Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფერმერი წითელი ქამრით

26 აპრილი 2013

ეს ამბავი ხუთი წლის წინ ახალციხეში ორი ძროხის ყიდვით და სოფლის მეურნეობის სფეროში ნულოვანი გამოცდილებით დაიწყო, დღეს კი ნინო ზამბახიძე წარამტებული ფერმერი და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეა.

 

იცი, კბილის ექიმს ტელეფონში როგორ ვუწერივარ? - მეკითხება ნინო ზამბახიძე - რეგიონული განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ორი ქარხნის, ვაშლის ბაღების, ფერმის, სახნავ-სათესი მიწების, ყავის სადისტრიბუციო ქსელისა და უამრავი სიგელ-სერტიფიკატის მფლობელი, - და იქვე მპასუხობს: ნინო-ძროხა.

თბილისში, გოგებაშვილზე, ფერმერთა ასოციაციის სამსართულიან ოფისში, ნინოს კაბინეტში ვსხედვართ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს ველით. “ჩემი ძროხიკები” -  ამბობს ნინო და შემინული კარადის თაროდან მინიატურული ზომის სათამაშოს იღებს. თაროზე სხვადასხვა ჯიშის, ფორმისა და ფერის “ძროხიკები” ჩამწკრივებულან…

ყველაფერი დალევით დაიწყო, - ყავის დისტრიბუციის ბიზნესში ნინოს პარტნიორი, ბესო ბაბუნაშვილი ახალციხეში სათევზაოდ ჩავიდა. თევზაობას სუფრა მოჰყვა. შექეიფიანებულმა ბაბუნაშვილმა ორი ძროხა იყიდა, მერე პარტნიორს დაურეკა და ახარა, რომ მათ ამიერიდან ორი ძროხა ეყოლებოდათ და ნატურალური რძე-მაწონი ექნებოდათ. 

ბესო თბილისში დაბრუნდა და ნინოსთან ერთად Vergnano-თი სასტუმროებისა და კაფეების მომარაგება განაგრძო. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა უნდა ექნათ თავიანთი ორი ძროხისთვის, რომლებიც ახალციხის რომელიღაც სოფელში დაბალახობდნენ. მალე სოფლელებმა დაურეკეს და აუხსნეს, რომ საქონელს კვება და მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა. მცირე ხნის შემდეგ, ორი ძროხის საკითხის გადასაწყვეტად ბიზნესპარტნიორები ახალციხეში გაემგზავრნენ.

კამერასთან მუშაობა ნინოსთვის პრობლემა არ არის. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფთან, რომლის გადაცემის მთავარი გმირი სწორედ “ჯორჯიან ბიზნეს ზონის” დამფუძნებელი ნინო ზამბახიძეა, დამაჯერებელად, მშვიდად და ერთგვარად არტისტულადაც კი გამოიყურება. ტელევიზიის ოდნავ დაბნეულ ჟურნალისტს ნინო რჩევებს იქით აძლევს. დუბლი ერთი, დუბლი ორი, დუბლი სამი და მაუწყებლისთვის ჩვეული, წინასწარ დადგმული სცენა გადაღებულია…  

ჩაწერის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე მივემგზავრებით, სამწუხაროდ, აუდიენცია საჯარო არ არის. ვიდრე ფერმერთა ასოციაციის შეფი მინისტრს ესაუბრება, მანქანაში ნინოს მოადგილესთან, ეკა ლომინაშვილთან გასაუბრებას  ვახერხებ: თანამშრომლებთან მომთხოვნია, მაგრამ მეგობრული. მათ გულდასმით არჩევს, მაგრამ მერე აღარ ელევა, თითოეულის შესახებ წვრილმანებიც იცის და მათი არც სიხარულის, არც დარდის მიზეზი არ გამოეპარება. ჩხუბი არ შეუძლია, რომც მოინდომოს, ეს მხოლოდ თანამშრომელთა სიცილს იწვევს. სხვისი მანქანის საჭესთან არასოდეს ჯდება და რესტორანში ყოველთვის თვითონ იხდის.

