გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში საბჭოთა კავშირში მოგზაური ტურისტული ჯგუფი ევროპიდან მოსკოვსა და ლენინგრადის შემდეგ თბილისს ეწვია. სამშობლოში დაბრუნებისას ჯგუფის წევრმა შვეიცარიის ერთ-ერთ გაზეთში თავის თანამემამულეებს გაუზიარა შთაბეჭდილებები, წერილში დაახლოებით ასეთი სათაურით: "სითბოთი აღსავსე ერთი მილი (იგულისხმება ინგლისურ-ამერიკული სიგრძის საზომის ერთეული) ცივ ქვეყანაში". ავტორი ყვებოდა იმ გრძნობებზე რუსთაველის გამზირზე გამოსვლისას რომ დაეუფლათ მას და მის მეგობრებს.
არა, და რა იყო იმ დროს რუსთაველზე ისეთი არაჩვეულებრივი, რამაც გააოცა სტუმარი შვეიიცარიიდან? ორი საღვეზელო ახლანდელი რესტორან მარკო პოლოს პირველ სართულზე და ოპერის მოპირდაპირე მხარეზე, ლაღიძის წყლების საფირმო კაფე-მაღაზია, და კაფე-სანაყინე თავისუფლების (ლენინის) მოედნის კუთხეში. მართალია, ამ დაწესებულებებთან რიგები არ იდგა, როგორც ლენინგრადსა და მოსკოვში. ეს იყო და ეს. რა თქმა უნდა, იყო შენობა-ნებობები, რომლებიც დღესაც ადგილზეა.
მაგრამ სტუმარმა "დაიჭირა" რუსთაველის მშვენიერების სული და ფენომენალური ატმოსფერო, ადამიანთა ამაღლებული განწობა. აქ ხალხი ს ე ი რ ნ ო ბ დ ა . . . და არავინ არ დარბოდა სახეშფოთიანი გამომეტყველებით მაღაზიიდან მაღაზიაში სურსათის ძმენაში, რაც იმ დროს ახასიათბდა ნევის პროსპექტის და გორკის ქუჩის “პუბლიკას”. ავტორი გაკვირვებით უსვამს ხაზს ჩაცმულობის მრავალფეროვნებას და მოდურობას, რაც სრულ კონტრასტში იყო საბჭოურ უნიფორმასთან.
მთავარი კი რაც გამოტანილი იყო წერილის სათაურში იყო ის არაჩვეულებრივი სითბო, რომელიც იგრძნობოდა რუსთაველზე მოსეირნე ადამიანების ქცევაში, საუბარში, მისალმებაში, მისვლა-მოსვლის მრავლის მთქმელ ნიუანსებში, განსაკუთრებით- ურთიერთპატივისცემაში. ცნობილი, ბირჟებიც კი დააფიქსირა მისმა მახვილმა თვალმა. აი ასე ჩვენთვის ბუნებრივმა რამ სტუმარს საოცრებად ეჩვენა.
გაგიკივრიდებათ, საიდან გახდა ჩემთვის ცნობილი შვეიცარულ გაზეთში გამოქვეყნებული ეს მასალა, მას ხომ საბჭოთა პრესაში ცენზურა არ გაატარებდა. საქმე იმაშია, რომ ამ დროს, ეგრეთწოდებული პერესტროიკის ხანაში რესპუბლიკებს მოჩვენებითი სუვერენიტეტი უბოძეს. მაგალითად, ჩვენთან შეიქმნა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჟღერს, არა? რა მნიშნველობა აქვს იმ ფაქტს, რომ ამ სამინსიტროს მუშაკთა პერსონალის რიცხვი არ აღემატებოდა ფრენბურთის გუნდის წრევთა რაოდენობას, დამლაგებლისა და დარაჯის ჩათვლით. ხოდა, ამ უწყებამ იმას მიაღწია რომ პარტიული თუ სახელმწიფო ორგანოების უმაღლესი ეშელონების წევრებითვის, თვეში ერთხელ ავრცელებდა უცხოური პრესის მიმოხილვას დამზადებულს არასტამბური წესით, ანუ საკანცელარიო გასამრავლებელი ტექნიკის მეშვეობით: ამა ქვეყნისა ძლიერმან და "პარტაიგენოსებმა" აზრზე მაინც რომ იყვნენ რა ხდებოდა მტრულ კაპიტალისტურ ბანაკში.
