საქართველოს ცნობილი ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი ესტუმრა. თბილისში ის ორი დღის განმავლობაში დარჩება და ლიტერატურით დაინტერესებულებთან რამდენიმე შეხვედრას გამართავს. მწერალი ორმა ქართულმა გამომცემლობამ - „ინტელექტმა“ და „არტანუჯმა“ მოიწვია.
სვეტლანა ალექსიევიჩმა პირველი შეხვედრა მედიასთან, ჟურნალისტებთან და კრიტიკოსებთან დღეს მწერალთა სახლში გამართა და პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა მისი ახალი წიგნის - „ცინკის ბიჭების“ პრეზენტაცია, ხოლო 12 სექტემბერს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში მკითხველთან შეხვედრა გაიმართება.
ალექსიევიჩმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა: მათ შორის, მწერლის მოქალაქეობრივ პოზიციასა და მნიშვნელობაზე, დოკუმენტური პროზის თავისებურებებზე, პოსტსაბჭოთა სისტემის შემდგომ კრიზისზე რუსეთ-უკრაინის ომზე, საქართველოს დადებით, ასე ვთქვათ, ევროპულ იმიჯზე, ბელორუსის დღევანდელ ვითარებასა და დიქტატურაზე... ნობელის პრემიის შემდეგ, მისი პოპულარობა გაიზარდა, ხოლო წიგნები 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცა. ამის შესახებ ალექსიევიჩის ლიტერატურულმა აგენტმა, გალინა დურსთუფმა ისაუბრა.
ერთ-ერთ შეკითხვაზე, რომელიც ბელარუსს და კონკრეტულად, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ეხებოდა, სვეტლანა ალექსიევიჩმა აღნიშნა: „დიქტატურა ცარიელ სივრცეში არ იბადება, ის იმდენად არის შესაძლებელი, რამდენადაც ადამიანები თავიანთი სიმამაცით თუ გაუბედაობით მისთვის სივრცეს ტოვებენ“. საქართველოს შესახებ კი ერთობ საინტერესო ფრაზა თქვა: „როცა გავიგე, რომ საქართველოში 3 მილიონზე მეტი მცხოვრებია, გამიკვირდა, რადგან სულ მეგონა, რომ საქართველო დიდი ქვეყანაა და იქ დაახლოებით 10 მილიონი კაცი ცხოვრობს. შესაძლოა იმიტომ, რომ ქართველები ყოველთვის მნიშვნელოვან, მოვლენებით სავსე და დატვირთულ გარემოს ქმნიან მათ ირგვლივ“.
სვეტლანა ალექსიევიჩი 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია. ქართულ ენაზე მისი ოთხი წიგნია თარგმნილი: „ჩერნობილის ლოცვა“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „სექენდ ჰენდის დრო“, „ცინკის ბიჭები“. ამ წიგნებით სვეტლანა ალექსიევიჩმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ რას ნიშნადა უზარმაზარი იმპერიის ავტორიტარული რეჟიმი; როგორია უბრალო ხალხის ბედი ჩერნობილის ტრაგედიის, ავღანეთისა თუ მეორე მსოფლიო ომის დროს და როგორ გაგრძელდა პოსტსაბჭოთა ადამიანთა ცხოვრება საბჭოთა რეჟიმის ნგრევის შემდეგ.
„ჩერნობილის ლოცვას“, რომელიც ქართულად ნინო ბექიშვილმა თარგმნა, მწერალი თითქმის 20 წლის განავლობაში წერდა. 1985 წელს, ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხადრი კატასტროფის შემდეგ ის ხვდებოდა სადგურის თანამშრომლებს, ფიზიკოსებს, ექიმებს ჯარისკაცებს, გადასახლებულებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს... ყველას, ვისთვისაც არა მხოლოდ მიწა და წყალი, არამედ მთელი შემდგომი ცხოვრება მოიწამლა.
„ისინი მიჰყვებოდნენ და თან ეძიებდნენ პასუხებს… ხშირად ჩქარობდნენ, შიშობდნენ, ვერ მოვასწრებთო. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მათი მოწმეობის საფასური მათივე სიცოცხლე იყო. „ჩაიწერეთ, - მიმეორებდნენ, - ყველაფერი, რაც ვნახეთ, ვერ გავიგეთ, მაგრამ, დაე, დარჩეს. ვიღაც წაიკითხავს და მიხვდება მერე, ჩვენ შემდეგ… ტყუილად არ ჩქარობდნენ, ბევრი უკვე დღეს აღარაა ცოცხალი, მაგრამ სიგნალის გადაცემა მოასწრეს“, - აღნიშნავდა ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი.
სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მწერლობაში მართლაც უნიკალური მოვლენაა. ის ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს, ხოლო მისი ნაწარმობებების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ნაამბობის მიხედვითაც მწერალი სრულიად უნიკალური ტექსტების შექმნას ახერხებს. რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც ალექსიევიჩმა მოგვიანებით „უტოპიის ხმები“ უწოდა.
„უტოპიის ხმები“ ხუთი წიგნისგან შედგება: „ჩერნობილის ლოცვა“ (1997), „ომს ქალის სახე არ აქვს“ (1991), „ცინკის ბიჭები“ (1991), „სიკვდილით მოჯადოებულნი“ (1994) და „სეკენდ ჰენდის დრო“ (2001).
„ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ“ - ამბობს ავტორი. აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი ზეპირი ისტორიის მეთოდითაა დაწერილი. წლების განმავლობაში ავტორი თავად დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.