Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ არიან და რას საქმიანობენ „ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები

20 სექტემბერი 2017

სექტემბრის დასაწყისში პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. დეპუტატობის 25 კანდიდატს შორის რამდენიმე ახალი სახეა. 

„ლიბერალი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არიან და რას საქმიანობენ „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები.

ახალი სახეები "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატებიდან

 გიორგი ბირბიჩაძე (ვაკე/ვაჟა-ფშაველა, ნუცუბიძე)

გიორგი ბირბიჩაძე ვაკის რაიონის გამგეობაში გამგებლის მოადგილედ მუშაობს. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, თბილისში, გალის ქუჩაზე 104 კვ.მ ფართობის ბინა აქვს.

დეკლარაციის მიხედვით, ვაკის რაიონის გამგეობაში მუშაობისას 11 615 ლარი აქვს მიღებული.

ავთანდილ ცინცაძე (საბურთალო/ ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი, სოფელი დიღომი )

ავთანდილ ცინცაძე საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტია; ის 2016 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. ის 2011 წელს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში სამბოში მსოფლიოს 35-ე ჩემპიონატზე 52 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ვახტანგ შაქარიშვილი (საბურთალო/ დოლიძე-ბახტრიონი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მარჯვენა ნაწილი/)

დაიბადა 1991 წელს. არის სოციალურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2012 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ამომრჩეველთა ლიგაში“, ხოლო 2014 წლიდან დღემდე ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ასევე არის ტელეკომპანია „იმედის” საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკოსი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგა“ სამეწარმეო რეესტრის მიხედვით 2000 წელს დაფუძნდა. 2012 წლის ამონაწერის მიხედვით ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები იყვნენ: კოკა გუნცაძე; ლევან ავალიანი; ნიკოლოზ დოლიძე;  2015 წლის ამონაწერში კოკა გუნცაძე აღარ ფიგურირებს.

ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგა“ 2012 წლის არჩევნებამდე აქტიურობდა; ხელმძღვანელი იყო კოკა გუნცაძე;  არჩევნების შემდეგ აღნიშნული ორგანიზაცია აქტიური აღარ არის.

ამჟამად ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ შაქარიშვილია, ხოლო გამგეობის წევრები არიან:

   ვახტანგ შაქარიშვილი;

   ნიკოლოზ ზედგენიძე;

   ოთარი ჯავახიშვილი;

   რატი აბაკელია;

   გიორგი ზერეკიძე.

თემურ გორგაძე (კრწანისი)

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ  გორგაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი იყო. 2014 -2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ბიუროს ხელმძღვანელი, ხოლო 2017 წლიდან პარლამენტის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელია. ის  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კრწანისის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანიცაა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით,  თემურ გორგაძე შპს. „ეკო პურის“ მესაკუთრეა. 2010 წელს იყო შპს. „ბრედჰაუსის“ დირექტორი, რომლის მფლობელიც თეა თავართქილაძეა. ნინო ლაცაბიძე (ისანი/ნავთლუღი)

ისნის მაჟორიტარობის კანდიდატია ნინო ლაცაბიძეც. ის 1985 წელს დაიბადა. პროფესიით დიპლომატია. დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

2008 წლიდან მუშაობს თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, 2013 წლიდან საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგცენტრში, 2015-2017 წლებში კი თბილისის მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. იყო მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი.

ჰყავს მეუღლე ვაჟა ბრაგვაძე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსია. მან ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 9 აგვისტოს შეავსო.

ნინო ლაცაბიძემ მერიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსად მუშაობისას ერთ წელიწადში 28 450 ლარი ანაზღაურება აიღო.

ლევან დავითაშვილი (ისანი)

თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის რაიონში ასევე ლევან დავითაშვილია. ის  1979 წელს დაიბადა. პროფესიით ინჟინერია. განათლება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო.

მის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია იძებნება. საკრებულოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 2000-2004 წლებში მუშაობდა საჯარო სექტორში. დღემდე მუშაობს კერძო კომპანიის მენეჯმენტში.

