Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„უფასო სახელმძღვანელოები“: ხარვეზები სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით

10 აპრილი 2013

2013 წლის 8 აპრილს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს მთავარობის გადაწყვეტილება 2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ მიწოდების შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ფენებში, თუმცა მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის გადაწყვეტილება ნამდვილად მისაღები და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და განწყობა პოზიტიური შეიქმნა. უფრო მეტიც, ამ გადაწყვეტილებას ისტორიულიც კი უწოდეს და საქართველოში განათლების სისტემის პრობლემების მოგვარების საფუძვლადაც კი მონათლეს.

სასკოლო სახელმძღვანელოების მოსწავლეთათვის უსასყიდლოდ გადაცემას საფუძვლად მოსწავლეთა ინტერესები და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი დაედო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ მისთვის მოსწავლეა პრიორიტეტი და მათი ინტერესების ამოსავალი წერტილი და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღეს.

განათლების სფეროში მომუშავე ადამიანების მხრიდან ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი და უფრო მეტად კრიტიკული შეფასებები მოყვა. კრიტიკული შეფასებები იყო მემარჯვენე და ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანთა ჯგუფებიდან. თუმცა ამ სტატიაში არ გავაანალიზებ იმ არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს, რაც ამ გადაწყვეტილების ირგვლივ გამოითქვა: რას ნიშნავს „უფასო სახელმძღვანელო“ და ის, რომ უფასო არაფერია;  რომ პოლიტიკურად მიზანშეწონილია საქართველოს კონსტიტუციის, საერთო სასამართლოების კანონის, საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონის და მრავალი სხვა კანონები შეცვლა, იმიტომ რომ დრაკონული და ავტორიტარული რეჟიმის მიერ იყო მიღებული; რატომ ვიღებთ სახელმძღვანელოების შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ იმ ავტორიტარული რეჟიმის მიერ დრაკონულ გრიფირების წესზე დაფუძნებით; რამდენად კონსტიტუციურია გადაწყვეტილება;  რამდენად მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვა, თუნდაც მაშინ, როცა საქმე ერთ მოქალაქეს ეხება; რამდენად მართებულია სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ რამდენიმე გამომცემლისა და ავტორის უფლებებებს ვერ გადააყოლებენ 650 000 მოსწავლეს. სტატიაში ასევე არ იქნება საუბარი ავტორთა და საგამომცემლო საქმიანობის განვითარების აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე და შესაძლო სტაგნაციაზე 2011 წელს ჩატარებული გრიფირების პროცესზე და მასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. სტატიაში მიზანმიმართულად არ შევეხები განათლების პრივატიზაციის ტენდენციებს თანამედროვე მსოფლიოში და კერძო სექტორის წილისა და როლის მნიშვნელობას განათლების სფეროში, სახელმწიფოს მიერ განათლების დაფინანსების სისტემას და მის პრიორიტეტებს, ზოგადად სახელმძღვანელოების როლს სასწავლო პროცესში, როგორც ერთ-ერთ და არა ერთადერთ რესურსს. არაფერს ვიტყვი განათლების თანაბარი შესაძლებლობების საგანამანათლებლო პარადიგმის კონცეპტუალურ და სწორ გააზრებაზე და უამრავ სხვა საკითხზე, რომელიც ამ გადაწყვეტილების კონტექსტში წამოტივტივდა და რომლის გაანალიზების და გააზრების ფონზეც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება. არაფერს ვიტყვი, რადგან ბევრი რამე უკვე ნათქვამი და დაწერილია, და მეორე მხრივ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 5 თვე ამუშავებდა ამ საკითხს და, როგორც ჩანს, ზემოთჩამოთვლილი საკითხები უკვე განვლილი და განხილულია.. .

მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ არაფერზე ილაპარაკებ და თან არც არავინ გისმენს, რატომღა შეიწუხე თავიო და გარკვეულწილად მართალიც იქნება. ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა სურვილმა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გავყვე ამ გადაწყვეტილების ლოგიკაში და ამავე ლოგიკაში მათი კეთილშობილური სურვილის შესრულების სისუსტეები დავანახო. ანუ არ ვედავო სხვა საკითხებზე, დავეთანხმო ყველაფერზე, უბრალოდ გავაანალიზოთ, რამდენად მიაღწევს სამართლიანად სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრას სამინისტრო მიღებული გადაწყვეტილებით. ამასთანავე, მინდა ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, პოზიცია დავაფიქსირო, რომ ვიღაცის ინტერესების ხარჯზე მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის მიუღებელია ჩემთვის და მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვისაც (თუნდაც მაშინ, როცა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას  სხვების ხარჯზე იღებენ... შეიძლება ზედმეტად იდეალისტურად გამომივიდა).

