ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, თბილისში, სომხური ტაძრის – „შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინის” მახლობლად მიმდინარე მშენებლობის ნებართვა გაცემულია კანონის უხეში უგულებელყოფით. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემა წარმოაჩენს სახელმწიფოს გულგრილ დამოკიდებულებას რელიგიური ღირებულების მქონე კულტურული მემკვიდრეობისადმი.
„დღესდღეობით, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია (შემდეგში სომეხთა სამოციქულო ეკლესია) სახელმწიფოსგან მოითხოვს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ექვსი ტაძრის საკუთრებაში დაბრუნებას. ეს ეკლესიები უფუნქციოდ არის დარჩენილი და „სადავო ტაძრებად“ მოიხსენიებიან, რამდენადაც მათზე საკუთრების პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს. ხუთი ტაძარი თბილისში მდებარეობს, ერთი კი - ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
„შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ - კარმინ ავეტარან“ (წითელი ხარება, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია) მე-18 საუკუნის ძეგლია, რომელიც თბილისში, ავლაბარში, ფერისცვალების 21 ნომერში მდებარეობს. 1989 წლის მიწისძვრის შედეგად ის ნაწილობრივ ჩამოინგრა და მნიშვნელოვნად დაზიანდა. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ცნობით, ეკლესიის შეკეთება/რესტავრაცია დღემდე არ განხორციელებულა, რის გამოც არსებობს ტაძრის სრულად ჩამონგრევის რეალური საფრთხე. ეკლესიას 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, ნაგებობა მდებარეობს თბილისის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრებში, რაც სამართლებრივი დაცვის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.
ტაძრის კედლის გვერდით (დაახლოებით 4-5 მეტრში) წამოწყებულია მშენებლობა, რომელიც უხეშად უგულებელყოფს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დადგენილ ნორმებს.
მიმდინარე მშენებლობა:
- საფრთხეს უქმნის სავალალო მდგომარეობაში მყოფ სომხურ ეკლესიას და მისი სრულად დანგრევის მაღალ რისკს შეიცავს;
- ხელს უშლის ეკლესიის ვიზუალურ აღქმას და ამცირებს მის მნიშვნელობას. უგულებელყოფს ისტორიული გარემოს არქიტექტურულ მახასიათებლებს.
ეკლესიის გვერდით სამსართულიანი ინდივიდუალური სახლის მშენებლობა 2016 წლის 5 დეკემბერს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. (იხ.TDI-ის მიერ გადაღებული ფოტო მასალა).სამშენებლო საქმიანობა წარმოებდა მძიმე ტექნიკის დახმარებით, შედეგად გამოწვეულმა ძვრებმა კი საფრთხე შეუქმნა ტაძრის სიმყარეს. ქვაბულის ამოღებისას მთლიანად განადგურდა კულტურული ფენები.
ეკლესიის სიახლოვეს გამოვლინდა აგურით ნაგები კედლების უკვე დაშლილი ფრაგმენტები, რიყის ქვით ნაგები კედლების ნაშთები და კერამიკის ფრაგმენტები, რაც მოწმობს წარსულში მიწის ქვეშ გარკვეული კონსტრუქციის არსებობას. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანახმად, დაზიანების შემდეგ მისი შეფასება/შესწავლა შეუძლებელი გახდა.
TDI-ის პოზიციით, წარმოქმნილი საფრთხეების მიმართ პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოები ზედაპირულ და გულგრილ დამოკიდებულებებს იჩენენ.
TDI-სთვის თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (სატელოფონო საუბრით) მიწოდებული ინფორმაცის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ არ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები კულტურული ძეგლისათვის მიყენებული ზიანის შესახებ. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, მერიის ზედამხედველობის სამსახურს მშენებლობის შეჩერება არ მოუთხოვია.
ნებართვის გაცემისას უგულებელყოფილი არსებითი გარემოებები
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” ითვალისწინებს დამცავი ზონების განსაზღვრას, რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან.
ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით.
მერია: სომხურ ეკლესიასთან მშენებლობაზე კულტურის სამინისტრომ დადებითი დასკვნა გასცა
ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა, ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება მარტივად - ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შამხორეცოცის ეკლესია დაზიანებამდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესია იყო, მისი დაცვის ზონა, რომელიც მას ავტომატურად ენიჭება, საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილი კრძალავს ფიზიკური დაცვის არეალში ყოველგვარ საქმიანობას, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას.
გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ფიზიკური დაცვის ზონის გარდა, ვიზუალური დაცვის ზონითაც სარგებლობს. ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. შამხორეცოცის ეკლესიისათვის ვიზუალური დაცვის არეალი, კანონის შესაბამისად, 300 მეტრის რადიუსია. ასევე, კულტურული მეკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მშნებელობის ნებართვის გაცემისას დარღვეულია კუტურული მეკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლი; უგულებელყოფილია კულტურული ძეგლის როგორც ვიზუალური, ისე ფიზიკური დაცვის არეალები“, - ნათქვამია განცხადებაში.
TDI მოუწოდებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა საიმნისტროს, დროულად დაიწყოს ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება კულტურული მემკვიდრეობს ძეგლზე მიმდინარე უკანონო ზემოქმედების ფაქტზე.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მოუაროს და დაიცვას ავარიულ მდგომარეობაში არსებული ძეგლი; შეიმუშაოს მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები; დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს ინფორმაცია კულტურულ ძეგლზე განხორციელებული უარყოფითი ზემოქმედების თაობაზე;
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, შეაჩეროს მშენებარე ობიექტი, რომლის მშნებლობის ნებართვაც კანონის დარღვევით არის გაცემული;
ქალაქ თბილისის მერიას, არქიტექტურის სამსახურსა და კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს, საჯაროდ წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია და სამართლებრივი დასაბუთება აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობს ძეგლის გვერდით მშნებლობის ნებართვის გაცემის კანონიერების თაობაზე;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და შენარჩუნება, მისი სისტემატიური შემოწმება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ხელყოფის აღკვეთა.
ფოტო მასალა: TDI