Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ ვამარცხებთ კიბოს

15 სექტემბერი 2017

დღეს უკვე ონკოლოგიური დაავადებების უმეტესობის დამარცხება შესაძლებელია, თუ ის ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება. განსაკუთრებით ძუძუს კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტირებისას მკურნალობა წარმატებულია და ხშირად მკერდის მოკვეთაც არ არის საჭირო. 

სწორედ ამიტომ კიბოს სკრინინგის ჩატარება მოსახლეობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში კიბოს სკრინინგი 2008 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად პროგრამით თბილისის მოსახლეობა სარგებლობდა. 2010 წლიდან სკრინინგის პროგრამაში რეგიონებიც  ჩაერთო. მიუხედავად ამისა, კიბოს გვიან ეტაპზე გამოვლენის სტატისტიკა მზარდია. ასევე ყოველწლიურად იზრდება ახალწარმონაქმნების  შემთხვევები.

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეების დაგვიანებული გამოვლენის ერთ-ერთ მიზეზად სკრინინგპროგრამებით მოსახლეობის არასრული დაფარვა სახელდება. სკრინინგის მოცვის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია რეგიონებში.

განვითარებული ქვეყნების მაგალითი ცხადყოფს, რომ კიბოთი დაავადების მაჩვენებელი კლებას მაშინ იწყებს, როცა სამიზნე მოსახლეობაში სკრინინგის მოცვის მაჩვენებელი 75%-ს აღწევს.

ვერა

„ბანაობის დროს მკერდზე ლაქა შევნიშნე. 44 წლის ვიყავი. მეზობელი ექთანი მყავს და იმას ვკითხე. ექიმთან მიდიო, მირჩია. სოფელ სუფსიდან ლანჩხუთში ჩამოვედი, აქაც იგივე მითხრეს - თბილისში წადიო. წინააღმდეგობის მიუხედავად, მეუღლემ მატარებელში ჩამსვა და გამიშვა - ექიმს გაესინჯეო. ონკოლოგიურში მითხრეს, კიბო გაქვს და სასწრაფოდ საოპერაციო ხარო. მეორე დღეს ძუძუ მომკვეთეს. მეტასტაზები წასული არ იყო, მაგრამ მაშინ ექიმები ასე ამჯობინებდნენ, თავი რომ დაეზღვიათ. 2002 წელი იყო.

ოპერაციიდან რვა დღის შემდეგ მითხრეს, საშვილოსნოს ოპერაციაც უნდა გაგიკეთოთო. ქიმიოთერაპიაც საჭირო იყო. ძალიან გვიჭირდა ოჯახში. სამკურნალო ფული არ მქონდა. ახალგაზრდა ვიყავი, პატარა შვილი მყავდა, რა უნდა მექნა.

მაშინ სამთო ქიმიის შენობაში იყო ოთახი, სადაც დახმარების სათხოვნელად უნდა მივსულიყავი. ახალი ნაოპერაციები ვიყავი, მაგრამ მაინც წავედი. ჩემი პატარა გოგონაც თან მახლდა. ოთხ სართულზე სულ ორ და სამ წყებად იყო რიგი. სანამ მივაღწევდი, კიბეებზე ცუდად გავხდი. დაჯდომა მინდოდა, ფეხზე ვერ ვდგებოდი. ჩემმა  გოგომ, ამ პატარა ბავშვმა, იმდენი მოახერხა, რომ სკამი მოატანინა. ცუდად ყოფნისგან ცივი ოფლი მასხამდა. იქ ვიდექი იმისათვის, რომ დახმარება მიმეღო, 600 ლარი მჭირდებოდა სამკურნალოდ.

ახლა ანალიზები საიმედოა. დიდი დრო გავიდა. მას მერე სულ ვიმოწმებ თავს. სანამ კიბო აღმომაჩნდებოდა, ექიმთან იშვიათად დავდიოდი. სოფელში არ იყო ამის საშუალება.

ყველა ქალს ვურჩევ, გადადონ ყველაფერი და თავს მიხედონ. არ უნდა გაიარონ, ის რაც მე ვნახე: შიში, უიმედობა, ტკივილი. სულ ვფიქრობ, რომ ისევ არ განმეორდეს“.

