გარეგნული მოპყრობა გავლენას ახდენს ადამიანის თვითაღქმაზე, მის თვითშეფასებაზე, ასევე იმაზეც, თუ როგორ აფასებენ მას სხვები. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ და ვიცავდეთ შშმ პირებთან მოქცევის გარკვეულ წესებს, რათა ხელი შევუწყოთ მათი უფლებების დაცვასა და საზოგადოების მიერ მათ სრულფასოვან ადამიანებად აღქმას. ამ სტატიაში აღწერილი წესები არ არის ამომწურავი და არც – ბოლომდე უნივერსალური. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი და მათ შორის უსინათლოც, რომლებზეც ამ კონკრეტულ სტატიაში მაქვს საუბარი, ინდივიდუალურია და შესაძლოა, განსხვავებულ გარემოში თავს უკეთ გრძნობდეს. ამიტომ უსინათლოსთან და სხვა შშმ პირთან ურთიერთობის ეთიკის ყველაზე კარგი წყარო თავად უსინათლო ადამიანია. ამიტომ, პირველი წესია, არ მოგვერიდოს შეკითხვის დასმა. თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვკითხოთ უშუალოდ იმ ადამიანს, რომელსაც ურთიერთობა ეხება.
- მისდამი ურთიერთობისას ვკონცენტრირდეთ ადამიანზე და არა მის შეზღუდულ შესაძლებლობაზე. უსინათლოს გარემოცვაში ან მასზე საუბრისას მივმართოთ უშუალოდ მას და არა მის თანმხლებს. თანმხლებსაც მივესალმოთ;
- მიმართეთ უსინათლოს იმ ფორმით, რა ფორმითაც მსგავს სიტუაციაში (მისი ასაკის, მდგომარეობისა და თქვენთან სიახლოვის შესაბამისად) მიმართავდით მხედველ ადამიანს;
- საუბრისას ისევე დაიცავით პირადი სივრცე, როგორც მსგავს გარემოებებში მხედველ მოსაუბრესთან დაიცავდით;
- ისაუბრეთ საშუალო სიჩქარით, გარკვევითა და საშუალო ხმით (არც ძალიან ხმამაღლა, არც - ხმადაბლა და არც განსაკუთრებით გამოკვეთილად);
- ისეთი ყოველდღიური სიტყვების გამოყენება, როგორიცაა: „დანახვა“, „ნახვა“ უსინათლოებთანაც სრულიად მისაღებია;
- თუ შენიშნავთ, რომ უსინათლო ადამიანს ტანსაცმელზე ან სახეზე რამე ლაქა აქვს ან დასვრილია, უთხარით ამის შესახებ კონფიდენციალურად, სხვებისგან შეუმჩნევლად;
- თუკი სივრცეში ყველა ერთსა და იმავე მოქმედებას ასრულებს, მაგ. თუ ყველა რომელიმე მხარეს არის მიბრუნებული“, უთხარით ამის შესახებ უსინათლოსაც, რათა ის არ აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში;
- ნუ დატოვებთ უსინათლო ადამიანს ცარიელ სივრცეში, მას სჭირდება რამე ორიენტირები (მაგ. მოაჯირი, კედელი, ბორდიური და ა.შ.), რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს დამოუკიდებლად გადაადგილება და სივრცეში ორიენტაცია;
- უთხარით თქვენი სახელი. საჭიროების შემთხვევაში აუხსენით ადამიანს, საიდან გიცნობთ/იცნობთ (შესაძლოა ხმით ვერ გიცნოთ);
- როცა საუბარი რამდენიმე ადამიანს შორის მიმდინარეობს, მიმართეთ უსინათლო ადამიანს სახელით, რათა მიხვდეს, რომ მას ეუბნებით რაღაცას;
- წარუდგინეთ მას ოთახში/სივრცეში მყოფი ყველა ადამიანი ან ყველა, ვინც თქვენ გახლავთ;
