Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვისგან გვაშორებს მატარებელი?

11 სექტემბერი 2017

ამ წერილით მინდა გამოვეხმაურო ცოტნე ცხვედიანის თვალსაზრისს, რომელიც საქართველოში „მიშიზმის“, როგორც ეკონომიკური მემკვიდრეობისა და პოლიტიკური კულტურის უწყვეტობას ეხება და გავაგრძელო მისი მოსაზრება.

 „მიუხედავად იმისა, რომელიმე რადიკალური ჯგუფი შემოვა თუ არა დიალოგში, ქვეყნის მატარებელი არ გაჩერდება. მათ აქვთ უფლება შემოუერთდნენ და სანამ მატარებელი ნელა მოძრაობს, დროზე ამოხტნენ, რადგან უფრო რთული იქნება – თუმცა არა შეუძლებელი – ამოსვლა, როდესაც მატარებელი სიჩქარეს მოუმატებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, ეს კარი მუდმივად ღია არ არის”.

ეს სააკაშვილის სიტყვებია, რომლითაც ცოტნეს წერილი იწყება და ის კარგად აღწერს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული კურსის ძლიერ პათოსს.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ ვეთანხმებით/ვეთანხმებოდით თუ არა მიშას და მისი გუნდის იდეოლოგიურ იმპერატივებს, ეჭვი მაინც არ გვეპარება/გვეპარებოდა მისი კურსის სიჩქარისა და უწყვეტობის ობიექტურ მასშტაბებში. ამიტომ, აქ მატარებელი კარგი მეტაფორაა. მუდმივად მზარდი სიჩქარე წინაპირობაა უცბად გაჩერების შეუძლებლობისა. მემანქანის მიერ საჭის სხვა მემანქანისთვის გადაბარება კი, რომელმაც არ იცის რომელი მიმართულებით წავიდეს, უბრალოდ დამუხრუჭების შესაძლებლობის გაჩენაა და არა დამუხრუჭება.

ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მხოლოდ ამის გაცნობიერების საფუძველზე შეიძლებოდა მომხდარიყო ის, რაც 2011 წელს მოხდა: საქართველოში გაჩენილიყო ადამიანთა ერთი ჯგუფი მაინც,  რომელიც საჯაროდ განაცხადებდა, რომ პრობლემას არა კონკრეტულ პარტიასა და პიროვნებებში, არამედ კლასობრივ სტრუქტურებსა და სოციალურ უთანასწორობაში ხედავდა. მაშინ, როდესაც ამგვარი კრიტიკულობის თეორიული ან პოლიტიკური ტრადიცია პოსტსაბჭოთა საქართველოში უბრალოდ არ არსებობდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინდივიდუალურ მკვლევარსა და პოლიტიკოსს, რომლებიც თავად დაინტერესდნენ სოციალური მეცნიერებებითა და მემარცხენე პოლიტიკით.

ამით ხაზი მხოლოდ იმას შეიძლება გაესვას, რომ მიშას პოლიტიკური სტილისა და მისი პრაქტიკული შედეგების სისწრაფე და მასშტაბურობა გადამწყვეტი იყო წინააღმდეგობის ადეკვატური ფორმის დაბადებისათვის. თუმცა, წინააღმდეგობის ადეკვატური ფორმის ჩანასახს არ დასცალდა ჩამოყალიბებულ ემბრიონად ქცევა: რეპრესიებმა და ავტორიტარიზმმა, შემდგომ კი რეაქციამ რეპრესიასა და ავტორიტარიზმზე, გადაიყოლა მიშიზმის, როგორც სპეციფიკური პოლიტიკური სტილის ფართო დონეზე გააზრების საფუძველი. მიშა მანამდე წავიდა, სანამ მას სოციალური კატასტროფის გამოწვევისათვის მოსთხოვდნენ პასუხს. ის წავიდა, როგორც გადამეტებული ძალაუფლების სიმბოლო, და არა როგორც ანტისოციალური ფიგურა, ანტისოციალური პოლიტიკის კულმინაციის შემოქმედი.

ამიტომ, როცა ჩვენ ვამბობდით - სისტემა უნდა დაინგრეს - იქვე სწრაფად ვაყოლებდით, რომ სისტემაში მართლა სისტემას ვგულისხმობდით - ანტისოციალურ, ანტიპროგრესულ, საცდელ იდეებსა და პერვერსიულ პოლიტიკურ ფანტაზიებზე შემოდგმულ ძლიერ სისტემას - და არა რომელიმე გუნდს; რომ მიშას და მისი გუნდის წასვლით, „მიშიზმი“, როგორც პოლიტიკური სტილი, არ დასრულდებოდა.  