გიორგი დოხტურიშვილი  (სამგორი/ვარკეთილი მასივი /მეტრომდე)

პროფესიით აგროტექნოლოგი.  2009 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგროტექნოლოგიის ფაკულტეტი აგრონომიის სპეციალობით;

2010-2014 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის (2010-2013 წწ.), შემდეგ კი ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის (2013-2014 წწ.) წამყვან სპეციალისტად;

2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობაში მუშაობდა მესამე მასივის საუბნო განყოფილების უფროსის - გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე;

2016 წელს შევსებული დეკლარაციის  მიხედვით, სამგორის რაიონის გამგეობაში მუშაობის პერიოდში წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი  23484.29 ლარს შეადგენს.  

მისი ან ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა, რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს) ინფორმაციას დეკლარაცია არ შეიცავს.  

დეკლარაცია არ შეიცავს მონაცემებს სამეწარმეო საქმიანობის შესახებაც.

რევაზ სოხაძე (სამგორის მაჟორიტარი /ვარკეთილი მეტროს ზევით/)

პროფესიით ფინანსისტი, ჯანდაცვის სპეციალისტი.  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ახალი მემარჯვეენების“ სიით იღებდა, ის ასევე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო.  რევაზ სოხაძეს 2012 წელს  პარტია „ახალი მემარჯვენეებისთვის“ 13 800 ლარი აქვს შეწირული.

2013-2015 წლებში კომპანია „აი ემ ჯი დეველოპმენტის“ მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო.  2016-2017 წლებში მუშაობდა კომპანია „ვილა რეზიდენსის“ მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად;   აღსანიშნავია, რომ კომპანიის 100% -ის წილის მფლობელი ნოშრევან ნამორაძეა.

2017 წლის დასაწყისიდან ბოლო დრომდე მუშაობდა სამშენებლო კომპანია „ფლექსის“  მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად;

2017 წლის ივნისის ამონაწერის მიხედვით, სოხაძე ამავე კომპანიაში 32%-ს ფლობს. მისი პარტნიორები არიან: დავით ბურდულიძე, ლევან ინანიძე;

შპს „მაინჰაუსში“ფლობს 30%-იან წილს. მის 70 %-ს  ლიანა სირაძე ფლობს.

„ლიბერალი“ დაუკავშირდა რევაზ სოხაძეს. მისი თქმით, შპს „ფლექსი“ სამშენებლო კომპანიაა და ამ ეტაპზე თავის პირველ პროექტს გლდანში ახორციელებს, სადაც რამდენიმე კორპუსი შენდება. რაც შეეხება კომპანია „მაინჰაუსს“, ის ძირითადად სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად შეიქმნა და ამჟამად აქტიურად არ ფუნქციონირებს. 

მიხეილ ამაშუკელი ( ნაძალადევი )

მიხეილ ამაშუკელი 2012 წელს „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ აქტივისტი და ახალგაზრდული მოძრაობის წევრი იყო. ამავე წელს ის კოალიციის ორ სხვა აქტივისტთან ერთად (გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი ) ქუთაიში 7 ივნისს ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ 1000 ლარის ფარგლებში ოცნებების ასრულებას ჰპირდებოდნენ. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. საგულისხმოა, რომ იმავე დღეს, 7 ივნისს,  კოალიცია „ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა პარტიის წესდების მოთხოვნების უხეშ დარღვევას, მაგრამ არა დანაშაულს, რის გამოც ისინი გარიცხულნი იქნენ პარტიიდან.

დაკავებულები  2012 წლის 5 ოქტომბერს არჩევნებიდან 4 დღეში პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. მიხეილ ამაშუკელის თქმით, სასამართლომ ამ საქმეში ის გაამართლა და ბრალდებული აღარ არის.

მიხეილ ამაშუკელი 2012 წლიდან  ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. მუშაობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. ამჟამად ის აღნიშნულ სამინისტროში ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.  

პროფესიით სამართალმცოდნეა. 2000-2004 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი იყო. იყო საქართველოს ქუჩის კალათბურთის ასოციაციის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი.

