკაცებთან და სამხედროებთან ყოფნა არასოდეს არ მბეზრდება, პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით. პოლიტიკოსები კი უცებ მბეზრდებიან.

ძალიან მაზალო ხალხია.  რომ ვუსმენ და ვუყურებ, სულ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სადღაც ამზადებენ, მერე გამოუშვებენ და როცა აღარ  სჭირდებათ, უკან მიაქვთ ან შეიძლება "სვალკაზეც" უკრან თავი. როგორ ახერხებენ, რომ სულ ასე ერთნაირები იყვნენ და კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე, არც ინტონაცია, არც ტონი, არც საზოგადოებისათვის მიმართვის სტილი არ შეეცვალოთ, პირდაპირ განსაცვიფრებელია. დგომის  მანერაც კი ერთნაირი აქვთ, რაღაცნაირად ძალად შემართული. კარგი! მაგათაც რა ქნან, ეგეთები არიან, ეგეთები დაამზადეს და რა მაგათი ბრალია?  

ავღანელები დიდი ოხრები არიან, სულ ფხიზლად უნდა იყო, თორემ დიდი სიამოვნებით მოგატყუებენ და გაგაბითურებენ. ქართველების გადამკიდე თითქმის ყველა მათგანი ამტვრევს ცოტ-ცოტა ქართულს. როგორც კი იგებენ, რომ ქართველი ხარ, ან ზოგი თვითონვე გვცნობს იერით და არის მერე ერთი: -"ე ბიჭო, ბიჭო... არა... ხო..! გამარჯობა, ჯიგარი ხარ, როგორა ხარ?” ერთმა ისიც კი გვკითხა, "შინ როგორა ხართო? გიორგიმ იხუმრა, ამერიკელი ვარო, ავღანელმა ეჭვით შეხედა, მერე მე მომიბრუნდა - შენო? – მე არა, მე ქართველი ვარ – მან გურჯ, ეს არის ამერიკელი შურავი" - ხელი ავუქნიე გაამერიკელებულ გიორგის.

მერე რაღაც-რაღაცები ვიყიდეთ. გიორგიმაც დიდხანს ვერ გაქაჩა ამერიკელობა და ავღანელს თავისი მეგრელობა გაუმხილა. ავღანელი გამყიდველი გაიბადრა - "ჰოდა, რას მომატყუე, რომ მცოდნოდა, რომ ქართველი ხარ, ორჯერ იაფად მოგყიდდიო." ჩვენ კი არა, ამერიკელ ჯარისკაცებსაც კი "ბიჭო, ბიჭოს ეძახიან.”

"ერედვის" ბაზაზე ყოფნის დროს კი ერთი ამერიკელი სამხედრო გავიცანი, გვარად ფინჩი! ის სულ გადაურევიათ ქართველებს, ქართული ხომ ასწავლეს, ახლა მეგრელები მეგრულს ასწავლიან და როცა მეგრელ ჯარისკაცებს ელაპარაკება, იძახის "ფინჩია ვარო”. აი, ასეთი ამბებია ავღანეთში, ჩემო ბატონო.  

რა თქმა უნდა, ჯარში სულაც არ არის ყველაფერი კარგად და მეტიც, ძალიან შორს არის იდეალურისაგან და ეს ბუნებრივია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა მემკვიდრეობა დაგვრჩა წინა ხელისუფლებისაგან.  

"ყველაზე გახურებული სროლის დროსაც კი გამუდმებით მაწუხებდა ერთი კითხვა, რატომ წერენ  და ბეჭდავენ იმას, რაც სულაც არ არის მნიშვნელოვანი და პირიქით, არასოდეს არ წერენ იმაზე, რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანი?" - კითხულობდა ცნობილი მემარცხენე, რეპორტიორი, სამხედრო კორესპონდენტი და ჯარისკაცი, ჩეხი ეგონ ერვინ კიში. 

რა თქმა უნდა, ერთი კვირა ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ სიტუაციაში გაერკვე, მით უმეტეს, ძალიან ცოტაა ეს ავღანეთში, მით უფრო, თუ ამ ერთი კვირის განმავლობაშიც დროის თითქმის ნახევარს ცაში ატარებ. მართალი იყო პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯაღავა, რომელმაც ავღანეთში წასვლამდე მითხრა, რომ ავღანეთში მარტო ერთი ჩასვლას არანაირი აზრი არა აქვს, იქ რამდენჯერმე უნდა ჩახვიდეო. თუმცა, სიმართლე ვთქვა, იქ რომ ჩვენი სამხედროები არ იყვნენ, ავღანეთში ჩასვლა არასოდეს მომინდებოდა. არა იმიტომ, რომ ასეთი ევროპელი ბიჭი ვარ და რადიარდ კიპლინგისა არ იყოს, "აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი კი დასავლეთი და მათი შერწყმა და გაერთიანება ყოვლად შეუძლებელია." ავღანეთი არც აღმოსავლეთია, არც დასავლეთი, ავღანეთი ავღანეთია.

