Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული ენის დასაცავად

14 აპრილი 2013

35 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა კაშირის უზენაესი საბჭოს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც  საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს  კარგავდა, თბილისში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. 

საპროტესტო აქციას ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დასაცავად, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია.  დემონსტრაცია უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო და მას იმ დროს არსებული თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტობა შეუერთდა. 

სტუდენტები, მოსწავლეები, პროფესორ-მასწავლებლები, მწერლები და სხვები მთავრობის სასახლის წინ შეიკრიბნენ და კონსტიტუციის 75-ე მუხლის ძველი ფორმულირებით დატოვებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც საქართველოში სახელმწიფო ენა ქართული იყო. თბილისში რუსული შეიარაღებული ძალები იყვნენ მობილიზებულები, თუმცა სისხლიანი დაპირისპირება არ მომხდარა. რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ უზენაესი საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა, რომ სახელმწიფო ენად ქართული რჩებოდა.

2012 წლის აპრილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნი გამოიცა „1978, 14 აპრილი“ - წიგნში დემონტრაციის მონაწილეთა ზეპირი ნაამბობია თავმოყრილი. ისტორიების ავტორები ძირითადად უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და დისიდენტური მოძრაობის წევრები არიან. „ლიბერალი“ ამ წიგნში მოთხრობილიდან ამონარიდებსა და აქციის სხვა მონაწილეების მოგონებებს გთავაზობთ:

 

მერი ტორაძე,

მასწავლებელი

სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი. 14 აპრილს აქციაზე მეც ვაპირებდი გასვლას, როგორც ჩვეულებრივი მონაწილე. თუმცა, ისე მოხდა, რომ ამ დღეს თეატრალურ უნივერსიტეტში КГБ-ს აგენტების მიერ ჩატარებულ დაკითხვაზე ჩაკეტილი  აღმოვჩნდი.

წინა დღეს თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ჩემი მეგობარი შემხვდა და მითხრა, დედაშენი ხომ თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობს და შენც იცნობ იქ ხალხს, ჰოდა იქნებ მიხვიდე მათთან და გადასცე სტუდენტებს, ხვალ  უნივერსიტეტიდან რომ დავიძრებით, ისინიც შემოგვიერთდნენო. დავთანხმდი, წავედი თეატრალურში და იქ ერთ ნაცნობს გადავეცი დანაბარები. მან, როგორც ჩანს, უნივერსიტეტის დესპანად და ერთ-ერთ ლიდერად მიმიჩნია და ასე მომეწება ეს როლი. მითხრა, რომ დემონსტრაციაზე გასვლას, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებდნენ, რომ წინა დღეს მათთან თეატრალურში ცკ-ს მდივანი იყო მისული და სტუდენტებს კატეგორიულად მოსთხოვა, აქციაზე არ გასულიყვნენ, ამიტომ, როგორც ჩანს, საერთოდაც, თეატრალურის სტუდენტებს შენობაში  ჩაკეტავდნენ და გარეთ არ გამოუშვებდნენ. 

თითქოს ამით ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ღამით ჩემს სახლში დაიწყეს რეკვა ქალაქკომის მდივანმა, რაიკომის მდივნებმა, ამოწმებდნენ სახლში ვიყავი თუ არა   და აქციის ორგანიზებით ხომ არ ვიყავი დაკავებული. შემდეგ პრორექტორმაც დაურეკა მამაჩემს და სთხოვა, სამი დღე არ გავეშვი სახლიდან, ერთგვარი შინაპატიმრობა მომისაჯეს.  

ყველამ მშვენივრად იცოდა, მეორე დღეს რაც მოხდებოდა, ეშინოდათ, რომ საბჭოთა ტანკების მსხვერპლნი გავხდებოდით. 14 აპრილს, დილის 6 საათზე ჩვენთან თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა დარეკა და დედაჩემთან ერთად კაბინეტში დაგვიბარა.