მოკლედ, გადავალ საკითხზე: განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საჯარო სკოლის ყველა, 650 000 მოსწავლე 2013-2014 წლებში სახელმძღვანელოებს მიიღებს უფასოდ და ოჯახები განთავისუფლდებიან სახელმძღვანელოების შესყიდვის მძიმე ტვირთიდან. ამასთანავე, სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმძღვანელოებს უფასოდ ვერ მიიღებენ კერძო სკოლის მოსწავლეები. ამ გადაწყვეტილებას სწორედ სოციალური სამართლიანობისა და სახელმძღვანელოების ხელმისაწვდმობის კონტექსტში გავაანალიზებ და შევეცდები, საზოგადოებას დავანახო, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას ხარვეზები ახლავს სწორედ სოციალური სამართლიანობისა და სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის კუთხით და რომლის გამოსწორებაც ხელს შეუწყობს იმ საკითხების გამოსწორებას, რაზეც საუბარი ამ სტატიაში არ ვისურვე...

უპირველეს ყოვლისა, ალბათ, მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ საქართველოს მოსწავლეთა სოციალური სტრუქტურა, რასაც, ჩემი აზრით, უნდა დაეფუძნოს მსგავსი გადაწყვეტილებები. საქართველოში 558 457 მოსწავლეა (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტატისტიკა, http://catalog.edu.ge/index.php?module=statistics&page=statistics&item _id=4), 505 544 მოსწავლე საჯარო სკოლაში სწავლობს, ხოლო 52 913 მოსწავლე – კერძო სკოლაში. შესაბამისად, სამინისტროს 650 000 მოსწავლზე გათვლილი პროგრამა როგორც საჯარო, აგრეთვე კერძო სკოლის მოსწავლეებსაც დააკმაყოფილებდა და 92 ათასი წიგნი ნაშთადაც დარჩებოდა ზუსტი გათვლები რომ ყოფილიყო. თუმცა, შესაძლებელია, კერძო სკოლების ჩართვა მიზანმიმართულად არ მოხდა პროგრამაში, რათა ეს სეგმენტი დაეტოვებინათ გამომცემლებისთვის, თუმცა ამ მოსაზრების მცდარობის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ

ალბათ საინტერესოა, გავაანალიზოთ როგორც ზოგადად სკოლის მოსწავლეთა სოციალური სტრუქტურა, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეთა სოციალური სტრუქტურა, რადგან კერძო სკოლის მოსწავლეობა ავტომატურად არ ნიშნავს სოციალურად დაცულობას, ხოლო საჯარო სკოლის მოსწავლეობა – სოციალურად დაუცველობას. საზოგადოებაში ხშირად არის მცდარი შეხედულება კერძო სკოლებზე და იქ არსებულ გადასახადებზე. კერძო სკოლების დიდ ნაწილში გადასახადი მიზერულია, იყო შემთხვევები, რომ გადასახადი საერთოდ არ იყო და სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერების წყალობით ფუნქციონირებდნენ კერძო სკოლები, განსაკუთრებით რეგიონებში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ იმავე კერძო სკოლებში საკმაოდ დიდი რაოდენობაა მოსწავლეებისა, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ფენას განეკუთვნება, რაც კერძო სკოლების სპეციფიკამ განაპირობა (მიზერული გადასახადი ან მხოლოდ ვაუჩერებით ოპერირება). საქართველოში 558 457 მოსწავლიდან იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000–ს არის 120 427; აქედან სოციალურად დაუცველთა ბაზაში 106 300 მოსწავლეა რეგისტრირებული (57 000 – სარეიტინგო ქულის ქვევით). თუკი მიზნობრივი სოციალური პროგრამების ბაზაში რეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობას ავიღებთ, ის დაახლოებით 250 000–ს შეადგენს. სხვადასხვა ემპირიული კვლევით დადასტურებულია (ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება, რადგან სახელმწიფო არ აწარმოებს მსგავსი სოციალური დიფერენციაციის სტატისტიკას) იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც საშუალო ან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახებს წარმოადგენენ 100 000–დან 130 000–მდე მერყეობს. ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც არც სოციალური პროგრამების ბაზებში არ არიან რეგისტრირებულნი და არც საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების ოჯახებში  –150 000 დან 170 000-მდე.