ამის შემდეგ საუკუნის მეოთხედმა განვლო, და ჩემთვის სამწუხაროდ, დიდი გულისწყრომით იძულებული ვარ სევდიან კონსტატაციას დავჯერდე: რუსთაველმა ვერ გაიხარა ახალ პირობებში, და მეტიც - პროსპექტი ავტობანად გადაიქცა, რის მთავარი მიზეზია, უხერხულობა (ზოგისთვის გადაულახავი დაბრკოლებაც კი) გადაადგილების დროს, როცა ,მაგალითად, ქუჩის ერთი მხარიდან მეორეში გადასასვლელად მიწისქვეშეთში უნდა ჩახვიდე და დაივიწყო რუსთაველის მიმზიდველი "პრელესტები".
აქ, სამწუხაროდ, აღარ სეირნობენ! შევთავაზებ მკითხველს "სოციოლოგიურ გამოკვლევას": გაიხსენოს, როდის იყო გამოსული რუსთაველზე სასეირნოდ (და არა საქმიანი მიზნით) ან იგივე შეკითხვა დაუსვას ახლობლებს და ოჯახის წევრებს. დარწმუნებული ვარ, ასეთი ფაქტის გახსენებაც გაუჭირდებათ.
რუსთაველის გამზირის და ქალაქის სხვა ქუჩებისა და მოედნების პრობლემებზე ჟურნალმა "ლიბერალმა" თავის ინტერნეტ პორტალზე გამოაქვეყნა ჩემი სტატია სათაურით “ევროპაში... აფრიკის გავლით?!...” სადაც კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, და ევროპაში მიღებული წესების შედარებით ჩვენებურ პრაქტიკასთან შევეცადე გამემახვილებინა ყურადღება ჩვენ ჩამორჩენილობაზე ქალაქში ადამიანების გადაადგილების, და საერთოდ – სატრანსპორტო სფეროში. შედეგზე ქვემოთ.
ამჟამად კი მსურს განვაგრძო ეს თემა – ჩამორჩენა დასავლეთისაგან, და ისევ გაუზიარო მკითხველს პირადი დაკვირვებები და მოსაზრებები ამ წერილის სათაურის მიხედვით.
მართვადი სტიქიურობის პარადოქსები
თუ რუსთაველის გამზირი ძველებურად აღარ იზიდავს სეირნობის მოყვარულებს, მაშ სად არის ის ადგილები რომ სასეირნოდ გახვიდე და თავისუფალი დრო ადამიანურად, მეგობრებთან და ნაცნობებთან ურთიერთობაში გაატარო. პარკები და სკვერები - ეს ცალკე თემაა, თუმცა მომრავლებული ძაღლების მოყვარულების და მათი ოთხფეხა მეგობრების შიშით ბევრი ჩვენთანგანი ამ ზონებს ერიდება. ბავშვები კი ძალღების ექსკრემენტებთან სილის სათამაშო ორმოებში იქექებიან. ეს საგანგაშოა, მაგრამ ვდუმვართ.
