რატომ აღმოჩნდა საქართველოს პრემირ-მინისტრი ICIJ-ის გამოქვეყნებულ ოფშორულ კომპანიათა მფლობელების სიის სათავეში და რა შეკითხვებს ბადებს ივანიშვილის ოფშორული საქმიანობა?
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) გამოცემა Guardian-თან და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებთან ერთად იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებიც სხვადასხვა ოფშორულ ტერიტორიაზე საიდუმლო კომპანიებსა და საბანკო ანგარიშებს ფლობს. სიას, რომელშიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის წევრები, ფილიპინების ყოფილი დიქტატორის ფერდინანდ მარკოსის ქალიშვლი, რუსეთის ვიცე-პრემიერის ცოლი ოლგა შუვალოვა და არაერთი ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი შედის, სათავეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უდგას.
გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ივანიშვილი 2009 წლამდე ფლობდა და პანამელი აგენტის მეშვეობით მართავდა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2006 წელს დაარსებულ კომპანია Bosherston Overseas Corp-ს. კომპანია დღესაც არსებობს, თუმცა მის შესახებ ცნობები საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ფინანსურ დეკლარაციაში არ მოიძიება.
ICIJ-ის პარტნიორი საქართველოში “ბიზნესკურიერის” წამყვანი და ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილია. “ლიბერალთან” საუბრისას გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ICIJ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონკრეტულ ჟურნალისტებთან ერთად 15 წელია რაც ოფშორების თემაზე მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში, ისინი სხვადახვა პროექტის ფარგლებში და ინდივიდუალური ძალისხმევით, აგროვებდნენ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების სადამფუძნებლო თუ სხვა სახის დოკუმენტაციას. მილიონობით დოკუმენტისაგან კი მონაცემთა ბაზა შეიქმნა და დაიწერა სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ტიპის კავშირების დადგენა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ კომპანიასთან კავშირს, ჟურნალისტის თქმით, მოპოვებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ ივანიშვილი 2009 წლამდე Bosherston Overseas Corp-ის არამხოლოდ მფლობელი, არამედ დირექტორიც იყო და მენეჯმენტსაც თავად ახორციელებდა. კომპანიის ლიცენზია ყოველ წელს ახლდებოდა, ბოლოს კი 2012 წელს, ოქტომბერში განახლდა, თუმცა, დოკუმენტურად არ დასტურდება, დარჩა თუ არა ივანიშვილს რაიმე ინტერესი ოფშორულ კომპანიაში. მთავარი მიზეზი კი, რის გამოც ივანიშვილის კომპანიასთან დაკავშირებით შეკითხვები გაჩნდა ისაა, რომ კომპანიის მთელი არსებობის განმავლობაში არ ერიცხება არანაირი ფინანსური ოპერაცია.
“მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მთელი შვიდი წლის განმავლობაში არ ერიცხება არანაირი ოპერაცია, მას მაინც ინარჩუნებენ როგორც აქტიურს, ანუ ფულს იხდიდნენ. ამიტომ მიაჩნიათ რომ არის საიდუმლო ანუ რაღაცაში იყენებენ, მაგრამ კონკრეტულად რაში, ეს არ ჩანს,”- აღნიშნავს აკაკი გოგიჩაიშვილი “ლიბერალთან” საუბრისას.
გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში, 2011-12 წლებში, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია არანაირი ინტერესი კომპანიაში, შესაბამისად მას არ მოეთხოვებოდა ამის შესახებ ანგარიში შეეტანა თავის ფინანსურ დეკლარაციაში.
ოფშორული კომპანიის შესახებ პრემიერმა კომენტარი 10 აპრილს, მედიასაშუალებების მფლობელენთან და რედაქტორებთან შეხვედრაზეც გააკეთა:
“ის, რომ ბიზნემენი იყენებს ოფშორულ კომპანიას ჩვეულებრივი პრაქტიკაა და დაახლოებით ისეთივე საკითხია, რომ დღის განმავლობაში ადამიანმა წყალი აუცილებლად უნდა მიირთვა. თუკი რამე ცდომილებაა და რამეს მიაგენებენ, მე აუცილებლად შევასწორებ. მე მგონი ჯერ არანაირი ცდომილება არაა, სწორადაა შევსებული დეკლარაცია და არც გამოვრიცხავ, რომ რაიმე შეცდომა იყოს. კანონმდებლობით რაც იქნება საჭირო, დავჯარიმდები თუ რაც იქნება, აუცილებლად გავაკეთებ.”
