Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არის არაკოსტიტუციური განათლების მინისტრის ბრძანების მე-10 მუხლის ბ) ქვეპუნქტი

16 აპრილი 2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გახმოვანდა ინიციატივა, სასკოლო სახელმძღვანელოების მოსაწავლეთათვის უფასოდ დარიგების შესახებ. აღნიშნულ ინიციატივას მოსახლეობის დიდ ნაწილში პოზიტიური აღქმა მოყვა. ამავდროულად იმთავითვე გაჩნდა კითხვები, თუ როგორ (რა სახსრებითა და ფორმით) აპირებს მინისტრი სახელმძღვანელოთა დარიგებას სკოლებში და როგორ გახდება სამინისტრო მათი მესაკუთრე.

აღნიშნულ კითხვას პასუხი მალევე გაეცა თავად სამინისტროს მიერ. როგორც გაირკვა სამინისტრო გეგმავს გამოიყენოს ამავე უწყების ხელმძღვანელის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანების - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის“ მე-10 მუხლის ბ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც გამომცემლების უფლებას (ლიცენზიას) თავად გამოიყენებს და დაბეჭდავს წიგნებს, ხოლო საკუთრების უფლების შეზღუდვას „საზოგადოებრივი აუცილებელი საჭიროებით“ ახსნის.

ზოგადად ამ საკითხს რამდენიმე მხარე აქვს, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს როგორც განათლების სპეციალისტების თვალთახედვის კუთხით, ასევე იურისპრუდენციისათვის. მაგალითად, კითხვები - რას გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ სახელმძღვანელოების შექმნაზე მონოპოლიის დაწესება?გააუარესებს თუ არა ეს განათლების მიღების ხარისხს? ხომ არ მოხდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნისათვის დამატებითი ბარიერების დაწესება და ა.შ. განათლების სფეროს სპეციალისტების მიერაა პასუხგასაცემი.

თუმცა, თუ ამ კითხვებზე პასუხი იქნება ის, რომ ხელი შეეშლება ხარისხიანი განათლების მიღებას, მაშინ შესაძლოა საკითხმა ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროშიც გადაინაცვლოს, რადგან სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება (ზოგადი განათლების მიცემა, რომელსაც მინისტრი ასე ხშირად იშველიებს) მის სათანადო ხარისხსაც გულისხმობს. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება ეს ხარისხი გააუარესოს, შესაძლოა, სწორედ ამ უფლების დარღვევად იქნას განხილული. თუმცა ამ საკითხზე ალბათ სხვა დროს მოგვეცემა მსჯელობის საშუალება.

სამართლებრივი გაუმართაობანი ასევე გვხვდება გამომცემელთა და სამინისტროს (რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის უფლებამონაცვლეა) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც, სადაც ასევე კოპირებულია ზემოხსენებული წესის მე-10 მუხლის ბ ქვეპუნქტი. ეს ხელშეკრულება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საკუთარი შინაარსით არ შეესაბამება  საქართველოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს. შესაბამისად მასზე დავა სამინისტროს პოზიციის უცვლელობის პირობებში ალბათ გარდაუვალი იქნება და სასამართლოში გადაინაცვლებს.

თუმცა ამ მიმოხილვის მთავარი თემას ზემოხსენებული საკითხები არ წარმოადგენს. აქ შევეცდები დაინტერესებულ მკითხველს ავუხსნა, თუ რატომ არის ხსენებული ბრძანების მე-10 მუხლის ბ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციური. ამავდროულად საკითხს მიმოვიხილავ მხოლოდ კონსტიტუციასთან ფორმალური კრიტერიუმების შესაბამისობის კუთხით და არ შევეხები მის მატერიალურ (შინაარსობრივ) მხარეს.

ცალსახაა, რომ ინტელექტუალური საკუთრება წარმოადგენს საკუთრების ერთ-ერთ ნაირსახეობას და ის ისევეა დაცული საქართველოს კონსტიტუციით, როგორც სხვა ტიპის საკუთრება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად:

„1.  საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

3.აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან.“

ინტელექტუალური საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია კონსტიტუციის 23-ე მუხლით, რომლის თანახმად: „ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია“.  

შესაბამისად, როდესაც ამ ტიპის საკუთრებაზეა საუბარი, აუცილებელია კონსტიტუციის მოცემული მუხლები (21-ე და 23-ე) ურთიერთშეჯერებით და ერთიანობაში განვიხილოთ.

ფაქტია და იურსიტთა შორის დავას არ იწვევს, რომ სადავო ნორმის დანაწესი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას სახელმწიფოს (სამინისტროს) აძლევს საშუალებას ჩაერიოს საკუთრების უფლებაში. თუმცა იმისათვის, რათა სწორად განვსაზღვროთ ჩარევის ფორმა, აუცილებელია შევაფასოთ თავად ჩარევის ხარისხი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  სახელმწიფოს სურვილი, უფასოდ დაურიგოს სახელმძღვანელოები მოსწავლეებს მისასალმებელია, თუმცა წარმოადგენს თუ არა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას - საკამათოა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია მისი რეგულირება და შეზღუდვა კონსტიტუციით განსაზღვრული წესით. სასამართლოს პრეცედენტების მიხედვით დგინდება, რომ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას განაპირობებს საკუთრების ობიექტის სოციალური მნიშვნელობის მასშტაბი.

