Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“რუსული დღიურის კვალდაკვალ” - გზას თომას დვორჟაკი და ბრიტანელი ჟურნალისტი გაივლიან

25 აგვისტო 2017

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს, ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ, ამერიკელ მწერალთან, ჯონ სტეინბეკთან ერთად საქართველოში იმოგზაურა. კაპამ თბილისში, ბათუმსა და გორში გადაღებული ხუთასამდე ფოტო დაგვიტოვა, ნობელიანტმა მწერალმა კი ამ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების ყოფა “რუსულ დღიურებში” აღწერა.

საქართველომდე კაპა და სტეინბეკი მოსკოვში, სტალინგრადში, კიევსა და უკრაინის რამდენიმე სოფელშიც იმყოფებოდნენ. მოგზაურობა სულ ორი თვე გრძელდებოდა.

ფოტო: რობერტ კაპა

70 წლის შემდეგ, Magnum Photos 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და მწერლის გზის გავლა Magnum Photos პრეზიდენტმა, ფოტოგრაფმა, თომას დვორჟაკმა და ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ჯულიუს შტრაუსმა დაიწყეს. ისინი უკვე იმყოფებოდნენ რუსეთსა და უკრაინაში, საქართველოში კი სულ ახლახან ჩამოვიდნენ. მოგზაურობის კვალდაკვალ ისინი თანამედროვე „რუსულ დღიურს“ შექმნიან.

თომას დვორჟაკი საქართველოს 90-იანი წლების შემდეგ ხშირად სტუმრობს, კარგად იცნობს რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეს. აქ მცხოვრები ადამიანების ყოფა-ცხოვრება არაერთხელ გადაუღია. მის მეწყვილე ჟურნალისტთან, ჯულიუს შტრაუსთან მუშაობის დაახლოებით 20-წლიანი გამოცდილება აქვს:”მე და თომასს ბევრჯერ გვითანამშრომლია, ბევრ საინტერესო ადგილზე ვყოფილვართ ერთად”, - შტრაუსი დვორჟაკისგან განსხვევებით, საქართველოში სულ რამდენჯერმეა ნამყოფი.

მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრაზე შტრაუსმა თავისი წინამორბედის გამოცდილებაზე ისაუბრა. თქვა, რომ სტეინბეკის მოგზაურობა საბჭოთა რეჟიმის მიერ საკმაოდ მკაცრად კონტროლდებოდა. სხვანაირად "ცივი ომის" პირობებში წარმოუდგენელიც კი იყო.

საინტერესოა, რომ სტეინბეკს ამ მოგზაურობამდე საბჭოთა კავშირში მისი რომანის "რისხვის მტევნების" გამო, არც ისე დიდ საფრთხედ მიიჩნევდნენ.  თუმცა, 1947 წელს, როცა ამერიკელმა მწერალმა საბჭოთა კავშირში მოგზაურობა რობერტ კაპასთან ერთად მოინდომა, მოსკოვმა სტეინბეკის დახასიათება ლოს-ანჟელესში, საბჭოთა კავშირის ვიცე-კონსულს სთხოვა. სანდო წყაროს უნდა დაეზუსტებინა, რომ სტეინბეკის ვიზიტი საბჭოთა კავშირშისთვის საშიში არ იქნებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უშიშროების არქივში ტუმანცევის წერილი აღმოაჩინეს. აი, რას იწერებოდა ვიცე-კონსული:

"მარქსიზმი სტეინბეკისთვის მხოლოდ მოდაა... იგი ახლოს არ ეკარება პროგრესულ ორგანიზაციებს. იგი იმ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ცოტა ხნის წინ "ლიბერალებს" უწოდებდნენ საკუთარ თავს, ახლა კი "არ ესმით" საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა("რადიო თავისუფლების" არქივიდან").

ამერიკელი მწერლის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მასა და რობერტ კაპას მოგზაურობის დროს სპეციალური ზედამხედველიც კი გამოუძებნეს.

ამიტომ, დღეს, მისი "გზის გამგრძელებელი" ბრიტანელი მწერალი, ჯულიუს შტრაუსი ამბობს, რომ ცხადია, მაშინ სხვა რეალობა იყო, მას და დვორჟაკს კი, განსხვავებული რეალობის აღწერა მოუწევთ:”მიუხედავად კონტროლისა, ერთი რამ ვიცით - სტეინბეკმა იმ პირობებშიც კი მოახერხა კარგი არქივების მოძიება, ღირებული მასალის შექმნა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი დეტალი საბჭოთა რეალობის აღწერისგან შორს იყო - მაგალითად, უკრაინის ერთ-ერთ სოფელში, მაშინ როცა კაპასთან ერთად, ერთი დღის განმავლობაში უკვე მესამედ და მეოთხედ სადილობდა, ქვეყანაში ამ დროს ადამიანები შიმშილობდნენ...".

საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერებში კი, სტეინბეკი ამბობს: “სადაც არ ვყოფილვართ რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში მუდმივად საქართველოს ჯადოსნური სახელი გვესმოდა. ადამიანები, რომლებიც არასოდეს ყოფილან საქართველოში და ალბათ არც არასოდეს მოხვდებიან, საქართველოზე საუბრისას ლტოლვასა და ძლიერ აღტაცებას ამჟღავნებდნენ”.

რას დაწერს საქართველოზე ბრიტანელი მწერალი, ამას ახლო მომავალში გავიგებთ, თუმცა, შტრაუსი ამბობს, რომ მას, როგორც მწერალს, მკითხველისთვის ორი მხარის დანახვება უნდა:”არსებული მდგომარეობისა და იმის, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს 1950-იანი წლებისგან განასხვავებს”.

კაპას ნაბიჯების გაყოლას “ცოტა საშიშს” უწოდებს ცნობილი ფოტოგრაფი, თომას დვორჟაკი:”არ გეგონოთ, რომ მისი ფოტოების ასლის გადაღებას ვაპირებ. მე, უბრალოდ მინდა, გავაცოცხლო ათეული წლების წინ განხორციელებული იდეა და ვაჩვენო საზოგადეობას, სადაა თავისუფალი არჩევანი”.

დვორჟაკი Magnum Photos ყოველი კვირის ბოლოს მოგზაურობიდან ერთ ფოტოს უგზავნის, რომელიც ფოტოსააგენტოს ფეისბუქ გვერდზე იტვირთება. ფოტოგრაგი ამბობს, რომ მოგზაურობის გარკვეული დეტალები უკვე დაგეგმილია, თუმცა, საბოლოო ვერსიაზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან:”იქნება გარკვეული სპონტანურობაც, თუმცა ამ ეტაპზე ვიცით, რომ წავალთ ბათუმში, გორში, ბორჯომში, საქართველოს საოკუპაციო ზოლსაც მოვინახულებთ, შეიძლება გადავიღო ანაკლიაც...”.

ფოტო: თომას დვორჟაკი, მოსკოვი, რუსეთი. 2017 წელი

ფოტო: თომას დვორჟაკი

პროექტის ფარგლებში გადაღებულ ფოტოებს პირველად საქართველოში გამოფენენ. პროექტის მასპინძელი თიბისი ბანკი იქნება. ბანკი პროექტს Magnum Photos-სთან ერთად წარადგენს ორი გამოფენით და ალბომის პრეზენტაციით.

კერძოდ, 18 სექტემბერს, Tbilisi Photo Festival 2017-ის ფარგლებში, „თიბისი გალერეაში“ შედგება თომას დვორჟაკის მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოების გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია. ალბომი, ცხადია, „რუსული დღიურის“ თანამედროვე ვერსია იქნება. მასში შევა დვორჟაკის ფოტოები, შტრაუსის ჩანაწერები და მცირე ნაწილი კაპასა და სტეინბეკის მემკვიდრეობიდან. იმავე 18 სექტემბერს, ბანკის იმავე შენობაში, თიბისი არტ გალერეაში წარმოდგენილი იქნება კაპას 1947 წელს გადაღებული ფოტოები. ეს ფოტოები წლების განმავლობაში სწორედ თიბისი ბანკში ინახება.

თიბისი ბანკის არტკურატორი, ნინა ახვლედიანი ამბობს, რომ "ორივე გამოფენის ერთდროულად წარმოდგენით, დამთვალიერებელი შეძლებს, შეადაროს ერთმანეთს 70 წლის წინანდელი და დღევანდელი, ორივე დიდი ფოტოგრაფის მიერ აღბეჭდილი, რეალობა.  ეს სრულიად სხვა მასშტაბს და კონტექსტს შესძენს პროექტს. მოხარულები ვართ, რომ ასეთი საინტერესო პროექტი თიბისი ბანკთან ერთად ხორციელდება“.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^