რექტორის კაბინეტში რომ შევედი, ოთახი КГБ-ს თანამშრომლებით იყო სავსე და დაიწყო ჩემი დაკითხვა. მეკითხებოდნენ, როგორ დავგეგმე ეს დემონსტრაცია და ა.შ. ცხადია, არც იმ პიროვნებას ვასახელებდი, ვინც თეატრალურში გამგზავნა და არც ორგანიზებაზე ვეუბნებოდი რაიმეს. ეს იყო საშინლად მონოტონური და დამთრგუნველი პროცესი.

მახსოვს, რამდენიმე საათის შემდეგ ქუჩიდან მანქანების ხმა შეწყდა და ცოტა ხნის შემდეგ გავიგონეთ გუგუნი, სტუდენტები მოდიოდნენ რუსთაველის პროსპექტზე. სავარაუდოდ, 9-10 საათი იქნებოდა. ფანჯარასთან მისვლის უფლება არ მქონდა, მაგრამ არ დამავიწყდება ეს ხმა და ეს შთაბეჭდილება. დემონსტრანტები თეატრალურის სტუდენტებსაც მოუწოდებდნენ აქციაზე გასვლისკენ, მაგრამ  რექტორმა კარი ჩაკეტა და სტუდენტები გარეთ არ გაუშვა, სულ ახლოს ტანკები იყო მობილიზებული.

კაბინეტში ტელევიზორი იყო ჩართული, უზენაესი საბჭოს სხდომას გადმოსცემდნენ. დაახლოებით 2-3 საათზე გავიგეთ, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენად დარჩა. ოთახში სიტუაცია უეცრად შეიცვალა. თუ აქამდე „მოღალატეს“ და „უნივერსიტეტის შემარცხვენელს“ მიწოდებდნენ, შემდეგ ქება დამიწყეს.  საშინელი მოსასმენი და სანახავი  იყო ეს ფარისევლობა.

გარეთ რომ გამოვედით, აქცია უკვე დაშლილი იყო, ქუჩაში ადამიანები გახარებულები და ცოტა დაბნეულები ჩანდნენ. მაგრამ მახსოვს, რომ მაშინ, 18 წლისამ პირველად ვიგრძენი თავი მოქალაქედ.

 

თამარ მახარობლიძე,

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მწერალი, დრამატურგი 

1978 წელს მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, გაზეთ „კომუნისტში“ ახალი კონსტიტუციის ტექსტი რომ დაიბეჭდა, ფაქტობრივად, მაშინვე დავიწყეთ მოქმედება.  პირველ ეტაპზე უზენაესი საბჭოსა და ცეკას სახელზე მიმართვა შევადგინეთ. გასაგები გახდა, რომ სტუდენტური მოძრაობა იწყებოდა, ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირში, რომ სტუდენტები რაღაცას აპროტესტებდნენ და თანაც ამას ასე ორგანიზებულად აკეთებდნენ. ხელმოწერები დაზღვეული ფოსტით გავგზავნე, ფაქტობრივად, გაიგზავნა ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც 500 ადამიანი აწერდა ხელს და ეს გახდა წერილობითი საფუძველი შემდგომი სასიკეთო გადაწყვეტილებებისთვის.

14 აპრილს დაახლოებით 11-12 საათისთვის დავიძარით უნივერსიტეტიდან. მახსოვს ვერაზე მანქანები გაჩერდნენ. მოძრაობა გადაიკეტა, საყვირები ჩართეს და ამით სიმხნევეც მოგვეცა. ნიშანდობლივი იყო მილიციის კეთილგანწყობა. ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას არ გვიწევდნენ. ძალიან აშკარად ჩანდნენ სუკის აგენტებიც, მირჩევდნენ მომეწოდებინა ხალხისთვის დაშლილიყვნენ. ხალხი კი მატულობდა და მატულობდა.

