Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნადირობა მიუსაფარ ძაღლებზე

11 აპრილი 2013

კანონით აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს ქალაქების უმრავლესობაში უპატრონოდ დატოვებულ ძაღლებს ქუჩაში ხოცავენ. 

მარტის ბოლოს ნარინჯისფრად შეღებილი მანქანა ქალაქის ქუჩებში არა დასასუფთავებლად, არამედ მიუსაფარი ძაღლების „სალიკვიდაციოდ“ გავიდა. ეს ერთ-ერთი იყო იმ არც თუ იშვიათ შემთხვევათაგან, როცა „ზუგდიდდასუფთავების“ თანამშრომლებმა ძარაზე არა ურბანული ნარჩენები, არამედ ცხოველების გვამები დაახვავეს. საგანგებო გასვლის მიზეზი ამჯერადაც მოქალაქეთა წუხილი იყო: ერთ-ერთმა უპატრონოდ დატოვებულმა ძაღლმა მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა, რუსთაველის გამზირის 24 ნომერში მცხოვრებლებმა პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს.

„ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორი ნუგზარ მალაშხია თავადაც წუხდა, რომ მის თანამშრომლებს ამჯერადაც უსახლ-კარო ცხოველების არა სპეციალურ თავშესაფარში გადაყვანა, არამედ ქუჩაში დახოცვა მოუხდათ:

„ეტყობა,ეს ძაღლები სოფლებიდან მოდიან, ბევრნი არიან. ნორმალურ ქვეყნებში სპეციალური თავშესაფრებია მოწყობილი: იქ უვლიან, პატრონობენ, ამის საშუალება საქართველოში არ არის. თბილისშიც რომ იყოს ასეთი თავშესაფარი, ყველა მიუსაფარ ძაღლს წავიყვანდი, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მე ყველა ძაღლი მენანება მოსაკლავად“, - ამბობს ნუგზარ მალაშხია.

ზუგდიდში ქუჩის ძაღლებზე ძირითადად ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე ნადირობენ, იქ, სადაც დახლების პატრონები გასაყიდად გამოუსადეგარ პროდუქტს ნაგვის ურნებში ყრიან. არც საცხოვრებელი კორპუსების ეზოებშია ძაღლების სიმცირე, ზოგიერთი ჯგუფი კარგახნის წინ დაკავებულ საარსებო სივრცეს ამაგრებს და ქალაქში ხეტიალის შემდეგ ტრადიციულ ადგილს უბრუნდება, ზოგი კი კვარტლიდან კვარტალში საკვების საშოვნელად გადადის.  

ზუგდიდი საქართველოში ერთადერთი დასახლებული პუნქტი არ არის, სადაც მოხეტიალე ძაღლების პრობლემას ტყვიით „აგვარებენ“. „ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის“ ინფორმაციით, მსგავს მიდგომას ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში იყენებენ, მათ შორის, ქუთაისში, წყალტუბოში... ერთადერთი გამონაკლისი ბათუმია.

„ბათუმის მერია გვპირდება მუნიციპალური თავშესაფრის აშენებასა და ჰუმანური მეთოდების დანერგვას, ამასთან დაკავშირებით უკვე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები („სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“, „ბუნების შვილები“, „უტყუარი მეგობარი“) შეხვდნენ ბათუმის თვითმმართველობას. შეხვედრაზე აჭარის სხვა რაიონებიდანაც იყვნენ წარმომადგენლები, თუმცა ურთიერთობები მხოლოდ ბათუმის მერიასთან გრძელდება“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბარში „ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის" წარმომადგენელი თემურ ლაჭყეპიანი.

ცხოველთა ქუჩაში დახოცვა არაჰუმანურთან ერთად არაკანონიერი ქმედებაცაა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლში წერია, რომ ცხოველის არათუ მოკვლა, არასათანადო მოპყრობაც კი ჯარიმას ან 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ფაქტია, რომ კანონი ამ დრომდე ქაღალდზე დაწერილ ნორმად რჩება.

სწორედ ამ რეგულაციას უწოდებს „მკვდარ კანონს“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი. დეპუტატმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ცხოველთა დაცვის კუთხით არაფერი შეცვლილა, თუმცა პრობლების გადასაჭრელად საკომიტეტო მოსმენა მაისისთვის არის ჩანიშნული. ცაგარეიშვილის თქმით, სხდომაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მოიწვევენ და არსებულ ვითარებაში უკეთ გაერკვევიან. დეპუტატი გამორიცხავს, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადაჭრა ცენტრალიზებულად, ერთ რომელიმე სამინისტროს დაევალოს.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ადგილებზე ეს საკითხი მუნიციპალიტეტების მოსაგვარებელია.  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ამის არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ აქვს, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ  არ არსებობს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები... ცხოველების ხოცვა პრობლემას ვერანაირად ვერ მოაგვარებს, უნდა იყვნენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც გადაამზადებენ და ქუჩის ძაღლებს შესაბამისად მოუვლიან - ეს ყველაფერი ჰუმანურობის პრინციპის სრული დაცვით უნდა ხორციელდებოდეს“, - ამბობს დეპუტატი.

