Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიალოგი და კონსენსუსი

22 მარტი 2010

ერთი პოპულარული განმარტების მიხედვით, პოლიტიკაში მნიშვნელოვანია  მატერიალური რესურსების განაწილება, ეკონომიკაში კი  -  რესურსების დაგროვება. მეორე პოპულარული განმარტების მიხედვით, პოლიტიკა რესურსების გადანაწილების პროცესში კონსენსუსის მიღწევას გულისხმობს.

ერთი პოპულარული განმარტების მიხედვით, პოლიტიკაში მნიშვნელოვანია  მატერიალური რესურსების განაწილება, ეკონომიკაში კი  -  რესურსების დაგროვება. მეორე პოპულარული განმარტების მიხედვით, პოლიტიკა რესურსების გადანაწილების პროცესში კონსენსუსის მიღწევას გულისხმობს.

სხვადასხვა ინტერესებს შორის ბალანსის ნაკლებობა და კონსენსუსის არარსებობა თანამედროვე ქართული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემაა. ეს პრობლემა ჩანს ზედაპირზეც და ქვედა შრეებშიც.

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ჯიუტად იცავს შეუვალი პოლიტიკური ჯგუფის იმიჯს  - თითქმის ყველა კრიტიკულ შემთხვევაში, ის თავს არიდებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებას.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წარმოქმნილი კრიზისის დროს ხელისუფლებამ  წაყენებული 17 მოთხოვნიდან, ყოველგვარი პირობების გარეშე, მხოლოდ ერთი გაიზიარა (ცვლილებები საპარლამენტო რეგლამენტში, რომელიც საპარლამენტო თანამდებობების ახლებურად დაკომპლექტების საშუალებას იძლეოდა). იმ დროისთვის ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ხელისუფლება მცირე დათმობაზე წავიდა.

მსგავსი დათმობები გაგრძელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის შემოღებით. სულ ახლახან,  22 თებერვალს კი, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით, ხელი მოეწერა საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პარტიები საზოგადოებრივი მაუწყებლის რესურსებით სარგებლობას შეძლებენ. ასევე, მნიშვნელოვანი იყო 2009 წლის 28 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საარჩევნო სიების გადამოწმებასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე.

მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლების მხრიდან დათმობების რიცხვი უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში მცირე იყო და ძირითადად პრობლემური საკითხების ნაკლებად მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავდა. მაგალითად, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ მაისის არჩევნებში, 30%-იანის ნაცვლად, 50%-იანი ბარიერი ყოფილიყო, დაუკმაყოფილებელი დარჩა.

რესურსების სამართლიანად განაწილების კუთხით, ფორმალურად ხანდახან ყველაფერი მოწესრიგებულიც კი არის, მაგრამ სინამდვილეში უთანასწორობები აშკარაა.

ოპოზიციურ პარტიებს უჭირთ ფინანსური კაპიტალის მოძიება, სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციები ან ხელისუფლების პიარ მანქანებად არიან ქცეულნი, ანდა დამოუკიდებელი,  თუმცა მწირი თანხებით არსებობენ. დაფინანსების მთავარი წყაროა უცხოური დონორების გრანტები, რომლებიც, როგორც წესი, სამოქალაქო ორგანიზაციების და, განსაკუთრებით, მედიის სრულფასოვანი მუშაობისთვის საკმარისი არ არის ხოლმე.

ადგილობრივი ბიზნესის მესვეურები პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის დაფინანსების საკითხის წამოჭრისას, უმრავლეს შემთხვევაში, დუმან და პოლიტიკურ კონიუნქტურას ემორჩილებიან. მიზეზი, რის გამოც ისინი არ აქტიურობენ, ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი პოლიტიკური ისტაბლიშმენტის (მთავრობის და "ნაციონალური მოძრაობის") პირდაპირი გავლენის ქვეშაა, სხვებს კი ეშინიათ, რომ ოპოზიციური საქმიანობით თავიანთ ბიზნესს ზიანს მიაყენებენ. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ ისინი საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმას ერიდებიან.

პოლიტიკურ კონიუნქტურაზე ბიზნესის დამოკიდებულების მიზეზი შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში ნაკლებად უნდა ვეძებოთ. პირიქით, ამ მხრივ საქართველო, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად ლიბერალური ქვეყანაც იყოს.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განსაზღვრისას მთავარი მახასიათებლებია რესურსების განაწილების და კონსენსუსის მიღწევის პროცესზე დაკვირვება. ქართულ ბიზნესგარემოს და პოლიტიკას სწორედ ეს მთავარი ელემენტი აკლია.

გამართული საკანონმდებლო ბაზა არაფერს შეცვლის, თუ პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებმა და ბიზნესმენებმა თამაშის წესებზე არ მოილაპარაკეს; ანუ ხელისუფლების მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის - კანონის შემუშავება, დაფუძნებული უნდა იყოს იმ ინტერესთა ჯგუფებთან (პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები, ბიზნეს და ინტერესთა ჯგუფები) მოლაპარაკებასა და კონსენსუსის მიღწევაზე, რომელთა ინტერესები უშუალოდ ილახება ამა თუ იმ გადაწყვეტილებით. იმის გამო, რომ საქართველოში ბიზნესსაქმიანობის ჯერ კიდევ ყველა სფერო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ვერ მოვიდა, ხელისუფლება ამით სარგებლობს, უგულებელყოფს მათ ინტერესებს, ვინც მის პოლიტიკას არ ეთანხმება, და სტატუს კვოს ამგვარი შენარჩუნებით ახერხებს სიტუაციის გაკონტროლებას.

