ჰოსპიტალურ სექტორში ახალი სამთავრობო ინიციატივები ბევრ უპასუხო კითხვას ბადებენ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ გააჩერა ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე თითქმის ყველა კერძო და სახელმწიფო საინვესტიციო პროექტი. შეჩერდა კლინიკების მშენებლობები ახალქალაქში, ასპინძაში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ვანში, ლენტეხში, ქარელში, ზუგდიდში, ახალციხეში, ბაღდადთში, დედოფლისწყაროში, ნინოწმინდაში.... ასევე შეჩერებულია ჯერ კიდევ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული 4 ფსიქიური ჯანმრთელობის ცენტრის (სურამში, თელავში, სენაკში და ლანჩხუთში), თბილისში ინფექციური საავადმყოფოს და სეფსისი ცენტრის, აჭარაში ტუბერკულოზის და ინფექციური კლინიკების რეაბილიტაციის პროექტები, პათოლოგიის რეფერალური ლაბორატორიისა და სიმულაციური სწავლების ცენტრის მშენებლობები.. სამაგიეროდ, ცნობილი გახდა რომ სამინისტრო გეგმავს ახალი საუნივერსიტეტო-მუნიციპალური (?!) კლინიკის მშენებლობას ზუგდიდში.
ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთმა მრჩეველმა მე-9 არხის ეთერში სინანული გამოთქვა, რომ საქართველოში უახლოეს პერიოდში იმდენი საწოლი ვერ გვექნება, რამდენიც გვქონდა 30- 40 წლის წინ, მაგრამ დაგვაიმედა, რომ სამინისტრომ დაიწყო ფიქრი ამ მიმართულებით. დაპირებების ასრულება ქუთაისში და „გურიასთან სადმე ახლოს“ საუნივერსიტეტო კლინიკების აშენებით დაიწყება, სადაც ბევრი ახალი ექიმი ისწავლის და ხელმისაწვდომობასთან ერთად მომსახურების ხარისხიც გაუმჯობესდება (?!). შესაძლებელია მინისტრის ამ მრჩეველმა არც იცის, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობასაც ითვალისწინებდა, ოღონდ არა ზუგდიდში, არამედ თბილისში - ყოფილი მე-8 საავადმყოფოს ბაზაზე. ეს შენობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გადაეცა 2010 წელს და მისი დამთავრება 2013 წელს იგეგმებოდა.
30 წლის წინ, საბჭოთა საქართველოში 50 ათასზე მეტი საწოლი და 300-მდე საავადმყოფო იყო. სამედიცინო სექტორში 120 ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. იმ ბევრისთვის სანატრელ დროს ყველა სამედიცინო დაწესებულებას სახელმწიფო ფლობდა და მართავდა. მოსკოვიდან მართული, მკაცრად ცენტრალიზებული, ჭარბ ინფრასტრუქტურაზე და რესურსებზე (და არა შედეგზე) ორიენტირებული ქართული ჯანდაცვა იყო არაეფექტურობისა და კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი. ჯანდაცვის სექტორში დამოუკიდებელმა საქართველომ უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო საბჭოთა პერიოდიდან და ეს მემკვიდრეობა დღესაც მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს საზოგადოებას.
ჭარბი ინფრასტრუქტურა ბუნებრივი იყო „სემაშკოს“ ტიპის ჯანდაცვის მოდელისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოთა კავშირი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე დანარჩენ სამყაროსთან ომისთვის ემზადებოდა და საქართველოში საწოლების სიჭარბეს სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდა. ამით აიხსნება სამხრეთ საქართველოში, ნატოს საზღვართან, გიგანტი კლინიკების არსებობა და, ბევრმა არც იცის, რომ მიწისზედა საავადმყოფოების გარდა მიწისქვეშა საავადმყოფოებიც არსებობდა. ერთ-ერთი ასეთი 150-საწოლიანი მიწისქვეშა საავადმყოფო საბურთალოზე, ე.წ. რესპუბლიკური საავადმოფოს ქვეშ მდებარეობს და ბოლო წლებამდე მზად იყო ომის პირობებში პაციენტების მისაღებად.
საბჭოთა საქართველოში საავადმყოფოების ნახევარზე მეტი 1940 წლამდე იყო აშენებული და საქართველოს კომუნისტურმა მთავრობამ 1988 წელს 115 საავადმყოფოს რეაბილიტაცია წამოიწყო, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა დაუმთავრებელი დარჩა.