მეორე მხრივ, ეს  საკმაოდ ინფანტილური განაცხადიც იყო, რადგან ამგვარ შემართებასთან პრაქტიკული სინქრონიზაცია ნიშნავდა პირდაპირი ომის გამოცხადებას ყველასთვის, ვინც შემდეგი გუნდი გახდებოდა - რაც, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, წაგვართმევდა პრობლემის გააზრების მთავარ უპირატესობას - ანუ იმის გაცნობიერების შესაძლებლობას, რომ პრობლემა არც პიროვნებებში და არც ქვეყანაშია, რომ ის გაცილებით დიდი და კომპლექსურია, თუმცა სპეციფიკური და ლოკალური გამოხატულებები აქვს. ამიტომ მათ, ვისაც გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც სურს პრობლემის გადაჭრა,   გაცილებით შრომატევადი, სტრატეგიული და გააზრებული მოქმედება მართებთ, და არა უბრალოდ დამნაშავისაკენ თითის გაშვერა. ამიტომ, ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ლოზუნგი „სისტემა უნდა დაინგრეს“, მის წინააღმდეგ ამხედრებული ადამიანების გარკვეული ნაწილისათვის სამართლიანად ჩანაცვლდა შინაგანი რწმენით - „სისტემა უნდა აშენდეს“. თუ უფრო მარტივად ვიტყვით - ემოციურ მისწრაფებას, მხოლოდ პროტესტში ხარჯო საკუთარი რესურსები, ანაცვლებს ძალისხმევა - გამოიმუშაო უნარები, პირველ რიგში  საჭირო ალტერნატივების შემუშავებისთვისაც.

თუმცა მთავარი კითხვა ამ წერილში არ იქნება - „რა ვაკეთოთ?“ [ის შეიძლება მხოლოდ პასუხი იყოს].  აქ კითხვა ჩნდება იმის შესახებ, თუ რატომ არის წარსული ასე აქტუალური, თუ ის წარსულია, და  რატომ ვერ ვთავისუფლდებით „მიშიზმის“ განმარტებებისაგან მაშინაც კი, როცა მის შემდეგ მოსული მთავრობა უკვე მეორე ვადითაა არჩეული. მსჯელობა იმაზე, რომ განვლილმა წლებმა მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ქართულ პოლიტიკას, ეკონომიკას, ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობასა თუ აზროვნების კულტურას, ვერ ამოწურავს ამ კითხვით გაჩენილი უკმარისობის შეგრძნებას, რადგან მალევე ირკვევა ხოლმე, რომ ეს მხოლოდ კვალი არ არის, რაც, ზოგადად, დამახასიათებელია პოლიტიკისათვის. არც ტეტჩერიზმი დასრულებულა ინგლისში ტეტჩერის სიკვდილით და არც რეიგანომიკა რეიგანის წასვლის შემდეგ. ამგვარი, გამოხატულად სპეციფიკური პოლიტიკური და ეკონომიკური ტრადიციები მანამ არსებობს, სანამ მათ მიერ აშენებული სისტემები თავად არ განიცდიან კოლაფსს ან მძიმე კრიზისს შინაგანი დაავადებების საფუძველზე.

და რა სიმპტომები იკვეთება ჩვენი შინაგანი დაავადებებისა?

ცოტნე ცხვედიანი, კითხვას წარსულის პოლიტიკური და ეკონომიკური აწმყოობის შესახებ შესანიშნავ პასუხს სცემს, როდესაც წერს: „მიშიზმი იწყება შარლატანი ეკონომისტებით“ არსებული მთავრობის ეკონომიკური გუნდით, და გრძელდება სატელიტი ჯგუფებით, რომლებიც მოქმედებენ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და აკადემიურ სივრცეში. ასეთ ვითარებაში ზღვარი გადის არა მიშისტებს და ოცნების მხარდამჭერებს შორის, არამედ ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მხარდამჭერებსა და მშრომელთა სიმრავლეს შორის. ეს ბრძოლა კი 2012 წელს არ დასრულებულა".