სუფთა ჰაერზე გასეირნების საშუალებად მიჩნეულია მთელ მსოფლიოში ზღვის ან მდინარის სანაპირო. მხოლოდ - არა თბილისში, სადაც ის გადაიქცა ჩქაროსნულ სააავტომობილო გზად, სადაც გაუქმებულია შუქნიშნები, არ არსებობს "ზებრა"- გადასასვლელები, სადაც მაქსიმალური სიჩქარით მოძრავი ავტომობილების ნაკადი მტკვრის ნაპირთან მისასვლელ გზას გვიღობავს
იძულებული ვარ ისევ მივმართო პარიზის მაგალითს, რადგან ნაცხოვრები ვარ ამ ქალაქში. აქ მდინარე სენას ორივე სანაპიროს მაგისტრალი საკმაოდაა დატვირთული. მაგრამ, როცა დატვირთვამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია შემოიღეს ცალმხრივი მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით. შემდეგში რთული უბნების უპრობლემო გადალახვის მიზნით და სანაპიროებზე ფეხმავალთა ჩვეულებრივი წესით გადაადგილების უზრუნველსაყოფად მანქანები (და არა ადამიანები) განაწესეს მიწისქვეშა ტუნელებში. შედეგად, სენას სანაპიროებმა შეინარჩუნეს თავისი პეწი და პოპულალურობა. მეტიც ზაფხულობით აქ აწყობენ ხელოვნურ პლიაჟებს ზღვისპირა ქვიშით და პორტატიული ბასეინებით, სადაც მოსახლეობა ირუჯება და ერთობა.
პარიზის მერიის მომხიბვლელი შენობის წინამდებარე მოედანზე, სადაც ძველად ეშეფოტი იდგა და შაბათ-კვირას ხალხი იკრიბებოდა სანახაობაზე, როგორ აცლიდა თავებს ჯალათი სიკვდილ მისჯილებს, ახლა ზაფხულობით აწყობენ ქვიშის ფრენბურთის და ქუჩის კალათბურთის შენობებს, ზამთარში კი საციგურაოს “კატოკს”. საღამოობით აქ სასულე ორკესტრები და როკ მუსიკის ბენდები უკრავენ. უქმეებზე იქვე მახლობლად იშლება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრობა. გასაგებია, აქ მუდმივი ხალხმრავლობაა - თუ გნებავთ სეირნობა.
ჩვენ? ბოლო მწვანე კუნძული სანაპიროზე (ადრე მართლაც ნამდვილი კუნძული მტკვარზე მადადოვის სახელით წოდებული, რომელსაც ქალაქთან ეგრეთწოდებული მშრალი ხიდი აკავშირებდა) ისიც შეიძლება დავკარგოთ, თუ რაიმე ახალი შენობა იქ დაიდგა იმის მაგივრად, რომ გავშალოთ გამწვანება და კეთილმოწყობა, რაშიც გასაგებია ავტოსადგომს არ ვგულისხმობ.
თბილისის სანაპიროს პრობლემებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული განახლებული რიყე, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ქალაქაში უნიკალური უბნის მოწყობისა, როგორც კულტურულ - დასასვენებელი ზონისა და არა სამხედრო “Platz-I”. მაგრამ, საქმე ერთ წრტილზეა გაჩერებეული – საზეიმო გახსნის "დაკონსერვებაზე". არადა რომ გამოცხადდეს ტენდერები და კონკრუსები, კერძო კომპანიები, სათანადო კონტროლის ქვეშ ააგებენ იქ კაფე-სანაყინეებს, გამაგრილებელი წყლების პავილიონებს, მოაწყობენ ჩრდილოვან ზონებს და ასე შემდეგ, რასაც კერძო ინიციატივა მოჰყვება. ბოლოსდაბოლოს ეს ტერიტორია მარჯვე ბიზნესმენს მიაქირავონ, რათა მიტოვებული აღარ დარჩეს, როცა დღეს იქ ჭიქა წყალს ვერ იპოვი. აი მაშინ იქნება გამართლებული იქ ბუკინისტების დახლების მოწყობა, და არა მტკვრის მოპირდაპირე მხარეს, სადაც ხალხის ნაკლებობაა. პარიზს მიბაძეს? საფრაგეთის დედაქალაქში ძველი წიგნების და ბეჭდვითი რარიტეტების ვაჭრებმა ბინა დაიდეს იქ, სადაც ტურისტების არმიები და მოსეირნე პარიზელების დივიზიები დადიან.
მოდერნული წარსულის მიმზიდველი ხიბლი
კიდევ ერთი უცნაური ფაქტი: თბილისში ბევრი სხვა ქალაქებისგან განსხვავებით არ არსებობს ბულვარი, ანუ სასეირნოდ განკუთვნილი ქუჩა. ასეთ სახელწოდებას ვერ მოძებნით ძველ და თანამედროვე რუკებზეც, და, მგონი, არც არასოდეს ყოფიქა.