ახალციხეში ჩასვლისას პარტნიორები ვერც კი წარმოიდგენდნენ, ორი ძროხის მოვლა როგორი შრომატევადი აღმოჩნდებოდა. 2007 წელი იყო, რეგიონის ინფრასტრუქტურა თუ ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა იმაზე მძიმე იყო, ვიდრე დღესაა. მაღაზიების, რესტორნებისა თუ სასტუმროების საერთაშორისო ბრენდებს, რომლებსაც ახალციხეში ახლა მრავლად შეხვდებით, მაშინ თვალითაც ვერ ნახავდით. სახნავ-სათესი მიწები, რომლის უდიდესი ნაწილი ახლა დამუშავებულია, და უნაყოფო კლდეებს შორის ფერად-ფერად გეომეტრიულ ფიგურებად გალნაგებულა, მაშინ უპატრონოდ იყო. არ არსებობდა ნორმალური  სატრანსპორტო გზა, საირიგაციო სისტემები.

თუმც,ა პარტნიორები არ შეშინებულან. სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის იდეა მოეწონათ, ათასწლეულის გამოწვევის პროექტში საგრანტო წინადადება შეიტანეს და 125 000 დოლარი მიიღეს. ამ ფულით რძის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენეს. შემდეგ სესხი აიღეს და საქონლის კომბინირებული საკვების დამზადებაც დაიწყეს. თავდაპირველად საკვებს მოსახლეობას რძეში უცვლიდნენ. ნელ-ნელა ძროხების შეძენაც დაიწყეს.

მას შემდეგ, რაც ყავის ბიზნესში ჩართული ნინო ფერმერულ მეურნეობას მოეკიდა, ბოტები ჩაიცვა და ჯიპის საჭეს მიუჯდა, პრობლემების მთელი კასკადი წამოვიდა. ჩავიდა რეგიონში, სადაც არავის იცნობდა, თავისიანად არავინ აღიქვამდა, მის საქმიანობას სერიოზულად ბევრი არ უყურებდა. რეგიონში გადასვლის გამო ბავშვების თბილისში, დედასთან დატოვება მოუწია.  ამასობაში ოჯახი დაენგრა. 

პრაქტიკოსი ფერმერის მწარე გამოცდილებამ ნინო აიძულა, თანამოაზრეებთან ერთად ფერმერთა ასოციაცია დაეარსებინა. ის ახლა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეა, ამ დროისთვის ასოციაცია  700-ზე მეტ წევრს ითვლის და ოთხი მიმართულება აქვს: ფერმერთა ადვოკატირება, იაფი რესურსების ხელმისაწვდომობა, განათლების გავრცელება და საწარმოო ჯაჭვების ხელის შეწყობა. ასოციაციის მიზანი ფერმერთა პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის გზების ძიებაა. ზამბახიძეს ფერმერთა პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანა სურს.

ასოციაციის წევრი ფერმერები მისდევენ მეცხვარეობას, მესაქონლეობას, მებაღეობას, მეღორეობას, მეხილეობას, მემანდარინეობას, მეკარტოფილეობას… ასოციაციას ჰყავს საბჭო, რომელიც ყოველ ორ წელიწადში როტაციის პრინციპით შეიცვლება. ნინო ფიქრობს, რომ  ყველას - დიდი თუ მცირე მეურნეობის მქონე ფერმერს - უნდა ჰქონდეს შანსი, ერთ დღეს ასოციაციის თავმჯდომარე გახდეს. 

ახალციხეში ნინოს ორსართულიან, კარგად მოვლილ, მწვანეში ჩაფლულ ოფისში ფერმერები ხშირად იკრიბებიან. სახლი  ახალგაზრდა ექიმს საშკა მარტინოვს ეკუთვნის და იქვე ცხოვრობს. საღამოობით სახლ-ოფისში მეგობრები და პარტნიორები იკრიბებიან. გულუხვ და გემრიელ სუფრას ძირითადად მამაკაცები ამზადებენ.

თუმცა, მწვადის შეწვა ყველაზე მცირედია, რაც ბესო ბაბუნაშვილს ევალება. ის ერთი შეხედვით პარტნიორის ანტიპოდია. წნარი, მორიდებული, ცდილობს შეუმჩნეველი დარჩეს. ემოციებს თითქმის არ გამოხატავს. ფოტოების გადაღება მაინც და მაინც დიდ სიამოვნებას არ ანიჭებს…

რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ ვხვდები: რომ არა ბაბუნაშვილი, სავარაუდოდ, ნინოს მეურნეობა ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა, ბესო საქმეს უშუალოდ უძღვება. დაქირავებულ გლეხებთან ერთად ფიზიკურად მუშაობს. პირველად სწორედ მაშინ შევხდი, როდესაც სპეციალური დანადგარით ნიადაგს ბურღავდა, რათა ვაშლის ნერგების დასამაგრებელი ბამბუკები ჩაერგო.

