Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიღარიბე, როგორც სასჯელი

10 აპრილი 2013

საქართველოში, იუნისეფის მონაცემებით 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში, 205 000 კი შეფარდებით სიღარიბეში ცხოვრობს, ნახევარი მილიონი მოქალაქე კვების დეფიციტს განიცდის

თბილისში ათონელის ქუჩაზე ყოფილი 68-ე სკოლის შენობაში სოციალურად დაუცველი 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. შენობაში 50-მდე ბავშვია, მათ შორის ჩვილებიც. ხშირად  მშობლებს საკუთარი თავისა და მათ გამოსაკვებად კათარზისიდან და ეკლესიიდან  საკვები ქილებით მოაქვთ. საკვებად თითქმის უვარგისი კერძებია, მაგრამ რა ქნან, სხვა საშუალება არ აქვთ.

8 თვის მარიამისა და 6 წლის ანას დედა შორენა ერთ-ერთია, რომელიც სკოლის ყოფილ შენობაში ცხოვრობს. “17 წელი კახეთში ვცხოვრობდი, 12 წელია თბილისში ვარ. საკუთარი ბინა არასდროს მქონია. თბილისში ნახევარსარდაფებსა და უფანჯრო ბინებში ვცხოვრობდით,”- ამბობს შორენა. ჯანდაცვის სამინისტროს საბინაო 200 ლარიანი ვაუჩერი საცხოვრებლად ვარგისი ბინის დასაქირავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და სხვა გზა არ ჰქონდა, ათონელის ქუჩაზე ავარიულ შენობაში შესახლდა.

ერთი წლის ლელუკას დედა ბეკოც შენობაში სხვებთან ერთად შესახლდა. დაქორწინების შემდეგ უბინაოდ დარჩა, - “მეუღლეს ბინა არ აქვს, მშობლების სახლი ჩემი ძმისაა.” - ამბობს ის.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით საქართველოში ბავშვთა 9.4 პროცენტი ანუ 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და მათზე დღეში მხოლოდ 2 ლარი იხარჯება. ბავშვთა 25 პროცენტი (205 000) შეფარდებით სიღარიბეშია და დღეში საარსებოდ დაახლოებით 3.60 ლარი აქვს. ზოგადად, ბავშვიანი ოჯახები უფრო განიცდიან სიღარიბეს, ვიდრე სხვები და უფრო ნაკლებად სარგებლობენ სოციალური დაცვით. 

ასეთი სიღარიბის ფონზე გასაკვირი არაა, რომ საქართველოს ნახევარი მილიონი მოქალაქე, ძირითადად ქალები და ბავშვები კვების დეფიციტს განიცდის.

კვების დეფიციტი - მალნუტრაცია

საქართველოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 800 ბავშვი იღუპება. აქედან  300 ბავშვის გარდაცვალებას დედის ანემია, მცირე წონიანობა, არასრულფასოვანი კვება და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობისთან დაკავშირებული  სხვადასხვა მანკი იწვევს. ბავშვთა სიკვდიანობის მაჩვენებლით ევროპის 44 ქვეყანას შორის საქართველო 42 ადგილასაა.

გაეროს ბავშვთა  ფონდის 2012 წლის ნუტრიციულ  კვლევაში აღნიშნულია, რომ მალნუტრიცია (კვების დარღვევა) საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, არამედ აბრკოლებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რადგან უზღუდავს ადამიანებს ენერგიას, კრეატიულობასა და ანალიტიკურ უნარებს, სპობს ინიციატივასა და საქმიანობის სურვილს, მოქმედებს ადამიანების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. როცა მალუნტრაცია მოსახლეობის დიდ სეგმენტში ვრცელდება, საგანგაშო შედეგებს იწვევს. უკანასკნელ 10 წლის განმავლობაში მალნუტრიციამ ქვეყანას 1.3 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა და 4300 ახალშობილის სიცოცხლე იმსხვეპლა.