მაგრამ შევეშვათ სახელს, მივხედოთ ფუნქციას. თუ რაიმე ახალი ქუჩა არ გაიჭრა ან გაშენდა საამისოდ, მაშინ გვრჩება, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და გარეგნული იერსახის გათვალისწინებით, ალბათ, მხოლოდ აღმაშენებლის გამზირი, თამარ მეფიდან მარჯანიშვილის მოედნამდე.
ამ მონაკვეთზე ჩატარებული რესტავრაცია პირდაპირ გვკარნახობს ბულვარის იდეის ხორცშესხმას. ოღონდ როგორც მოქმედი, ურბანული სიცოცხლით აღსავსე და ადამიანებისთვის მიმზიდველი სივრცე. არ ვეკამათები არავის განახლებული ქუჩის არქიტექტურულ-ესტეტიკურ შეფასებებზე: ისტორიის დამახინჯებააო, ბუტაფორია, დეკორაცია და ასე შემდეგ. ერთს კი ვიტყვი: მოდით დავთანხმდეთ დიდი ჰერაკლიტეს ცნობილ მაქსიმას, რომ ერთიდაიგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. მუდმივი ამ ქვეყნად არაფერი არსებობს, მატერიალური სამყაროს ძეგლები ან ქრებიან დედამიწის პირიდან ან იქცევიან მუზეუმის ექსპონატებად, ნანგრევების ჩათვლით. ან ექვემდებარებიან რესტავრაციას და აგრძელებენ ცხოვრებას ახლებურად, თანამედროვე პირობების და მოთხოვნების გათავლისწინებით.
დიდებული ლუვრის სასახლე დღეს მუზეუმია. აქ ბოლო ლუდოვიკოს აპარტამენტები, მისი საცხოვრებელი ოთახები, თუ სამუშაო კაბინეტები, საცერემონიო და გასართობი დარბაზები, მრავალრიცხოვანი დამხმარე პრესონალის სათავსოები, სამეფო კანცელარიის მოხელეების ბიუროები გადაქცეულია სამუზეუმო სივრცეებად, რომელთა კედლებს ამშვენებს ბურბონების შემდგომ პერიოდში შემოტანილი ხელოვნების ნიმუშები; მუშკეტერების და ჰერცოგების ნაცვლად იქ დასეირნობენ ათასობით ტურისტები, მათ შორის საქართველოდან. ეს არ არის პირვანდელი ლუვრი, რომ არაფერი ვთქვათ, ელექტრო-გაყვანილობასა და განათებაზე, ჰაერის კონდეცირებასა და ლიფტებზე, ესკალატორზე, ბოლოს და ბოლოს შუშის პირამიდაზე, რომელიც ეზოში ააგეს ჩინელი წარმოშობის არქიტექტორის პროექტის მიხედვით, იმისთვის, რომ მრავალმა ათასმა დამთალიერებელმა ყოველდღე რომ შეესევა ლუვრს, უპრობლემოდ შეაღწიოს შიგნით და დატოვოს შენობა. რა დაგიმალოთ, და ეს პირამიდა მეც არ მომწონს იმ ადგილას, მაგრამ საჭირო ყოფილა. მოკლედ, ლუვრი ის ლუვრი აღარ არის რაც იყო. და აღარც იქნება. მას მუზეუმი ჰქვია, და ამ ფუნქციას ასრულებს. შესანიშნავადაც!
ასევე, არც ერთი ისტორიული უბანი, მსოფლიოს ათასობით ქალაქში რომ იზიდავს მილიონობით მნახველს და ტურისტს, პრინციპში, დღეს უკვე დეკორაციად შეიძლება დასახელდეს. მე-2 მსოფლიო ომის დროს ამერიკულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა დრეზდენი და როტერდამი, შემდეგ ორივე ქალაქი აღადგინეს, ძველებურ თარგზე. დღეს ეს ხალხს მოსწონს, ტრაგედია მივიწყებულია, ტურისტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ: რა სილამაზე ყოფილა ძველადო.
