ხევსურეთი საქართველოში მოსახლეობისგან ყველაზე დაცლილი მხარეა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში 162 სოფელია დაცარიელებული. აქედან ყველაზე დიდი წილი ხევსურეთზე მოდის. ამ მხარეში ბევრი სოფელია, სადაც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და არის სოფლები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანია დარჩენილი. მოსახლეობის მიგრაციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მძიმე სოციალური მდგომარეობაა.
ცუდი გზა, მიწების სიმცირე, მოუწყობელი ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა, მძიმე კლიმატური პირობები - ადგილობრივი მოსახლეობა მიგრაციის მთავარ მიზეზებს ასახელებს.
დიდუბის ავტოსადგურში ბარისახო-კორშის სამარშრუტო ტაქსი ბოლომდე არ შეივსო, თუმცა მძღოლი კმაყოფილია - სხვა დღეებთან შედარებით, ამჯერად უფრო მეტი მგზავრი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ხევსურეთში, ამ სოფლების მიმართულებით თბილისიდან დღეგამოშვებით დადის სამარშრუტო ტაქსი.
მძღოლი ნატახტარში თონესთან აჩერებს და პურს ყიდულობს. სოფლის მაღაზიები ნატახტარში ნაყიდი პურით მარაგდება.
მას შემდეგ, რაც ხევსურეთისკენ გადავუხვიეთ, გზაც გაფუჭდა. ჟინვალის წყალსაცავთან 20 წუთით ვისვენებთ, საათ-ნახევარში სოფელ კორშაში უნდა ვიყოთ. მძღოლი გზაზე კიდევ რამდენჯერმე აჩერებს, სოფლებიდან დაბარებულ, ქალაქში ნაყიდ პროდუქტს მეპატრონეებს ურიგებს.
უკვე კორშაში მისულს მარტო ერთი პოლიეთილენის პარკიღა აქვს დარჩენილი, რომელშიც წიგნები დევს. აღმოჩნდა, რომ მძღოლს წიგნისა და პურის პატრონები ერთმანეთში არევია. მგზავრებთან ერთად იცინის ამაზე და თავის წილ თონის პურს მას უთმობს. პური უნდოდა კაცს და წიგნს ხომ არ დავუტოვებო - ამბობს. გზაზე არ გვტოვებს და ბარისახოში ჩვენი მასპინძლის, სანათას ეზომდე მივყავართ.
სანათა ხანშიშესული ქალია, რომელიც ბარისახოში 1973 წლიდან ცხოვრობს. ახლა მარტოა. არც ქმარი ჰყავს და არც შვილი. დავრჩი უშვილძიროდო - ამბობს. ზაფხულობით თუ ამოვა რომელიმე ნათესავი და დარჩებაო. წელიწადის დანარჩენ დროს კი მარტო ატარებს. რთულია მარტოობა ამ მთაშიო. სანათა ამბობს, რომ ბარისახო ადრე უფრო ცოცხალი იყო, მეტი მოსახლით, მეტი დასაქმებული ადამიანით.
- „რთულია მთაში ცხოვრება, მით უმეტეს, რაც უფრო მაღლა ხარ და მარტო“.
მეორე დღეს ბარისახოდან კორშაში მივდივართ. მთელ ხევსურეთში მხოლოდ კორშის მცირე მონაკვეთზეა მოასფალტებული გზა. ადგილობრივების თქმით, მტვრის გამო შეუძლებელი გახდა იქ ცხოვრება და რამდენჯერმე მიმართეს თხოვნით მუნიციპალიტეტს, რის შემდეგაც გზა დააგეს.
ხევსურეთის ამ ორ სოფელში დაახლოებით 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. არის სკოლა, საბავშვო ბაღი და სამედიცინო პუნქტიც. კორშაში გზად აბრა გვხდება წარწერით Korsha Guesthouse. ეს არაბულების საოჯახო სასტუმროა.
არაბულების ეზოში ორი სახლი დგას. ერთში საოჯახო სასტუმრო აქვთ, მეორეში კი - სახელოსნო. ეზოში გიორგი არაბული გვხვდება. იგი პოეტი და რეჟისორია, დუშეთის თეატრში მუშაობს. არაბულებმა გადაწყვიტეს, ხევსურეთში დარჩენილიყვნენ, რომ საოჯახო სასტუმროს სახით საკუთარი ბიზნესი ჰქონოდათ და თან სოციალური თუ სხვა არტპროექტები განეხორციელებინათ თავიანთ მხარეში, რაშიც ადგილობრივები ჩაერთვებოდნენ. ამიტომაც დააარსეს ორგანიზაცია „ხევსურეთი და თემი“ რის ფარგლებშც სხცადასხვა პროექტებს, მათ შორის ფესტივალ „ჩირდილს“ ატარებენ. ფესტივალი უკვე მეოთხე წელია, ყოველ ზაფხულს იმართება.