          ეს სოციალური სტატისტიკა მნიშვნელოვანია, რათა მოვახდინოთ სკოლის მოსწავლეების სოციალური დიფერენციაცია, რათა მათი სახელმძღვანელოებით დახმარება საჭიროებების შესაბამისად და სამართლიანად მოხდეს. ამ დიფერენციაციაში გამოიყოფა სამი ჯგუფი: (1) სოციალურ ბაზაში რეგისტრირებული მოსწავლეები; (2) მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სოციალურ ბაზაში, თუმცა არ არიან არც საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების ოჯახებიდან; (3) მოსწავლეები, რომლებიც არიან საშუალოზე ან საშუალოზე მაღალი ოჯახებიდან  და არ საჭიროებენ სახელმწიფოს დამატებით დახმარებას სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობისთვის. აღსანიშნავია, რომ სამივე კატეგორია ანალოგიურად ვრცელდება კერძო სკოლების მოსწავლეებზეც და სხვაობა ამ მხრივ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს შორის მკვეთრი არ არის.

            სკოლის მოსწავლეების სოციალური დიფერენციაციის შემდეგ გადავალ იმ ძირითად ხარვეზებზე, რაც სამინისტროს გადაწყვეტილებას თან ახლავს სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით:

(ა) სამინისტრო პროგრამა არ ვრცელდება კერძო სკოლებზე. თუკი კერძო სკოლების მოსწავლეთა სოციალურ დიფერენციაციასაც გავაკეთებთ, შემდეგი სურათი იკვეთება: კერძო სკოლებში სწავლობს 52 913 მოსწავლე. ამ მოსწავლეთაგან 2407 (ანუ კერძო სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 5%) მოსწავლე სოციალურად დაუცველთა ბაზაშია (სარეიტინგო ქულით 57 000 ქვევით) თუ ავიღებთ სხვადასხვა სოციალური მიზნობრივი პროგრამის ბაზას, ამ თვალსაზრისით კერძო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 5000-მდე გაიზრდება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია კერძო სკოლის მოსწავლეთა თბილისსა და რეგიონებს შორის გადანაწილება. რეგიონებში კერძო სკოლის მოსწავლეთა დაახლოებით 8% სოციალურად დაუცველია (23477 მოსწავლიდან  – 1814). ანუ სამინისტრომ ამ გადაწყვეტილებით კერძო სკოლის 5000-მდე სოციალურად დაუცველი მოსწავლე დატოვა სახელმძღვანელოების გარეშე.

(ბ) როგორც ზემოთ აღვნიშნე, სკოლის მოსწავლეთა 100 000–დან 130 000–მდე მოსწავლე განეკუთვნება საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების ოჯახების მოსწავლეებს, თუმცა ეს კვლევებით დასტურდება და არა სტატისტიკური სოციალური დიფერენციაციით. შესაბამისად, სახელმწიფო დამატებით რესურსს აძლევს იმ მოსწავლეს, რომელსაც ეს არ სჭირდება და აკლებს იმ მოსწავლეს, რომელსაც ამის საჭიროება აქვს. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის კუთხით, ისევე როგორც საბიუჯეტო ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისით, იმ მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, რომელთაც ამის საჭიროება არ გააჩნიათ და რომლებიც საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახებს განეკუთვნებიან, აბსოლუტურად მიზანშეუწონელია.

(გ) მესამე მნიშვნელოვანი საკითხია სკოლის მოსწავლეთა სოციალური დიფერენციაცია საფეხურების მიხედვით. ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს (სამინისტროს, სავარაუდოდ, აქვს ნედლი მონაცემების სახით), თუმცა კველევები ადასტურებს, რომ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია საშუალო სკოლის საფეხურზე და სკოლის მიტოვება ძირითადად ხდება სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მიერ. შესაბამისად, საშუალო სკოლის საფეხურზე სახელმძღვანელოების უდიდეს ნაწილს მიიღებენ სოციალურად დაცული მოსწავლეები. ანუ იმ რესურსს, რასაც სახელმწიფო უნდა ხარჯავდეს, რომ სოციალურად დაუცველმა მოსწავლეებმა არ მიატოვონ სკოლა სხვადასხვა მიზეზის გამო, ხარჯავს კვლავ სოციალურად დაცულ მოსწავლეებზე. ამ თვალსაზრისითაც, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობისა თუ განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს.

            ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზებიდან, აგრეთვე სკოლის მოსწავლეთა სოციალური დიფერენციაციის სურათიდან გამომდინარე, ალბათ უპრიანი იქნებოდა გადაწყვეტილების ოდნავ მოდიფიცირება და შემდეგი სახის ცვლილებების განხორციელება:

(1)  სახელმწიფო უბეჭდავს და უფასოდ გადასცემს სახელმძრვანელოებს საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოსწავლეს, რომელიც ფიქსირდება სხვადასხვა მიზნობრივი სოციალური პროგრამის ბაზაში. ანუ, წინა წლებისგან განსხვავებით, სახელმძღვანელოებს გადასცემს არა მხოლოდ 57 000 ან 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოსწავლეებს, არამედ ბაზაში რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს, რაც 250 000 მოსწავლეს შეადგენს. 250 000 მოსწავლე კი მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 44,80%-ია. აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებელია განხორციელდეს გამომცემლობებთან პარტნიორობით და ეს იქნება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. ანუ გრიფირების წესის „ავადსახსენებელი“ მუხლი გავრცელდეს მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როცა საქმე შეეხება სოციალური პროგრამების ბაზებში რეგისტრირებულ მოსწავლეებს და ამ მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა მოხდეს პარტნიორობის და არა ძალადობის მექანიზმებით, რაც გამომცემლებსა და სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობასაც ეფექტურს გახდის. სახელმწიფოს ეს მომსახურება დაუჯდება 4 600 000 ლარი, რადგან 650 000 მოსწავლის სახელმძღვანელოები უჯდებოდა 12 მილიონი ლარი. ხოლო 7 მილიონ 400 ათასი ლარი დარჩება სხვა მოსწავლეთა სახელმძღვანელოების უზრუნველყოფისთვის.

(2)  სახელმწიფო იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ ფიქსირდებიან სოციალური პროგრამის არცერთ ბაზაში, მაგრამ ამასთანავე არ წარმოადგენენ საშუალო ან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახებს, სახელმძღვანელოების შესაძენად გადასცემს 50 ლარიან ვაუჩერს. ამ მოსწავლეთა რაოდენობა 150 000–დან 170 000–მდე მერყეობს. შესაბამისად, 7,5 მილიონიდან 8,5 მილიონამდე საკმარისი იქნება მოსწავლეთა ამ ნაწილისთვის ვაუჩერების გადასაცემად. აღნიშნული თანხა კი ხელმისაწვდომია იმავე საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, რის დახარჯვასაც სამინისტრო ამჟამინდელი მოდელით გეგმავს. ამ შემთხვევაში მოსწავლეთა მშობლები სახელმძღვანელოებს შეისყიდიან გამომცემლობებისგან საბაზრო და არა ბეჭდვითი ფასით. 50–ლარიანი ვაუჩერი  საკმარისი არ იქნება სახელმძღვანელოების სრულად შესაძენად, თუმცა მშობელთა თანამონაწილეობით სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი გახდება მოსწავლეთათვის.