ალექსანდრე ხუჯაძე ( ნაძალადევი / სანზონა )

ნაძალადევის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ალექსანდრე ხუჯაძე. დაიბადა 1976 წელს. პროფესიით ბიზნესიურისტია. დაამთავრა თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი. 2000-2003 წლებში მუშაობდა „საქართველოს ბანკის“ გლდანი- ნაძალადევის ერთ-ერთ ფილიალში. 2003-2005 წლებში იყო რუსეთში მოსკოვის ოლქის რუზის რაიონის ფირმა „კოლოს“ მენეჯერი. 2006 წლიდან 2016 წლის ჩათვლით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 20016 წლიდან დღემდე სამშენებლო კომპანია შპს „ეი იქს აქს“-ის აღმასრულებელი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

შპს ეი იქს AX -კომპანია 2013 წელს დარეგისტრირდა.

ალექსანდრე ხუჯაძის თქმით, აღნიშნული კომპანია ძირითადად გამაგრებით სამუშაოებს ატარებს.

საგულისხმოა, რომ ალექსანდრე ხუჯაძის მამა ზურაბ ხუჯაძე ფლობს სამშენებლო კომპანია შპს „არქმშენ ჯგუფს“.

შალვა ოგბაიძე (გლდანი/ ზაჰესი, ავჭალა, გლდანულა, სოფელი დიღომი)

პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი, ავტომობილისტი, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შალვა ოგბაიძე 2014 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს დეპუტატია, ფრაქცია ,,დემოკრატიული მოძრაობიდან’’.  (საარჩევნო ბლოკი: ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“, თუმცა 2016 წლის 1 სექტემბერს შალვა ოგბაიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა) შალვა ობგაიძე  2002/2003 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-2 მოწვევის წევრიც იყო.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შალვა ოგბაიძე არის შემდეგი სუბიექტების დირექტორი - ჩვენ მწვანეები, ავტომოყვარულთა კლუბი, საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია, შპს ემ-ეს-ემ გრუპ, საგზაო მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ცენტრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაცია, შპს ჯორჯიან-ისრაელ კონსალტინგ გრუპი.

წილებს ფლობს შემდეგ კომპანიებში:

1.      25%-იანი წილი - შპს ავტოექსპოში;

2.      33% წილი - შპს ემ-ეს-ემ გრუპში;

3.      16.7%  - შპს ჯორჯიან-ისრაელ კონსტალტინგ გრუპში;

4.      25% - ჯი-თი-ეს ლადა ვაზიში;

5.      50%-იანი წილი - არის შპს ,,ჯი-ტი-ეს"-ში;

6.      100%-იან წილი - შპს ო-ენდ-ეს-ში.

ოთარ გრიგოლია (გლდანი / ლუწი მიკრორაიონები /)

პორფესიით ეკონომისტია. ის სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918-ის“ და პარტია სოციალ დემოკრატებთან თანამშრომლობდა.  2011 წელს გრიგოლია დევიდ ლინჩის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო 2012 წელს ის მუშაობდა ჟურნალისტად TV9-ზე, ამზადებდა რეპორტაჟებს პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. შემდეგ კი გახდა ამავე არხის დილის გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი. 2013 წლიდან დღემდე ის არის „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ აღმსასრულებელი დორექტორი. 2015-2017 წლებში ოთარ გრიგოლია იყო შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომელი, ხოლო 2016 წლიდან დღემდე არის სოლიდარობის ცენტრის მკვლევარი.

ძველი სახეები “ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატებიდან

ჯაბა ჯიშკარიანი (მთაწმინდა)

 

ჯაბა ჯიშკარიანი საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია. 2017 წელს ის ისევ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ჯაბა ჯიშკარიანმა 2010 წელს დაჩი ცაგურიასთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობა „7 ნოემბრი” დააარსა. ის ასევე ახალგაზრდული მოძრაობა „ძალადობის წინააღმდეგ” - თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე იყო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჯაბა ჯიშკარიანი „სამოქალაქო ფრონტის" ლიდერი იყო.  მოძრაობა აქტიურად მმართავდა აქციებს დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ქალაქებში.  