თუმცა, აქ ერთ დაზუსტებას შევიტანდი - მშრომელთა სიმრავლე პირობითი [კოდური] აღმნიშვნელი შეიძლება იყოს იმ გაცილებით დიდი სიმრავლისა, რომელიც მიშას მატარებლის ბაქანზე ვერ მოხვდა, „ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა“ კი ნაკლებად პირობითი, თუმცა მეტად კოდური აღმნიშვნელი გახდა საქართველოში იმ სპეციფიკური პოლიტიკური სტილისა, რაც მოგვიტანა საქართველოს აგრესიულმა ნეოლიბერალიზაციამ - თუმცა არა იმდენად ნეოლიბერალური, არამედ ადრეული კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელი პირვანდელი დაგროვების პრინციპის  კრიმინალური მეთოდებით განხორციელებით.

იმის თქმა მსურს, რომ ყოფილი პრეზიდენტის  სიტყვებში მატარებლის შესახებ მხოლოდ ერთი უზუსტობაა - რომ ეს მატარებელი ქვეყნის (საყოველთაო) მატარებელია. ცხადია, თავისი დანიშნულებითა და არსით, ის პირიქით, ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის (საყოველთაოობის) იდეას. შესისხლხორცებული იდეოლოგიური [მიშისტური] მორალი იმას კი არ გვეუბნება, რომ თუ ვინმე სადმე ვერ მოხვდა, მისი ბრალია; რაც ზედმეტად ბანალური იქნებოდა გვიანდელ კაპიტალიზმში, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე ბანალურად გვეჩვენება ხოლმე პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმის ადრეულ რიტორიკაში;  არამედ იმას, რომ მატარებელზე მოხვედრა თავისთავად  სიკეთეს წარმოადგენს და შესაბამისად, იქ მოუხვედრებლობა შეიძლება ვინმეს ბრალი იყოს.

და რაში მდგომარეობს სიკეთე, ანუ იდეა მატარებლისა? იდეა სააკაშვილის მატარებლისა, ესაა იდეა თავისუფალი ადამიანების მატარებლის შესახებ; ადამიანების ჯგუფისა, რომელიც დაიღალა მის გარშემომყოფთა უწყვეტი სოციალური და შედეგად კულტურული სტაგნაციით და სასწრაფოდ უნდა გათავისუფლება - იმის დასამტკიცებლად, რომ თავად ამ სტაგნაციის ნაწილი არ არის,  თუმცა ჯერ ვერ გაუცნობიერებია, რომ უწყვეტი სოციალური და შედეგად კულტურული სტაგნაციის ლოგიკური წამალი განვითარებაა და არა თავისუფლების აბსტრაქტული იდეა.

სიტუაცია იმდენად კლინიკურია, რომ ბევრმა მგზავრმა ამ მატარებლისა, არც კი იცის - ვინ ზის საჭესთან, ვინ დაძრა ეს მატარებელი, ან ვისი შედგენილი მარშრუტით იხელმძღვანელა მემანქანემ. თუმცა ეს არ წარმოადგენს პრობლემას იმ პირობებში, როცა თავისუფლება ასე გწყურია. გასაგებია. თუმცა ეს პასუხი არ ჭრის პრობლემას, რომლის თანახმადაც მატარებელი, რომელიც უნდა გაჩერებულიყო, კვლავ მიქრის. ამიტომ სჯობს პირდაპირ დავსვათ შეკითხვა სირაქლემის პოზის გამოსავლენად: იქნებ იმიტომ, რომ ეს იდეა კვლავ გვხიბლავს? თავისუფლების აბსტრაქტული, მცდარი და შეუმდგარი იდეა.  ვცადოთ შეტრიალება: ეს ხომ არ არის მიშიზმის გააზრების (და მისი თუნდაც მხოლოდ კულტურულ დონეზე დაუსრულებლობის) მთავარი პრობლემა საქართველოში? აღმოვაჩენთ თუ არა, რომ ამ მატარებელზე ვიმყოფებით სწორედ მაშინ,  როცა მის გაჩერებაზე ვსაუბრობთ?