„კვების დეფიციტი საკვების ნაკლებობად არ უნდა გავიგოთ. აქ შედის ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა, რაც როგორც ადამიანის ზოგად განვითარებას, ასევე ორსულობისა და მშობიარობის ნორმალურად მიმდინარეობას განაპირობებს. სამწუხაროდ, ორსულებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან, რომ ფოლიუმის მჟავა უნდა მიიღონ, ამას კონსულტაციებზეც არ უხსნიან.“ - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის ექსპერტის თამარ უგულავასა თქმით, რეპროდუქციული ასაკის ყოველი მესამე ქალი ანემიურია და ფოლიუმის ნაკლებობას განიცდის, რაც თავის მხრივ, ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. როდესაც ეს რიცხვი ასეთი მასშტაბურია, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფომ უნდა იკისროს.  

მიკროელემენტებისა და ვიტამინების მოსახლეობისთვის მიწოდება ხორბლისა და სიმინდის ფქვილის ფორტიფიცირებით შეიძლება. ფორტიფიცირება პურის მიკროელემენტებით გამდიდრებას გულისხმობს.

„დონორების დახმარებით სახელმწიფომ შემოიტანა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ფქვილში მიკროელემენტების შერევას უზრუნველყოფს და წისქვილკომბინატებს დაურიგა. ასევე შეიძინა ფქვილისათვის სპეციალური მინარევი, პრემიქსი. რაღაც პერიოდი ეს პროგრამა მუშაობდა. როდესაც დამთავრდა ვკითხეთ საცხობების კერძო მფლობელებს რა შემთხვევაში განაგრძობნენ თავად პრემიქსის ყიდვასა და ფქვილის  გამდიდრებას. გვიპასუხეს, რომ თუ მოსახლეობაში მოთხოვნა იქნება და მყიდველი გამდიდრებულ პურს შეიძენდა, პრემიქსს თავად შემოტანდნენ.  მყიდველი როდესაც მაღაზიაში შედის და ხედავს, რომ პურს გამდიდრებული აწერია, არ ყიდულობს, ჰქონია რომ  რაღაც ქიმიაა. ასეთ  დროს სახელმწიფომ ან თავად უნდა შემოიტანოს პრემიქსი ან მოსახლეობის ინფორმირება უზრუნველყოს.“ - ამბობს თამარ უგულავა.

ბავშვისათვის მიკროელემენტების მიღებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი 6 თვიდან 2 წლამდე მოდის, ამ პერიოდში კი პურს ის ყველაზე ნაკლებად იღებს. თამარ უგულავას თქმით, ამ პერიოდში ბავშვისთვის მომზადებულ საჭმელზე სპეციალური მინარევების მოყრა ბავშვის ორგანიზმს მიკროელემენტებით უზრუნველყოფს. ბავშვისათვის განკუთვნილი ფხვნილი 16 მიკროელემენტს შეიცავს და ძალიან იაფი ჯდება, თუმცა - საქართველოში არ იყიდება.

უგულავას თქმით, აქაც ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემაა.  ეს ფხვნილი ბავშვის ჯანმრთელობისთვის უვნებელია, თუმცა, მოსახლეობა, ინფორმაციის არარსებობის გამო, ამგვარ საკვების დანამატებს ეჭვის თვალით უყურებს. ფარმაცევტები  ამ ფხვნილს იმ შემთხვევაში შემოიტანენ, თუ ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდება. უგულავას თქმით, აქაც სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და საზოგადოებას 16 საჭირო მიკროელემენტის შემცველი სპეციალური ფხვნილის არსებობისა და საჭიროების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

„დავიანგარიშეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი წლის განმავლობაში 6-დან 2 წლამდე ბავშვი რომ ამ სპეციალური მინარევით იყოს უზრუნველყოფილი, 5 ლარია საჭირო. სახელმწიფომ მათთვის, ვისაც სჭირდება, ვინც სოციალურად დაუცველია და ბავშვი უკვდება შიმშილით, სამედიცინო დაზღვევაში მედიკამენტების ნუსხაში, ეს მინარევი უნდა შეიტანოს.“ - ამბობს თამარ უგულავა.