ან ავიღოთ ამსტერდამი, მისი არაჩვეულებრვი ჰოლანდიური არქიტექტურის ნიმუშები - საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ამშვენებენ არხების სანაპიროებს. ესეც ხომ დ ღ ე ს უკვე დეკორაციაა: ბევრი მათგანი არაერთხელ რესტავრირებულია, გამაგრებულია ბეტონით და ფოლადის სარკმელით, გადაღებილია მცენარეული საღებავებით კი არა, არამედ აკრილისა და ნიტროსაღებავებით; მანდ გაყვანილია წყლის და კანალიზაციის მილები, მოწყობილია ტუალეტები, სააბაზანო-საშყაპეები, საოჯახო საცხოვრებელი სივრცეებიდან გამოტანილია სამზარეულოები. ბევრ მათგანში დღეს ფერადი "ძველი" ფასადის უკან თანამედროვე პენტ-ჰაუზი იმალება.
და მაინც, ეს "დეკორაცია" წარმოგვიდგენს ძველ ჰოლანდიას, ისევე, როგორც თეატრალურ დეკორაციას სპექტაკლის მსვლელობისას, ვიზუალურად მივყევართ პიესის მოქმედების დროსა და სივრცეში.
ამიტომ, განახლებული, რესტავრირებული, "გაფერადებული" აღმაშენებელი გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ, როგორი იყო თბილისი 100 - 150 წლის წინ. მერე რა, რომ ვდაობთ. ასევე დაობდნენ პარიზში, როცა ქალაქის მერმა ბარონ ოსმანმა (XIX ს.) ქოხები ალაგმა და ავენიუები გაჭრა; როცა ეიფელი აშენებდა და ააგო თავისი კოშკი. მაგრამ, ამავე დროს ქედმაღალი ინგლისელები არ დაობენ იმის თაობაზე, რომ ტრადიციული ლონდონის ცენტრში კვერცხისებული 60 სართულიანი შუშის ცათამბჯენი აღიმართა და მდინარე ტემზის სანაპიროზე 100 მეტრიანი დიამეტრის ევროპაში უდიდესმა ეშმაკის ბორბალმა ლანდშაფტი "დაამშვენა". გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ უფრო ხშირად სწორედაც დაობენ და ეს სავსებით ნორმალურია.
მოვუბრუნდეთ აღმაშენებელს. დროა სათანადო სტატუსი და აქედან გამომდინარე ფუნქცია მოუძებნოთ მას. ვარიანტად მოვიყვანდი ისევ პარიზს, იქ ძველი უბნები გასართობ - სანახაობრივ – საშოპინგო - საკულინარიო ობიექტების მრავალრიცხოვანი ტურისტებისთვის მიზმიდველი არენებია. მათ შორის არის რამდენიმე, რომელიც ბოლო ათწლეულებშია გაჩენილი. მაგალითად ქუჩა "მუფტარი".
გასული საუკუნის 20-30 წლამდე ეს იყო განაპირა უბანი; იქ მახლობლად ერნესტ ჰემინგუეი ქირაობდა ოთახს, და უჩიოდა ხეტყის გადამამუშავებელ საამქროს დაზგების ხმაურს. საბოლოოდ, როცა ტურისტებმა მასიურად მიაშურეს ახლომდებარე ორ პარიზულ ღირსშესანიშნავ უბანს (ლუქსენბურგის ბაღი და ლათინური კვარტალი) მოქნილმა და ენერგიულმა მეწარმეებმა "დაყნოსეს" რა სარფიანი ადგილები, სასწრაფოდ დაიწყეს ამ დროისთვის იაფ ფასებში ქვედა სართულზე მდებარე ფართობების შესყიდვა. შედეგად მუფტარზე უმალვე გაჩნდა კაფე-რესტორნები, ბარები, წვრილმანებისა და სუვენირების მაღაზიები. მერიამაც შეუწყო ხელი ამ საქმიანობას, რათა გაჩნდა დამატებითი სამუშაო ადგილები, კეთილმოაწყეს ქუჩის ზედაპირი, შეაკეთეს ფასადები(!), დაუმატეს გარე განათება, გადაკეტეს ტრანსპორტის მოძრაობა. დღეს კი იქ უკვე უხვად არის ცნობილი ფირმების მაღაზიები, და მოდური დიზაინერების ბუტიკები; უთვალავი სავაჭრო, კვების ობიექტები, კრეპებისა და ნაყინის დახლები, კინო და საგამოფენო დარბაზები და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი ახალი პარიზული ეგზოტიკაა ძველებურის ამსახველი დეკორაციაში შეფუთული. ასევე იქცევიან სხვაგან ევროპაში, სადაც მუდმივად ცდილობენ სიძველებს მოუძებნონ ახალი გამოყენება. საკმარისია დავასახელოთ ვენის რინგი, ბუდაპეშტის ქუჩა ვაცი, ვარშავის მარშალკოვსკაია, სტარო მესტო პრაღაში და ა.შ.