ხელისუფლება ცდილობს რეფორმირებას და საზოგადოების ზემოდან გარდაქმნას იმ წამყვანი მონაწილეების, მეწილეების თუ მოთამაშეების გარეშე, რომლებსაც ეს რეფორმები ეხებათ. კანონის უზენაესობის და სამართლიანი კანონების ამგვარი აღქმა ძალიან ჰგავს  ფასადურ დემოკრატიას, სადაც საკანონმდებლო ბაზა დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო რეალური ვითარება ავტორიტარიზმს გულისხმობს. ხელისუფლებას არ აინტერესებს სამართლიანად და ადეკვატურად ხორციელდება კანონი რეალურ ცხოვრებაში, თუ დემოკრატიულად ფორმულირებული კანონმდებლობით იმკვიდრებს  იმიჯს.

აღნიშნული დამოკიდებულება ვრცელდება არა მხოლოდ ეკონომიკურ სფეროში სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვაზე, არამედ მთელ რიგ სხვა სფეროებზე, სადაც ხელისუფლება იგნორირებას უწევს მოქალაქეთა ინტერესებს და მათზე უხეშად ზემოქმედებს. თუმცა მთლიანი პოლიტიკური პროცესის დამახინჯებას ყველაზე მეტად სწორედ ბიზნესის დამოუკიდებლობის და ხელშეუხებლობის უხეში დარღვევა უშლის ხელს.

ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური პარტიების, დამოუკიდებელი სამოქალაქო ჯგუფების და მედიის მფლობელების მუდმივი კრიტიკა მათთვის ფინანსური დამოუკიდებლობის შენარჩუნების პირობების მოსპობას გულისხმობს. წარსულში არსებობდა ხელისუფლების მიერ მისთვის არასასურველი ბიზნესების განადგურების ფაქტებიც - მაგალითად, ვალერი გელაშვილის და ქიბარ ხალვაშის  ყველაზე ცნობილი შემთხვევები. შესაბამისად, შეიქმნა პრეცედენტი, რომელმაც ცუდად იმოქმედა ბიზნესის მიერ მედია და სამოქალაქო საქმიანობების აღქმაზე. ისინი მსგავს საქმიანობას ხელისუფლების საქმეში უხეშ ჩარევად მიიჩნევენ.

აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი იმ ვითარების გათვალისწინება გახლავთ, რაც ზემოთ აღვნიშნეთ: რეალურ ვითარებაზე და კონკრეტული დემოკრატიული პრინციპების პრაქტიკული განხორციელების პრობლემაზე ხელისუფლებასთან საუბარი - სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვა.

არსებობს უამრავი საკანონმდებლო შეზღუდვაც, რაც სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მუშაობას უშლის ხელს. ეს პრობლემები უკავშირდება როგორც საკანონმდებლო ბარიერებს, ასევე პრაქტიკაში ამ საკანონმდებლო ნორმების განხორციელების პრობლემებს; მაგალითად  - საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, რომელზეც ორივე სახის ბარიერი არსებობს, ისევე როგორც არსებობს ბიზნესის თავისუფლების პრინციპი, მაგრამ რეალობისგან ესეც შორსაა. ამგვარი საკითხების მაქსიმალურად წინ წამოწევა იმისთვისაა საჭიროა, რომ დისკუსია სწორედ მათ გამო გაიმართოს: სოციალური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში არსებული უთანასწორობები იმგვარად გამოვლინდება, რომ, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, უმრავლესობისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ საჭიროა პრობლემების პრაქტიკული გადაწყვეტა და ინტერესთა ჯგუფებთან პირდაპირი მოლაპარაკება. ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის დამკვიდრების ნაცვლად, ხელისუფლება  წარმატების მიღწევას უცხოური კანონმდებლობის „კოპირებით", პრაქტიკაში ძნელად ასამოქმედებელი მექანიზმების დანერგვით და დიალოგზე თავის არიდებით ცდილობს.

მიტინგების და დაუმორჩილებლობის აქციების ბუნების გაანალიზება საუკეთესო საშუალებაა იმის უკეთ გასაგებად, თუ რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს ხელისუფლებისთვის ინტერესთა ჯგუფებთან, პოლიტიკურ და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ან მედიასთან დიალოგზე უარის თქმამ. მიტინგი პოლიტიკური პროტესტის ერთ-ერთი რადიკალური ფორმაა, რომელიც სწორედ იმიტომ გახდა ქართულ პოლიტიკაში აქტუალური, რომ ინტერესთა გამოხატვის ალტერნატიული საშუალებები არ არსებობს. ხელისუფლების მოუმწიფებლობაზე მეტყველებს, რომ ის ვერ აცნობიერებს მოქალაქეთა ჯგუფების ინტერესთა არსებობას საზოგადოებაში. ამ ინტერესების ჩახშობა შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ მოლაპარაკებაზე წასვლა და კონსენსუსის მიღწევა. როდესაც ხელისუფლებასა და ხალხს შორის ჯანსაღი პოლიტიკური კომუნიკაცია არ არსებობს, და ამ კომუნიკაციის არხებს  პარტიები, მედია და სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს, სიტუაცია ძალზე ადვილად შეიძლება გახდეს უმართავი.

უფრო ხშირი დიალოგი, ჩართულობა და მაქსიმალურად ბევრ ინტერესთა ჯგუფთან კონსენსუსის მიღწევის მცდელობა - არის ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება, ასევე - სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების  გაჯანსაღების  გზა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^