- ჩირდილი
ჩირდილი დაცარიელებული სოფელია, დანგრეული და მიტოვებული სახლებით, გაუკაცრიელებული გზით. ის კორშიდან 4-5 კილომეტრში მდებარეობს. არაბულებიც ჩირდილიდან ყოფილან, წლების წინ კი კორშაში ჩასახლდნენ. გიორგი არაბული ამბობს, რომ რთულია მთაში ცხოვრება, მით უმეტეს, რაც უფრო მაღლა და მარტოა ადამიანი. ამბობს, რომ ზამთარში შესაძლოა, თვეობით არ იყოს ელექტროენერგია, არ იყოს გზა, ტელეფონი, იყო გარესამყაროს მოწყვეტილი და მაშინ მეზობელიც რომ აღარაა, კიდევ უფრო მძიმდება მდგომარეობაო.
მისი თქმით, ჩირდილის არტფესტივალი აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს: მხატვრებს, მწერლებს, მოქანდაკეებს, ფოტოგრაფებს, მუსიკოსებს და ა.შ. ფესტივალის ფარგლებში ისინი ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრობენ ამ მიტოვებულ სოფელში, კარვებსა და ნასახლარში. ცხოვრობენ და თან მუშაობენ. სწორედ ერთი კვირა მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი. ბოლოს კი იქ შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება, ეწყობა ლიტერატურული საღამო, კონცერტი და ა. შ.
არაბულები ნასოფლარში, ჩირდილში ART-house-ს აშენებენ. მშენებლობა თავიანთი ძალებით უკვე დაიწყეს. ამბობს, რომ ამ სახლს, რომელიც ჩირდილში აშენდება, შემოქმედებითი მივლინებით ესტუმრებიან ადამიანები. ამბობს, რომ იქ მოეწყობა ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ა.შ.
ფესტივალი ამ წლების განმავლობაში არაბულების ენთუზიაზმით და ძალისხმევით იმართებოდა. მხოლოდ შარშან დაეხმარა ფესტივალს ფინანსურად, ნაწილობრივ, კულტურის სამინისტრო.
გიორგი ამბობს, რომ დღეს ყველა კულტურული მოვლენა თბილისთანაა დაკავშირებული და მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია. ფესტივალები, კონცერტები და მსგავსი პროექტები უნდა იმართებოდეს რეგიონებში, რაც შემოსავლის წყარო გახდება ადგილობრივებისთვის, მაგრამ ამბობს, რომ ამისთვის სახელმწიფოს ნებაა საჭირო. აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, გზა. ხევსურეთის ეს ნაწილი თბილისიდან მხოლოდ 100 კილომეტრითაა დაშორებული. მისი თქმით, მწერლები, რეჟისორები, მხატვრები და სხვები, რომლებიც ქმნიან რაიმეს, წერენ, სპექტაკლს დგამენ, თუ ხატავენ იმ პრობლემებზე უნდა გვიყვებოდნენ, რომელიც სოფელში, რეგიონში თუ ქვეყანაშია.
კორშასა და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის ნაწილი სასაზღვრო პოლიციაშია დასაქმებული. მცირე ნაწილი სკოლასა და ბაღში. დანარჩენი კი სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს.
გიორგი არაბული თავისი სოფლისა და ხევსურეთის შესახებ გვიყვება. მისი თქმით, ისეთი ძირეული საკითხები, როგორებიცაა ცუდი ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა და სოფლის მეურნეობა განაპირობებს მთის სოფლების ადამიანებისგან დაცლას.
„სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სამუშაო ადგილები ნორმალური პირობებით, იყოს შუამავალი ბიზნესსა და ადამიანებს შორის. სამუშაო ადგილებსა და შრომით პირობებზე სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა, რატომღაც, აუცილებლად კომუნიზმსა და სოციალიზმთან მიდის. ახლა როგორი აქტუალურია მაღაროების, შახტების საკითხი. როგორ შეიძლება ამაზე არ წერონ, არ გადაიღონ, არ დადგან სპექტაკლი? ზუსტად აქაა ისეთი გარემო, სადაც შემოქმედს უნდა ჰქონდეს რეაქცია ამ საკითხებზე. საზღვარგარეთ შესაძლოა, ვინმემ მოიგონოს ეს პრობლემები“ - ამბობს გიორგი არაბული.