რაც შეეხება აღმაშენებელს: ამ მაგისტრალის კვალიფიცირება როგორც გამზირი (პროსპექტი, ავენიუ) ოდნავ გადაჭარბებულად მეჩვენება, გამომდინარე მისი გაბარიტებიდან და არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით დასაწყისში. ის უფრო - ქუჩაა ანდა თუ გვინდა მისთვის უფრო მაღალი რანგი – ბულვარი ვუწოდოთ, და გადავაქციოთ იგი სათანადო ზონად, რაც მოერგება თბილისელებს და მოიზიდავს ტურისტებს. ამჟამად კი სამწუხაროდ (ჩემი ფიქრით), საქმე შეჩერებულია შუგზაში: რესტავრაცია დასრულებულია (ალბად), გარემოს ორგანიზებას კი საშველი არ დაადგა. მეტიც ამ მხრივ ვითარება აღმოსავლურ ბაზარს ემსგავსება, აქლემების ქარავნები და ცხვრის ფარები გვაკლია.
გამოვთქვამ კიდევ ერთ წუხილს: არ გაგვეცალოს თვალსა და ხელს შუა ასეთი მემორიალურ-ეთნოგრაფიული სიმდიდრე, როგორიცაა ის უბანი, რომელიც მდებარეობს ლესელიძის, პუშკინის, ბარათაშვილის ქუჩების და მარჯვენა "სანაპიროს" ფარგლებში. მგონი, დღეს უკვე მხოლოდ იქ შემორჩა განუმეორებელი თბილისური ურბანული კოლორიტი, რომელიც თარიღდება კაპიტალიზმზე გადასვლის წინა ხნით, სანამ რუსი ჩინოვნიკები შემოიღებდნენ მკაცრ პარაგრაფებს განაშენიანობის საქმეში. საგანგაშოა, რომ აქ შეიმჩნევა შენობა-ნეგებობების თვითნებური მოდერნიზება, სახლების ისტორიული იერ-სახის და სტილის სრული იგნორირებით. ამ დროს სწორედ უაღრესად კოლორიტულ და განსხვავებულ უბანში ჩამალულია არა მხოლოდ ძველი თბილისის განახლების პოტენციალი, არამედ მუშა ხელის დასაქმება და სულაც
- არა მცირე ბიზნესი.
ავიღოთ, მაგალითად, ვერცხლის ქუჩა. მხოლოდ მისი სახელწოდება პირდაპირ გვკარნახობს აზრს - მოეწყოს აქ სათანადო სახელის და პროფილის სახელოსნოები, სადაც სრულად დასაქმებული იქნებიან ამ დარგის ოსტატები - ოქრომჭედლები და იუველირები - რომლებიც დღეს მიმოფანტულები არიან მთელი ქალაქის ტერიტორიაზე, ხშირად - მიუვალ ადგილას და მოუწყობელ სათავსოებსა და დარაბებში.