აქ კიდევ ერთი ციტატა ცოტნეს წერილიდან: „ნაციონალების რეჟიმის წინააღმდეგ „იბრძოდნენ”  ელიტარული და დაბალი ფენების  სნობების  ჯგუფები, რომელთაც, მაგალითად, არ მოსწონდათ შუშის შენობები ან „ქეთო და კოტე” სამაგიეროდ არასოდეს ერთი სიტყვა არ უთქვამთ, უარეს შემთხვევაში, ამართლებდნენ კიდეც მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მოკლედ, პოლიტიკოსები ან ინტელექტუალები, ვინც რადიკალური ნეოლიბერალური ეკონომიკური ექსპერიმენტის წინააღმდეგ ხმას არ იმაღლებდნენ სულ ტყულად გვეკეკლუცებიან სისტემასთან მებრძოლის იმიჯით. ეს ხალხი ან გაუცნობიერებლად აყვნენ „ნაციონალების“ წინააღმდეგ ბრძოლას ან პირადი გამორჩენისთვის მოქმედებდნენ. ამგვარად, არავის აინტერესებს, სად იდგნენ ისინი 2012 წლამდე, მთავარია, ახლა ვის მხარეს არიან“.

აქ, მკითხველის ნებართვით გავცდები ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკას, თუმცა აღნიშნული საკითხი ჩემთვისაც ცენტრალური და გადამწყვეტია.  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არახალია და რა გასაკვირია, რომ მატარებლის ბაქანზე მყოფი მგზავრების გარკვეული ნაწილისათვის, საკმაოდ დიდი ხანია, მოდაში შემოვიდა ზემოთ ხსენებული „ნეოლიბერალური“ ეკონომიკური პოლიტიკის მსუბუქი, ზედაპირული, ან ერთი შეხედვით, რადიკალური კრიტიკა. მგონი, რამდენიმე მგზავრი ეტაპობრივად მიხვდა, რომ მხოლოდ ასე მოახერხებს იმის დამალვას, სულერთია სხვებისთვის თუ საკუთარი თავისათვის, რომ ის სხვებთან ერთად ამ მატარებელზე იმყოფება - სწორედ იმიტომ, რომ  არ ეთმობა თავისუფლების მიშისტური, ძველი იდეა, რომელიც, როგორც იდეა, მიშას მოსვლამდე ბევრად ადრე დაიბადა.

ამიტომ დავუბრუნდეთ თავისუფლებას და თავისუფლების მატარებელს. აქ მე ვსვამ კითხვას - ვისგან მივყავართ ამ მატარებელს, ანუ ვისგან ან რისგან გვათავისუფლებს ის - სიღარიბისგან? ავადმყოფობისგან? დაბინძურებული გარემოსგან? რუსეთისგან? უწყვეტი სტაგნაციისგან? ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ თუ  დაავადება შინაგანია და მას ტერიტორიული გადაადგილებით ვერ გავექცევით, რა იქნება პასუხი? „ჩვენი თავისუფლების მტერი -  ჩვენივე საზოგადოებაა“.

ანუ რისგან მივყავართ მატარებელს?

ის გვაშორებს მხოლოდ მათ, ვინც მატარებელზე ვერ მოხვდა.

ის გვათავისუფლებს ჩვენი საზოგადოებისგან და პასუხისმგებლობისგან ჩვენს საზოგადოებაზე - ანუ გვაშორებს ფიქრისაგან საკუთარ მდგომარეობაზე, რომელსაც ვერ გავექცევით.