1990-იან წლებში საავადმყოფოების 80-90% დევნილებმა დაიკავეს. ამ ძნელბედობის ჟამს, სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე და აპარატურის გადარჩენაზე არავის ფიქრობდა. 90-იანი წლები კლინიკებმა და მათში მომუშავე პერსონალმა უშუქოდ, გათბობისა და პაციენტების გარეშე გაატარა, რამაც ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა და ჩვენი კოლეგების დიდ ნაწილს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მოუსპო.
წლების განმავლობაში საავადმყოფოს საწოლების დიდი უმრავლესობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, უფუნქციოდ იყო დარჩენილი და გაძარცვულ, დანგრეულ, ჩაბნელებულ შენობებში იდგა.
2005 წლის შემდეგ განხორცილდა ჰოსპიტალური სექტორის დიდი ნაწილის პრივატიზაცია. უამრავი პრობლემის მიუხედავად, თითქმის მთლიანად განახლდა, ახლიდან აშენდა და აღიჭურვა საავადმყოფოები რაიონებსა და ქალაქებში. ბევრისთვის დღესაც მიუღებელია კერძო საავადმყოფოების არსებობა, თუმცა ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საქართველოში დაგროვდა ყველა სახის მტკიცებულება, რომ კერძო საავადმყოფო უკეთესად მუშობს, ვიდრე სახელმწიფო კლინიკა.
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა ჰოსპიტალური განვითარების მეორე ეტაპის განხორციელებაზე და გააჩერა ყველა კერძო საინვესტიციო პროექტი. ჯანდაცვის 2013 წლის ბიუჯეტში დაწესებულებათა რეაბილიტაციისათვის 10 მლნ. ლარია გამოყოფილი, თუმცა ეს პროგრამა ჯერ არც კი დამტკიცებულა. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ მომავალში კერძო და სახელმწიფო კლინიკები თანაბარ პირობებში იქნებიან ჩაყენებულები და კერძო კლინიკების გვერდით სახელმწიფო კლინიკების აშენებით კერძო სექტორი არ დაზარალდება; სახელმწიფო ინვესტიციები ამ სფეროში არ წარმოადგენს სახელმწიფო ჩარევას და დოტაციას მომავალი სახელმწიფო საავადმყოფოებისთვის. ალბათ, ბუნებრივად ჩნდენა კითხვა, რატომ გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ ზუგდიდის ახლად რეაბილიტირებული, 150-საწოლიანი რეგიონალური საავადმყოფოს გვერდით ახალი კლინიკის აშენება ბიუჯეტის ხარჯებით? რატომ არ შეიძლება საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია შეასრულოს იგივე ზუგდიდის რეგიონალურმა საავადმყოფომ, რომელიც უკვე სრულად არის რეაბილიტირებული, აღჭურვილი და სადაც ძალიან ბევრი კვალიფიციური ექიმი და ექთანი მუშაობს. თუ სამეგრელოს მოსახლეობის მომსახურებისათვის ამ კლინიკის სიმძლავრე საკმარისი აღარ არის, რატომ არ შეიძლება დაიტვირთოს ახლადგახსნილი ფოთის, ან სენაკის კლინიკები. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კლინიკების ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ ისინი არ არიან სახელმწიფო მფლობელობაში და მათ, არა სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორები, არამედ კერძო სამედიცინო სამენეჯმენტო კომპანიები მართავენ. ასევე გაურკვევლია რატომ გახდა აუცილებელი ახალი საავადმყოფოს აშენება ზუგდიდში და არა, მაგ. ახალციხეში, სადაც დღეს არსებული სახელმწიფო კლინიკა ნამდვილად საჭიროებს რეაბილიტაციას. ჰოსპიტალური განვითარების გეგმის მეორე ეტაპის მიხედვით, 2013 წლის ბოლოსთვის ახალციხეშიც ახალი, კერძო კლინიკა უნდა აშენებულიყო, მაგრამ სამინისტროს გადაწყვეტილებითეს პროექტიც გაჩერდა.
