Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უფასო სახელმძღვანელოები გამომცემლების ხარჯზე

15 აპრილი 2013

როგორ უნდა დაბეჭდოს სამინისტრომ გამომცემლების გვერდის ავლით სახელმძღვანელოები? რატომ ლახავს ეს გადაწყვეტილება გამომცემელთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებას და რატომ არის ეს ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში სახიფათო

„სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს ყველა მოსწავლეს დაურიგდება უფასოდ. ვულოცავ  ყველას!“ - ეს განცხადება 9 აპრილს გიორგი მარგველაშვილმა 145-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში გააკეთა. საუბარი მშვიდად დაიწყო, შემდეგ ნელ-ნელა ტონს აუწია,  გაახსენდა ათასობით ოჯახი, რომელებსაც სახელმძღვანელოებზე დაწესებული „კოლოსალური“ ფასის გამო შვილები დასასვნებლად ვერ დაჰყავს. „ბავშვების ხარჯზე გამდიდრება საქართველოში დასრულდა. ის, რაც საქართველოში ხდებოდა, მოსახლეობის მეთოდური გაღარიბებაა“.

მინისტრის ბრიფინგზე დასწრება 145-ე საჯარო სკოლის შენობაში მყოფმა ორმა გამომცემელმა სცადა, თუმცა სკოლის დირექტორისა და სამინისტროს თანამშრომლების უარის შემდეგ შენობა დატოვეს და მინისტრს პირადად ვერც ამჯერად შეხვდნენ.

მინისტრის ამ გადაწყევტილებას  გამომცემლების უკმაყოფილება მოჰყვა. საზოგადოება, რომელიც აღფრთოვანებულია მინისტრის „ისტორიული“ გადაწყვეტილებით, დაიბნა. სოციალურ ქსელებში ცდილობდნენ გაერკვიათ, როგორ უნდა დაბეჭდოს სამინისტრომ გამომცემლების გვერდის ავლით სახელმძღვანელოები? რატომ ლახავს ეს გადაწყვეტილება გამომცემელთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებას და რატომ არის ეს ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში სახიფათო? 

შაშკინის კანონი

2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია რომ სახელმწიფოს სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შეაქვს.

იურიდულ პირთან ერთად, სახელმძღვანელოებზე გამოცხადებულ კონკრუსში მონაწილეობის მიღების უფლება ენიჭებათ ფიზიკურ პირებს, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თანაავტორი კი სახელმწიფო ხდება, რაც განათლების სამინისტროს უფლებას აძლევს “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე” ინტელექტუალური საკუთრება — მათ მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოები — ლიცენზიით გადასცეს სხვა პირებს, მაგალითად, სამინისტროს მიერ შერჩეულ ქართულ სტამბებს; სამინისტრომ კი ამ სტამბებს უნდა დააბეჭდინოს სკოლებისთვის უფასოდ გადასაცემი სახელმძღვანელოების ტირაჟები ისე, რომ გამომცემლებსა და ავტორებს აქედან ჰონორარად მიზერული თანხა — სასტამბო ფასის 10%-ის ოდენობით - ერგოთ.

2011 წლის ამ განცხადებამ გამომცემლები დააბნია. სამინისტროს გადაწყვეტილების დაჯერება გაუჭირდათ, რადგან ეს ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართელოს როგორც კონსტიტუციის 23-ე მუხლთან, რომლის მიხედვით ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია, ისე იმ კანონთან, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იურიდიულ პირს აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელბის უფლება. წიგნის გამოცემაც სამეწარმეო საქმიანობაა.

ყველაზე ბუნდოვანი თანამფლობელობის შესახებ მუხლი იყო, თუმცა ეს ე.წ. „დაუჯერებელი“ განცხადება კანონში აისახა. შედეგად, გამომცემელები საკმაოდ უჩვეულო რეალობაში აღმოჩნდნენ: ან უნდა დათანხმებულიყვნენ სახელმწიფოს შემოთავაზებას ან მათ სახელმძღვანელოებს გრიფირების დროს „სერიოზული წინააღმდეგობები“ შეხვდებოდა.

შაშკინის ეს გადაწყვეტილება 2011 წელს ფართო დისკუსიის საგანი გახდა. მინისტრი  სატელევიზიო გამოსვლებში საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მისი მიზნები „კეთილშობილური“ იყო - საგამომცემლო მონოპოლიების დაშლასა და წიგნებზე დაწესებული კოლოსალური ფასების შემცირებას ემსახურებოდა.