(3)  სახელმწიფო არ ეხმარება სახელმძღვანელოების შესყიდვაში იმ ოჯახებს, რომლებსაც გააჩნიათ საშუალო ან საშუალოზე მაღალი შემოსავალი. ამ ოჯახების მოსწავლეთა რაოდენობა 100 000–დან 130 000–მდე მერყეობს. ამ შემთხვევაში მშობლები სახელმძღვანელოებს შეიძენენ გამომცემლობებისგან საბაზრო ღირებულებით. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, სახელმწიფოსთვის მთავარ პრობლემად რჩება, ვინ შეიყვანოს ამ ბაზაში, რადგან არ არსებობს ოჯახების შემოსავლების მიხედვით დიფერენციაციის კონკრეტული ელექტრონული ბაზა. ბაზის არარსებობის პირობებში, სხვადასხვა მექანიზმის ჩართვა შეიძლება, მაგალითად, იმ პირთა ბაზა, რომელთაც გააჩნიათ წელიწადში 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი და იხდიან ქონების გადასახადს (ასეთი ბაზა არსებობს), მაგალითად, ბაზა იმ საჯარო მოხელეებისა, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ გარკვეულ ზღვარს ზემოთ შემოსავალს (პირობითად  შეიძლება დასახელდეს 20 000 ლარი წელიწადში და ამის ბაზის შექმნაც არ წარმოადგენს პრობლემას), ინდივიდუალურ მეწარმეთა და თვითდასაქმებულთა ბაზა დეკლარაციების მიხედვით, ყოველთვიური და წლიური საშემოსავლო განაცემთა ინფორმაციის ბაზა და ა.შ. ამავე ბაზაში, შესაძლებელია, შეიყვანონ კერძო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სწავლის საფასურს გარკვეულ ზღვარს ზევით იხდიან (მაგალითად, წელიწადში პირობითად 1000 ლარის ზევით).  აღნიშნული ბაზის შემუშავება გარკვეულ დროს და ენერგიას მოითხოვს, ალბათ, გარკვეულ ხარვეზებთან და პრობლემებთანაც იქნება დაკავშირებული,  თუმცა მისი შექმნის შემთხვევაში, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვა პროგრამების განხორციელებისას, რომ სახელმწიფოს აღარ ჰქონდეს უნივერსალური მიდგომა და რეაგირებდეს მოქალაქეთა საჭიროებების შესაბამისად.

მსგავსი სოციალური დიფერენციაციისა და ბაზის შექმნის სირთულის პირობებში, ალტერნატიული გზითაცაა შესაძლებელი ამ პროცესის განხორციელება. ალტერნატიულ მოდელში სახელმძღვანელოების შესყიდვა შემდეგი პრინციპით შეიძლება განხორციელდეს:

(1)  სოციალური პროგრამების ბაზაში დარეგისტრირებული მოსწავლეებისადმი მიდგომა უცვლელია. სახელმწიფო და გამომცემლები პარტნიორობით უზრუნველყოფენ 250 000 მოსწავლეს როგორც კერძო, აგრეთვე საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოებით 1- 12 კლასის ჩათვლით.

(2)  ვაუჩერული 50–ლარიანი დაფინანსება შეიძლება გავრცელდეს საბაზო საფეხურის ყველა დანარჩენ მოსწავლეზე, მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს ვალდებულება განათლებაზე საბაზო საფეხურზე ვრცელდება. საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა რაოდენობა 430 000 შეადგენს ერთად, როგორც საჯარო აგრეთვე კერძო სკოლებში. შესაბამისად, სახელმწიფოს  დასჭირდება დაახლოებით 180 000-200 000 მოსწავლის ვაუჩერით უზრუნველყოფა, რომლებიც საბაზრო ღირებულებით შეიძენენ სახელმძღვანელოებს გამომცემლებისგან მშობლების თანამონაწილეობით. ამასთანავე, საკუთარი ვაუჩერის სხვა ოჯახისთვის გადაცემის დამკვიდრებული პრაქტიკის ამუშავებაც მიზანშეწონილი იქნება;

(3)  საშუალო საფეხურზე მშობლები შეიძენენ მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოებს გამომცემლობებისგან საბაზრო ღირებულებით, თუმცა სახელმწიფოს მიერ დაბეჭდილი სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემა სოციალური პროგრამების ბაზაში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე ძალაში დარჩება საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვისაც.

ზემოთ შემოთავაზებული მექანიზმი შესრულების თვალსაზრისით პრობლემატურია და მეტ შრომას, დროსა და ენერგიას მოითხოვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. თუმცა ვფიქრობ, უფრო გამართულია სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით. ამასთანავე, ამ მექანიზმის ამუშავებით, რეალურად შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოციალური სამართლიანობის დაცვა და, მეორე მხრივ, ყველა იმ შესაძლო პრობლემის აღმოფხვრა, რაც უკავშირდება გამომცემლობების უფლების შელახვას, სახელმძღვანელოების ხარისხს, განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას და უამრავ სხვა საკითხს, რაზეც ამ სტატიაში არ გამახვილდა ყურადღება.

შალვა ტაბატაძე

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი

ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^