ჯაბა ჯიშკარიანი ოფიციალურად „ქართული ოცნების“ რიგებში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოჩნდა.  ის „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.  წარდგენისას 2012-ში ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ მთაწმინდაზე „უპირველეს ყოვლისა მთავარი პრობლემა არის ძველი სახლები, რომლებიც მრავალ ათეულ წელს ითვლის და რომელსაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნის წვიმა. ასევე დიდი პრობლემაა უგზოობა“

2017 წელს, წარდგენის დროს კი განაცხადა, რომ „კარგად ვიცით, რა პრობლემები არსებობს მთაწმინდის რაიონში. გასული 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნული პრობლემების აღწერა და დეტალური დამუშავება. ჩვენ გამოცდილებით და ახალი ძალით ვიცით, თუ როგორ ვემსახუროთ ჩვენს უბანს, მე თავად ვარ მთაწმინდელი. ამ უბანში გავიზარდე და შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ მოქალაქეს არ ექნება კომუნიკაციის პრობლემა მაჟორიტარ დეპუტატთან და 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს მათ შესაძლებლობა ექნებათ, მოგვაწოდონ ინფორმაცია პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

დავით უთმელიძე (საბურთალო / საბურთალოს ქუჩა, გაგარინი, გოთუა, მარცხენა ნაწილი/)

დავით უთმელიძე 2014 წლიდან პროპორციული სიით საკრებულოს წევრია, ასევე 2016 წლიდან „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარეა.  ახლა კი მმართველმა პარტიამ ის საბურთალოს მაჟორიტარად წარადგინა.

2014 წლამდე უთმელიძე კერძო სექტორში საქმიანობდა.

სამეწარმეო საქმიანობა:

2010 წლის ამონაწერის მიხედვით, უთმელიძე შპს „დალას“ 73  33%-ს ფლობს. პარტნიორები იყვნენ დავით წერეთელი და ლაშა კლდიაშვილი. ამჟამად უთმელიძე კომპანიაში წილს აღარ ფლობს. 2016 წლის ამონაწერის მიხედვით, 100%-ის წილის მფლობელი ლაშა კლდიაშვილია.   

2010 წელს ასევე ფლობდა შპს „დაუ +“-ს. კომპანია ამჟამად ლიკვიდირებულია.

2010 წლის ამონაწერის მიხედვით, იყო თბილისის მოჭადრაკეთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

2014 წლამდე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება აუდიტორული მომსახურების მიწოდებაა. აღნიშნულ ასოციაციას 2016/ 2015/ და 2013 წლებში აუდიტორული მომსახურების მიწოდებაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული (ჩოხატაური, ბოლნისი, ბორჯომი, 2013 წელს თბილისის მერიის ტენდერი) რამდენიმე ტენდერი აქვს მოგებული.  

შემოწირულობები:

50,000 ლ - კონსერვატიული პარტია 2013 წელი.

10,000 ლ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2014 წელს.

თამარ ტალიაშვილი (ნაძალადევი/თემქა)

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია თამარ ტალიაშვილი. ის ამჟამად  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა,  ასევე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.

პროფესიით სამართალმცოდნე თამარ ტალიაშვილი დაიბადა 1978 წელს.

თამარ ტალიაშვილი 2014 წლის თებერვლიდან  შსს-ს აკადემიის თანამდებობაზე მუშაობდა. ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2011 წელს წარდგენილი იყო აშშ-ის სახელწმიფო მდივნის ნომინაციაზე - „ქალები საჯარო სამსახურში“.   

„თამარ ტალიაშვილი საკრებულოს მილიონერი დეპუტატების სიის სათავეშია“ - ამის შესახებ ინფორმაციას „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ და მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ ავრცელებდნენ.

კვლევის თანახმად, საკრებულოს მილიონერ დეპუტატებს შორის პირველ ადგილს 3 383 898 ლარით „ქართული ოცნების" წევრი თამარ ტალიაშვილი იკავებს.

თამარ ტალიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 28 თებერვალს შეავსო. ის თბილისში 94.50 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; ბორჯომის რაიონის, დაბა ახალდაბაში - 247 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და იმავე მისამართზე მდებარე 935 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს.

2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ტალიაშვილის შემოსავალმა 48 953.89 ლარი შეადგინა. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას კი წინა წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მისი შემოსავალი 810 ლარი იყო.