კონსტიტუცია საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევის ორ ფორმას ცნობს. პირველ შემთხვევაში - საკუთრების უფლების შეზღუდვას, ხოლო მეორე შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევას.

დამკვიდრებული პრაქტიკით საკონსტიტუციო სასამართლო პირველ რიგში განსაზღვრავს შესაბამის სტანდარტს, რომლის გათვალისწინებიტაც შემდეგ მოხდება ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება. ამ მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ორი მიდგომა:

1.  „მსჯელობა ჩარევის სიმძიმის მიხედვით“ – როდესაც ჯერ მოწმდება, ჩარევა რამდენად აკმაყოფილებს საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევას და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მისი საკუთრების უფლების შეზღუდვის ფარგლებში ხდება განხილვა;

2. „სადავო რეგულირების შეფასება“ – როდესაც მხედველობაში მიიღება სადავო აქტის რეგულირება და მისი არსის და შინაარსის შესაბამისად ხდება კონსტიტუციის 21–ე მუხლის შესაბამისი პუნქტის შერჩევა.

ჩვენც თავდაპირველად სწორედ ამ ჭრილში უნდა შევაფასოთ მინისტრის ბრძანება, რათა გავერკვეთ რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, საკუთრების უფლების შეზღუდვასთან თუ საკუთრების ჩამორთმევასთან.

ვფიქრობ, რომ თავისი ბუნებით აღნიშნული ჩარევა უფრო საკუთრების უფლების შეზღუდვაა, ვიდრე საკუთრების ჩამორთმევა. მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, თუ საკუთრების შეზღუდვა საკუთრების არსს ლახავს, შესაძლოა ის განიხილებოდეს როგორც ჩამორთმევა, მაგრამ ამ შემთვევაში მიმაჩნია, რომ საქმე სწორედ საკუთრების უფლების შეზღუდვასთან გვაქვს (ვრცელ არგუმენტებს აქ არ გთავაზობთ).

საკონსტიტუციო სასამართლო, საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით განხილულ საქმეებში, თავდაპირველად ამოწმებს შეზღუდვის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობას და შემდეგ ახდენს მის შეფასებას მატერიალურ კრიტერიუმებთან. ბუნებრივია თუ შეზღუდვა ფორმალურ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, სასამართლოსათვის ნაკლებმნიშვნელოვანი იქნება მატერიალურ კრიტერიუმებზე მსჯელობა, რადგან სადავო აქტი იმთავითვე არაკონსტიტუციურად უნდა იქნას აღქმული.

სასამართლო ფორმალური კუთხით ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მხედველობაში იღებს - შეესაბამება თუ არა დაწესებული შეზღუდვა მისი ფორმით კონსტიტუციის მოთხოვნებს. კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციის  მოთხოვნა, დადეგნილი შეზღუდვისას ფორმალური კრიტერიუმების დაცვასთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ შეზღუდვა აუცილებლად დაწესებული უნდა იყოს კანონით (კანონის ძალის მქონე აქტით), რის შესახებ პირდაპირ უთითებს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი. შესაბამისად, თუ სასამართლო ადგენს, რომ შეზღუდვა დაწესებულია კანონით, ის ამის შემდეგ გადადის სადავო აქტის მატერიალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებაზე.

ჩვენს შემთხვევაში კი სადავო ნორმა სწორედ ფორმალურ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. საკუთრების უფლების შეზღუდვა წესდება კანონქვემდებარე აქტით (ბრძანებით) და არა კანონით. შესაბამისად მსგავსი შეზღუდვა, ისე რომ აღარ მოხდეს მსჯელობა მის მატერიალურ მხარეზე უკვე არაკონსტიტუციურია.

ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რატომ არ აპროტესტებდნენ ამ ხნის მანძილზე გამომცემლები ხსენებული ნორმას. რაზეც პასუხი ძალიან მარტივია: იმიტომ, რომ ამ ნორმას მანამდე არ უმოქმედია.

შესაბამისად განათლების სამინისტროს (მინისტრს) აქვს უფლება თავადვე გააუქმოს საკუთარი არაკონსტიტუციური ბრძანება (რომელიც მართალია მას არ მიუღია) და წერტილი დაუსვას ამ საკითხს. არ იქნება მართებული საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით დავის საწარმოებლად დაინტერესებულ მხარეთა გადამისამართება (მაშინ როდესაც ეს ცხადია იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტისთვისაც კი). ეს მეტი არაფერი იქნება თუ არა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისადმი უპატივცემულობა.

აქვე დავძენ, რომ ეს მოკლე მიმოხილვაა და შევეცადე ის გასაგები გამეხადა არაიურისტისთვისაც. შესაბამისად ბევრი სამართლებრივი არგუმენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები და ხედვა, რომელიც კიდევ უფრო მყარად წარმოაჩენდა ამ პოზიციის მართებულობას, მასში ასახული არ არის.

 

გიორგი მშვენიერაძე

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^