Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არტერიული წნევა საქართველოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია

04 აპრილი 2013

ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შესახებ ცალკეულმა მოქალაქემ ბევრი არაფერი იცის. ინფორმაციის უქონლობა კი ხშირად ხდება უგულისყურო დამოკიდებულების მიზეზი, რასაც  დაავადებების გამწვავება და კრიტიკული შედეგები მოჰყვება.  ამის მაგალითია საქართველოში ყველაზე გავრცელებული, მაგრამ  ყურადღების მიღმა დარჩენილი დაავადება, სისხლის წნევის მომატება, ანუ არტერიული ჰიპერტენზიაა.

არტერიული ჰიპერტენზია მთელ მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სწორედ ამიტომ საქართველომ 2013 წელი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის წლად გამოაცხადა. 

ჰიპერტენზიასთან ბრძოლას აქტიურად იწყებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც, 1-7 აპრილი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის კვირეულად გამოაცხადდა.

ჰიპერტენზიის შედეგები

ჰიპერტენზიის გავრცელების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს ქვეყნების პირველ ხუთეულშია ბაჰამთან, ლესოტოსთან, ლიბერიასა და მალდივებთან ერთად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2005 წლის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის  მიზეზთა 48.8% -ი მაღალი წნევა ხდება. 

მაღალი წნევა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა რისკ-ფაქტორების თანხვედრისას ყალიბდება. ჰიპერტენზიის ჩამოყალიბება პოტენციურად 30-60 წლამდე ასაკის ადამიანებს ემუქრებათ.  140/90 - ეს არის არტერიული წნევის მაჩვენებელი, რომელიც ჰიპერტენზიის ნიშნულად მიიჩნევა.

ზრდასრული ადამიანისთის ნორმად მიჩნეულია სისტოლური წნევის 120 ნიშნული, დიასტოლური წნევის შემთხვევაში კი - 80.  წნევის მომატება ორგანიზმის ფუნქციონირების ცვლილებასა და ზოგ შემთხვევაში, ფატალურ შედეგს იწვევს.

მედიკოსები პირველად და მეორად ჰიპერტენზიას განასხვავებენ. მეორადი ჰიპერტენზიის შემთხვევაში მაღალი წნევა სხვა რომელიმე დაავადების გამოვლინების სიმპტომია, პირველადის შემთხვევაში კი თავად ხდება სხვა დაავადებების მიზეზი.

,,გარდა იმისა, რომ მაღალი წნევა თავად დაავადებაა, ის იწვევს გულის იშემიურ დაავადებებს, ანუ ინფარქტს და ინსულტს - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას. ის ხდება დიაბეტის ჩამოყალიბების, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის, თვალის ბადურის დაზიანების მიზეზი და ა.შ.,“ - ამბობს ,,ლიბერალთან“ საუბრისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, საქართელოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი სწორედ ჰიპერტენზიით გამოწვეული ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევებია.

2010 წელს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა  ევროკავშირის მისიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მოსახლეობის კვლევა ჩაატარა, რომელმაც გამოავლინა, რომ მოსახლეობის 33,4% (ყოველი მესამე) რეალური ან პოტენციური ჰიპერტონიკია.

გამომწვევი ფაქტორები

ჰიპერტენზიის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს შორის დაბალ ფიზიკურ აქტივობას, არაჯანსაღ კვებით ჩვევებს, თამბაქოს მოხმარებას, ალკოჰოლისა და სუფრის მარილის ჭარბი რაოდენობით მოხმარებას, მემკვიდრეობით მიდრეკილებასა თუ სტრესულ მდგომარეობას გამოყოფენ. 

დაავადების ჩამოყალიბების შანსი განსაკუთრებულად იზრდება რამდენიმე რისკ-ფაქტორის თანხვედრისას.

საქართველოს შემთხვევაში ყველაზე ხშირად მოქმედ რისკ-ფატორად ამირან გამყრელიძე სუფრის მარილის ჭარბ მოხმარებასა და ალკოჰოლს გამოყოფს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღანელი, ლელა სტურუა, ჰიპერტენზიით დაავადების მზარდ ტენდენციაზე საუბრობს.

,,საქართველოს მოსახლეობის 70% კვებითი რისკის ქვეშაა. თუ მოწყვლად პოპულაციას ავიღებთ, მაგალითად მიგრანტებს, მათი 100% კვებითი რისკის ქვეშ არის. ანუ, არასაკმარისი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს ვიღებთ და დიდი რაოდენობით სუფრის მარილსა და ცხიმებით მდიდარ საკვებს მივირთმევთ.  ზოგადად, თუ  ადამიანი დღეში 5 ულუფა ხილსა და ბოსტნეულზე ნაკლებს იღებს, კვებითი რისკის ქვეშ იმყოფება,“ - ამბობს  სტურუა.

