Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატი თოფაძე მეწარმე აბრამაშვილის წინააღმდეგ

10 აპრილი 2013

“ვალიკოს ჩემგან გადაეცით, ჭკუით იყოს, თორემ უფრო ხათაბალაში გაეხვევა. ჭკუით იყოს, გადაეცით, მაგას იქ არაფერი არ ეკუთვნის და ტყუილად ნუ წვალობს, თორემ უფრო გაურთულდება საქმე”. ეს დანაბარები “ქართული ოცნების” წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა გოგი თოფაძემ თავის ყოფილ ბიზნესპარტნიორს ვალიკო აბრამაშვილს სტუდია “მონიტორის” საშუალებით გადასცა. აბრამაშვილი გოგი თოფაძეს დაახლოებით 300 ათასი დოლარის ოდენობის წილის წართმევაში ადანაშაულებს.

 

ბაკურიანში მდებარე  ყველაზე დიდი სათხილამურო ტრასა სააქციო საზოგადოება “დიდველს”  ეკუთვნის.   “დიდველი” უკვე რამდენიმე წელია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა.  სათხილამურო ინფრასტრუქტურას საკუთარი მომსახურების ცენტრი უნდა ჰქონოდა. საქართველოს ვაჟ მოთხილამურეთა ნაკრების წევრის, იასონ აბრამაშვილის ოჯახი 2006 წლიდან მშენებარე ობიექტის გარკვეულ ნაწილს ფლობდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს,  2011 წელს შეიტყო, რომ პარტნიორის მეშვეობით მისმა ოჯახმა შენობაზე ყოველგვარი უფლება დაკარგა. იასონის მამა ვალიკო აბრამაშვილი გარკვეული პარიოდის განმავლობაში ბაკურიანის გამგებელიც იყო.  ვალიკო აბრამაშვილი ამბობს, რომ დაახლოებით 20  წლის წინ მისი ოჯახი ბიზნესმენ გოგი თოფაძის ოჯახს დაუახლოვდა, მოგვიანებით კი დიდველის მომსახურების ცენტრის ერთად აშენებაც გადაწყვიტეს. მომსახურების ცენტრ “დიდველის” მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის შპს “თრიალეთი” შეიქმნა  და შპს-ს წილები ორივე ოჯახზე თანაბრად, ანუ 50%-50%-ად  გადანაწილდა.

“ისე წარიმართა სიტუაცია, რომ დოკუმენტები მიწაზე და საპროექტო უნდა მოეგვარებინა გოგი თოფაძეს, როგორც ივანიშვილთან, ასე საპროექტო საქმიანობაც უნდა მოეწესრიგებინა, მშენებლობისთვის უნდა მიმეხედა მე და დამეფინანსებინა ნაწილობრივ, შეძლებისდაგვარად”, - ამბობს ვალიკო აბრამაშვილი

აბრამაშვილებს დიდველზე თხილამურების გაქირავების ბიზნესი და ბაკურიანში 2 საოჯახო სასტუმრო აქვთ. გოგი თოფაძემ დიდველის მშენებლობისთვის სამშენებლო კომპანია “დიტოს” ხელმძღვანელი ვანო გიორგაძე გააცნო აბრამაშვილებს და მშენებლობაც დაიწყო. როგორც თავად ამბობენ, 2006 წელს “დიდველის”  მომსახურების ცენტრის მშენებლობაში სოლიდური თანხები ჩადეს, მათი თქმით, თანხებს მშენებლობაში ორივე ოჯახი დებდა. 2007 წლის სექტემბერში ვალიკო აბრამაშვილი დააპატიმრეს და სამოხელეო დანაშაულში დასდეს ბრალი.