ფეფიკო

„მკერდში თხილისოდენა რაღაც შევნიშნე. არ გავამხილე. ერთ წელიწადზე მეტი არავისთვის არაფერი მითქვამს. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. მერე უკვე იღლია დამისივდა. მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე. ამასობაში ფულიც შევაგროვე - პირველი შესატანი 600 ლარი მჭირდებოდა, რომელიც არ მქონდა და უნდა მომეგროვებინა.

მეტასტაზები იღლიაში იყო გასული. მთლიანად მომკვეთეს მკერდი.

ქიმიოთერაპიის 6 კურსი და 25 სხივური თერაპია დამჭირდა. ეს პერიოდი ძალიან რთული იყო. საერთოდ არ ვარ დეპრესიული ადამიანი, მაგრამ მაინც ძალიან განვიცადე.

მას მერე ხუთი წელი გავიდა. ახლა ძვალში გავიდა. ისევ ვმკურნალობ. წამალი, რომელსაც ვიკეთებ თვეში 200 ლარი ჯდება. პენსია 180 ლარი მაქვს, მაგრამ ოჯახის წევრები მეხმარებიან.  მეორეს, უფრო ძვირიანს, მიფინანსებენ. მარცხენა ფეხს ვერ ვამოძრავებ, სახლიდან იშვიათად გამოვდივარ.

მასწავლებელი ვიყავი, სკოლაში ვმუშაობდი, მაგრამ დავანებე თავი. ახლა რად ვვარგივარ მასწავლებლად, ჯოხით ხომ ვერ მივალ სკოლაში. გონება კი მიჭრის, მაგრამ მარტო ეგ ხომ არ კმარა.

ქართველი ქალები პირველ ადგილზე ოჯახს ვაყენებთ და ბოლოს საკუთარ თავს. ძალიან, რომ გაგვიჭირდება, მერე მივმართავთ ექიმს. ასე არ შეიძლება, მერე ყველაფერი ბევრად რთულია..“

მზია

„ორგანიზმი სიგნალს მაძლევდა: წონაში კლება, სისუსტე, ტკივილი. მაგრამ  ყურადღება არ მიმიქცევია. ერთ დღეს ბავშვს რაღაც სიმძიმე ავაწევინე და ხელი მეტკინა. წამიერად. დეიდაჩემის დაჟინებული თხოვნით სკრინინგცენტრში მივედი. ისე მოხდა, რომ მაშინ თბილისში ვიყავი. რეგიონებისთვის 2009 წელს სკრინინგი უფასო არ იყო.

ავთვისებიანი აღმოჩნდა. პასუხი მოსმენის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. ავდექი, უმიზნოდ ექიმის კაბინეტში რაღაც ადგილს ვეძებდი, მერე გამოვედი ოთახიდან, არავის გავუჩერებივარ. კიბის ქვეშ მიპოვეს, თურმე საშინელი ხმა ამომდიოდა.

ჩავთვალე, რომ ეს სასიკვდილო განაჩენი იყო. არაფერის გაკეთებას ვაპირებდი. მაგრამ ოჯახის წევრებმა ამის ნება არ მომცეს.

ორივე მკერდზე მაქვს ოპერაცია გაკეთებული. ერთგან კეთილთვისებიანი სიმსივნე მქონდა, მეორეგან - ავთვისებიანი, იღლიაში იყო გასული, ლიმფურ კვანძებში. მალევე საშვილოსნოზეც გავიკეთე ოპერაცია. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამას მოჰყვა. 12 ქიმიოთერაპია დამჭირდა. მაშინ 42 წლის ვიყავი.

ეს აუტანელი ტანჯვა იყო. ყველა ჯერზე ვფიქრობდი, ნეტა ქიმიოთერაპიის ფული ვერ იშოვონ, რომ თავი დამანებონ-მეთქი. შვილებსაც არ ვნახულობდი.