ლელა სტურუას 2008 წლის ომის შედეგად მიგრანტი მოსახლეობის კვლევის შედეგები მოჰყავს, რომელიც აჩვენებს, რომ ჰიპერტენზია მიგრანტებში კიდევ უფრო მასშტაბური პრობლემაა, რაც სავარაუდოდ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების, ადინამიის, კვებითი არასრულფასოვნებისა და სტრესული გარემოს გავლენაა. “მიგრანტებში წნევის საშუალო მაჩვენებელი 140/90- ზე გამოვლინდა. ფაქტობრივად,  2008 წლის ომის შემდეგ დევნილი ყველა მიგრანტი ჰიპერტონიკია“-ამბობს ის.

პრობლემურია ასევე სამედიცინო განათლების დაბალი დონე და მოსახლეობის დამოკიდებულებაც ჰიპერტენზიისადმი. გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში სამედიცინო  მომსახურება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელია, მკურნალობის შემთხვევაშიც, ავადმყოფი ხშირად არ ემორჩილება ექიმის რჩევებს. ლელა სტურუას თქმით, ხშირად მაღალი წნევით დაავადებული ადამიანები ექიმის გამოწერილ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს მხოლოდ წნევის აწევის შემთხვევაში სვამენ. არადა პრეპარატს რეგულარულად უნდა იღებდნენ, რომ წნევის აწევა აირიდონ თავიდან.

ჰიპერტონიასთან ბრძოლის მეთოდები

გამყრელიძე ჰიპერტენზიას თანამედროვე მსოფლიოს  გამოწვევას უწოდებს.

,,ჰიპერტენზია ქრონიკულ ანუ არაგადამდებ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მათ სხვაგვარად ცივილიზაციის დაავადებებს უწოდებენ, რადგან ისინი მთავარ პრობლემად XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იქცნენ.  50-იან წლებამდე კი სიკვდილიანობის მიზეზად ინფექციური დაავადებები ჭარბობდა. მას შემდეგ, რაც ანტიბიოტიკები გაჩნდა და მკურნალობა დაიხვეწა, მთავარ გამოწვევად ქრონიკული დაავადებები დარჩა,“ -ამბობს გამყრელიძე.

ჰიპერტონიასთან ბრძოლის მეთოდებში უპირველესად ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომელიც როგორც პრევენციული, ისე თერაპიული მეთოდია.  ფიზიკური აქტივობის ზრდა, ჯანსაღი კვება, ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებასა და თამბაქოზე უარის თქმა მაღალი წნევის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებებია.

დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინფორმირებას, თუ რა ფაქტორები იწვევს წნევის მატებას და როგორ უნდა გაუმკლავდნენ მაღალ წნევას.  როგორც ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 30%-ს წნევა საერთოდ არ აქვს გასინჯული. წნევის დაფიქსირება კი ჰიპერტენზიის პრევენციის პირველი ნაბიჯია. 1-7 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი სწორედ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება იქნება.

ჰიპერტენზია არ იკურნება, მაგრამ მაღალი წნევის კონტროლი, ჰიპერტენზიის მართვა  და ჰიპერტენზიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების თავიდან არიდება შესაძლებელია.

დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპებზე, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი წნევის კონტროლისთვის არასაკმარისი ხდება, აუცილებელია მედიკამენტური ჩარევა.

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოხმარება დაავადებული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრეპარატების ხელმისაწვდომობის პრობლემას არსებული სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტები ნაწილობრივ ჭრის. მაგალითად, სოციალურად დაუცველებისა  და პენსიონერების  არსებული დაზღვევა  ლიმიტის ფარგლებში გარკვეული პრეპარატების ღირებულების  ანაზღაურებას ითვალისწინებს, რომელთა შორისაც ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებიცაა. თუმცა ამ ზომას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი არასაკმარისად მიიჩნევს. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ცენტრმა უკვე დაუწყო ჰიპერტენზიასთან ბრძოლის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა, რომელიც მზად ივნისისთის იქნება.

გამყრელიძე ხაზს უსვამს, რომ  სახელმწიფო დაზღვევა დღეისთვისაც ფარავს ჰიპერტენზიით გამოწვეული გართულებების მკურნალობას, როგორიცაა ინფარქტი და ინსულტი, მაგრამ უმჯობესი იქნება პრევენციული ზომების გატარება და ჰიპერტენზიის იმ ეტაპზე გაკონტროლება, რომ დაავადება რთულ ფორმებში არ გადაიზარდოს. მისი თქმით, ეს გაცილებით ეფექტური იქნება და სახელმწიფოსაც უფრო იაფი დაუჯდება.

პრევენციულ მექანიზმებში  უპირველესი სისხლის წნევის გაზომვა და  საჭიროების შემთხვევაში, მისი კონტროლის დაწყებაა. გამყრელიძის თქმით, სავარაუდოდ გაფართოვებული სადაზღვევო პაკეტი ჰიპერტენზიით დაავადებულთათვის პრეპარატების ღირებულების ნაწილობრივ ანაზღაურებას მოიცავს. 

 

 

 

                                                      

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^