დეკლარაციის შევსების მომენტში საკრებულოს დეპუტატს Альфа-Банк-ის (მოსკოვი) ანაბარზე 62 757.93 დოლარი, მიმდინარეზე - 9 626.96 დოლარი; „როსბანკის“ (მოსკოვი) ანაბარზე - 29 851.86 დოლარი; ,,თი–ბი–სი ბანკის“ ანაბარზე -35 415 ევრო, სახელფასოზე - 9 808 ლარი; „ბაზის ბანკის“ ანაბარზე კი 5 885.91 დოლარი ერიცხებოდა.

დეკლარაციის მიხედვით, თამარ ტალიაშვილის მეუღლე დავით კუხალაშვილი მოსკოვში 90.80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ფლობს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი მერსედესი GL 450.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში თბილისის საკრებულოს დეპუტატის მეუღლეს, დავით კუხალაშვილს ,,საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 929,56 დოლარი; ანაბარზე - 80 631 დოლარი; პრემიუმზე - 134 242 დოლარი; Альфа-Банк-ის ანაბარზე - 41 621.75 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 270 ათასი რუბლი; „როსბანკის“ ანაბარზე კი - 153 456.02 დოლარი ერიცხებოდა.

მასვე „საქართველოს ბანკის" საბარათე ანგარიშზე 9 985 დოლარი; Альфа-Банк-ის ანაბარზე - ჯამში 85 248.48 დოლარი; „ბაზის ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 1.98 დოლარი, ანაბარზე კი - 0.71 დოლარი ერიცხებოდა. ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში კუხალაშვილს ნაღდი ფულადი თანხის სახით 1 500 დოლარი ჰქონდა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის შვილი - დავით კუხალაშვილი კი ფლობს 127.24 კვადრატული მეტრისა და 178 კვ. მეტრი ფართობის ბინებს და 20 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხს თბილისში.

რიმა ბერაძე (ჩუღურეთი)

პროფესიით ეკონომისტი, პოლიტოლოგი.

2012 წლიდან  დღემდე არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2005/2007 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საგადასახადო დეპარტამენტის  ინსპექციის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი; 1996/2005 წლებში - საქართველოს პრეზიდენტის აპარატის დსთ-ისა  და  „მშვიდობიანი კავკასიის“ განყოფილების უფროსი.1992/1995  წლებში ეკავა ქ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის ქალაქის მერის პირველი მოადგილის პოზიცია.

დეკლარაცია შევსებული აქვს 2014, 2015, 2016, 2017 წლებში.

2017 წელს შევსებული ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, რიმა ბერაძე ფლობს ორ ბინას- საქართველო, თბილისი, ჩუბინაშვილის ქ.N 7/44, 122,60 კვ.მ; საქართველო, თბილისი, ვაჟა- ფშაველას II კვ. კორპ. 25 ბინა N 56, 90,00 კვ.მ.

მისი მეუღლე მერაბ სიორაძე ფლობს ორ მიწის ნაკვეთს- საქართველო, მარნეულის რ/ნ-ი სოფ. ჯანდარი, 1500,00 კვ.მ; საქართველო, ოზურგეთი, დაბა ურეკი, კვარტალი 6, ნაკვეთი 272, 400,00 კვ.მ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე სამუშაოს შესრულებისთვის წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენდა 49920,00 GEL-ს.

დეკლარაციის თანახმად, იჯარიდან მიღებულმა შემოსავალმა წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგინა 2400,00 GEL (შემოსავალი).

დეკლარაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ მონაცემებს არ შეიცავს.

ვლადიმერ ძნელაძე (დიდუბე/აღმაშენებლის გამზირის მხარე)

ვლადიმერ ძნელაძე 2014 წლის შემდეგ დიდუბის რაიონის მაჟორიტარია. 2014 წლიდან დღემდე  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე და დიდუბის რაიონის მაჟორიტარია.

ვლადიმერ ძნელაძემ დეკლარაცია 2016 წლის 26 სექტემბერს შეავსო. მან, როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველების“ თავმჯდომარემ, გასულ წელს 49920.00 ლარი  ანაზღაურება აიღო; ხოლო, როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსმა - 13125.00 ლარი.

თარაშ შურღაია (დიდუბე/დიღმის მასივის მხარე)

თარაშ შურღაია 2014 წლიდან დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატია საკრებულოში. 2013 წლამდე სხვადასხვა კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა.