არ მახსოვს ვინ მათხოვა მანქანა, მილიციის კუთვნილ მანქანაზე ზემოდან დავჯექი, რუპორი მომაწოდეს და აქციას წინ გავუძეხი. მახსოვს რა მეცვა, გულზე კი კუბიდან მამაჩემის ჩამოტანილი პურისგან დამზადებული დიდი, მრგვალი მეფისტოფელი მეკიდა. იმ დღეს მამაჩემი გორიდან ჩამოვიდა და ერთმანეთს დემონსტრაციაზე შევხვდით, ჩემი პოვნა არ გასჭირვებია, მე ხომ მანქანის თავზე წამოსკუპებული რუპორით ხელში ვაქტიურობდი.

იმ მიტინგზე სხვა რაიონებიდანაც ბევრი იყო ჩამოსული. იყო საოცარი განწყობა. პოეტმა გოგონამ ლალი თოთაძემ ირაკლი აბაშიძის ლექსი „ო, ენავ ჩემო“ წაიკითხა, ვამხნევებდით ერთმანეთს და მთავრობის სახლისკენ მივიწევდით. იქ მისულებმა რადიოს ჩართვა მოვითხოვეთ და უმაღლესი საბჭოს სხდომას პორდაპირ ეთერში ვისმენდით. 14 აპრილის აქციის შესახებ არცერთ ჟურნალ-გაზეთში არ დაწერილა, სამწუხაროდ, არ ვიცი არსებობს თუ არა დემონსტრაციის ვიზუალური მასალა. ეს იყო გამარჯვება, ეროვნული ღირსების დაცვა დანაკარგების გარეშე.

გვანცა კოპლატაძე,

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მე აქტიური არასოდეს არ ვყოფილვარ, არც კარიერის გაწირვა არ ყოფილა ჩემთვის დიდი გმირობა. მაშინ ვიფიქრე, რომ თუ არ იქნებოდა ქართული ენა, არც ქართული უნივერსიტეტი იარსებებდა.

14 აპრილს, დილით, უნივერსიტეტში მივედი, ეზოში ხალხი იკრიბებოდა, ყველა ღელავდა, მაგრამ წონასწორობას ინარჩუნებდა, მსვლელობა მთავრობის სახლისკენ დაიძრა. ვიცოდით, რომ რუსთაველის  გამზირის პარალელური ქუჩები მერვე პოლკით იყო სავსე. რატომღაც ახალგაზრდები არ ხმაურობდნენ, დინჯად, თავდაჭერილად მოაბიჯებდნენ, თითქოს მზად იყვნენ ყველაფრისთვის.  

საოცარი განწყობა სუფევდა: თეტრალურ ინსტიტუტთან მილიციის მანქანაზე შემომსხდარმა სტუდენტებმა მეგაფონით ლექსები წაიკითხეს. მოსწავლეებმა თეთრ პერანგებზე წითელი პომადით „აი ია“ დაიწერეს.

თამარ ჩხეიძე,

ისტორიკოსი

ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ თუ არა, კაგებეც გააქტიურდა. იყო დაკითხვები, გამოძახებები, დაკავებით გვემუქრებოდნენ. ჩემს სახლში ჩხრეკაც კი ჩაატარეს. ასეთი პანიკური მოქმედებებით კაგებემ პირიქით, ხალხის ინფორმირებას შეუწყო ხელი. სკოლების ადმინისტრაციებს აფრთხილებდნენ არავინ წასულიყო დემონსტრაციებზე, უნივერსიტეტში საერთოდ ისტერიული მდგომარეობა იყო. მაგრამ პირიქით მოხდა, სკოლის მოსწავლეები ფანჯრებიდან ხდებოდნენ, რომ დემონსტრაციას შემოერთებოდნენ.