ამ უბნის სხვა ქუჩები სავსებით ორგანულად მიიღებენ სტილიზებულ დუქნებს, თონეებს, "საპოჟინიკებს", მედუდუკეთა დასებს, სხვა პროფესიების ოსტატებს თუ ხელოსნებს, რომელსაც თბილისური ხალხური ბოჰემა ერქვა. აქვე შეიძლება "მშრალი" ხიდის "ტალკუჩკა-ბაზრობის" ზოგი ფუნქციის გადმოტანა, კერძოდ ძველი, ნახმარი, დღეს უკვე მივიწყებული თუ გამოუყენებელი საოჯახო ნივთებით და ტექნიკით ვაჭრობის გაშლა, ოღონდ "მშრალი" ხიდისგან განსხვავებით ცივილიზებული წესით, სტაციონალურ პირობებში, როცა ვაჭრობის ობიექტი (лавка древностей) განთავსებულია შენობაში და "ტავარი" მიწაზე არ ყრია. ამ სახის საქონლით ვაჭრობის ფორმა საკმაოდაა გავრცელებული ევროპაში და რაკი არსებობს, ალბათ სარფიანიცაა. ყოველ შემთხვევაში ჩემი თვალით მაქვს ნანახი ვიტრინაში გამოტანილი თუჯის ნახშირის ძველი უთო კომპიუტერის ფასად რომ იყიდებოდა. თუ არ ვცდები, ამის მაგვარი მაღაზია თბილისში არ მოიძებნება.
ქალაქი ქუჩით იწყება, პირდაპირი თუ ირიბი გაგებით. გავიხსენოთ თუნდაც ჩრდილოეთ ამერიკის ველური დასავლეთის დაპყრობა, როცა დროებითი დასახლება ქალაქად გადაიქცეოდა და მიიღებდა "სითის" სტატუსს მას შემდეგ, რაც მთავარი ქუჩა აღეჭურვებოდა შერიფის ოფისით და ბანკით, აფთიაქით და ტავერნით, მჭედლის სახელოსნოთი და იარაღის მაღაზიით, ანუ სახეზეა ყველა ის შენობა-ნაგებობა და ადგილი, სადაც თავს იყრის ხალხი: საქმისთვის თუ დასვენებისთვის. ამრიგად, თუ ქუჩა აშენდა და მოქმედებს, ქალაქი დაიბადა. ასე დაიწყო სენტ-ლუისი და კანზას-სითი, ინდიანაპოლისი და ომახა, სხვა მრავალი დიდი თუ პატარა ქალაქი, ერთსართულიანი ამერიკას რომ უწოდებენ.
მივმართოთ ისტორიას. მაისა და აცტეკების ქალაქების ნანგრევები, ბაბილონი და პომპეა, თანამედროვე ბრაზილია-სითი და ლას-ვეგასი - აქ სახლებია ჩამწკვრივებულია მიწის ფრათობის გარკვეულ ზოლზე, სადაც ხალხი დადის და ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. ამას ქუჩები ჰქვია! ჩვენ თუ ჩავიკეტეთ ოთხ კედელში, არც პლაზმური ტელევზიორი, არც უსწრაფესი კომპიუტერი, არც მრავალფუნქციური მობილური, აიპადი თუ სმარტფონი ვერ დაგვიცავს Homo Sapiens-ის "წოდების" დაკარგვისაგან. რამეთუ ადამიანი სკაში ვერ იცხოვრებს.
ხშირად გვესმის: ევროპელები ცივი ხალხია, მეზობლები ერთმანეთს არ იცნობენო; ჩაკეტილად ცხოვრობენ. მაგრამ შაბათობით, და უფრო მეტად კვირის დღეებში ევროპაში მოსახლეობა მასიურად გამოდის ქუჩაში სასეირნოდ, პარკები და სკვერები სავსეა ხალხით, საუბნო კაფეებში და ბარებში ადგილს ვერ ნახავთ და მიდის ახალი ამბების განხილვა, მსჯელობა სპორტზე თუ კულტურის მოვლენებზე, ყველა ისვენებს, სიამოვნებს ერთმანეთის ნახვითა და საუბრით. მოკლედ, დაძაბული სამუშაო კვირის შემდეგ აქტიურად ისვენებენ.
ჩვენც არ გვაწყენდა, ასეთ ევროპული ტრადიციისთვის მიგვებაძა.