გიორგი გვეუბნება, რომ იქ მშიერი არავინ მოკვდება, მაგრამ ეს არ/ვერ არის შემოსავლის წყარო, რადგან მიწაზე მუშაობა გულისხმობს, რომ ან გაამართლებს, ან არა.
„რამდენი რესტორანია, რამდენი კვების ობიექტი. რატომ უნდა შემოდიოდეს ბოსტნეული და სხვა პროდუქტი საზღვარგარეთიდან? ვფიქრობ, ეს სისტემაა ასაწყობი. ჩვენ სისტემების ნგრევა გვიყვარს და აწყობა აღარ“. - ამბობს გიორგი არაბული.
გიორგი ააიპ „ხევსურეთი და თემის“ მიერ დაფუძნებულ „სოციალურ საწარმოს“ - ტრადიციული რეწვის სახელოსნოს გვათვალიერებინებს. მისი მთავარი ფუნქცია ხევსურეთის ეთნო, არამატერიალური კულტურის კვლევაა. სოციალურ საწარმოში ადგილობრივ ბავშვებს ხეზე კვეთას, ქარგვას, ხატვას, მინანქარზე მუშაობას ასწავლიან. ასევე ამზადებენ ტრადიციულ და ახალ ტანსაცმელს ძველი ორნამენტებით. ორგანიზაცია გიორგის ძმამ, ბერდია არაბულმა და ახლობელმა, ნინო არაბულმა ხევსურეთის პოპულარიზაციის მიზნით შექმნეს. ფესტივალ „ჩირდილის“ ორგანიზატორის ნინო არაბულის თქმით, საწარმოში შექმნილი ნამუშევრები სხვადასხვა გამოფენებში იღებს მონაწილეობას.
კორშაში მაღაზიასთან რამდენიმე ახალგაზრდა იდგა, ჩირდილისკენ მიმავალი გზა მიგვასწავლეს. გაგა ხორნაული 22 წლისაა; ის ჩარგლიდანაა, მაგრამ სკოლა კორშაში დაამთავრა და ახლა თბილისში მუშაობს. ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მოქალაქეა. იმ დღესაც კორშაში ნათესავთან სარეცხი მანქანის შესაკეთებლად ჩავიდა, გასაჭირში მარტო ხომ ვერ დავტოვებდიო. სოფლების დაცარიელების მთავარ მიზეზად სახელმწიფოს უუნარობასა და შრომის კოდექსს ასახლებს. შემდეგ ცდილობს, ახსნას, თუ რატომ იქნება კარგი შრომითი პირობები და დასაქმება თუნდაც მისი სოფლის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი.
სოფლების დაცარიელებას ისიც სხვებივით მტკივნეულად აღიქვამს, თუმცა ფიქრობს, რომ ამ მდგომარეობაში ეს ბუნებრივი პროცესია. მისი თქმით, იმისათვის, რომ მოსახლეობა დარჩეს, საჭიროა სოფლის მეურნეობა, მათ შორის, მეცხოველეობა განვითარდეს, გაიხსნას ქარხნები და შეიქმნას სამუშაო ადგილები. ამბობს, რომ რთულია, რაიონულ ცენტრში ან თბილისში ჩაიტანოს ფერმერმა რძე ან რძის პროდუქტები. შესაბამისად, მისი აზრით, ადგილზე უმდა იყოს რძის გადამამუშავებელი ქარხანა.
გაგა ეზოში ამოსული ბალახებისკენ გვახედებს. გვეუბნება, რომ მათ შორის უამრავი წამალია. გული სწყდება, რომ არ არსებობს პუნქტი, სადაც სამკურნალო ბალახს ჩააბარებენ ადგილობრივები. მაგრამ შემდეგ ისევ უიმედოდ ამბობს: „თუმცა ეგეც რომ იყოს, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში არ იქნება შესაბამისი ანაზღაურება. მე ამ მთის წვერზე ავიდე, 2 კილო ბალახი ჩამოვიტანო და ვიღაცამ 4 ლარი გადამიხადოს? თქვენ ახვალთ იქ 4 ლარის გამო?“
ერთადერთი საწარმო იმ მხარეში ფშავშია, მინერალური წყლებისა და ლიმონათების ჩამომსხმელი ქარხანა, სადაც 30-მდე ადამიანი მუშაობს. გაგა აღნიშნავს, რომ ეს არ ცვლის საერთო, უმუშევრობის სურათს. წუხს, რომ რეალურად ხევსურეთს დიდი რესურსი აქვს, თუნდაც ტურისტულად განვითარების, მაგრამ სწორედ არასწორი ხედვის გამო გამოუყენებელია.