14 აპრილის აქცია სრულიად განსხვავებული იყო. ეს არ იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა, იყო ერთადერთი მოთხოვნა - ქართული ენის უფლებების აღდგენა. გზადაგზა ხალხი სიტყვით გამოდიოდა, ზოგი ლექსს ამბობდა, თუმცა კონკრეტული ლიდერი მოვლენებს არ ჰყოლია. გარკვეული ხნის შემდეგ შევარდნაძე ჩამოვიდა ხალხთან და 75-ე მუხლის რაღაც შუალედური ფორმულირება შემოგვთავაზა, მაგრამ ხალხმა ის ერთხმად უარყო. ჩვენ გვინდოდა ზუსტად ისეთივე ფორმულირება, როგორიც წინა კონსტიტუციაში იყო. ხელისუფლებაც მიხვდა, რომ კომპრომისი არ იქნებოდა. მოგვიანებით შევარდნაძე ისევ ჩამოვიდა და გვამცნო, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა. ცხადია, ის ამ გადაწყვეტილებას თავად ვერ მიიღებდა. მოსკოვშიც მიხვდნენ, რომ სისხლისღვრის გარეშე ხალხი უკან არ დაიხევდა, სისხლისღვრა კი მაშინ არ აწყობდათ.

თემურ წიქორიძე,

არქიტექტორი

მაშინ სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. 14 აპრილს აკადემიაში გამოგვიცხადეს, რომ გარეთ არ გავსულიყავით, КГБ-სა და უშიშროების თანამშრომლებით იყო სავსე აკადემიის მიმდებარე ტერიტორია. ხმა გავრცელდა, რომ ხალხი უნივერსიტეტთან იკრიბებოდა, ძირითადად, სტუდენტობა და ახალგაზრდობა. რა თქმა უნდა, ყველას წასვლა გვინდოდა, გაჩერება არ შეიძლებოდა. 

მე და ჩემი მეგობრები სასადილოს მხრიდან ღია კარიდან გამოვიპარეთ. უნივერსიტეტთან ხალხს უკვე მოეყარა თავი. ვარაზის ხევის ამოსასვლელთან მილიციის დიდი კორდონი იდგა. მის წინ კი - КГБ-ის  გადაცმული თანამშრომლები. მათთან ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება, მერე კი ფიზიკური შეხლა მომივიდა. ვიღაცებმა ხელი მომკიდეს და პირველი კორპუსის დარბაზში შემიყვანეს, იქ თსუს თანამშრომლები შეკრებილიყვნენ, მთხოვეს არ მეაქტიურა, შიშობდნენ ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრდებოდა. საბჭოთა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას ვცდილობთ და სიცოცხლეს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთო. გარეთ რომ გამოვედი, ისევ პირველ რიგებში აღმოვჩნდი. ამ დროს ვაკიდან მომავალი ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტობა შემოგვიერთდა. ნელ-ნელა დავიძარით, ჯერ მელიქიშვილზე გავარღვიეთ მილიციის კორდონი, მეორე - სასტუმრო „ივერიასთან“, მესამე რუსთაველის თეატრთან და მთავრობის სასახლესთან აღმოვჩნდით. მახსოვს გზადაგზა ხალხი გამორბოდა ჩვენკენ.

მოქალაქეები ტიროდნენ, გვთხოვდნენ თავი შეგვეკავებინა. მათ კარგად ახსოვდათ 1956 წლის 9 მარტი, ჩვენც ვიცოდით, რომ პარალელურ ქუჩებზე საბჭოთა ჯარი იყო მობილიზებული. ერთი ბრძანება და ალბათ ყველას დაგვხოცავდნენ, საბედნიეროდ ასე არ მოხდა.

გელა ნიკოლაიშვილი,

ადვოკატი  

სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, მაშინ კურსელებს (თამრიკო ჩხეიძე, გია ჩხიკვიშვილი, გია ჭანტურია, ავთანდილ იმნაძე და სხვები) არალეგალური  ჯგუფი გვქონდა შექმნილი, ძირითადად პროკლამაციებს ვავრცელბდით ხოლმე. ფიქრი დავიწყეთ, რა შეიძლებოდა გვექნა ამ შემთხვევაში და პეტიციიაზე ხელმოწერების შეგროვება გადავწყვიტეთ. 14 აპრილს დილით პირველი კორპუსის ყველა შესასვლელი კარი ჩაკეტეს, ლექციებს იმიზეზებდნენ და ვინც შიგნით დარჩა, გარეთ აღარ უშვებდნენ. მაგრამ უნივერსიტეტის ეზო მალე აივსო სამხატვრო აკადემიის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო ინსტიტუტის სტუდენტებით, ცნობილი და ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანებით, მწერლებით, სპორტსმენებით.  მერე უნივერსიტეტის კარიც გააღეს და მთავრობის სასახლისკენ დავიძარით.