მე პირადად ავტობანზე სასეირნოდ არ წავალ. ისევ, როგორც ვერ მივიღებ სიამოვნებას იმ თბილისურ ქუჩაში სეირნობით, სადაც ერთმანეთშია არეული მოხეტიალე ხელით მოვაჭრეები, ყველა სახის ტრანსპორტი და საყიდლებზე გამოსული მოსახლეობა, სადაც თავზე გვეყრება სამშენებლო ნაგავი და ტროტუარზე მანქანები თარეშობენ, არც ახალ რიყეზე ვიგრძნობ კომფორტულობას, რამეთუ იქ ვერსად შევაფარებ თავს ჩრდილში ან სახურავის ქვეშ გავარვარებული მზის სხივებისაგან, სულაც ავდარისაგან.
ალბათ, ამას მხოლოდ მე არ ვამჩნევ. ეს, სამწუხაროდ, ქალაქ თბილისის რეალობაა!
არალირიკული გადახვევა, როგორც ალავერდი მუნიციპალურ მოხელეებთან
ზემოთ ნახსენები ჟურნალი "ლიბერალი"-ს ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნებული სტატია არის შემოკლებული ვარიანტი იმ 24-ფურცლიანი მასალისა, რომელიც პირადად ჩავაბარე ა.წ. 22 თებერვალს ქალაქის მერის და საკრებულოს თავმჯდომარეს პირად კანცელარიებში და რომელშიც ქალაქის მამებს წარვუდგინე თვალსაჩინო ფაქტები და მაგალითები თუ როგორ არის აწყობილი ევროპაში, უმთავრესად პარიზში - ქუჩებში ადამიანთა გადაადგილების პრაქტიკა და სატრანსპორტო მომსახურების სისტემა. არაფერს არა ვთხოვდი, არავის არ ვუჩიოდი, მხოლოდ აღვნიშნე ის თანამედროვე მდგომარეობა, რასაც დასავლური ცივილიზაცია სთავაზობს მოქალაქეებს.
ამ წერილის ჩაბარების თარიღიდან ორმოცი (!) დღის თავზე მიმიწვიეს მერიაში, შეხვედრაზე რამდენიმე სამსახურის თანამშრომელთან. პირველი რაც შემეკითხნენ (!) ვიცი თუ არა რამდენია პარიზის მერიის ბიუჯეტი, არ ვიცოდი. ამიხსნეს - 5 მილიარდიო. პარიზი მოსახლეობით და ეკონომიკით მთელ საქართველოზე რომ 3-4-ჯერ დიდია, მაშინ არაფერი ვთქვი. ქვეტექსტი ამ შეკითხვისა - აბა თუ არ იცი, რას წერ ამდენსო. ისიც გავიგე, თურმე პრაქტიკულად რატომ არ არსებობს თბილისის ქუჩებში "ზებრა"-გადასასვლელები, რაზეც ნახსენები მქონდა წერილში: თეთრი საღებავი ძვირი ღირსო, მითხრეს. ამით დავშორდით, მე კი იმედი მქონდა...
ამიტომ არ ვწყვეტ საუბარს იმაზე, რაც გულს მტკენს, როგორც თბილისელს, მოქალაქეს და მშობლიურ ქალაქის ქომაგს. ამავე დროს მივმართავ ყველა თანამემამულეს, ვისაც აქვს ევროპაში ცხოვრების გამოცდილება, პირადი შეხედულებანი და პრაგმატული იდეები ჩვენი ცხოვრების ევროპეიზაციის თაობაზე - მოდით საჯაროდ ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, თუნდაც "ლიბერალის" ვებ-გვერდზე, დარწმუნებული ვარ ჩვენი ხმები არ დაიკარგება. მაიმედებს ის ფაქტი, რამდენად აქტიურად, და ემოციურად გამოეხმაურნენ ამ ინტერნეტ-პუბლიკაციას ჩვენებურები, განსაკუთრებით საფრანგეთიდან, შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და რა თქმა უნდა - თბილისელებმა, რაზედაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.