რკინიგზის ადმინისტრაციის მიშიზმი - უ პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა საზოგადოებაზე,  [ქართული ნეოლიბერალიზმის, როგორც პოლიტიკური სტილის პირდაპირი შედეგი] მხოლოდ იმით კი არ გამოიხატება, რომ არ ქმნის ღირსეულ შრომით პირობებს, ქირაობს იმგვარ ქვეკონტრაქტორ კომპანიებს, რომლებიც იძულებითი შრომის პრაქტიკებით არიან დაკავებული სხვა ქვეყნებში და სასტიკად უსწორდებიან დასაქმებულებს, ან დევნის პროფკავშირებს, არამედ იმითაც, რომ ვერ აცნობიერებს რკინიგზის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის და არ ცდილობს მის შესაბამისად (სახელმწიფო ინტერესების მიხედვით) განვითარებას. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რკინიგზა დღეს არ არის პრივატიზებული, ისაა, რომ ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეოპოლიტიკური ობიექტია და მიბმულია მეზობელი ქვეყნების სარკინიგზო ხაზებს, თუმცა ამ ფორმალობის მიღმა, ლოგიკა, რომლითაც საქართველოს რკინიგზა, მისი ადმინისტრაცია, მენეჯმენტი და შიდა სისტემა მოქმედებს, წმინდა მძარცველური, კაპიტალისტური ლოგიკაა. რკინიგზის ადმინისტრაცია არ ზრუნავს საქართველოსთვის სატრანზიტო ხაზის ფუნქციის შენარჩუნებაზე, რადგან ლოგიკურად ვერ ხედავს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების საჭიროებას. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანსა და ირანს ჰქონდა სურვილი, ახალ სატრანზიტო მარშრუტში საქართველო სატრანზიტო ხაზად დარჩენილიყო, ქართული რკინიგზის ადმინისტრაციის უყურადღებობის გამო, ის საერთოდ აღარ არის გათვალისწინებული ახალ სატრანზიტო რუკაზე და სულ რომ თავი დავანებოთ მიმდინარე დავასა და რკინიგზელების ცხოვრების ზოგად სტანდარტს, რომელიც უფრო და უფრო უარესდება, რადგან არ ხდება ხელფასების მსყიდველუნარიანობის ეტაპობრივი შენარჩუნება და ზრდა, მაშინ, როცა კრიზისული ვითარებების მიუხედავად, ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასები მუდმივად იზრდება, რკინიგზამ შესაძლოა საერთოდ დაკარგოს თავისი ისტორიული და გეოპოლიტიკური ფუნქცია. ასეთი ადმინისტრაცია რკინიგზას არ სჭირდება.

ცოტნეს წერილი მიეძღვნა რკინიგზის თავმჯდომარის მიშიზმს, რომელიც საზოგადოებას და საკუთარ თავს მიშას რეჟიმთან მებრძოლი ადამიანის სახელით ახსოვს. ეს შემთხვევა მკაფიო მაგალითია და სისტემური განზოგადების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

უპასუხისმგებლობა საზოგადოებაზე და საკუთარი მდგომარეობისაგან გაქცევის [გათავისუფლების] უმწეო, ბავშვური მცდელობა ჩანს ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილებაში, რომელიც თავისი არსით ანტისახელმწიფოებრივია.

ეს კარგად ჩანს რკინიგზის ადმინისტრაციის პოლიტიკაში და მთელ ქართულ პოლიტიკაში. ცოტა ხნის წინ შრომის ინსპექციის შესახებ გამართულ კონფერენციაზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არის საჭირო და ეფექტური.

ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს ხდება მაშინ, როცა ნეოლიბერალური ტალღის ქვეშ მოყოლილი დასავლეთი ნელ-ნელა უბრუნდება სახელმწიფოს როლის ცენტრალურობის აღიარებას უძღები შვილის გამომეტყველებით.

ეს ისტორიული ანაქრონიზმი, ანუ ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული თუ კომბინირებული მიშიზმი, რომელიც ამ სამივე მიმართულებაში უპასუხისმგებლო თავისუფლების ერთსა და იმავე  შინაარსს გვთავაზობს სხვადასხვა ფორმებით; რომელიც მძიმე შინაგან დაავადებად გვექცა, დამარცხდება მხოლოდ ძლიერი საპირწონე ალტერნატივების არსებობით. 

აქ ვამბობ, რომ თუ რამეს ნიშნავდა „სისტემა უნდა დაინგრეს“ - ეს ნიშნავს, რომ მატარებელი, რომელიც ოდესღაც გავიდა, სიჩქარე აკრიფა, ვეღარ ჩერდება და უფრო და უფრო გვაშორებს საკუთარ მდგომარეობას (ჩვენს საზოგადოებას და მის ინტერესებს), უნდა გაჩერდეს.

მაგრამ თუ რამეს ნიშნავს „მატარებელი უნდა გაჩერდეს“, ეს ნიშნავს - რომ „სისტემა უნდა აშენდეს“.

დანართი:

„სისტემა უნდა აშენდეს“ არ გულისხმობს უპირობო ან პირობით ლოიალურობას მათ მიმართ, ვისაც ინსტიტუციურ დონეზე აქვს სისტემის მართვის სადავეები. მეტიც, „სისტემა უნდა აშენდეს“, ნიშნავს, რომ მართვის სადავეების მფლობელები ან გვისმენენ და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს, ან ჩვენ (ისინი, ვინც მატარებელზე ვერ მოხვდნენ, ან უარი თქვეს მასში ასვლაზე) მათ ძალაუფლებას ვეცილებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^