თარაშ შურღაია საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარეა. ასევე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიისა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი.

დავით ჭელიძე (ნაძალადევი/ძველი ნაძალადევი, ლოტკინი / )

ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჭელიძე  ამ დრომდე ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია.  დავით ჭელიძე 1966 წელს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, მოგვიანებით თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  

დავით ჭელიძე 1993 წლიდან 1999 წლამდე საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო და სახალხო პარტიის წევრიც. 2012 წლიდან კოალიცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წევრია. საპრეზიდენტო არჩევნების დროს  ახმეტის საარჩევნო ოლქში იყო კოალიციის კრიზისჯგუფის ხელმძღვანელი. 2014 წლიდან დღემდე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის საოლქო ორგანიზაციის თავჯდომარე.

გიორგი ტყემალაძე (სამგორი/ ორხევი, ლილოს დასახლება, აეროპორტი )

პროფესიით ინჟინერი, საკრებულოს დეპუტატი.

გიორგი ტყემალაძე 2014 - დღემდე  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი - თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

ის  ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველების“  წევრია.

ტყემალაძის სამუშაო გამოცდილება სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ტყემალაძე შემდეგი სუბიექტების დირექტორია: თბილისში ელიას მთაზე დიდი ელია წინასწარმეტყველის მამათა მონასტრის მშენებლობის ფონდი, შპს ვეტპრეპარატი,  ქართულ-ჩინური მეგობრობისა და ურთიერთობის ასოციაცია, შპს მასტერფაიბრ-ჯორჯია, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ტყემალაძე ფლობს 50%-იან წილს  შპს „ტე ჯუფ“-ში. ასევე 50%-იან წილს შპს „მასტერფრაი-ჯორჯიაში“.

თუმცა, გიორგი ტყემალაძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ  ის ამჟამად სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. აღნიშნული ორგანიზაციები წლების წინ დაფუძნდა, დღეს ისინი არ ფუნქციონირებს და მათგან შემოსავალს არ იღებს.

2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტყემალაძე ფლობს უძრავ ქონებას,- საცხოვრებელ სახლს (საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 21 ა, ფართობი - 170.00 კვ.მ) და მიწის ნაკვეთებს - საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.21 ა, ფართობი - 70.00 კვ.მ; საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.21 ა, ფართობი - 70.00 კვ.მ

დეკლარაციის თანახმად, სამუშაოს შესრულებისთვის წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის რანგში 56640.00 GEL-ს შეადგენდა, ხოლო პოლიტიკური გაერთიანება „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრის რანგში -21875.00 ლარს.

გულია გოცირიძე (გლდანი /კენტი მიკრორაიონები )

პროფესიით ეკონომისტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი;  გარემოს დაცვის კომისიის წევრი,  გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი.

საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე  შპს „კარიბჭეს“ მენეჯერ-ეკონომისტია. 2010/2012 წლებში იყო ქალთა კლუბის საბჭოს თავმჯდომარე  „მომავლის პარტია“. იყო ისტორიის მასწავლებელი 2004-2010 წლებში. 1996/2004 წლებში მუშაობდა კონცერნი „საქ.ავტოგზა“  კადრების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. 1990/1996 წლებში კი - საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროში უფროს ეკონომისტად.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „კარიბჭეში“ ფლობს 5%-იან წილს. 2011 წლის სექტემბერში „გულია გოცირიძე“ დარეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

ქეთევან ჯოხაძე (გლდანი /მუხიანი)

პროფესიით  დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტია. არის გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი;  ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის  წევრი; ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“  მდივანი.

საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში. 2012/2014 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი. 2008/2012 წლებში კი  „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ აპარატის უფროსი.

ქეთევან ჯოხაძეს თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია  2014, 2015 და 2016 წლებში აქვს შევსებული.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ქეთევან ჯოხაძე ფლობს ბინას (50%, თანამესაკუთრე ნაზი ქუთათელაძე) თბილისი, საირმის ქუჩა, ფართობი - 145.00 კვ.მ

ფლობს მსუბუქ ავტომანქანას volkswagen plus con077 2006.