 

სოციალური დაცვის სისტემის არაფექტიანობა

სიღარიბე კვების დეფიციტის ძირითადი განმსაზღვრელია. სოციალური დაცვის სისტემა სათანადოდ ვერ მოიცავს ბავშვებს და მისი არაფექტიანობის დასტური ახლახან აჭარის მაღალმთიანეთში კვების მწვავე დეფიციტისგან გარდაცვლილი ერთი წლის ბავშვია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საზოგადოებმა ბავშვის შიმშილით გარდაცვალების შესახებ შეიტყო, მაგრამ კვების დეფიციტით გარდაცვალების შემთხვევები არც თუ იშვიათია. ამავე მიზეზით გარდაიცვალა საგარეჯოში 6 თვის ბავშვიც.

კვების დეფიციტთან ერთად ქვეყანაში ფრაგმენტულია დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის მომსახურება.

„პირველადი ჯანდაცვის ჯაჭვი არსად არ უნდა გაწყდეს. ზრუნვა ჩასახვისა და ორსულობის პერიოდიდან უნდა დაიწყოს, პაციენტზე ინფორმაცია სამშობიაროში უნდა გადადიოდეს, შემდეგ პირველადი ჯანდაცვის რგოლში, სისტემა და სახელმწიფო მუდმივად უნდა ხედავდეს ბავშვს და მხედველობის არეალიდან არ გამოვარდეს, როგორც მოხდა გოგიტა აბაშიძის შემთხვევაში. ეს ბავშვი საერთოდ სისტემის მიღმა აღმოჩნდა. სხვადასხვა სტუქტურებს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ.“ - ამბობს მაია ქურციკიძე.

რაც შეეხება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ბავშვებს, აქ სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.  სოციალური დახმარების სისტემაში ბავშვი მხოლოდ და მხოლოდ დამატებით სულადობად განიხილება და არა განსაკუთრებული საჭიროების მქონედ. სახელწიფოში არ არსებობს ბავშვთა მიზნობრივი დახმარება.

სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ქალთა და ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელის ანა არგანაშვილის თქმით, ბავშვთა მზრუნველობისა და კეთილდღეობისათვის შემქნილი სისტემა, რომელსაც ბავშვების წინაშე არსებული პრობლემები უნდა გადაეჭრა, თავად აღმოჩნდა პრობლემური.

„სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები არ თვლიან, რომ ჯერ სტატისტიკა უნდა ჰქონდეთ და მერე დაგეგმონ პროგრამა. ქვეყანაში არაფრის სტატისტიკა არ არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე სახელმწიფო სისტემა არის თუ არა რეალობასთან შესაბამისობაში. კვლევებიც არ ტარდება და შესაბამისად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ სფეროში მიიღეს, პრობლემურია. როგორც წესი, გამოყოფილია რაღაც თანხა და წყვეტენ რა სამუშაოების ფარგლებში ჩაჯდებიან. ამას ემატება ის, რომ არაფრის მონიტორინგი არ ხდება. სისტემა ისე მოვიდა აქამდე, რომ არც წინა კვლევით სამუშაოებს ატარებდა და არც ჩატარებულ სამუშაოებს აფასებდა.“ - ამბობს არგანაშვილი.

2008-2011 წლის ბავშვთა კეთილდღეობის  სამოქმედო გეგმის მიხედვით 2009 წლის ბოლოს ბავშვთა ალტერნატიული მზრუნველობის დაწესებულებაში შედინება ნულამდე უნდა დასულიყო. ანა არგანაშვილის თქმით, ეს ნიშნავდა, რომ ბავშვთა სიღარიბე უნდა აღმოფხვრილიყო, რამდენადაც ამ დაწესებულებებში ბავშვები სწორედ სიღარიბის გამო ხვდებიან. გეგმა არ შესრულებულა. „გეგმები იწერება და არანაირი აზრი აქვს, არ ფასდება. შემდეგ იწერება ახალი გეგმა და ა.შ.“ - ამბობს ანა არგანაშვილი.

„პრობლემას რომ მივყვეთ: რატომ არ გვაქვს კარგი სამოქმედო გეგმა? იმიტომ რომ ის მტკიცებულებებს არ ეფუძნება და სამი ადამიანი წერს. რატომ ვერ ხორციელდება შემდეგ ეს გეგმა? აღმოჩნდება, რომ მას, ვინაც გეგმა უნდა განახორციელოს, ბავშვამდე მისასვლელი საწვავი არ აქვს.“ - ამბობს არგანაშვილი.