- გამოიყენეთ ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა „მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ზევით, ქვევით“ და არა „აქ/იქ“;
- საგანთა მდებარეობის ახსნისას შესაძლოა, გამოვიყენოთ საათის ისრის მდგომარეობა (მაგ. ჭიქა შენგან/თქვენგან 3 სთ-ზეა და ა.შ.);
- ნუ ანიშნებთ ნურაფერს ხელით;
- დახმარების აღმოჩენამდე ჰკითხეთ ადამიანს, სჭირდება თუ არა მას ის. დადებითი პასუხის შემთხვევაში დააზუსტეთ, რაში და რა ფორმით. უარის შემთხვევაში ნუ აძალებთ;
- მიეცით ადამიანს საშუალება, იდაყვს ქვემოთ მოგკიდოთ ხელი. იყავით 1 ნაბიჯით წინ იმ ადამიანზე, რომელსაც აცილებთ;
- თუ ადამიანს ზემოთ აღწერილი წესით თქვენთვის ხელი აქვს ჩაკიდებული, არ არის აუცილებელი მუდმივად იმის გახმოვანება, მარჯვნივ უხვევთ თუ მარცხნივ. ის ამას თავად გრძნობს;
- შეანელეთ სვლა ნებისმიერი წინაღობის (ჩასასვლელი, კიბე, გადასაბიჯებელი) მოახლოებისას;
- გაახმოვანეთ და საჭიროების შემთხვევაში აღწერეთ წინაღობები: „ზემოთ, ქვემოთ, კიბე ზემოთ, კიბე ქვემოთ“;
- კიბეს ყოველთვის მიადექით პირდაპირ და არა – დიაგონალზე;
- დასაჯდომის მითითებისას უსინათლო ადამიანს ხელი სკამის ზურგზე დაადებინეთ. ასეთის არარსებობის შემთხვევაში გააკეთეთ ისე, რომ უსინათლოს ფეხი სკამის ფეხს შეეხოს;
- არავითარ შემთხვევაში არ უბიძგოთ ადამიანს სკამისკენ;
- ვიწრო ადგილებში გავლისას იდაყვში მოხარეთ ის ხელი, რომელზეც უსინათლო ადამიანს აქვს ხელი ჩაჭიდებული. გადაიტანეთ იდაყვში მოხრილი ხელი ზურგს უკან. ადამიანი ამ ხელის გასწვრივ გასწორდება და ცალცალკე გაივლით;
- ავტომობილში ჩასხდომისას უსინათლოს ხელი მანქანის კარის სახელურზე დაადებინეთ. მიუთითეთ, საითკენ არის ავტომობილი მიბრუნებული და ის დამოუკიდებლად მოახერხებს ჩაჯდომას;
- თუკი საუბრისას გასვლა ან საუბრის შეწყვეტა მოგიწიათ, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ უსინათლო/მცირემხედველ ადამიანს;
- მოცემულ სტატიაში მოყვანილი რეკომენდაციები არ არის ამომწურავი. აუცილებელია ინდივიდთან კომუნიკაცია მისი საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით, რათა დახმარებისას არ შევლახოთ ადამიანის უფლებები და მისი ადამიანური ღირსება. მნიშვნელოვანია, არ მოგვერიდოს უსინათლო ადამიანთან ურთიერთობა. ვიყოთ გამბედავები, არაგულგრილები, სიახლისადმი ღიები და განსხვავებულისადმი მიმღებლები. ვითვალისწინებდეთ მათ მრავალფეროვნებას. მთავარი კი ჩვენი დამოკიდებულებაა: არ ჩავაყენოთ ადამიანი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არ გვინდა, რომ თავად აღმოვჩნდეთ.
დაბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ უსინათლო ადამიანთან ურთიერთობა პირველ რიგში ადამიანთან ურთიერთობას ნიშნავს. ის ისეთივე ადვილი და ისეთივე რთულია, როგორც მხედველ ადამიანთან ურთიერთობა და ისეთივე სპეციფური, როგორც ნებისმიერ სხვა ინდივიდთან ურთიერთობას.