ვალიკო აბრამაშვილი: “მე დამიჭირეს 7 სექტემბერს, 10 სექტემბერს ჩემი მეუღლე და შვილი მივიდნენ გოგი თოფაძესთან და სთხოვეს, იქნებ, რაც ჩადებული აქვსო, თქვენ შეისყიდოთ ჩვენი წილი და ჩვენ გავალთ. 146 ათასი  დოლარი უკვე ჩადებული მქონდა.  თოფაძის პასუხი იყო შემდეგი, მე სად მაქვს ფული, ნეტა, ჩემი წილიც თქვენ იყიდოთ. მაშინ ჩემმა მეუღლემ შესთავაზა, იქნებ,  დროებით სანამ ჩემი მეუღლე გამოვა, თქვენ გადაიფორმოთ ფიქტიურად ჩვენი წილიო, დათანხმდა იმწუთში”.

იასონ აბრამაშვილის თქმით, თოფაძებს ენდობოდნენ.  “ჩვენი წილიდან ნოტარიულად 49.5 % გადავუფორმე ირაკლი თოფაძეს, თუმცა ეს იყო ფიქტიური გადაფორმება. სიტყვიერი შეთანხმება იყო ის, რომ გადმოგიფორმებთ, მაგრამ რამდენიმე თვეში, როცა ყველაფერი დალაგდება და მამაჩემი  გამოვა, გადმოვიფორმებთ უკან ჩვენს წილს და გავაგრძელებთ მშენებლობას”, - ამბობს იასონ აბრამაშვილი.  ფიქტიურად გადაფორმებული წილის შემდეგ აბრამაშვილებს  საკუთრებაში “თრიალეთის” 0.5% დარჩათ.

ვალიკო აბრამიშვილი საპატიმროდან 3 თვეში გამოვიდა. ამბობს, რომ “დიდველის” მომსახურების ცენტრის  მშენებლობა გაგრძელდა, მშენებლობაში  თანხების ჩადებას ორივე ოჯახი განაგრძობდა, თუმცა შპს “თრიალეთის” ფიქტიურად გადაფორმებული წილის უკან დაბრუნებას გოგი თოფაძე თავს არიდებდა.

“ჩამოვაგდე ამაზე საუბარი, ბატონო გოგი, იქნებ დამიბრუნოთ ჩემი წილი. უფრო თამამად ვიქნები. მითხრა, - ოღონდ აშენე შენ, ოღონდ, აკეთე და სად წამიხვალ, ან მე სადა ვარ გამქცევი.  კაცი რომ გელაპარაკება, თვალებში გიყურებს, მჯეროდა  ამ კაცის”. აბრამიშვილებმა 2011 წელს გადაწყვიტეს თოფაძისთვის ფიქტიურად გადაფორმებული 49.5% -ს დაბრუნება საბოლოოდ მოეთხოვათ.

“2011 წელს შემოდგომაზე მივედეთ ჩვენი წილის გადმოსაფორმებლად. გოგი თოფაძეს მოვთხოვეთ წილის გადმოფორმება უკან  და დაგვილაგა საბუთები, შენობა თქვენ აღარ გეკუთვნით, ბანკმა წაიღო, თქვენიც წაიღო და ჩემიც წაიღოო. შოკისმომგვრელი იყო. რას ჰქვია წაიღო? გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. წავედით საჯარო რეესტრში და ამოვიღეთ მთელი დოკუმენტაცია”, -ამბობს იასონ აბრამაშვილი

საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ აბრამაშვილებმა გაარკვიეს, რომ შპს “თრიალეთში” აღარაფერი ეკუთვნოდათ.  ფიქტიურად გადაფორმებული 49.5-ს% შემდეგ დარჩენილი ნახევარი პროცენტიც 2008 წლის დეკემბრიდან თოფაძეების საკუთრება ყოფილა. რეესტრის დოკუმენტებიდანვე გაარკვიეს, რომ 2011 წელს შპს თრიალეთის ქონება იპოთეკით იყო დატვირთული, ქონება თოფაძეებს სესხის სანაცვლოდ “ქართუ” ბანკში დაუგირავებიათ.  