საქართველოში არც მოხეტიალე და არც ქუჩებში დახოცილი შინაური ცხოველების სტატისტიკა არსებობს. როგორც წესი, გვამებს დასუფთავების სამსახურისა თუ მუნიციპალურ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ნაგავსაყრელზე ყრიან. გია ცაგარეიშვილი ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზეც საუბრობს:

„ნარჩენების მართვა ეს გადაუწყვეტავი პრობლემაა. სამარცხვინოა, რომ ამ მიმართულებით ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანას  ჩამოვრჩით...“, -  ცაგარეიშვილი რუსეთისა და სომხეთის მაგალითებს ასახელებს, სადაც ბოლო წლებში, მისი განმარტებით, ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

გარემოსდამცველები პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად შინაური ცხოველების რეგისტრაციას ასახელებენ. „გრინპისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, მოხეტიალე ძაღლებთან ერთად მფლობელობაში მყოფმა შინაური ცხოველების რეგისტრაცია უნდა მოხდეს. 

„ამის გარეშე სხვა პროცედურების დაწყება ნაკლებად ეფექტური იქნება. პასპორტიზაციის შემდეგ უნდა შედგეს ერთიანი ბაზა. ეს გაკეთდება იმისთვის, რომ დაწესდეს ცხოველების გამრავლების კონტროლი. მფლობელებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, რომ მფლობელობაში მყოფი ცხოველების ლეკვებს მოუვლიან და -  არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ცხოველი უპატრონოდ გაუშვას ქუჩაში სხვადასხვა მიზეზის გამო. თუ ვინმეს არ სურს საკუთარი ცხოველის გამრავლება, სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს უფასო ან ძალიან დაბალ ფასად ცხოველთა სტერილიზაცია. ამავე ჯაჭვში შედის ვეტერინალური სამსახურების აღდგენა რაიონული დონეზე, რაც აუცილებელია არამარტო ძაღლებთან დაკავშირებით“, - ამბობს გარემოსდამცველი. ლაშა ჩხარტიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის იმ თავის ავტორია, რომელიც გარემოს დაცვას და მათ შორის ცხოველთა მიმართ ჰუმანური სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას გულისხმობდა.

 ყველა გარემოსდამცველი თანხმდება, რომ ცხოველთა დახოცვა ქუჩის ძაღლების პრობლემის მოგვარების ყველაზე არაეფექტური გზაა. როგორც აღმოჩნდა, დახოცილი ძაღლების საარსებო სივრცეს სხვა მიუსაფარი ცხოველები იკავებენ, შიმშილისა და მოუვლელობის გამო წარმოშობილ აგრესიას ადამიანები ისევ იარაღის საშუალებით „აგვარებენ“.

„ახალი ძაღლების მიერ ახალი ტერიტორიის დაკავება საკმაოდ მტკივნეული პროცესია ხოლმე - მომეტებული აგრესია, ჩხუბი, ინფექციური დაავადებების შემოტანის გაზრდილი რისკები.უპატრონო ძაღლების პრობლემა ძირითადად ადამიანების გამო დგას, ადამიანების არასწორი ქცევის გამო“, - განმარტავს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი. ზოოლოგი იხსენებს, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ერთ-ერთმა შვეიცარიულმა ორგანიზაციამ მოხეტიალე ძაღლებზე სპეციალური კვლევა გამოაქვეყნა, მას შემდეგ არც სახელმწიფოს და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მსგავსი სამუშაო არ ჩაუტარებია, რაც ერთი-ორად ართულებს პრობლემის გადაჭრას.

„გამოსავალი მუნიციპალური თავშესაფრების შექმნა და ამ თავშესაფრებში მათი სტერილიზაციის უზრუნველყოფაა, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი, -  ევთანაზია შესაძლებელია დაიშვას მხოლოდ იმ ცხოველებზე, რომლებიც დაავადებულები არიან უკურნებელი სენით. თუ ცხოველები ექვემდებარებიან მკურნალობას, ვფიქრობ, სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს მათი მკურნალობის ხარჯები. განკურნებული ცხოველების უნდა დაუბრუნდნენ მათი დაკავების ადგილას. ეს არის ჰუმანური მიდგომა. სტერილიზებული ცხოველი, რომელსაც გამრავლების უნარი აღარ აქვს, ნაკლებად აგრესიულია, ის უკვე საფრთხეს არ წარმოადგენს ან სხვა ძაღლებისთვის და არც ადამიანებისთვის“.

ძაღლების გარდა, ქალაქის ქუჩებში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა სამიზნე ღორებიც გახდნენ. 2012 წლის იანვარში ზუგდიდის ბულვარში რამდენიმე ღორი შუადღეს, მოქალაქეთა თვალწინ დახოცეს. ადგილობრივ ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესის“ მიერ გავრცელებული კადრების კომენტირებისას მუნიციპალიტეტის ხელმძღვნელობამ პირობა დადო, რომ მსგავს მეთოდს მომავალში არ გამოიყენებდა, მაგრამ დაპირება ისევე არ განხორციელებულა, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მოთხოვნა, ცხოველებისადმი არასათანადო დამოკიდებულებისთვის მოქალაქეთა დასჯის შესახებ.           

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^