ქვეყანაში რესურსებისა და კომპეტენციის ნაკლებობის პრობლემაა. მწირია სიღარიბესთან ბრძოლისთვის გამოყოფილი რესურსები. ერთ მთლიან რეგიონზე ერთი ფსიქოლოგი მოდის, რამდენიმე ათას ბავშვზე კი ერთი სოციალური მუშაკი. სისტემის ასეთად დატოვება თავის თავად გულისხმობს ტრაგიკულ შედეგებს.

„ბავშვთა უფლებები არ აისახება სოციალურ-პოლიტიკურ სისტემაში. ბავშვთა უფლებები ნიშნავს რომ არის უფლება და მისგან გამომდინარე საჭიროები, რომელსაც სისტემა უნდა ერგებოდეს. რეალობაში პირიქითაა, გამოყოფილია რაღაც თანხა და ამ თანხის შესაბამისად ნაწილდება საჭიროებებზე. მაგალითად, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის ერთადერთი 40 ადგილიანი ცენტრი არსებობს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით 1500-მდე ქუჩის ბავშვია ქვეყანაში,“ - ამბობს ანა არგანაშვილი.

მანკიერია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების სისტემაც.

„ღონისძიება უნდა დაიწყოს მანამდე, ვიდრე ოჯახი სიღარიბეში ჩავარდება. თუ ოჯახში არის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ერთი დაუსაქმებელი, ერთი ბავშვი და ერთი ხანდაზმული, ძალიან მალე მაღალი ალბათობით სიღარიბეში აღმოჩნდება. რისკები ადრე უნდა აღმოაჩინო. სოციალური დახმარებას მაშინ გაძლევენ, როდესაც უკვე სიღატაკეში ხარ, მას არ აქვს პრევენციული ხასიათი. ჯერ უნდა გაღატაკდე და შემდეგ დაგეხმარებიან. როგორც კი ოდნავ წინ წაიწევ, დახმარებას მოგიხსნიან. რეალურად, სახელმწიფოს ისეთი დახმარების სისტემა აქვს, რომ ღარიბი უნდა დარჩე.“ - ამბობს ანა არგანაშვილი.

მთავრობამ ახლახან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის 2013 წლის გეგმა დაამტკიცა. გეგმაში სოციალურად დაუცველი ჩვილებისათვის 80 ლარიანი კვების ვაუჩერია გამოყოფილი. ვაუჩერის გამოყენება ოჯახს აფთიაქებში შეეძლებათ. ეს ვაუჩერი წინა წლებშიც გაიცემოდა,  მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ვაუჩერი კვების დეფიციტს ვერ აგვარებს. წინა წლისგან მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ თუკი შარშან კვების ვაუჩერს ძირითადად 1 წლამდე ბავშვები იღებდნენ, ახლა 1 წლისა და 6 თვემდე ბავშვებიც მიიღებენ.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე იუნისეფის კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს.

„იმას, რომ ქვეყანაში ასეთი კვების დეფიციტია და ბავშვები შიმშილობენ, ბოლომდე ვერ დავეთანხმები. ასეც არ არის. რამდენიმე ექსპერტი რომ გავა საკვლევ ველზე და შერჩევითად შეაფასებს სურათს, ეს არაფრის მომცემი არაა.“ - ამბობს ლომიძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 77 000 ბავშვი დღეში 2 ლარს მოიხმარს,  დავით ლომიძე პასუხობს, რომ ჩვილ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, დამატებითი ხარჯისაერთოდ არ სჭირდებათ.

სიღარიბეში დაბადებული ბავშვი დიდი ალბათობით მომავალშიც სიღარიბეში იცხოვრებს, სიღარიბემ ადრეულ ასაკში შესაძლოა ფიზიკური და შემეცნებითი განვითარების ხარვეზები გამოიწვიოს, რაც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება და ბავშვს სამუდამოდ არახელსაყრელ მდგომარეობაში ამყოფებს. ამიტომაც ამბობენ, რომ სიღარიბე მემკვიდრეობით გადადის. გაეროს  ბავშვთა კონვენცია ამბობს, რომ  სიღარიბე არ უნდა გახდეს სასჯელი. სახელწიფოს მოვალეობა სწორედ ამის უზრუნველყოფაა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^