“მთელი დოკუმენტაცია ამოვიღე. ჯერ ნახევარი პროცენტი გვქონდა, თუმცა შემდგომ ის ნახევარი პროცენტიც მათი აღმოჩნდა. შემდეგ 2008 წელს შპს “თრიალეთს” მიუღია ახალი წესდება. ვნახე, რომ აგერ ბანკში აქვს ჩადებული და სესხი აქვს აღებული 1 მლნ 325 ათასი დოლარი. ეს ჩეთვის შოკისმომგვრელი იყო. მეორე დღეს მე და ჩემი შვილი მივედით გოგისთან. ვკითხეთ, ბატონო გოგი, აქ რაღაც ვერ ხდება კარგი საქმე, რა ხდება ჩვენს მონდობილ წილთან დაკავშირებით? ასე გვითხრა, რა ვქნა, ბანკში ვალი მქონდა და უზრუნველყოფაში ჩავდეო. მე ვუთხარი, შენი 50 % ჩაგედო, ჩემი რატომ ჩადე მეთქი?  რა ვქნა,  ასე მოხდა და ერთ შაურსაც ჩემგან ვერ მიიღებ, წადი და სადაც გინდა იჩივლე”, - ასე იხსენებს თოფაძესთან საუბარს ვალიკო აბრამაშვილი.

აბრამაშვილები ამბობენ, რომ დიდველის მშენებლობაში დაახლოებით 300 ათასი დოლარი აქვთ ჩადებული და თოფაძეების გამო  ეს თანხა დაკარგეს. ჩვენ გოგი თოფაძის პოზიციით დავინტერესდით და მას ინტერვიუსთვის პარლამენტში მივაკითხეთ. იგი დღეს საქართველოს პარლამენტის წევრია. არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-6 ნომერი იყო და პარლამენტშიც  ამ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს. თოფაძე თავიდან საუბარზე დაგვთანხმდა, თუმცა შპს “თრიალეთთან” დაკავშირებით ვრცელ კომენტარზე უარი გვითხრა.

ჩადეს თუ არა აბრამაშვილებმა თანხა “დიდველის” მშენებლობაში და როგორ გადაფორმდა შპს-ს წილები თოფაძეებზე?  ამ კითხვებზე პასუხი ჩვენ გოგი თოფაძის შვილს, ირაკლი თოფაძესაც ვთხოვეთ, მაგრამ პასუხს მანაც თავი აარიდა.

თოფაძეებისგან კომენტარზე უარის მიღების შემდეგ მათი ადვოკატი დაგვიკავშირდა. შპს “თრიალეთის” ირგვლივ დაწყებულ დავაზე არსებულ კითხვებს ადვოკატმა გოჩა გოგიშვილმა უპასუხა.

“მონიტორი”-ის შეკითხვაზე, დაადასტურებდა თუ არა ფაქტს, რომ აბრამაშვილებმა დაახლოებით 280 ათასი დოლარი ჩადეს ამ ობიექტის მშენებლობაში, ადვოკატმა გვიპასუხა, რომ მათ არ მიუღიათ მონაწილეობა კომპანიის განვითარებაში და არც თანხა ჩაუდიათ. “კომპანიის პარტნიორს არ შემოუტანია, არ განუხორციელებია, რაიმე სახის ინვესტირება კომპანიაში” - აღნიშნა გოგიშვილმა.

ინვესტიციის დამადასტურებელი დოკუმენტები 

ნამდვილად ჩადეს, თუ არა თანხა აბრამაშვილებმა მშენებლობაში და როგორ აღმოჩნდა შპს “თრიალეთის” 100% თოფაძეების საკუთრება? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ  საქმის მასალები დეტალურად შევისწავლეთ.

