Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაურეგულირებელი პრემია

30 აპრილი 2013

არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, საჯარო უწყებებში პრემიის გაცემა ძველი პრაქტიკით გრძელება

„ღამის საათებში თუ გიწევთ რუსთაველის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან გასვლა და დააკვირდებით, თქვენ ნახავთ უამრავ ფანჯარაში ანთებულ შუქს. შეგიძლიათ ამობრძანდეთ შაბათ-კვირასაც, ნახავთ, თუ რა დატვირთვით მუშაობენ სამსახურის უფროსები და მთავარი სპეციალისტები“, - ასე უპასუხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ საჯარო მოხელეებზე პრემიების გაცემაზე „საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის მიერ გაკეთებულ სპეციალურ განცხადებას.

განცხადების საფუძველი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია გახდა. ორგანიზაციამ გამოარკვია, რომ 2013 წლის იანვარ-აპრილში საჯარო მოხელეებზე  775 328 ლარის პრემია გაიცა. ყველაზე უხვი სწორედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღმოჩნდა - იქ 201 თანამშრომელს ჯამში თითქმის 215 ათასი ლარი დაერიცხა. ზუგდიდს აბაშა მოჰყვება 160680 ლარით, შემდეგ სენაკი - 91990 ლარით, ყველაზე ცოტა -16080 ლარი  ამ მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტმა გაიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსმა არჩილ თოდუამ მიმდინარე და გასული წლების ამავე პერიოდის მონაცემები ერთმანეთს შეადარა, და დაასკვნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხარეში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით თითქმის არაფერი შეცვლილა. არჩილ თოდუამ ისიც დაითვალა, რომ 2013 წლის პირველ სამ თვეში დარიცხული პრემიების ჯამი 2012 წელს გაცემული პრემიების სრული ოდენობის მეოთხედია. სულ სამეგრელო-ზემო სვანეთში გასულ წელს პრემიად 3 მილიონი ლარი გაიცა.

„ყურადღება ამ საკითხზე გამახვილდა იმიტომ, რომ პირველი სამი თვის მანძილზე მუნიციპალიტეტების ნაწილში პრემია ორჯერ გაიცა, ზუგდიდის საკრებულოს რამდენიმე თანამშრომელმა კი სამჯერ აიღო. საინტერესოა, თუ რატომ, რა დამსახურებისათვის იღებენ საჯარო მოხელეები ასეთი სიხშირით პრემიებს და რითი ხდება გადაწყვეტილების დასაბუთება“, - უთხრა „ლიბერალს“ არჩილ თოდუამ. უარყოფით ტენდენციებთან ერთად, „საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი დადებით ფაქტორად იმას ასახელებს, რომ წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების ორგანოებმა იანვარ-მარტში საერთოდ უარი თქვეს პრემიების გაცემაზე, სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მსგავსად, სადაც არჩევნების შემდეგ წინამორბედი ქალაქის თავის პოსტზე დეპუტატ ეკა ბესელიას ფავორიტად დასახელებულმა დავით სარსანიამ შეცვალა.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის რეკომენდაცია პრემიების გაცემის დასაბუთების აუცილებლობაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გარდა, თავად საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლებმაც არ გაიზიარეს. ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში სამსახურის  უფროსმა თამილა ნასარიძემ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები მოიშველია: „საპრემიო პრაქტიკა ყოველთვის იყო. ეს არასდროს იყო დანაშაული და ახლა გახდა? მაშინ, როცა ხელფასი 300 ლარია და დამატებით რაღაც დახმარება გაიცემა. ეს პრემია არ არის, ეს არის დახმარება. ჩვენ ესე ვწერთ დადგენილებაში და ასეა მიღებული საკრებულოს დადგენილებით. ეს ჩვენ გავეცით საშობაოდ, სარვამარტოდ და ეს მესამეა. ერთის უფლება კიდევ გვაქვს. თუ შეგვექმნა ხელფასის ფონდში ამის საშუალება, ის ერთი გაიცემა რა თქმა უნდა“, - თქვა თამილა ნასარიძემ. 

მესამე დახმარება, რომელზეც საბიუჯეტო სამსახურის უფროსი საუბრობდა, თანამშრომლებზე სააღდგომოდ გასაცემი პრემია-დახმარებაა, რომლის გამოყოფის დადგენილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა აპრილის ბოლოს ერთხმად მიიღეს.