მილიციის ყველაზე დიდი კორდონი  ოპერასა და რუსთაველის თეატრს შორის დაგვხვდა, იქაურობა სატვირთო მანქანებითა და მილიციელებით იყო ჩახერგილი. არ ვიცი პირველმა ვინ მოიფიქრა, მაგრამ ხალხი მიდიოდა, მილიციელებს ქუდებს ხდიდა და ჰაერში ისროდა. ეს უწყინარი ხუმრობა აბნევდა მათ, თავზე ხელს იკიდებდნენ, მერე ქუდებს დასდევდნენ, უცებ აირივნენ და მათი კორდონიც მალე დაიშალა.

ხალხი მთავრობის სასახლესთან შეგროვდა. იქვე პირველი გიმნაზიიდან გამოპარული სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. ზოგს ჩანთებზე, რვეულებზე, თეთრ პერანგებზე „დედა ენა“ დაეწერა და მაღლა ჰქონდა აწეული, რომ სხვებსაც დაენახათ. სხდომაზე პროცესი იწელებოდა, საბოლოოდ კი შევარდნაძეც ჩამოვიდა ჩვენთან და რამდენჯერმე გაამეორებინეს, რომ „საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული.“

მერაბ ვაჩნაძე,

ისტორიკოსი

წინა დღეების მღელვარების მიხედვით ყველამ ვიცოდით, რომ 14-ში რაღაც მაშტაბური მოხდებოდა. მე ჩემი სტუდენტები არასდროს მიმიტოვებია და ვერც იმ დღეს მივატოვებდი. ახალგაზრდა ლექტორებთან ისინი უფრო გახსნილები იყვნენ, მათთან ვმეგობრობდი კიდეც. დილით ძალიან ადრე მივედი უნივერსიტეტში, 7-ის ნახევარი იქნებოდა. ეზოში ქვიშის დიდი წითელი გორები იდგა. როგორც ჩანს, სპეციალურად მოაწყვეს, რომ ხალხი არ შეკრებილიყო. მაგრამ რამდენიმე საათში, 9-10 საათისთვის, იქ 30-000-მდე ადამიანი შეგროვდა. მთავრობის სასახლის წინ კი უკვე 60 000-ზე მეტი ადამიანი მაინც იქნებოდა შეკრებილი და ყველა ელოდა, რომ მთავრობა ძალას გამოიყენებდა. იმ დილით მეუღლეს მეც დავემშვიდობე. იმედი არ მქონდა, რომ უკან ცოცხალი დავბრუნდებოდი. ყველამ ვიცოდით, რომ მერვე პოლკი თბილისში იმყოფებოდა და მთავრობის სასახლესთან შეიარაღებული ჯარისკაცები იდგნენ.

ავთანდილ იმნაძე,

საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს წევრი

„პლეხანოვის მხარეს ვცხოვრობდი, კლარა ცეტკინის ქუჩაზე. 14 აპრილს, დილით, პირდაპირ გადავედი ვერის ხიდზე და ელბაქიძის აღმართი ავიარე. „ზემელზე“ რომ ავედი და დავინახე ამხელა კოლონა მოდიოდა, სიხარულის გარდა, ცოტა შევშფოთდი, ახლა აქ რომ რამე მოხდეს, ვინმე დაიღუპოს... ნელ-ნელა გავყევი მასას..