აბრამაშვილების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, მათ “დიდველის” მშენებლობაში 2006-2009 წლებში დაახლოებით 280 ათასი დოლარი ჩადეს. ეს  დასტურდება მშენებელისთვის თანხის გადაცემის შესახებ გაკეთებული ჩანაწერებით, სადაც მითითებულია წლების მიხედვით ვალიკო აბრამაშვილისგან მიღებული თანხების რაოდენობა და 4 წელში შეტანილი თანხის ჯამი, რასაც საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს მშენებელი კომპანია “დიტოს” მფლობელი და ხელმძღვანელი ვანო გიორგაძე.

ვანო გიორგაძე გოგი თოფაძესთან დაახლოებული მშენებელია, მანვე ააშენა თოფაძეების საცხოვრებელი სახლი. როგორც თავად ამბობს, ოფისიც ყაზბეგის შენობაში აქვს. ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა, თუმცა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ აბრამაშვილისგან თანხას იღებდა და “დიდველის” მშენებლობას ახმარდა.

ვანო გიორგაძე, მშენებელი (ფარული ვიდეოჩანაწერი): მე მივიღე თანხა და დავადასტურებ,  სადაც არ უნდა იყოს დავადასტურებ

- ეს ინტერვიუში რომ მითხრათ შეიძლება?

- მე არავითარ ინტერვიუს არ ვიძლევი.

- თქვენთვის მოცემული რამდენი აქვს ვალიკოს?

- ვალიკოს ჩემი ხელმოწერით რომ დევს, იქ წერია რამდენია დახარჯული, მე ზეპირად არ ვიცი.

- წლების მიხედვით ხო?

- თვეების და რიცხვების მიხედვით.

- რომელი წლიდან იხდიდა, ბატონო ვანო?

-  2006 -2007-დან.

- თქვენ რისთვის გიხდიდათ ის ამ თანხებს?

- რისთვის მიხდიდა? არ ჩანს იმ შენობაში, რისთვისაც მიხდიდა?

- სრულად ახმარდით იმ ობიექტს?

-  აბა, რას ვშვრებოდი, კაცო!

მშენებელი თანხის მიღებას  ფარულ აუდიო ჩანაწერშიც ადასტურებს, ჩანაწერში მას ვალიკო აბრამაშვილი ესაუბრება.

ფარულ აუდიო ჩანაწერში ირაკლი თოფაძეც ეუბნება ბარამიშვილს: “არავინ დავობს, შენი ფულიც დევს და გოგის ფულიც დევს”

როგორ მოხდა შპს “თრიალეთის” 49.5%-ის თოფაძეებზე გადაფორმება

მეორე სადავო საკითხი 2007 წელს 49.5 %-ს იასონ აბრამაშვილისგან ირაკლი თოფაძეზე გადაფორმებაა,  აბრამაშვილები ამბობენ, რომ ეს ფიქტიური გადაფორმება იყო, რასაც გოგი თოფაძის ადვოკატი გამორიცხავს.

გოჩა გოგიშვილი ამბობს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი გადაფორმება.

“- თქვენი კლიენტი რას ამბობს ამაზე? იყო ფიქტიური გარიგება?

- არა. ეს იყო აბსოლიტურად ჩვეულებრივი გარიგება.”

საწინააღმდეგოს ამტკიცებს აბრამაშვილების ადვოკატი თემურ ხონელია: “ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იასონ აბრამაშვილი ისევ განაგრძობდა ობიექტში თანხების ჩადებას, როგორც მანამდე და, კიდევ ერთი გარემოება, რაც მიუთითებს ამ გარიგების ფიქტიურობაზე, არის ის, რომ აბრამაშვილი არ გაყიდდა იმ ქონებას 5 ათას დოლარად, რომლის შექმნაშიც იმ დროისთვის 140 ათას დოლარზე მეტი ჰქონდა ჩადებული”.