“გამომცემელბს 300%-იანი მოგებები აქვთ, ისინი გარიგებაში  შედიან  სკოლებთან და მშობლებს სახელმძღვანელოების ყიდვას აიძულებენ“, - ამბობდა შაშკინი.

2011 წელს გამომცემლები მინისტრის არაფორმალურად წაყენებულ პირობებს _ დაწესებულიყო სახელმძღვანელოებზე ფასის ზედა ზღვარი და ყველა სახელმძღვანელო „24 საათის სტამბაში“ დაებეჭდათ - დათანხმდნენ. შარშან სწორედ “24 საათმა” დაბეჭდა და გაავრცელა ყველა სასკოლო სახელმძღვანელო.

2011 წელს  გამომცემლებსა და სამინისტროს შორის შემდგარმა მოლაპარაკებებმა საქართველოში მოქმედი სტამბები ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალა. სტამბა „ფავორიტს“ სამი მილიონი ლარის ზარალი მიადგა. სტამბა “სეზანს” 200-300 ათასი ლარის ზარალი.

მე-10 მუხლი, რომელიც თანამფლობელობას განსაზღვრავდა, გრიფირების წესში იდო, მაგრამ არ ამუშავებულა. მაშინაც შეეძლო სახელმწიფოს გამომცემლების გარეშე სტამბებზე გასვლა, თუმცა გამომცემლობების გვერდის ავლით სახელმძღვანელოები არ დაუბეჭდავთ. 

მარგველაშვილის კანონი

ამ ცვლილებებიდან ზუსტად ორი წლის თავზე, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გრიფირების წესში შესული ცვლილებები ისევ აქტუალური გახდა. 

განათლების სამინისტრომ “შაშკინის კანონი” ძალაში დატოვა და მის სრულ რეალიზაციას მიჰყო ხელი. სამინისტრომ ახლა უკვე გამომცემლების გვერდის ავლით, სტამბებთან დაიწყო მოლაპარაკებები. ამის შემდეგ გამომცემლებმა სასწრაფოდ მიმართეს წერილით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს, გიორგი მარგველაშვილს, ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას, საქართველოს პოლიგრაფისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ვალერი ლობჟანიძესა და ცალკეული პოლიგრაფიული ფირმების მესვეურებს.

გამომცემლებსა და სამინისტროს თანამშრომლებს შორის ოთხი შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გამომცემლების მოთხოვნის მიუხედავად, მინისტრ გიორგი მარგველაშვილსა და გამომცემლებს შორის არც ერთი შეხვედრა არ შემდგარა.  მათთან მოლაპარაკებებს აუდიტის სამსახურის უფროსი ალექსანდრე აბაშიძე აწარმოებდა.

მინისტრის განმარტებით, ის გამომცემლებთან შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან არც იურისტია და საგამომცემლო საქმეც არ ესმის. „მე მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებებს ვიღებ და ვხელმძღვანელობ იმ კონტრაქტებით, რომელიც სამინისტროში დაგვხვდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა, თუმცა კითხვაზე, რატომ არ დაინტერესდა მისი წინამორბედის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შინაარსით, პასუხი არ აქვს და ამბობს, რომ ხელშეკრულებების არაკანონიერება სასამართლომ უნდა დაადგინოს.

ამ განცხადებიდან  მეორე დღეს მინისტრი სახელმძღვანელოების ავტორთა ნაწილს მასწავლებლის სახლში შეხვდა, შეხვედრა მედიისთვის დახრული იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ  გამომცემლები ავტორებს კაპიკებს უხდიდნენ და ის „ამ აბსურდული სქემით“ გაოცებულია.

გამომცემელი ლაშა ბერაია მინისტრის ამ განცხადებებში „გათიშე და იბატონეს“ პრინციპს ხედავს და ამბობს, რომ ეს მცდელობები უშედეგო იქნება, რადგან გამომცემლები და ავტორები ერთ აზრზე დგანან და ისინი ერთად გააგრძელებენ სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიმიტრი შაშკინმა ქართველი გამომცემლებისგან განსხვავებით, სხვა შინაარსის კონტრაქტი გააფორმა „მაკმილანის“ ბრიტანულ გამომცემლობასთან და მუხლი, რომელიც ახლა განათლების სამინისტროს ქართული გამომცელობებისთვის საავტორო უფლებების „წართმევის“ საშუალებას იძლევა, „მაკმილანის“ გამომცემლობასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ დევს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ გამომცემლობისგან სახელმძღვანელოების შესყიდვას გააგრძელებს.