რაც შეეხება კონკრეტულად Bosherston Overseas Corp-ს, ივანიშვილის თქმით, მას და მის კომპანიას ასობით ორგანიზაციასთან ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა, ამიტომაც მას ამ კომპანიის სახელიც არ ახსოვს.
“რა თქმა უნდა, არაფერი სერიოზული მაგ კომპანიაზე არ ყოფილა და ერთ-ერთი იქნება იმ ასეულობით კომპანიიდან. მაგას მართავს მთელი ჯგუფი და მე რომ იქ კომპანია მახსოვდეს, გამორიცხულია,” - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ოფშორულ ტერიტორიებზე კომპანიის თუ ანგარიშის ფლობაში თავისთავად ცუდს ვერაფერს ხედავს “ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, რომელიც რადიო “თავისუფლებისათვის” მიცემულ კომენტარში აღნიშნავს, რომ თვითონ ასეთი საქმიანობის წარმოება ნორმალურია და მეწარმის გონებრივ გამჭრიახობაზე მიუთითებს.
“ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ის, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ საქმიანობას ეწევა, დამნაშავეა არა იმით, რომ ის ხსნის ან ამუშავებს ამ ანგარიშს, არამედ იმით, თუ რა ფულით სარგებლობს ამ ანგარიშზე. ამიტომ თუ ვინმემ რამე მოიპარა, რომ მოიპარა, იქ უნდა დააკავონ და იქ უნდა დასაჯონ და არა იმის გამო, რომ ფული გადარიცხა სადმე ზონაში,” - განუცხადა პაატა შეშელიძემ რადიო “თავისუფლებას.”
პოლიტოლოგი გიორგი რუხაძე კი ამ თემასთან დაკავშირებით “ლიბერალში” გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ოფშორული ინტერესები შეკითხვებს ბადებს, არა იურიდიული თუ პოლიტიკური, არამედ მორალური თვალსაზრისით.
“დასავლურ, თავისუფალ სამყაროში მეტ-ნაკლებად მიღებულია როდესაც ბიზნემენი, რომელიც მხოლოდ ფულის შოვნითაა დაინტერესებული, ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები გადასახადი გადაიხადოს ისე, რომ კანონი არ დაარღვიოს და ამისათვის ოფშორული კომპანიები თუ საბანკო ანგარიშები გამოიყენოს. თუმცა, სირცხვილად მიიჩნევა, როდესაც პიროვნებას სახელმწიფო მოღვაწეობაზე აქვს პრეტენზია და საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტს უმალავს ათეულობით მილიონ დოლარს, რომელიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჯანდაცვას, განათლებას, თავდაცვასა თუ ქვეყნისთვის მნიშნველოვან სხვა სფეროს უნდა მოხმარებოდა,”- წერს რუხაძე ბლოგზე.
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის გამოქვეყნებულ ინფორმაციას მითქმა-მოთქმა მოჰყვა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში.
ICIJ-ის კოორდინატორი საქართველოში აკაკი გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ პროექტის საწყისი ეტაპია. ბიძინა ივანიშვილის გარდა, კი საქართველოდან ოფშორულ ზონებთან სხვა ბიზნესმენებიც არიან კავშირში. მათ შორის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია და საქართველოს პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი შარანგია. ICIJ-ის გამოქვეყნებულ მონაცემებში კი საუბარია აწგარდაცვლილ ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილზეც, რომელიც ლონდონის ცენტრალური ოფისიდან ერთ-ერთი ბიზნეს-პარტნიორის მეშვეობით ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე კომპანია Salford Capital Partners-ს მართავდა.
“ამ ჯერზე რამდენიმე მყვირალა სახელი ამოაგდეს. მონაცემთა დამუშავება კვლავაც მიმდინარეობს და ეძებენ კავშირებს მთელ მოსფლიოში,”- აღნიშნავს გოგიჩაიშვილი.