წილის ფიქტიურ გადაფორმებაზე საუბარი ირაკლი თოფაძეს და აბრამაშვილებს შორის 2011 წლის ნოემბრის ბოლოს შედგა, მას შემდეგ რაც შპს “თრიალეთ”-ში აბრამაშვილების მთელი წილი უკვე თოფაძეებზე იყო გადასული და ამაზე დავა მიმდინარეობდა. ჩვენ ამ საუბრის აუდიო ჩანაწერიც გვაქვს.

ირაკლი თოფაძე და აბრამიშვილები (ფარული აუდიო ჩანაწერი)

     აბრამიშვილი -   კი არ იყიდეთ, უბრალოდ გადაიფორმეთ

    ირაკლი თოფაძე:  - კი მახსოვს,

-   არც თანხა არ გადაგიხდიათ არც არაფერი.

-   არაფერი.

-   გადავიფორმე თქვენი თხოვნით,

-   რაღაც პრობლემები გქონდათ და შენი წილი გადმომიფორმე მე. მე მივედი ნოტარიუსში და შენი დარჩა 0,1 თუ 0.5%-ი ეს იყო ფიქტიური მხარე, რადგან  საჭირო იყო ესე.

ამის შემდეგ იასონ აბრამაშვილს კომპანიაში 0.5%- კიდევ დარჩა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ნახევარი პროცენტიც ირაკლი თოფაძეს გაუფორმდა.

0.5%-ის გადაფორმების საკითხი

მესამე სადავო საკითხი სწორედ ამ დარჩენილი ნახევარი პროცენტის იასონ აბრამაშვილისგან ირაკლი თოფაძეზე გადაფორმებაა. სანოტარო აქტის მიხედვით აბრამაშვილმა ირაკლი თოფაძეს ეს წილი 2008 წლის 4 დეკემბერს 10 ლარად მიჰყიდა.

იასონ აბრამაშვილი ამბობს, რომ მსგავს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია და ამ ფაქტის არსებობა წილის გადაფორმებიდან 3 წლის შემდეგ გაიგო. საწინააღმდეგოს ამტკიცებს თოფაძის ადვოკატი. იგი ამბობს, რომ ნახევარ პროცენტიანი  წილის გასხვისებაზე აბრამაშვილმა თანხმობა ჯერ კიდევ 2008 წლის ზაფხულში გამოთქვა.

გოჩა გოგიშვილი: “ეს ხელმოწერა არის იასონ აბრამაშვილის. მე ვესაუბრე კომპანიის თანამშრომლებს და ისინი ამას ადასტურებენ. ამ ხელშეკრულებას წინ უსწრებდა პარტნიორთა კრების ოქმი რამდენიმე თვით ადრე ზაფხულის თვეში, როდესაც გადაწყდა, რომ იასონ აბრამაშვილი თავის 0.5%-ს დათმობდა და გავიდოდა პარტნიორობიდან

-   რომელ კრებას გულისხმობთ?

-   2008 წლის 4 აგვისტოს

ჩვენ ხელთ გვაქვს ოქმი, რომელზეც თოფაძის ადვოკატი საუბრობს, ის ნოტარიუსთა პალატიდანაა ამოღებული და ოფიციალურადაა დამოწმებული. დოკუმენტი 2008 წლის 4 აგვისტოთი თარიღდება, ეს ოქმი დაედო საფუძვლად  4 დეკემბერს აბრამაშვილის კუთვნილი ნახევარი პროცენტის წილის ირაკლი თოფაძისთვის გადაფორმებას. თუმცა ოქმში არსად წერია, რომ იასონ აბრამაშვილი “თრიალეთში” კუთვნილი წილის თოფძისთვის დათმობას აპირებს. აბრამაშვილის ადვოკატი ამ ოქმის ნამდვილობასაც ეჭვქვეშ აყენებს.

