რადიო "ეხო კავკაზას" აფხაზური ბლოკის რედაქტორი, რადიო "თავისუფლების" მიმოხილველი
როცა მიხეილ სააკაშვილი ქართულ მეტყველებაში ფრაზას ,,მომავალ წელს -სოხუმში” ნერგავდა, ალბათ არ უფიქრია, აფხაზებისთვის რამდენად ,, მტკივნეულ კოჟრს” აბიჯებდა. ექსცენტრულ ქართველ პრეზიდენტს არეალად საქართველოც თვალში ეპატარავებოდა, აფხაზეთში დარჩენილ ადამიანებზე რაღა ვთქვათ. მათ სააკაშვილი უბრალოდ არ იმჩნევდა. ეს მის მეტყველებაშიც ჩანდა, სოხუმიდან ენგურამდე ხომ თითქოს არავინ ცხოვრობდა.. თუმცა, ახლა საქართველოს პრეზიდენტზე კი არა, ეგრეთ წოდებული აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლების რეპატრიაციას შევეხები, აფხაზეთის ნაციონალური იდეის ამ უდავოდ დასაყრდენ ელემენტს.
ხალხი, რომელსაც საკუთარ თავზე ჯერ მუჰაჯირობის გადატანა მოუხდა - რუსეთის იმპერიის მიერ მისი უდიდესი ნაწილის განდევნა, რის შედეგადაც საკუთარ მიწაზე ეთნიკურ უმცირესობად იქცა, შემდეგ კი საქართველოსთან დაუნდობელი შეიარაღებული კონფლიქტი, საკუთარ მცირერიცხოვნებას ტრაგედიად აღიქვამს. იმპერიის მიერ ორად გაგლეჯილი ეთნოსი, ბუნებრივია, ხელახლა ,,შეერთებას” ისე აღიქვამს, როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენას. საკითხის მნიშვნელოვანებას რაციონალური მოსაზრებებიც ემატება - თანამედროვე აფხაზეთში შობადობის დაბალი, და სიკვდილიანობის მაღალი მონაცემების ფონზე აფხაზთა დიდი დიასპორა თურქეთში და ახლო აღმოსავლეთში ფაქტობრივად ერთადერთ დემოგრაფიულ რესურსად რჩება.
თუმცა, იდეალურისა და რაციონალურის ჰარმონიული თანხვედრაც კი ხშირად რეალობასთან შეხვედრისას იმსხვრევა. დღეს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის 20 წლის თავზე და აფხაზეთის მიერ საქართველოსგან ფაქტობრივი დამოუკიდებლობის შემდეგაც კი, აფხაზების სამშობლოში რეპატრირების პროცესს წარმატებულად მხოლოდ ის შეაფასებს , ვისაც დიდი ოპტიმიზმი ბუნებრივ თვისებად დაჰყვა, ან თანამდებობით ერგო, თანამდებობით, რომელიც რეპატრიაციის წარმართვას უკავშირდება. ამ უკანასკნელთა რიგებში ამ ორიოდე კვირის წინ კლება მოხდა - (საკუთარი სურვილით, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე) გადააყენეს რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ადლეიბა. სწორედ ბედის ირონია იყო, რომ ამ გადაყენებას ფაქტობრივად დაემთხვა ომის შემდგომი პერიოდის აფხაზეთში რეპატრიანტების ყველაზე დიდი ჯგუფის დაბრუნება -ოდესღაც თურქეთში გასახლებულ აფხაზთა 145 შთამომავალი სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული სირიიდან დაბრუნდა.
აფხაზეთში ამ ამბავს ბევრი დიდ მიღწევად, რეალურ გარღვევად თვლის. და, მართალია, ჩამოსულები ბევრნი არ არიან ( მით უფრო თვით დიასპორის სიდიდის გათვალისწინებით, რომელიც საკუთრივ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზთა ოდენობას რამდენჯერმე აღემატება ), ძნელია, ამ შეფასებას არ დაეთანხმო. საქმე მხოლოდ რაოდენობაში არ არის. ფაქტი, რომ ამგვარი დაბრუნება შესაძლებელი გახდა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ძალიან კარგად წერს აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ახრა ბჟანია საკუთარ ფეისბუკ- გვერდზე: ,,რამდენიმე კვირის წინ ჩემთვის რომ ეთქვათ, რომ სირიელი აფხაზების გადაყვანა მესამე ქვეყანაში, მათ სიებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება, ამ საქმისათვის სამოცდაათი ათასი დოლარის შეგროვება, აფხაზი მოხელეების შეფუცხუნება, ჩარტერული რეისის შეკვეთა და ადლერიდან აფხაზეთში მისი 150 მგზავრის ჩამოყვანა შესაძლებელია, ვიტყოდი, ეს ადამიანი ბოდავს-მეთქი, მაგრამ დღეს ეს უკვე შემდგარი ფაქტია და ახლა ქუდს ვიხდი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ პროექტს ლოკომოტივად ექცა.”
ადამიანები, რომელთაც ბჟანია და სხვა მრავალნი აფხაზეთში ქუდს უხდიან, საზოგადოებრივი სფეროს აქტივისტები - თენგიზ აგრბა და ბოტა აჟიბა არიან, რომლებმაც უკვე რეპატრირებული თუ რეპატირებისთვის გამზადებული ადამიანების დასახმარებლად ნამდვილი საზოგადოებრივი მოძრაობა წამოიწყეს.