საქართველოს ხელისუფლება გამომცემლებისთვის საავტორო უფლებების „წართმევის“ ხარჯზე ათობით მილიონ ლარს ზოგავს. გამომცემლებისთვის შესაბამისი თანხა რომ გადაეხადა, 12 მილიონის ნაცვლად, სასკოლო წიგნების უფასოდ დარიგება სამინისტროს ორჯერ მეტი დაუჯდებოდა. როგორც გამომცემელები ამბობენ, ისინი მზად იყვნენ განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკებებისთვის. თუმცა, სამინისტრომ გამომცემლებთან მოლაპარაკებები არ გააგრძელა და ისარგებლა იმ კონტრაქტით, რაც „დახვდა“.

არსებული კონტრაქტის მიხედვით სამინისტრო გამომცემელს სტაბის ღირებულების 10%-ს გადაუხდის, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი სამინისტრო სტამბაში ერთი სახელმძღვანელოს დაბეჭვდა 1, 80 თეთრი უჯდება, გამომცემლებს ამ თანხის 10 % ხვდება, რაც  წიგნზე 18 თეთრს შეადგენს. 18 თეთრიდან გამომცემელმა უნდა გაისტუმროს ავტორთა ჰონორარი და  საგამომცემლო ხარჯი.

გამომცემლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საგამომცემლო ბიზნესს სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს. „ლოგოს პრესის“ დირექტორის ლაშა ბერაიას თქმით, „ლოგოს პრესის“ შემოსავლები სამჯერ შემცირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ გამომცემლობას ახალ პროექტებში ინვესტირების საშუალებას აღარ ექნება. 

„ეს ნიშნავს იმას, რომ სამჯერ ნაკლებ ახალ წიგნს გამოვცემ და იგივე იქნება სხვა გამომცემლების შემთხვევაშიც. ერთი წლის განმავლობაში ქართული წიგნების ბაზარი საოცრად გაღარიბდება.  ამდენჯერვე გაღარიბდება გაყიდვები წიგნის მაღაზიებში. საშუალოდ სასკოლო სახელმძღვანელეობის გამომცემლები 10-20%_იან მოგებაზე მუშაობდნენ. ეს არის სავსებით ზომიერი შემოსავალი და ვერ იტყვი, რომ მდიდრდებობდნენ. ეს იდებოდა ისევ სახელმძღვანელეობის ხარისხის გაუმჯობესებაში და ასევე ზოგადი ბაზრის წიგნების გამოცემაში. ხდებოდა ამ თანხის ინვესტირება კულტურასა და განათლებაში. ამის შედეგია, რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია ყველა ტიპის გამოცემით. ჩვენს რეგიონში 10 თავით მაღლა ვდგავართ ჩვენს კოლეგებზე. იქ საგამომცემლო საქმე ჩამკვდარია, საქართველო მოწინავეა გამომცემების რაოდენობით და გამოცემული წიგნების ხარისხით.“ - ამბობს ლაშა ბერაია.

ბაკურ სულაკაურის თქმით, მისი გამომცემლობა, ყველა სხვა გამომცემლობისგან განსხვავებით, მთლიანად სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე დამოკიდებული არ იყო.

„ეს სახელმძღვანელოები ჩვენი შემოსავლების მესამედია, ჩვენი გაყიდვები შემცირდება მესამედით.“ - ამბობს ბაკურ სულაკაური და აღნიშნავს, რომ გამომცემლები სახელმძღვანელეობის უფასო დარიგებას მიესალმებიან, ოღონდ ეს   სხვისი საკუთრების წართმევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

„ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციას. ეს არის დიდი ორგანიზაცია, რომლის შტაბბინა არის ჟენევაში და ევროკავშირის სტრუქტურებისა და სხვა სტრუქტურების საშუალებით უნდა მოვახერხოთ ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე. პირველი კომუნიკაცია გვქონდა, დღეს ოფიციალური წერილი გაეგზავნებათ და ეს ფაქტი საქართველოს იმიჯზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა ინტელექტუალურ საკუთრებას არაფრად აგდებს” - ამბობს ბაკურ სულაკაური.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტამბებთან მოლაპრაკებები უკვე დაიწყო. როგორც „ლიბერალისთვის“ გახდა ცნობილი, სამინისტრო ოთხ სტამბასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, თუმცა ხელშეკრულებები ჯერჯერობით არც ერთ მათგანთან გაფორმებული არ აქვს. მინისტრის თქმით, საზოგადოებამ ამ გადაწყვეტილებაში სწორი საბაზრო ორიენტირი უნდა დაინახოს. „ეს ფული წავა ქართულ სტამბებში, ეს ფული შექმნის სამუშაო ადგილებს, როგორც სტამბებში, ისე დისტრიბუციის ნაწილში.” - განაცხადა მინისტრმა პოლიტმეტრში საუბრისას. ამავე გადაცემაში აღინიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა სახელმძღვანელოების შესაძენად წელიწადში 80 მილიონ ლარს ხარჯავდა, ეს დაზოგილი თანხა კი ისევ ამ ხალხის ჯიბეში დარჩება, ქართველი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაიზრდება და მშობლები თავის შვილებს სასკოლო სახელმძღვანელეობის ნაცვლად მხატვრულ ლიტერატურას უყიდიან. 

„გამოსცენ კლასიკა და გაყიდონ ეს წიგნები. დარწმუნებული ვარ, რომ იმ დაზოგილი 150 ლარიდან მშობლები უყიდიან შვილებს წიგნებს. გამოსცენ “სამი მუშკეტერი”, “სამი ამხანაგი” და “აივენგო”, “სამი გოჭი”, მერე მივა მშობელი და რომელიმეს უყიდის“, - განაცხადა მინისტრმა.

საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას გამომცემლები სასამართლოში გააგრძელებენ. სარჩელი მზადდება და გამომცელებისთვის საავტორო უფლებების ჩამორთმევის სამართლიანობაზე სასამართლო იმსჯელებს. 

ინტელექტუალური სამართლის იურისტის ლევან ნანობაშვილის თქმით, განათლების და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითც ცვლილებები შევიდა გრიფირების წესში, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის. 

მისივე თქმით, მე-10 მუხლი წარმოადგენს ე.წ. „იძულებითი ლიცენზირების“ მაგალითს, რომელსაც ბევრი სახელმწიფოს კანონმდებლობა იცნობს. არსებული პრაქტიკით, იძულებით ლიცენზირებას მიმართავენ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება ავტორთან მოლაპარაკება მისი ნაწარმოების გამოყენების სამართლიან პირობებზე. ასეთ დროს, სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია დაავალდებულოს ავტორი, რომ მან გასცეს ნაწარმოების გამოყენების ნებართვა. თუმცა, ავტორმა აუცილებლად უნდა მიიღოს სამართლიანი ჰონორარი. გრიფირების მე-10 მუხლი კი, იძულებითი ლიცენზირების საკუთესო მაგალითი არ არის, რადგან პირველ რიგში, იგი არ ითვალისწინებს ავტორთან მოლაპარაკების შესაძლებლობას. ამასთან, ასეთი მოლაპარაკების აუცილებლობა გამომდინარეობს როგორც სამართლიანობის პრინციპიდან, ასევე საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო.

“მაგალითად, საქართველო არის მხატვრულ და ლიტერატურულ ნაწარმოებთა დაცვის შესახებ ბერნის კონვენციის წევრი, რომელიც პირდაპირ ითხოვს, რომ იძულებითი ლიცენზირებისას საავტორო ჰონორარი პირველ რიგში უნდა განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით. მხოლოდ მხარეთა შეუთანხმებლობის შემდეგ საავტორო ჰონორარის დადგენის უფლება აქვს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულს უფლებამოსილ პირს.” - ამბობს ლევან ნანობაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში საკუთრების უფლების შეზღუდვის სხვა შემთხვევები პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით არის მოწესრიგებული და არა მინისტრების ბრძანებით. შესაბამისად, საავტორო უფლების შეზღუდვა მინისტრის ნორმატიული აქტით არ უნდა მომხდარიყო. მისივე თქმით, ინტელექტუალური საკუთრების უფლების ხელშეუვალობა კონსტიტუციის 23-ე მუხლით არის გარანტირებული.  მინისტრის ბრძანება კი ინტელექტუალური საკუთრების უფლების ხელშეუვალობას არღვევს.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^