თემურ ხონელია:  მე ხელთ მაქვს 2008 4 აგვისტოს #4 კრების ოქმი, რომელიც დამოწმებული არის ნოტარიუს ეკა მსხილაძის მიერ, რომლის დღის წესრიგს წარმოადგენს საზოგადოებაში ახალი წევრის მიღება, მიიღეს გიორგი თოფაძე. ამ კრების ოქმით არ დგინდება იასონ აბრამაშვილის პარტნიორობიდან გასვლა. თუ კარგად დავაკვირდებით სხდომის ოქმს,   შეუიარაღებელი თვალითაც დავინახავთ, რომ ორივე ხელმოწერა შეიცავს უზუსტობას, ნაცვლად აბრამაშვილისა, წერია აბრამიშვილი, იასონ აბრამაშვილი ამბობს, რომ მას არ შეიძლებოდა ორჯერ შეშლოდა საკუთარი გვარი მისი გარკვევით წერისას.

თუ კი ჩვენ გამოვიყენებთ სხვა ნიმუშებს, დავინახავთ განსხვავებას და დავრწმუნდებით რომ ეს ხელმოწერა არ არის შესრულებული იასონ აბრამაშვილის მიერ.

იასონ აბრამაშვილის 0.5%-იანი წილის დათმობის შესახებ ნოტარიუსს ორი დოკუმენტი აქვს დადასტურებული: 2008 წლის 4 აგვისტოს და 4 დეკემბრის სანოტარო აქტით. ორივე დოკუმენტი ნახევარ პროცენტიანი წილის ირაკლი თოფაძისთვის მიყიდვას ეხება. დოკუმენტების დამოწმებისას ნოტარიუსი ეკა მსხილაძე წერს, რომ მასთან მივიდა იასონ აბრამაშვილი და ირაკლი თოფაძე, დაადგინა მათი ვინაობა, შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა და ამის შემდეგ მათივე ხელმოწერით შეადგინა წილის გადაცემის ხელშეკრულება. იასონ აბრამაშვილი ნოტარიუსთან მისვლას და რომელიმე დოკუმენტზე ხელმოწერას უარყოფს.

იასონ აბრამაშვილი: “4 აგვისტოს და 4 დეკემბერს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რადგან არც ერთი თარიღი არ ემთხვევა ჩემს საქართველოში ყოფნას. სპორტულ შეკრებაზე ვიმყოფებოდი ორივე პერიოდში, შვეიცარიაში ავსტრიაში მყინვარზე გვქონდა ვარჯიშები.  არანაირი შანსი არ არსებობს, მაგ დროს ვყოფილიყავი ნოტარიუსთან”.

იასონ აბრამაშვილის მონათხრობს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გაცემული ცნობა, სადაც  აბრამაშვილის საქართველოდან გასვლა და შემოსვლაა დაფიქსირებული.

გაგი მოსიაშვილი, იასონ აბრამაშვილის ადვოკატი: “ჩვენ გვაქვს იასონ აბრამაშვილის პასპორტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი, ორივე დოკუმენტი ადასტურებს, რომ აბრამაშვილი 4 აგვისტოს და 4 დეკემბერს საქართველოში ვერ იქნებოდა, აქ აღნიშნულია, რომ იასონი ქვეყნიდან გავიდა 2008 წლის 21 ივლისს და დაბრუნდა 18 აგვისტოს, მეორე შემთხვევაში გავიდა 2008 წლის 26 ნოემბერს და დაბრუნდა 2009 წლის 18 თებერვალს, ანუ აქტების გაფორმების დროს აქ ვერ იქნებოდა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზეცაა,  აღნიშნული, რომ 2008 წლის 4 და 5 დეკემბერს აბრამაშვილი იტალიაში გამართულ ერთ-ერთ შეჯიბრში მონაწილეობდა. ამასვე მოწმობს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის ოფიციალური  წერილიც.