პრემიების თემა სამეგრელო-ზემო სვანეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააქტიურდა. მაშინაც ადმინისტრაციული უწყებებიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2012 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის პრემია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა მიიღო. რწმუნებულის თანამდებობაზე ყოფნის თერთმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში მან 46 288,34 ლარი გამოიმუშავა, მათ შორის 23 144,32 ლარი პრემის სახით. გურამ მისაბიშვილის მსგავსად, პრემია არაერთგზის მიიღო მხარის კიდევ ერთმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ - პრეზიდენტის მიერ რწმუნებულად ხელმეორედ დანიშნულმა გოროზიამ  ოთხთვიანი მუშაობის დროს პრემიად 7 310,87 ლარი მიიღო.   

სამოქალაქო სექტორში პრემიების გაცემის „ტრადიციული პრაქტიკის“ გაგრძელების მიზეზად შესაბამისი კანონმდებლობის უქონლობას ასახელებენ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც საჯარო მოხელეთა შრომითი ანაზღაურებისა და პრემიების შესახებ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთეს. ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე სისტემური მიდგომის დანერგვის აუცილებლობას უსვამს ხაზს:

„დღეს არსებული რეალობით შეუძლებელია გაიგო, თუ კონკრეტულმა პირმა რა დამსახურების გამო მიიღო პრემია. უფრო მეტიც - საჯარო დაწესებულების უმრავლესობაში არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც პრემიის გაცემის წესთან იქნება დაკვაშირებული და როგორც წესი, გასაცემი პრემიის ოდენობას, პირთა წრეს  და პერიოდულობას ხშირად დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს დამოუკიდებლად. საყურადღებოა ისიც, რომ პრეემის გაცემის თაობაზე მიღებული სამართლებრივი აქტები მოკლებულია დასაბუთებას“, - ამბობს სულხან სალაძე „ლიბერალთან“.

კანონმდებლობის დახვეწას მოითხოვს არჩილ თოდუაც. საიას მსგავსად, „საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოშიც“ აცხადებენ, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საჯარო მოხელეებზე პრემიების გაცემა მუნიციპალიტეტებში არსებულ გაუსაძლის სოციალურ ფონს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს:

„აუცილებელია მოხელეთა სახელფასო განაკვეთის იმგვარად შემუშავება, რომ მისი გაცემის წესს უფრო მოქნილი და გამჭვირვალე გახდეს. ასევე პრემიის გაცემის წესი უნდა გაიწეროს კანონდმებლობაშიაც, სულ მცირე, საკრებულოებმა მაინც უნდა მიიღონ დადგენილება პრემიის გაცემის წესისა და მეთოდოლოგიის თაობაზე“, - ამბობს არჩილ თოდუა.

მიუხედავად არასამთვრობო სექტორის რეკომენდაციებისა, საქართველოს პარლამენტში პრემიების გაცემის სისტემის რეგულირებაზე არ ფიქრობენ, თუმცა უმრავლესობის წევრს ზურაბ აბაშიძეს უკვირს, თუ რა დამსახურებისთვის გაიცემა ასეთი სიხშირით წამახალისებელი დატვირთვის მქონე პრემია თუ დახმარება.

„პარლამენტმა მთლიანად გააუქმა პრემირების სისტემა, რაც იყო დეპუტატებზე. დატოვა მხოლოდ თანამშრომლებზე, რაც ჩვეულებრივი წამახალისებელი ფორმაა საჯარო სამსახურში. მთავრობამაც პრაქტიკულად მთლიანად შეცვალა პრაქტიკა. თვითმმართველობებმა თვითონ უნდა დაარეგულირონ  ეს საკითხი, არ ვიცი, რა კეთდება ისეთი, რომ მუდმივად გაიცემა პრემიები. წინააღმდეგი არ ვარ, თუ საკანონმდებლო დონეზე მოხდება ამ საკითხის რეგულირება“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე. დეპუტატი მხარს დაუჭერს ინიციატივას სახელმწიფო აპარატში პრემირების ერთიანი სისტემის შემოღებაზე, თუმცა არ იცის, მსგავსი რამ საკანონმდებლო ორგანოში იგეგმება თუ არა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^