“მეხილეობაში ახალი ხილი ვარ” - იცინის ბესო. გვიყვება, როგორ ისწავლა გორელი მებარეებისგან ვაშლის მოვლის წვრილმანები. მისი თქმით, მთელი წელი ჩადიოდა და გამოცდილი მებაღეების მუშაობას უშუალოდ აკვირდებოდა. საკუთარი ვაშლის ბაღების გაშენება მხოლოდ ასეთი ხანგრძლივი “მეცადინეობის” შემდეგ დაიწყო. 

ბესოს და ნინოს ერთმანეთთან ბიზნესპარტნიორობის გარდა, ახლო მეგობრობაც აკავშირებთ. მაშინ როდესაც ზამბახიძე ბიზნესის პარალელურად აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, შეუძლია მშვიდად იყოს:  ბესო-დირექტორი ადგილზეა. 

ყველაფერთან ერთად, ნინო ახალციხეში BP-ს პროგრამების დირექტორიცაა. საერთაშორისო ენერგოგიგანტი ნავთობსადენის გასწვრივ ზოლზე ადგილობრივთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად  ბიზნესპროექტებზე გრანტებს გასცემს. ნინო სწორედ ამ პროცესს კურირებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან - ქეთი ბოჭორიშვილთან და ნინოსთან ერთად სოფელ წნისში სტომატოლოგიურ კლინიკასა და მაღაზიას ვსტუმრობ. ეს ობიექტები სწორედ “ბრიტიშ პერტროლიუმის” გრანტების დახმარებით ფუნქციონირებს. წნისის შემდეგ სოფელ კლდეში მატყლის გადამამუშავებელ და საბნებისა თუ ლეიბების დამამზადებელ საწარმოს ვათვალიერებთ. თითოეულ გრანტიორს ნინო პირადად და ახლოს იცნობს, დეტალურად ერკვევა თითოეული მცირე ბიზნესის წვრილმანებში. სოფლელებისგან მასზე კრიტიკულ, ან უბრალოდ გულგრილი დახასიათების “გამოძალვას” ამაოდ შეეცდებით.

ახალციხე ნინოსთვის მხოლოდ ძროხების საბალახო ადგილი არ არის. ეს მისი სახლია. აქაურობასთან მისი ემოციური კავშირი რაბათის ციხეში ახლადგახსნილი სასტუმროს პრეზენტაციისასაც ჩანს: ტურისტული კომპლექსის ახალი დირექტორი, რომელიც მეტყველების სტილითა და მანერებით შუასაუკუნეების დროინდელი სამხედრო ციხესიმაგრის კომენდანტს უფრო წააგავს, ნინოს თვალში არ მოსდის, ამის გამო მთელი საღამო განმავლობაში საძაგელ ხასიათზეა. მაშინვე ვხვდები, რომ აქაურობა მისთვის სულ ერთი არ არის. ნინოს რეგიონის ყოველი წვრილმანი ისევე აღელვებს, როგორც მხოლოდ ადგილობრივი მცხორვები თუ აღელდებოდა.

ნინო ცდილობს საკუთარი გამოცდილება სხვა ფერმერებს გაუზიაროს, თავად კი მათგან ისწავლოს. სურს, ფერმერებს მოტივაცია გაუჩინოს და პატარა, ოჯახური მეურნეობები მომგებიან საწარმოებად აქციოს.

ასოციაციის თავმჯდომარე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად კვალიფიციური კადრების დეფიციტს მიიჩნევს, თავის დროზე მან ყველის ტექნოლოგი ვერ იშოვნა. მერე თურქეთში გაემგზავრა და ტექნოლოგია თავად შეისწავლა. ამას გარდა, სურსათის უვნებლობის სფეროში გარკვევამაც თავად მოუწია და როდესაც პროდუქციის საზღვარგარეთ გატანა გადაწყვიტა, ექსპორტის სერტიფიცირებული მენეჯერიც გახდა.

“საქმე ასე კეთდება,” - ღიმილით მიხსნის ნინო. შედეგი სახეზეა. სხვა ყველაფერს რომ თავი  დავანებოთ, ორი წლის წინ, ეკონომიკის სამინისტროსა და საინვესტიციო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პირველ ეროვნულ ბიზნეს-დაჯილდოებაზე, “მერკური-2011-ის”  ცერემონიალზე, ნინო ზამბახიძეს “წლის ქალი-მეწარმის” საპატიო წოდება მიენიჭა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი ნინოს ათ წელზე მეტია იცნობს.