აღინიშნა, რომ ზუგდიდი ახლადაშენებული საუნივერსიტეტო-მუნიციპალური კლინიკა აფხაზეთში მაცხოვრებელ მოსახლეობასაც მოემსახურება. სამინისტროში არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქის მკურნალობა ბოლო წლების განმავლობაში მთლიანად უფასო იყო და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხორციელდებოდა. პაციენტი თავად ირჩევდა მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მკურნალობაში ერთნაირი პირობებით მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კლინიკები. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებები თავად ოკუპირებული ტერიტორიების შიგნითაც. სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები ის იშვიათი გამონაკლისი იყო, სადაც პროფესიული ურთიერთობები და მომსახურების უწყვეტობა შენარჩუნდებოდა 2008 წლის ომის შემდეგაც. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მოქმედებდა რეინტეგრაციის სამინისტროსთან ერთობლივი პროგრამით და აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საპატრიარქოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჰოსპიტალური განვითარების გეგმის ფარგლებში, ეს თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის ხელშეწყობასაც.
ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ გეგმავს ფასების დემპინგს (ხელოვნურად შემცირებას) ახალ სახელმწიფო კლინიკებში და სახელმწიფო კლინიკებს რაიმე უპირატესობა არ ექნებათ. თუმცა ბოლო წლების გამოცდილება სხვას ადასტურებს. საქართველოს უახლოეს ისტორიაში პოლიტიკური ძალაუფლების ცვლილებას ახალი, საჩვენებელი კლინიკების მშენებლობაც ახასიათებდა. შევარდნაძის მმართველობის პირველ წლებში დიღომში ტრავმატოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის რეაბილიტაციის პროექტს „საავადმყოფო ღარიბებისთვის“ ერქვა. შენობა დონორული დახმარების შედეგად ფაქტიურად ხელახლა აშენდა, უახლესი იაპონური აპარატურით აღიჭურვა. ახალ საავადმყოფოს იმდროინდელი ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთი გავლენიანი მოადგილის მამის - გამოჩენილი ქართველი ექიმის, ოთარ ღუდუშაურის სახელი ეწოდა. ამ კლინიკაში მოხვედრას ყველა ექიმი ცდილობდა, რადგან აქ მთავრობამ იმ დროისათვის უჩვეულოდ მაღალი ხელფასები დაუნიშნა სამედიცინო პერსონალს. ამ კლინიკის სახელმწიფო დოტაციისთვის შეიქმნა ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომელიც, ძირითადად, სწორედ ღუდუშაურის სახელობის კლინიკას აფინანსებდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ საჩვენებელი კლინიკა ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფო გახდა. ამ კლინიკის გახსნის შემდეგ რეფერალური პროგრამის ბიუჯეტიც გაიზარდა და, ძირითადად, ამ ორ საავადმყოფოზე განაწილდა. ახალ საავადმყოფოს იმდროინდელი ჯანდაცვის მინისტრის მასწავლებლის, გამოჩენილი ქართველი ექიმის მ. ცხაკაიას სახელი ეწოდა. ქუთაისის საავადმყოფოში ექიმების ნაწილი თბილისიდანაც გადავიდა, რადგან სამინისტროს ფავორიტ კლინიკაშიც იმ დროისთვის უჩვეულოდ კარგი პირობები, აპარატურა და მაღალი ხელფასები იყო. საჩვენებელი კლინიკის გახსნის ცდუნებას ვერც ახალმა ხელისუფლებამ და მინისტრმა გაუძლო და გულწრფელად მაინტერესებს ვისი სახელობის იქნება ზუგდიდის სახელმწიფო საუნივერსიტეტო-მუნიციპალური კლინიკა.
საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საქართველო კომუნიზმს აშენებდა. კომუნიზმი სოციალური სამართლიანობის ყველასთვის გასაგებ და სანატრელ მოდელს გვთავაზობდა - ყველასგან შესაძლებლობის მიხედვით, ყველას საჭიროების მიხედვით. ამ სანატრელი მიზნის მისაღწევად ჯერ სოციალიზმის პერიოდი უნდა გაგვევლო და კლასობრივი მტერი გაგვენადგურებინა. კლასობრივი მტერი - დამქირავებელი, მჩაგვრელთა კლასი იყო - ის, ვინც სხვისი შრომით მდიდრდებოდა: კერძო ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, კერძო გამომცემლები და მიწის მესაკუთრეები, კერძო კლინიკებისა და ამბულატორიის მფლობელები, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, ვინც „ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში ხალხის ქონება“. საბჭოთა ჯანდაცვაც ამ იდეოლოგიის ნაწილი იყო. როგორც ჩანს, დღესაც ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქვს ამ დროის ნოსტალგია.