ისევ ოჯახის წევრებისა და დედაჩემის თხოვნით „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ მივედი. ქალებთან ურთიერთობა დამეხმარა, ფსიქოლოგიც, ვარჯიშებიც. ნელ-ნელა გამოვედი. მივხვდი, რომ ეს შემიძლია და ასე გავაგრძელე ცხოვრება. ახლა ლანჩხუთში ჩვენი კლუბიც გვაქვს და სხვა ქალების დახმარებასაც ვცდილობთ“.

ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“

ლანჩხუთში, ძველი შენობის ერთ პატარა ოთახში ქალები იკრიბებიან. ერთ-ერთ მაგიდაზე გაუხსნელი კონვერტები დევს. ანალიზის პასუხებია თბილისიდან.

ლანჩხუთიდან დილის ოთხ საათზე გადიან. მზია სიას ამოწმებს. გზაზე, სოფლის გადასახვევთან რამდენიმე ქალი ხვდებათ. 11 საათზე უკვე თბილისში არიან. ეროვნულ სკრინინგცენტრში გამოკვლევებს იტარებენ, ანალიზებს აბარებენ და უკან ბრუნდებიან.

ლანჩხუთში სკრინინგცენტრი არ არის. უკვე ექვსი წელია ქალები ლანჩხუთის  რაიონში  „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ დახმარებით სკრინინგისთვის თბილისში ჩამოდიან. 

ლანჩხუთის გამარჯვებულ ქალთა კლუბი, რომელსაც მზია კვირკველია ხელმძღვანელობს, 2011 წელს დაარსდა. თავიდან კლუბი ძუძუს კიბოთი ნაოპერაციებ 12 ქალს აერთიანებდა, ახლა 50-მდე  წევრი ჰყავს.

„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. კლუბი ხუთას ქალზე მეტს ითვლის. აქვს რამდენიმე რეგიონული ოფისიც. ლანჩხუთის კლუბიც ერთ-ერთია.

ოპერაციის შემდეგ ცხოვრების სრულფასოვნად გასაგრძელებლად საჭიროა რეაბილიტაცია, მასაჯები, სხვადასხვა თერაპია, ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ა.შ. რაც ძალიან ძვირია და ხშირად პაციენტებს ხელი არ მიუწვდებათ.

საჭირო ფინანსების მოსაძიებლად მზია კვირკველიამ ლანჩხუთის გამგეობას მიმართა. მუნიციპალიტეტს ძუძუს კიბოს ნაოპერაციებ ქალთა სარეაბილიტაციო პროგრამის დაფინანსება სთხოვა. სოციალურმა სამსახურმა პროგრამა დაუფინანსა თავდაპირველად 5 000 ლარით. ახლა კი პროგრამა მუნიციპალიტეტიდან 20 000 ლარს იღებს. თუმცა, მას სკრინინგის კომპონენტიც დაემატა.  ყოველთვიურად მზია კრებს ქალებს 16 სოფლიდან  და გამოკვლევებისთვის თბილისში მიჰყავს. ტრანსპორტირების ხარჯები პროგრამაში შედის. მამომობილით ლანჩხუთში ექიმებსაც იწვევს და ქალებს ადგილზე შეუძლიათ სამედიცინო კონსულტაციის მიღება.  

მზია იხსენებს, რომ ამერიკის საელჩოში რამდენიმე ქვეყნის ექსპერტ-ონკოლოგების ფორუმზე ლანჩხუთი ერთ-ერთ წარმატებულ რეგიონად დასახელდა, რადგან, მისი თქმით, ქვეყნის არცერთ რეგიონში მუნიციპალიტეტი მსგავს პროგრამას არ აფინანსებს.

პროგრამის დახმარებით, როგორც მზია ამბობს, ლანჩხუთის რაიონიდან 3 5000-მდე ქალმა ჩაიტარა სკრინინგი. მათგან სამოცამდე ქალს კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და დროულად დაიწყო მკურნალობა.  

კიბოს სკრინინგპროგრამები საქართველოში

სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა, როგორც პილოტური პროგრამა, 2005 წელს გაჩნდა. პირველი მასშტაბური სკრინინგპროგრამა კი 2008 წელს თბილისში დაინერგა.