- ერთი სიტყვა, რომლითაც ნინოს დაახასიათებდით.

- მოტივირებულობა, - დაუფიქრებლად პასუხობს ის.

ქეთი მეუბნება, რომ ნინოს ენთუზიაზმი გადამდებია, მიზანსწრაფულობა - შესაშური, აქტიურობა - მისაბაძი.

მის მეურნეობაში უამრავი ქალია დასაქმებული, თუმცა, წამყვანი როლი მაინც მამაკაცებს ეკუთვნით. როგორ ახერხებს მათ შორის ლიდერობის შენარჩუნებას? - ამ კითხვაზე პასუხს მალევე მივხვდი: ძროხების ჯიშების გამოყვანიდან დაწყებული, ყველის ამოყვანის ტექნოლოგიებით გაგრძელებული და ვაშლის ბაღებისა თუ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლის ცოდნით დამთავრებული, ნინო არ ცერთ ადგილობრივ ფერმერს თუ მეურნეს ტოლს არ უდებს. ყველაფერი ინტერნეტის მეშვეობით, და თანდათანობით აქვს ნასწავლი.

ბაღში სტუმრობისას მოთმინებით ცდილობს დამარწმუნოს, რომ ვაშლის პატარა ხეს, რომლებიც ათასობით ჩაუმწკრივებიათ, 50 კილოგრამამდე ნაყოფის მოცემა შეუძლია. ჩემი სკეპტიკური  კითხვები თითქოს აბრაზებს კიდეც. ერთი შეხედვით, ჯუჯა ხეებს არათუ 50, არამედ 10 კილოგრამი სიმძიმის გაძლებაც უნდა გაუჭირდეთ, თუმცა ბაღში მომუშავე გლეხები ნინოს ნათქვამს სიცილით ადასტურებენ. 

ნინოს 20-ჰექტრიან ნაკვეთს გარშემო კლდეების ბუნებრივი გალავანი არტყია. გადაღმა, მთის ძირიდან ასევე ნინოს კუთვნილი საძოვრები იწყება. ქალი-ფერმერი გატაცებით მიხსნის ნაკვეთის ბოლოს დაჭაობებული, მეჩხერი ჭალის დანიშნულებას, - ცოტა ხანში მდინარიდან შეყვანილი წყლის დონე საგრძნობლად აიწევს და ჭაობი ტბად იქცევა, თევზის მოშენების გარდა, ნინო ტურისტების მოზიდვასაც გეგმავს.

ნინო იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებთან დამეგობრებაც რამდენიმე საათში შეიძლება - ენერგიულობის, უშუალობის და მხიარული ხასიათის წყალობით. ცალკე ამბავია მისი ჰიპერაქტიურობა. პრაქტიკულად არ ჩერდება: ლაპარაკობს, მესიჯებს წერს, მეილებს გზავნის, რეკავს, მითითებებს იძლევა, კითხვებს სვამს, საქმის ყოველი წვრილმანით ინტერესდება, ისევ რეკავს და ისევ მესიჯებს გზავნის… 

ახალციხის გზებს თბილისზე უკეთ იცნობს. მას შემდეგ, რაც იგებს, რომ  ამ ქალაქში პირველად ვარ, აქაურობაზე ჩემი შთაბეჭდილების გაგებას ცდილობს. “განსაკუთრებული აურა ვერ შეიგრძენი? უარყოფითი განცდებისგან ვერ დაიცალე? ვერ მოეშვი? ტვინმა ვერ დაისვენა? - მეკითხება. ვუხსნი, რომ კი არ ვისვენებ - ვმუშაობ, და საერთოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაღაც-რაღაცებს რიგრიგობით აკეთებენ და მის მსგავსად ერთდროულად საქმის კეთებაც, დასვენებაც, გართობაც, ოცნებაც და კიდევ ათასი რამ, არ შეუძლიათ.

-       ეგეც მართალია, - მეთანხმება ნინო.

მანქანას თავისუფლად, თუმცა ერთგვარი აზარტით მართავს. მასთან საუბრის დროს ვერ მოიწყენთ, - ისე, რომ მანქანაში ჩართული, მისი საყვარელი, საეჭვო გემოვნების საქორწილო “დიპმიტაურებიც” კი ასატანი ხდება.

* * *

- მკაცრი დედა ხარ?