დეკლარაციის მიხედვით, ფლობს 35000.00 USD ნაღდ ფულად თანხას.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 49920.00 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, დედისგან (ნაზი ქუთათელაძე) საჩუქრის სახით მიიღო ოქროს საათი, რომლის ღირებულება 5000.00 USD შეადგენს.

სამეწარმეო საქმიანობის შესახებ დეკლარაცია მონაცემებს არ შეიცავს.

ქეთევან მამულაშვილი (სამგორი / მოსკოვის გამზირი, აფრიკა)

პროფესიით იურისტი, საკრებულოს დეპუტატი.

საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მამულაშვილი არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის  წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარია.

2013-2016 წლებში იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი. 2015 წლიდან დღემდე ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების პრეზიდენტია.  2016 წლიდან დღემდე არის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

 გიორგი მუსხელიშვილი    ( ვაკე /ძირეული ვაკე, ბაგები, წყნეთი/)

გიორგი მუსხელიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია  2014 წლიდან; 2012-2015 წწ.   პარტია  „თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, 2015-ში კი პარტია დატოვა. დღეს ის ფრაქცია „თბილისელების თავმჯდომარეა“.

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მუსხელიშვილს წყნეთში ჯავახიშვილის ქუჩაზე  440.93 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი აქვს. ამავე მისამართზე ფლობს 623 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. მისი მეუღლე თბილისში, ამაღლების ქუჩაზე ფლობს 34.99 კვ.მ. ბინას.

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეობისთვის მიღებული აქვს 12480 ლარი. ფრაქცია „თბილისელების“ თავმჯდომარეობისთვის კი - 37440 ლარი.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მუსხელიშვილს 2014 წელს „ქართული ბანკიდან“ 314082.20 USD სესხი აქვს აღებული.

ილია ჯიშკარიანი (ისანი/ქეთევან წამებულის გამზირი, ავლაბარი, მეტრომშენი)

ილია ჯიშკარიანი 1965 წელს დაიბადა. პროფესიით ინჟინერია, კავშირგაბმულობის სპეციალისტი. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

2014 წლიდან თბილისის საკრებულო ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია.  2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ილია ჯიშკარიანმა ხმათა 47.92% მიიღო. აღსანიშნავია, რომ ილია ჯიშკარიანი 1999-2001 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარისხის ინსპექციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

2001 წლიდან 2014 წლამდე კი ძირითადად კერძო სექტორში საქმიანობდა. 2001 წლიდან დღემდე არის შპს. „ოპიზარის“ წილის მფლობელი და დირექტორი. ის ასევე არის შპს. „ნავთლუღის ჯგუფის“ წილის მფლობელიცაა.  აღსანიშნავია, რომ შპს „ნავთლუღის ჯგუფში“ ილია ჯიშკარიანთან ერთად წილს ფლობს საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ის ილია ჯიშკარიანის მსგავსად კომპანიის 28 %-ს ფლობს.  დავით ჭიჭინაძე ისნის მაჟორიტარია. ამავე კომპანიაში 28%-იან წილს ფლობს ლევან გვენცაძე. ის 2012 წლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. კომპანია, რეესტრის მონაცემებით, 2014 წელს დარეგისტრირდა.

„ლიბერალი“ დაუკავშირდა დეპუტატ ილია ჯიშკარიანს და კითხვები სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვა. ილია ჯიშკარიანის თქმით, კომპანია „ოპიზარი“ დიდი ხნის წინ დაარსდა და ახლა აღარ ფუნქციონირებს. რაც შეეხება კომპანია „ნავთლუღი“ ჯგუფს, ილია ჯიშკარიანის თქმით, 2011 წელს მან ხელშეკრულება გააფორმა დღეს მოქმედ დეპუტატ დავით ჭიჭინაძესთან, რომელმაც აუშენა ბინა.

„ამიშენა ფართი და დავამთავრეთ საქმე, ეს იყო და ეს“ - განუცხადა „ლიბერალს“ ჯიშკარიანმა.

აღსანიშნავია, რომ ილია ჯიშკარიანის  მიერ სხვადასხვა დროს პარტიებისთვის შეწირული თანხის ჯამი 76, 328 ლარია.  ბოლოს ჯიშკარიანმა 50,000 ლარი „ქართულ ოცნებას“ შესწირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^