„რატომ არ შეიძლება აქ სამუშაო ადგილების შექმნა? რატომ არ შეიძლება ადამიანები დასაქმდნენ და ნორმალურ პირობებში ცხოვრობდნენ სწორედ აქ? მაგრამ საქართველოში ბიზნესი მთავარია, არსებულ შრომის კანონმდებლობას მოერგოს, ხელფასს კიდევ როგორც უნდა ისე განსაზღვრავს. მე რომ მომთხოვენ, რუსულს, ინგლისურს, Microsoft-ის საოფისე პროგრამებს და მერე 300 ლარს შემომთავაზებენ ანაზღაურებას... თქვენ ხომ არ იმუშავებდით ასეთ პირობებში? მე რომ ეგ ვიცოდე, მირჩევნია, წავიდე და უცხოეთში ვიმუშაო. მერე კიდევ გაიკვირვებენ, აი, ეს ემიგრანტებიო, ან სოფელს რატომ ტოვებენო, ნორმალური პირობები არ არის; არადა, არავის უნდა აქაურობის დატოვება...“
გაგა აღნიშნავს, რომ სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა იმისათვის, რომ ადგილობრივებმა მცირე ბიზნესი განავითარონ მთაში. თუმცა აღნიშნავს, რომ რისკია იქ არსებულ პირობებში სესხის აღება, თუნდაც იმიტომ, რომ ვალდებულებაა, გარკვეული რაოდენობის ადამიანის დასაქმება - „მე სასაცილო ხელფასზე ვერავის დავასაქმებდი“- ამბობს ის.
წინა დღეებში ბარისახოში, კორშასა და მიმდებარე სოფლებში სეტყვა იყო, რის გამოც მდინარე არაგვი და ლიქოკის წყალი ადიდდა. ზოგ სოფელში სამანქანო გზა გაფუჭდა, ზოგიერთში შესვლა შეუძლებელი გახდა.
მიხეილ გოგოჭური სტუდენტია, თბილისში საბანკო საქმეს სწავლობს. სოფელში მისი დასაქმების საკითხზე ეღიმება და გვეუბნება, რომ, თუ ოდესმე რომელიმე ბანკი იქ ფილიალს გახსნის, ალბათ, იმუშავებს. ამბობს, რომ მისი გვარიდან თითქმის ყველამ დატოვა სოფლები; ზოგი დუშეთში წავიდა, ზოგიც - დედაქალაქში.
მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ წყალდიდობა იყო, რის შედეგადაც გზებზე მეწყერი ჩამოწვა. სახლები დაზიანდა, ზარალის დამთვლელი კომისია კი იმ მოსახლეებთან მივიდა, ვინც ხმა ამოიღო და ტელევიზიებს დაუკავშირდა.
გოგოჭურის თქმით, „მთის კანონით“ განსაზღვრული შეღავათები საკმარისი არ არის მიგრაციის შესაჩერებლად და ამ კანონს რეალური ცვლილებები არ მოუტანია მაღალმთიანი სოფლებისთვის. ამბობს, რომ „მთის კანონი“ სოფლის მოსახლეობასთან კომუნიკაციის გარეშე მიიღეს. „ერთხელ არ მოსულა გამგეობიდან ადამიანი, რომელიც მოსახლეობას, ადამიანურად და მარტივად აუხსნიდა, რას ითვალისწინებდა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“.
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივნის, ოთარ კონჯარიას თქმით, კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მიგრაციის გამომწვევი ფაქტორების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებებში მეწარმეებს დაუწესდა საგადასახადო შეღავათები, ასევე არის საპენსიო და სახელფასო დანამატები (პედაგოგებისთვის, ექიმებისა და ექთნებისთვის). ასევე პირველ და მეორე შვილზე არის1 წლის განმავლობაში 100-ლარიანი დახმარება, ხოლო მესამე და მომდევნო შვილზე 200-ლარიანი დახმარება, 2 წლის განმავლობაში. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მთის განვითარების ფონდის არსებობა, რომლის ბიუჯეტი 2017 წელს 26 მილიონ ლარს შეადგენს და ამ ფონდიდან თანხა მიემართება, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის და ნაწილი მაღალმთიან დასახლებებში მეწარმეობის განვითარებისთვის.