თავდაპირველად მხოლოდ ორი ლოკაციის კიბოს  (ძუძუ და საშვილოსნოს ყელი) ეროვნული სკრინინგი ამუშავდა. შეიქმნა ეროვნული სკრინინგცენტრიც. 2010 წელს პროგრამას კოლორექტალური და პროსტატის კიბოს  სკრინინგი დაემატა.  ამავე პერიოდში სკრინინგული პროგრამები რეგიონებშიც დაიწყო.

დღეს სახელმწიფო ოთხი ლოკალიზაციის სკრინინგს აფინანსებს, რომელიც უფასოა სამიზნე მოსახლეობისთვის.

თბილისის მერია თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სკრინინგის პროგრამას სრულად აფინანსებს; ხოლო რეგიონებში - ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მეთვალყურეობს.

სკრინინგპროგრამას თბილისსა და რეგიონებში 2017 წლამდე  ეროვნული სკრინინგცენტრი ქვეკონტრაქტორებთან ერთად ახორციელებდა. თუმცა, წელს ტენდერში კომპანია „ევექსმა“გაიმარჯვა და რეგიონის მოსახლეობას უკვე ის მოემსახურება.  

სკრინინგის  დაფარვის მაჩვენებელი თბილისსა და რეგიონებში

საქართველოში სკრინინგპროგრამებში მიზნობრივი მოსახლეობის მაღალი და თანაბარი ჩართვის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. განსაკუთრებით, რეგიონებში.  

რეგიონებში მიმწოდებლების უმრავლესობა დიდ ქალაქებში ფუნქციონირებს. შესაბამისად, მცირე თემებში მცხოვრები მოსახლეობისთვის კიბოს სკრინინგის პროგრამით სარგებლობა გართულებულია. სკრინინგკლინიკებამდე მისასვლელი დისტანცია მოსახლეობისთვის ბარიერია.

თბილისისა და რეგიონალური სკრინინგპროგრამებიდან  მიღებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ მიზნობრივი მოსახლეობის სკრინინგპროგრამით დაფარვის მაჩვენებელი დაბალია, მაგალითად, თბილისის პროგრამაში 2015 წელს სამიზნე მოსახლეობის მონაწილეობის მაჩვენებელმა ძუძუს სკრინინგში 8.04% და საშვილოსნოს ყელის სკრინინგში 5.28% შეადგინა.

ასევე დაბალია მოცვა რეგიონალურ პროგრამაში, კერძოდ, ბოლო მონაცემებით, 2016 წელს ძუძუს კიბოს სკრინინგში მონაწილეობის მაჩვენებელმა 9.2% შეადგინა,  ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში - 11.5%. 

კიბოს ეროვნულ სტრატეგიაშიც ხაზგასმულია, რომ დასავლეთ ევროპის სკრინინგპროგრამების მაგალითით, კიბოთი დაავადების მაჩვენებელმა მანამდე არ მიაღწია ოპტიმალურ კლებას, სანამ სკრინინგის პროგრამამ მოსახლეობის 75% არ დაფარა.

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეების დაგვიანებული გამოვლენის ერთ-ერთ მიზეზად სკრინინგპროგრამებით მოსახლეობის არასრული დაფარვა სახელდება.

გარდა ამისა, ექსპერტები საუბრობენ, რომ ამის მიზეზებია:  მოსახლეობის მიერ პრევენციული ღონისძიებებისადმი არასერიოზული მიდგომა, ოჯახის ექიმთა არასაკმარისი ონკოლოგიური სიფხიზლე,  ქრონიკული და კიბოსწინა დაავადებების მქონე ავადმყოფთა მეთვალყურეობის დაბალი დონე და ა.შ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა ამბობს, რომ მოცვის მაჩვენებელი რეგიონებში წინა წლებთან შედარებით  მცირედით გაზრდილია.  სტურუა ამას ინფორმირებულობის გაზრდას უკავშირებს. ამბობს, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სკრინინგის შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება.

დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან სკრინინგპროგრამა ისედაც უკვე 30 ქალაქს ფარავს, თუმცა იგეგმება მამომობილების ახლებით ჩანაცვლება და ამ კუთხით პროგრამის გაფართოება.   

როგორც ცენტრში ამბობენ, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად მამომობილები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩადიან და მოსახლეობას მომსახურების მიღება ადგილზე შეუძლიათ. 

კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია (2017-2020), რომელიც დაავადებათა კონტროლის ინიციატივით დაიწერა, ჯერ კიდევ სამუშაო ვერსიაა.  ცენტრში ამბობენ, რომ სტრატეგიის აქტივობების ფინანსური შეფასებისა და სამოქმედო გეგმის მომზადების ნაწილზე მუშაობა გრძელდება. სავარაუდოდ, კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემოდგომაზე დამტკიცდება.   

კიბოს სტატისტიკა და  ადრეული გამოვლენა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, პირველადი პრევენციული ღონისძიებების გატარებამ  კიბოს გავრცელება შესაძლოა 30%-ით შეამციროს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში სიკვდილიანობის 94%-ის მიზეზი არაგადამდები დაავადებებია. ამასთან, საერთო სიკვდილიანობის 14% ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის. მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ (რომელზეც საერთო სიკვდილიანობის 69% მოდის) მეორე ადგილი უკავია.

კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით,  რომელიც ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდა, 2015 წელს კიბოს 9598 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გამოიკვეთა მკვეთრი სხვაობა წინა წლების მონაცემებთან. 2014 წელს საქართველოში 100 000 მოსახლეზე 140 ახალწარმონაქმნი ფიქსირდებოდა, რეგისტრის მონაცემებით კი 2015 წელს ეს  მაჩვენებელი 287-მდე გაიზარდა.

კიბოს პოპულაციური რეგისტრის ამოქმედებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების აღრიცხვისა და კლასიფიკაციის სისტემის არარსებობის გამო წლების განმავლობაში საქართველოში კიბოს გავრცელების შესახებ  ოფიციალური ციფრები ხშირად რეალურ სურათს არ ასახავდა.

კიბოს პოპულაციური რეგისტრი ონკოლოგიური მონაცემების სისტემური შეგროვების,  შენახვისა და ანალიზის ორგანიზებულ სისტემას წარმოადგენს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ რეგისტრის ამოქმედებიდან არც ისე დიდი დროა გასული. ამიტომ  სრულყოფილი ანალიზისა და დასკვნების  გაკეთების საშულებას არსებული მონაცემები არ იძლევა. თუმცა, რეგისტრზე დაყრდნობით ცალკეულ ტენდენციებზე საუბარი შესაძლებელია.

მაგალითად,  ყველა  ლოკალიზაციის  კიბოს  ახალი  შემთხვევების  70% მოდის  ყველაზე  შრომისუნარიან, 30-დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე;  შემთხვევათა 26% - 70 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფზე.  0-დან 15  წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის შემთხვევათა 1%, 15-დან 19 წლამდე მოზარდებზე - 0.4%.

კიბოს რეგისტრის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს დაავადების I-სა და II სტადიაზე რეგისტრირებულია  ყველა  ლოკალიზაციის  კიბოს  ახალი  შემთხვევების  39%.  III  და  IV სტადიებზე რეგისტრირებული დაავადებების წილი კვლავ მაღალია და 2015 წელს 50% შეადგინა.

ამავე წელს სარძევე ჯირკვლის კიბოს 1 838 ახალი  შემთხვევაგამოვლინდა,  ინციდენტობის  მაჩვენებელმა  100 000  ქალზე  -  94.7 შეადგინა.  რეგისტრის მონაცემებით სარძევე ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების მხოლოდ 52% გამოვლინდა  დაავადების I-სა და II სტადიაზე.

რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს, 2015 წელს  344  ახალი  შემთხვევა დარეგისტრირდა, ინციდენტობის  მაჩვენებელი 100000  ქალზე - 17.7.  დაავადება  არ  გამოვლინდა 25  წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. რეგისტრის  მონაცემებით,  საშვილოსნოს  ყელის  კიბოს  ახალი  შემთხვევების  მხოლოდ  53%-ია  დიაგნოსტირებული დაავადების I-სა და II სტადიაზე.

ლელა სტურუა ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ადრეული გამოვლენის კუთხით ქვეყანას ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი შედეგები არ აქვს, რადგან კიბოს გამოვლენა კვლავ მესამე- მეოთხე სტატიაზე ხდება  და ეს პრობლემაა.