თუმცა, აქტივისტების ეს ერთჯერადი გამარჯვება რეპატრიაციის საქმეში სულაც არ მოასწავებს, რომ აქამდე გამყარებული ტენდენცია მკვეთრად შეიცვლება. ჯერ ერთი, რაგინდ ცინიკურად შეიძლება ჟღერდეს, სირიელი აფხაზების დაბრუნების მიზეზი ამ ააბულ ქვეყანაში გაჩაღებული ომი გახდა. სტაბილური თურქეთიდან, სადაც დიასპორის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს, აფხაზეთში გადმოსახლებას დიდად არავინ ჩქარობს. უკანასკნელი 20 წლის პრაქტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მეორე რთული მომენტი ამ ადამიანების ადაპტირებაა. აფხაზეთში უკვე დაბრუნებულთაგანაც კი ზოგიერთი, საკმარისია, ომის შემდეგ ნახევრად დანგრეულ ქვეყანაში ცხოვრების სირთულეებს შეეხალოს, გუდა-ნაბადს იკრავს და უკან ბრუნდება.
როგორც ჩანს, სწორედ ამ სირთულეებს გულისხმობდა ორიოდე კვირის წინ პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის თანამდებობის ახლანდელი სახელწოდება ასე ეხამუშება. ერთი მხრივ, ზაქარეიშვილმა ფართო ჟესტი გააკეთა - აფხაზებს სირიიდან თანამემამულეების გადმოსაყვანად იმ ტერიტორიაზე შესთავაზა გზის გახსნა, რომელსაც საქართველო აკონტროლებს. ხოლო ეს კეთილშობილური ( ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ) შეთავაზება იმით ახსნა, რომ საქართველოს აფხაზთა რეპატრიაციის პროცესი არ ემუქრება: ,, ეს ძალიან გრძელვადიანი პროექტია, რომლის რეალურ პერსპექტივასაც მე ჯერ ვერ ვხედავ. მათ (რეპატრიანტებს) მხოლოდ ისტორიული მეხსიერება ამოძრავებთ, ის, რომ აფხაზეთთან რაღაც აკავშირებთ. მათ არ იციან აფხაზური ენა, თავს აფხაზებად არ მიიჩნევენ, არაფერი აქვთ საერთო ადგილობრივ კულტურასთან და რელიგიასთან.”
რა გაეწყობა: როგორც ჩანს, პაატა ზაქარეიშვილი ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ კონფლიქტოლოგის ანალიზი მინისტრის შესრულებით შეიძლება ცინიკურად, და მე ვიტყოდი, უტაქტოდ ჟღერდეს. პირად საუბარში აფხაზებმა შეიძლება თავს უფლება მისცენ და რეპატრიაციის აუცილებლობა ეჭვქვეშ დააყენონ, მაგრამ საზოგადო სივრცეში საკითხი ამ კუთხით არასდროს განიხილება. ბევრი-ბევრი, შეიძლება, რომელიმე პუბლიცისტმა მოქალაქეებს შორის აზრთა არსებული სხვაობა აღიაროს, და შეუგნებლები იქვე ააგდოს სინდისზე. დღევანდელ დღეს, და თანაც ქართული მხარისგან, ,,მაინც არაფერი გამოგივათ” ყაიდის განცხადებების მოსმენა არც ერთ აფხაზს არ მოეწონება.
მაგრამ ზოგადად (თუმცა კი არა დეტალებში) პაატა მართალია. ურბანიზაციის პროცესი მათი განსახლების ქვეყნებში აფხაზების ასიმილაციას მხოლოდ აჩქარებს. მათი უმრავლესობა აფხაზურად მართლაც ვეღარ მეტყველებს. ისიც სიმართლეა, რომ რეპატრირებულთა ყოფითი კულტურა საფუძვლიანად განსხვავდება კულტურისგან, რომელიც მათ აფხაზეთში ხვდებათ. თუმცა, ისტორიულ მეხსიერებას, როგორც არგუმენტს, მე წონას არ დავუკარგავდი. ესეც რომ არა, ენა - აქ სრულიად სოლიდარული ვარ პროფესორ გიორგი ანჩაბაძესთან - ერთადერთი და განმსაზღვრელი ნაციონალური მარკერი სულაც არ არის, ამის კარგი მაგალითი ირლანდიელები არიან.
ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია - დღეს აფხაზები საკუთარი ეთოსის განვითარების ძალიან რთულ სტადიაზე იმყოფებიან. რეპატრიაციის შედეგიანობაზე ძალზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თავის მხრივ, რეპატრიაციის პროცესის რაგვარობასაც უამრავი ფაქტორი განაპირობებს, ამ სტატიაში ყველა ამათგანის განხილვა ვერ მოხერხდება. ჯერ მხოლოდ რუსეთზე, როგორც ერთ-ერთ ამგვარ ფაქტორზე, შეიძლება არაერთი სტატიის დაწერა . ეროვნული აქტივისტების მოქმედებები და აფხაზური საზოგადოების მიერ მათი მძლავრი მხარდაჭერა იმაზე მოწმობს, რომ ინტელექტუალურ წრეებში ნამდვილად გააზრებულია ნახსენები ფაქტორების სიმძაფრე. მაგრამ საკმარისია კი ეს საიმისოდ, რომ რეპატრიაციის პროცესი მართლაც დაიძრას და შედეგი მოიტანოს?