ფოტოწრის ხელმძღვანელად ვმუშაობდი და სამოყვარულო კინოკამერა მქონდა, დემონსტრაცია რომ გაგრძელდა, წავედი და ამოვიტანე ეს კამერა, შიგ ფირი ჩავდე. იქვე სასტუმრო „ინტურისტის“ შენობა იდგა, მაშინ ცარიელი იყო, რემონტი მიდიოდა. მეორე და მესამე სართულიდან ვიღებდი ამ დემონსტარციას, მაგრამ  ეს ფირი გაფუჭდა, რა მოხდა ახლაც არ ვიცი. ორი დღის შემდეგ გავამჟღავნე და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ იყო გადაღებული. აპარატმა მიმტყუნა. შემდეგ ამაზე დიდი განგაში ატყდა , КГБ-ში, ცხადია, გაიგეს, რომ ვიღებდი, ფირის ხელში ჩაგდება სურდათ, სად წაიღე, ვის გაუგზავნეო, მეკითხებოდნენ, მაგრამ ფირზე არაფერი იყო აღბეჭდილი.

გურამ გაფრინდაშვილი

ტელეოპერატორი

პირველი არხის ტელეოპერატორი ვიყავი. 14 აპრილს, დილით ადრე წავედი მთავრობის სასახლეში. მაშინ ამიერკავკასიის სამხედრო ჯარების მთავარი  ოლქი თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა. მე იმავე ქუჩაზე ვცხოვრობდი, დილით იქ ჯარისკაცები არ შემიმჩნევია, მაგრამ როდესაც მთავრობის სასახლესთან მივედი,  ტანკები დავინახე - ჩიტაძის ქუჩაზე და პირველი საშუალო სკოლის (ახლანდელი გიმნაზიის) მხარეს. 

ჩვენ სხდომას ვიღებდით. ყურმილებში რეჟისორი და მთავარი ოპერატორი გვეხმიანებოდნენ და გვამხნევებდნენ, თან გვაწვდიდნენ ინფორმაციას, რომ გარეთ სიტუაცია რთულდებოდა და იძაბებოდა, სტუდენტები მთავრობის სასახლეს უახლოვდებოდნენ. ისმოდა შეძახილები „გაუმარჯოს საქართველოს“, „გაუმარჯოს ქართულ ენას“..

სწორედ ამ დროს მიაწოდეს ბარათი ედუარდ შევარდნაძეს, მან  სხდომაზე შესვენება გამოაცხადა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა დარბაზი. სხდომა მალე განახლდა. შევარდნაძე ტრიბუნასთან მივიდა, თითქოს ფერდაკარგულიც მეჩვენა, მიკროფონზე ხელით დააკაკუნა და დარბაზს მიმართა: „ჩვენ როგორც გვინდოდა, ქართული ენა დარჩა სახელმწიფო ენად“. ეს შეიძლება ზუსტი ციტირება არ იყოს, მაგრამ შინაარსი ასეთი გახლდათ. სხდომა შეწყდა და ყველა ერთად ჩავედით რუსთაველის გამზირზე.

ვასილ მაღლაფერიძე,

ფილოლოგი 

13 აპრილს ღამის 11 საათზე სტუდენტები სახლებიდან უნივერსიტეტში წაგვიყვანეს, დაკითხვა პარტკომის და კომკავშირის კომიტეტის ოთახებში მიმდინარეობდა, აინტერესებდათ კონკრეტულად რა იგეგმებოდა, ვინ იყვნენ ორგანიზატორები. ღიზიანდებოდნენ, რომ ვერ პოულობდნენნ ლიდერს, არადა ვერც იპოვიდნენ, რადგან ასეთი ადამიანი არ არსებობდა. სახლში რომ გამოგვიშვეს, დილის 6 საათი იყო. სასწავლებლის ეზოში დილით უამრავი სტუდენტი შეგროვდა კონსერვატორიიდან, სამხატვრო აკადემიიდან, პოლიტენიკურიდან, თითქოს უნივერსიტეტებს შორის საზღვრები წაიშალა.  

მას შემდეგ, რაც ქართული ენა გადარჩა, რუსთაველის თეატრში ქსეროქსით ამრავლებდნენ ფურცლებს, რომელზეც კონსტიტუციის 75-ე მუხლი იყო აღბეჭდილი და ეწერა, რომ საქართველოს რესპუბლიკის ენა არის ქართული ენა.

ფურცლებს ხალხში არიგებდნენ, მახსოვს ლურჯი ფერის მელნით აწყობილი ტექსტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^