- კი, მკაცრი ვარ, თუმცა ვცდილობ, შვილები დამოუკიდებლები იყვნენ,  ცხოვრებას თავი თვითონ გაართვან. შემიძლია, ჩემს შვილებს ყველაფერი ჰქონდეთ: აიფონიც, აიპედიც, ყველანაირი ფუფუნება, თუმცა, მსგავსი არაფერი აქვთ. არ მინდა, ყველაფერი მარტივად, უშრომელად  მიეცეთ. დარეკვა უნდა? ათი წლის ბავშვია, არსებობს იაფფასიანი ტელეფონებიც. ჩემს უფროს შვილს ვუთხარი, რომ თუ კარგად ისწავლიდა, ოცნებას ავუხდენდი და მადრიდში, ბერნაბეუს სტადიონზე გავატარებდი. მთელი წელი განსაკუთრებული მონდომებით სწავლობდა.

მამაჩემთან, რომელიც გარდაცვლილია, ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ყოველთვის ყველაფერს გასაგებად მიხსნიდა და მისაბუთებდა. ახლა ვცდილობ, შვილებს სწორედ ასე მოვექცე. ხომ არსებობენ მშობლები, რომლებიც ამბობენ: “არ გაგიშვებ და მორჩა…” ბავშვს ყოველთვის აინტერესებს, “რატომ” როდესაც მშობელმა იცის “რატომ, არა”, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვმაც იცის და უნდა აუხსნა.

*  *  * 

ნინო მიყვება, რომ ბავშვობაში მის ოჯახს საკმაოდ უჭირდა. “ისეთი გაურემონტებელი სახლი გვქონდა, რომ მეგობრების მიყვანა მრცხვენოდა.” განსაცდელებთან გამკლავებაც ადრიდანვე მოუხდა. 15 წლისა “მხედრიონის” ერთ-ერთმა წევრმა, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის ძველ რედაქციაშია ფორმულირებული,  “ცოლად მოყვანის მიზნით” მოიტაცა. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, 16 წლისა ამერიკაში არალეგალურად გაემგზავრა და ქსეროქსის აპარატზე მუშაობა დაიწყო. ამერიკაში ცოტაოდენი ფული დაზოგა და თბილისში ,,გეპის” მაღაზია გახსნა. ჯინსებს თბილისში გზავნიდა, მამამისის მეგობარი კი ყიდდა. როდესაც საქართველოში დაბრუნდა, ეს კაცი ფულიანად გაქრა, დიდი ვალები დარჩა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია.

შემდეგ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. ამავდროულად, ერთ ბერძენ ბიზნესმენთან მუშაობდა, თავიდან მდივნად. ზუსტად ერთ წელიწადში კი ჯერ მისი თანაშემწე გახდა, მერე მოადგილე. მალევე ბედი მარკეტინგის მენეჯმენტში სცადა. 2005 წელს ყავის ,,take away” ჯიხურები გააკეთა. ახლა ყავისა და ჩაის დიდი ქსელი აქვს, რომლითაც სასტუმროებსა და კაფეებს ამარაგებს. ეს ბიზნესი იმდენად აწყობილია, რომ ნინოს მუდმივ მეთვალყურეობას პრაქტიკულად აღარ საჭიროებს. ახლა მისი მთელი ყურადღება ფერმერებისა და ახალციხისკენაა მიპყრობილი. 

ჩემს მასპინძელს პოლიტიკური ვნებათაღელვის ახალი საგანი, რაბათის ციხე განსაკუთრებულად უყვარს. მისი თქმით, ეს არცაა გასაკვირი -  კომპლექსი, პრაქტიკულად მის თვალწინ აიგო. სამდღიანი სტუმრობის განმავლობაში, რაბათზე ორჯერ ავყავარ. დახვეული კიბით ყველაზე მაღალ კოშკზე ავდივართ და თვალწინ ულამაზესი ხეობა იშლება. ამინდი მოულოდნელად იცვლება, გრილა. “ახლა იწვიმებს,” - აღელვებული ხმით მეუბნება ნინო რაბათის ქონგურებიანი ჭიშკრიდან გამოსვლისას, და ციხის კოშკების თავზე მოჯარულ, შავ, საავდრო ღრუბელს უკმაყოფილო სახით აჰყურებს. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ კი, რომლის განმავლობაშიც ველი ახსნას, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამ წვიმამ მის ნათესებს, მოულოდნელად მეუბნება - “სწრაფად, მანქანაში, თორემ თუ დავსველდი, დაყენებული თმა გამიფუჭდება…”და ჩვენ ტალახით ფანჯრებამდე მოსვრილი, უზარმაზარი თეთრი ჯიპისკენ სულმოუთქმელად გავრბივართ…

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^