„მიგრაციული პროცესები მიმდინარეობს ავსტრიაში, შვეიცარიაშიც, სადაც ბუნებრივია, ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურული პრობლემები არ არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს პროცესი მაინც არსებობს. მიგრაციული პროცესი გლობალიზაციასთან არის დაკავშირებული და ვერავინ ვერ შეაჩერებს. ამ კანონით კი გვინდა, რომ ეს პროცესი შევარბილოთ, თორემ მიგრაციას დღევანდელი ტენდენციით წინ არაფერი უდგას“, - ამბობს ოთარ კონჯარია.
ჩირდილისკენ გზას ფეხით ავუყევით. წინა დღეს მოსული სეტყვის გამო ისედაც გაუკაცრიელებული გზა კიდევ უფრო გაფუჭებულიყო. დანგრეული, აქა-იქ მიმოფანტული სახლები დაკეტილი დაგვხვდა. მთის წვერზე ხიმინჯებზე შემდგარი მაცივარი ჩანდა. ეს შარშანდელი არტფესტივალის ინსტალაციაა, რომელზეც გიორგი არაბული კორშაში გვიყვებოდა. თეატრის მხატვარმა საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანა და ღია სივრცეში დადგა.
„მთას ტოვებს ადამიანი კომფორტის გამო, თუნდაც სარეცხი მანქანის გამო, მაცივრის გამო და ა.შ. ეს ნივთები არის ფუჭებადი, ბუნება კი ცოცხალი. ვნახოთ, როგორ აფუჭებს და ახავსებს ტექნიკას ბუნება“, - ამბობს გიორგი არაბული.
მიტოვებულ სოფელს ჩვენც მალე ვტოვებთ.
- ჩალხა
ჩირდილიდან დაბრუნებულები ლიქოკის ხეობისკენ მიმავალ გზას გავუყევით. გზად ისევ გაგა ხორნაული შეგვხვდა. შიშობდა, ლოქოკის ხეობაში, სოფელში სადაც ერთი ოჯახი ცხოვრობს, ვერ მივაღწევდით, რადგან მდინარე უნდა გადაგველახა, მდინარეზე კი ხიდი არ არის. დასახმარებლად გამოგვყვა. მართლაც, მდინარეზე ხიდი არ იყო. გაგა წყალში ჩადის, ზურგით გადაგიყვანთო, გვეუბნება. უარს ვეუბნებით, თუმცა ბოლოს მის ხევსურულ სიჯიუტეს ვერ ვუმკლავდებით. გადავიარეთ მდინარე და ჩალხა ლიქოკელის სახლში აღმოვჩნდით. ჩალხა 83 წლისაა. 1950-იან წლებში კახეთში გადაასახლეს ხევსურების ნაწილი. მისი ოჯახიც მოჰყვა ამ გადასახლებაში. 15 წელი კახეთში ცხოვრობდა, მერე ვერ გაუძლო იქაურობას და ისევ დაუბრუნდა ხევსურეთს. ახლა შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ მისთვის დიდი პრობლემაა უხიდობა. მისი შვილი ხანდახან მდინარეზე დროებით ხიდს აკეთებს, მაგრამ ისიც წყალს მიაქვს. ადგილობრივი ხელისუფლება კი ამბობს, რომ ფინანსები არ აქვთ ხიდის გასაკეთებლად. ამიტომაც ყოველ დღე, ზამთარსა თუ ზაფხულში მდინარეში შესვლა და მეორე ნაპირზე გადასვლა უწევთ.
„დამოუკიდებლობიდან მოყოლებული აქ არაფერი გაკეთებულა. ჩემი ასაკის ადამიანები აქ უკვე აღარ არიან, ახალგაზრდები კი მიდიან; მიდიან სასწავლებლად, სამუშაოდ. აქ ყველა სასაზღვროში ხომ ვერ იმუშავებს“, - ამბობს ჩალხა.
ჩალხას ფოტოს გადაღებას ვთხოვთ; უარს გვეუბნება, მოხუცი ვარ და არ მინდაო. დავემშვიდობეთ და უკან გავბრუნდით.
ისევ რთულად გადავლახეთ მდინარე; ისევ ჩავიდა ამღვრეულ წყალში გაგა ხორნაული; ისევ ზურგით გადაგვიყვანა მეორე ნაპირზე.
მეორე დილით სანათას ვემშვიდობებით. ახლა ვინღა ამოვა ჩემთანო, ამბობს სანათა. დიდი სასკოლო ავტობუსი, ამჯერად შევსებული, თბილისისკენ დაიძრა.