მისივე თქმით, რეგისტრი დროთა განმავლობაში დაკვირვების საშულებას იძლევა, სად უფრო მეტი დიაგნოზი დაისვა რეგიონების მიხედვით. თუმცა პირველადი დაკვირვებით, როგორც ის ამბობს, კონკრეტული ლოკაცია/რეგიონი თუ დასახლება,  სად სჭარბობს სიმსივნური დაავადებები,  არ გამოვლენილა.

ლელა სტურუა ფიქრობს, რომ ადრეული გამოვლენისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცის გავრცელება სკრინინგზე და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. 

ძუძუს და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი - რა უნდა ვიცოდეთ

ძუძუს  კიბოს სკრინინგი გულისხმობს სამ მომსახურებას: მამოლოგის გასინჯვა, მამოგრაფიის გადაღება და ექოსკოპიური კვლევა. ეს კვლევები საშუალებას იძლევა დადგინდეს რისკები, რომ პაციენტმა დროულად შეიტყოს მდგომარეობა და სპეციალიზებულ დაწესებულებას მიმართოს.

ექიმები ამბობენ, რომ ძუძუს კიბო საშვილოსნოს ყელის კიბოს შემდეგ ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა ძუძუს კიბოს ასაკი: თუ სკრინინგცენტრს 40 წლის ზემოთ ქალები მიმართავდნენ, ახლა მისი გამოვლენა უფრო დაბალი ასაკიდან იწყება.

 „ლიბერალთან“ საუბრისას ექიმი-მამოლოგი თამარ აბულაძე აღნიშნავდა, რომ მკერდის კიბოს სიმპტომატურობა არ ახასიათებს, გამოხატული არ არის ტკივილით ან დისკომფორტით. ამიტომ ქალები ხშირად ექიმთან მიმართვას აგვიანებენ, არ იკეთებენ გამოკვლევებს. გარდა ამისა, საქართველოში ექიმთან მიმართვის კულტურა დაბალია, განსაკუთრებით რეგიონებში.

„რაც უფრო ადრეულ სტადიაზეა გამოვლენილი ძუძუს კიბო, მით უფრო მაღალია განკურნების მაჩვენებელი. ყველა ქალმა ონკოლოგიური დაავადებებისგან თავის დასაცავად ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მიმართოს სკრინინგცენტრს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი თვითგასინჯვაა, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.  სასურველია თვითგასინჯვა როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში - შხაპის მიღების დროს, საპნიანი ხელით ძუძუზე წრიული მოძრაობით ხელის თითებითაც შესამჩნევია სიმკვრივე, რომელიც მანამდე არ შეგვინიშნავს; ძუძუს თავი ხომ არ ჩაბრუნებულა ან გამონადენი ხომ არ არის.  ასეთ შემთხვევაში ქალმა მამოლოგს უნდა მიმართოს“, - ამბობს თამარ აბულაძე.

სკრინინგცენტრში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ თუ ავთვისებიანი დაავადება დადგინდა, პაციენტს ცენტრიდან სპეციალიზებულ კლინიკაში გზავნიან, სადაც შემდგომი მკურნალობა ინიშნება.

ევროპული გაიდლაინების მიხედვით, 50-69 წლის ასაკის ქალებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ მამოგრაფიული სკრინინგი  ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ. ხოლო საშვილოსნოს ყელის სკრინინგი რეკომენდებულია 30-დამ-60 წლამდე. 

ასევე, ევროპული გაიდლაინების მიხედვით, სკრინინგული პროგრამებითა და პათოლოგიური PAP-ტესტის მქონეთა მეთვალყურეობითა და მკურნალობით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს ინციდენტობისა და სიკვდილიანობის  80%-ით შემცირება.

სკრინინგპროგრამის მიხედვით, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები რეგიონებში - 25-დან 60  წლის ჩათვლით უფასოა, რაც გულისხმობს პაპ-ტესტს; საჭიროების დადასტურების შემთხვევაში უფასოა კოლპოსკოპიაც (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული გამოკვლევა); აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე უფასოა კოლპოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^