"ლეზერნიკის" ბაზაზე დავბრუნდით და ხუთი საათისათვის კვლავ ფრანგულ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავში ჩავსხედით და ქაბულისაკენ გავფრინდით. ჩვენს წინ ფრანგი ჯარისკაცები ისხდნენ. ერთ მათგანს A.SALLA ეწერა და ძალიან დაღონებული და ცხვირჩამოშვებული იჯდა, ხელში ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას მესიჯებს წერდა. აშკარად შეყვარებული იყო. მე და გიორგიმ ვიმარჩიელეთ, რას წერდა. მე ვამბობდი რას წერს და "mon amuur, sofii." გიორგიმ კიდევ უფრო გაართულა – ეგ ისეთი დაღონებულია, მაგისმა სოფიიმ აშკარად სხვა ბიჭი გაიჩინა ვიდრე ეს ჩვენი  A.SALLA ავღანეთის ქვიშაში, ფრანგული იარაღის სახელისა და დიდებისათვის იბრძვისო.

ქაბულში ღამიანად ჩავფრინდით. ვივახშმეთ და მერე ჩვენს ქართულ შტაბში კომპიუტერს მივუჯექით, რომ ჩვენებს ფეისბუქით მაინც დავკავშირებოდით, რადგან ჩვენმა ტელეფონმა ავღანეთში ჩამოსვლის მეორე დღესვე სული განუტევა.

    

25 მარტი

    

დღეს სახლში ვბრუნდებით. მაინც კარგია, რომ სახლი და სამშობლო გაქვს კაცს, როგორიც არ უნდა იყოს ეს სამშობლო. მით უმეტეს - ავღანეთის შემდეგ. აქ უფრო კარგად იგებ საქართველოს ფასს. ისევე როგორც ქართველი სამხედროების შემხედვარე, გენერლითა და პოლკოვნიკებით დაწყებული კაპრალითა და ჯარისკაცებით დამთავრებული, ხვდები, რომ შეიძლება, არც ისე ცუდი და ბოლომოღებული ხალხი ვართ და იქნება მაინც გამოვიდეს ჩვენგან რამე... საქართველო და ქართველობა, მაინც ესენი არიან, ქართული არმიის ავღანური კონტიგენტის ბიჭები, ასეთი სხვადასხვანაირი აქცენტითა და კილო-კავით მოლაპარაკეები და არა ისინი, ვისაც სრულიად ტყუილად და უსფუძვლოდ ჰგონია, რომ ვინმეზე უკეთესი, ლამაზი, ჭკვიანი და მნიშვნელოვანია. ამ ბიჭებთან გამომშვიდობებისას, როდესაც თავისი ახლობლების ტელეფონები ჩამაწერინეს, ძალიან ცუდად და უხერხულად ვიგრძენი თავი. ჩამოხვედი და ატეხილია ერთი ამბავი აქ თუ სახლში - "აუ, რა მაგარია ავღანეთში წავიდნენ", - აქ კი ეს ბიჭები ექვსი თვე და მეტი მსახურობენ, ყოველდღე სიკვდილს ჩაჰყურებენ თვალებში და ვითომ არაფერი, ვითომ ასეც უნდა იყოს – სრული სიჩუმე! ეს უსამართლობაც აღარ არის, გაცილებით უფრო უარესია. მართლა ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. აფხაზეთის ომის დროს ასეთებს გასტროლიორებს ეძახდნენ. მურტალი შეგრძნებაა. განსაკუთრებით გულიანად პოლკოვნიკ კობა ახვლედიანს და ჩვენი მანქანის ეკიპაჟის წევრებს, ოთარ გაბისონიას, გოგა კომლაძეს, გოგიტა გულუას და ალეკო ბერაიას გამოვემშვიდობეთ.

ქაბულის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავის ლუქიდან კიდევ ერთხელ შევავლეთ თვალი ავღანეთის წითელ და ყავისფერ ხეობებს და დათოვლილ მთებს და სტამბულისკენ ავიღეთ გეზი.

სტამბულში საღამოს ჩამოვფრინდით. დრო საკმაო გვქონდა. ჩვენი დელეგაციის  უმეტესი ნაწილი, დიდ გრანდიოზულ მაღაზია "მოლში" წავიდა, მე და გიორგი კი იქვე პატარა თურქულ დუქანში შევძვერით, სადაც კაციშვილმა ერთი ღერი ინგლიურიც არ იცოდა, მაგრამ თბილისში და გომბორში ნასწავლი აზერბაიჯანული სიტყვებითა და ხელების დახმარებით მშვენივრად გავაგებინეთ ერთმანეთს. ნამდვილ, თურქულ, ცხვრის უგემრიელეს ქაბაბსაც გეახელით.    

თბილისში ღამის, უფრო სწორად დილის ოთხ საათზე დავეშვით. მარტო ამისთვისა ღირს წასვლაც, რისკიც და ხიფათიც. დასაბრუნებლად, რომ დაბრუნდე!

და კიდევ, რას ვფიქრობდი ავღანეთში მყოფ ქართველ ბიჭებს რომ ვიხსენებ და ამ ჩვენი ქვეყნის ასაშენებლად სინამდვილეში ხომ არც ისე ბევრი გვჭირდება – ძალიან ბევრი შრომა, ცოტა იღბალი და ბოლოს და ბოლოს, ის ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც მართლა თავისი საქმის პროფესიონალები იქნებიან და მართლა გული შესტკივათ და ეყვარებათ თავიანთი ქვეყანა. 

ძალიან ძნელია?! 

ძალიან ძნელია!

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^