სტუდია “მონიტორი” აქტების შემდგენელ ნოტარიუს ეკა მსხილაძესაც დაუკავშირდა. მსხილაძე ნოტარიუსად აღარ მუშაობს, მას 2010 წელს უფლებამოსილება შეუწყვიტეს და სისხლის სამართლის 341-ე მუხლით გაასამართლეს, რაც სამსახურებრივ სიყალბეს, ყალბი დოკუმენტის შედგენას გულისხმობს. მსხილაძემ ინტერვიუზე უარი გვითხრა, მასთან მხოლოდ სატელეფონო საუბრის ჩაწერა მოვახერხეთ.

 

ნოტარიუსი ეკა მსხილაძე (სატელეფონო საუბარი)

“მონიტორი”: როგორ მოხდა, 4 დეკემბრის და 4 აგვისტოს სხდომის აქტებზე იასონ აბრამაშვილის ხელის მოწერა?

ეკა მსხილაძე: აი, მე გეუბნებით, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. იურისტებმა გაამზადეს ეს, იურისტები ამზადებენ მაგ დოკუმენტებს ანუ მათი შუამავალი ამ კომპანიების ვინც არის მათი გამზადებულია ეს დოკუმენტაცია. ამზადებენ იმ რიცხვით, როცა დარწმუნებულები იყვნენ, რომ აქ იყო. როცა მოიტანეს ჩემთან, აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება აქ არ არის, მაგრამ მე ჩამაწერინეს რეესტრში რიცხვი და ახლა მოვიყვანთო. რომ აღარ მოიყვანეს ხელმოსაწერად, ის ხომ უკვე ჩაწერილია რეესტრში და ველოდები მოლოდინში ვარ, როცა მოვიდა მაშინ მოაწერა, ეს არის.

-   ეს თქვენი ვარაუდია, ასე ხდებოდა თუ 100%-თ დარწმუნებული ხართ აბრამაშილის შემთხვევაში?

-   ასე იქნებოდა აბრამიშვილის შემთხვევაში. მაშინ სხვანაირად დაიბეჭდებოდა იმ რიცხვში, როცა ის აქ იქნებოდა.

იასონ აბრამაშვილი ამ აქტებზე სხვა დროს ხელმოწერასაც გამორიცხავს,  ამბობს, რომ ნოტარიუსში მისვლა აუცილებლად ემახსოვრებოდა. “გამორიცხულია, რომ ხელმოწერა ყოფილიყო ჩემი მხრიდან, მით უმეტეს, ნოტარიუსს აქვს ნათქვამი, თურმე მივედი ნოტარიუსში, საღ გონებაზე ვიყავი, შემამოწმა ნოტარიუსმა და ამის შემდეგ განვახორციელე ხელისმოწერა”, - ამბობს იასონ აბრამაშვილი

2011 წლის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე აბრამაშვილებმა ირაკლი თოფაძეს ნახევარი პროცენტის გადაფორმებაზეც  ჰკითხეს. ნახევარი პროცენტის გადაფორმების ფაქტი ვერც ირაკლი თოფაძემ გაიხსენა.

ირაკლი თოფაძე (ფარული აუდიო ჩანაწერი, 2011 წელი)

აბრამაშვილი: - ნახევარი პროცენტი ვის რათ უნდოდა?

ირაკლი თოფაძე: ნახევარი პროცენტიც გადმოფორმდა ჩემზე?

-   კი.

-   0,5% ვის რათ უნდოდა?

-   აი ნახევარი პროცენტი 10 ლარად გაქვთ ნაყიდი.

წილის გადაფორმების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით აბრამაშვილების ადვკატებმა სამართალდამცავებს ჯერ კიდევ 2012 წლის გაზაფხულზე მიმართეს. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებამ დღეს სადავო 2 სანოტარო აქტიდან ერთზე 4 დეკემბრის აქტზე აბრამაშვილის ხელმოწერის ნამდვილობის დადგენისთვის ექსპერტიზა ჩაატარაა. ადვოკატმა გამომძიებლისგან დასკვნის შინაარსი შეიტყო. 

გაგი მოსიაშვილი (აბრამაშვილის ადოვკატი): “გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, ტენდეციურად,  ჩვენი ინფორმაციით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მოხდა 4 დეკემბრის აქტზე ხელმოწერის ექსპერტიზა და ექსპერტიზამ თქვა, რომ ეს იასონის ხელმოწერაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ექსპერტი შეცდა. ექსპერტის დასკვნა არის სპეციალური ცოდნის მქონე პირის მოსაზრება,  როცა მის საპირწონედ მთელი რიგი მტკიცებულებები არსებობს, რითაც დასტურდება, რომ ის არ იმყოფებოდა საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩავატაროთ განმეორებით ექსპერტიზა, ასევე ჩავატაროთ კალიგრაფიული ექსპერტიზა 4 აგვისტოს სხდომის ოქმთან დაკავშირებით, რათა დავდოთ რეალური დასკვნა ამ თემასთან დაკავშირებით”.

შენობიდან გამოსახლებული აბრამაშვილები

ზემოხსენებული სანოტარო მოქმედებების შემდეგ, 2008 წლის დეკემბრიდან შპს “თრიალეთის” წილები შემდეგნაირად გადანაწილდა. ფირმიდან, რომლის იურიდიულ მისამართად დღესაც აბრამაშვილების ბაკურიანის სახლია მითითებული, დამფუძნებლებიდან საერთოდ გაქრა იასონ აბრამაშვილი.  80%-იანი წილი გოგი თოფაძეზე გაფორმდა, დარჩენილი 20%-კი ირაკლი თოფაძეზე. ამის შემდეგ თოფაძეებს უფლება გაუჩნდათ “თრიალეთის” მთელი ქონება აბრამაშვილებთან შეთანხმების გარეშე განეკარგათ და ასეც მოიქცნენ. გოგი თოფაძემ “ქართუ ბანკიდან” 1 მილიონ 325 ათასი დოლარი სესხი აიღო და სანაცვლოდ შპს “თრიალეთის” ქონება ჩადო.

ჩვენი ინფორმაციით ამ ვალდებულებების დასაფარად ეს ქონება გადაფორმდება ბანკის საკუთრებად, რომლითაც საბოლოო ჯამში იქნება გასტუმრებული მესამე პირის (გოგი თოფაძის) ვალდებულებები,  და არა კომპანიასთან დაკავშირებული ვალდებულებები”, - ვარაუდობს აბრამაშვილების ადვოკატი თემურ ხონელია.

 2012 წლის დეკემბერში თოფაძეების მოთხოვნით აბრამაშვილებმა დიდველის შენობიდან საკუთარი ნივთები გაიტანეს.

აბრამაშვილები ჩადებული თანხებისთვის ბრძოლას აპირებენ, გოგი თოფაძე კი ამბობს, რომ მათ არაფერი ეკუთვნით. 

გოგი თოფაძე:  - ვალიკოს ჩემგან გადაეცით,  ჭკუით იყოს, სანამ უფრო  ხათაბალაში არ გაეჩხირა, ჭკუით იყოს, გადაეცით, მაგას იქ არაფერი არ ეკუთვნის. ტყუილად ნუ წვალობს, თორემ უფრო გაურთულდება საქმე,

“მონიტორი”: ის ამბობს, რომ მან რამდენიმე ასეული ათასი ლარი ჩადო იმ ობიექტის მშენებლობაში.

-   მე უფრო მეტი ჩავდე, მაგრამ დავკარგე, ბანკმა წაიღო. 

დღეს ამ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს, იასონ აბრამაშვილს იმედი აქვს, რომ სამართალდამცავები საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ და მისი ოჯახის  შელახული უფლება აღდგება. იასონი და მისი ოჯახი სასამართლოში სამოქალაქო დავის წამოწყებას და მშენებლობაში დახარჯული თანხების დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებს. აბრამაშვილები ამბობენ, რომ სამართლიან დასასრულს ელიან.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^