დღეს თბილისი „ქლაბინგის“ რუკაზე უმნიშვნელოვანეს ერთეულს წარმოადგენს, სადაც „BASSIANI“, „MKTVARZE“ და „KHIDI“-ზე მოხვედრა ადგილობრივების გარდა, დასავლეთის შორეული მიწებიდან რეივის მოყვარულთა ოცნებაც არის. საკლუბო ცხოვრების მზარდი ტენდენცია გამოკვეთილია. სხვადასხვა გავლენიან უცხოურ გამოცემებში ხშირად იწერება „ქლაბინგის“ სოციალურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც.
ამ სტატიის მიზანი კი უპირველესად ელექტრონული სასცენო მუსიკის მდგომარეობისა და მის გარშემო არსებული საკითხების გაანალიზებაა. გარდა საკლუბო სცენისა, რა პერსპექტივა აქვს ლოკალურ ელექტრონულ სცენას? ვითარდება თუ არა ის? არსებობს თუ არა ჟანრობრივი მრავალფეროვნება? ამ საკითხებზე ელექტრონული მუსიკის მკვლევარს და კრიტიკოსს რეზი ხუნწელიას ვესაუბრეთ:
„იმისთვის, რომ ელექტრონული მუსიკა სრულფასოვნად განვითარდეს, საჭიროა ვითარდებოდეს მუსიკალური სცენა. სამწუხაროდ, ქართული ქლაბინგი ცალკეულად ქართველი არტისტების მონაპოვარი არ არის. მიუხედავად მათი მნიშვნელოვანი როლისა, ფაქტია, რომ ქლაბინგის მთავარი აქტორები მაინც კლუბები არიან, სადაც სხვადასხვა ქვეყნისა და მუსიკალური სცენის წარმომადგენლები ხშირად ერთნაირი სიხშირით უკრავენ. შესაბამისად, საკლუბო სცენის განვითარება არ არის იმის პირდაპირი გარანტი, რომ ადგილობრივი მუსიკალური სცენა განვითარდება. ეს ორი სხვადასხვა სექტორია.
მაგალითისთვის, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენას ეკუთვნიან Nikakoi, Kozmana/Hanker, რეზო ღლონტი, გაჩა ბაქრაძე, ნატალია ბერიძე და ა.შ. თუმცა, მათ ქართულ კლუბებში არც თუ ისე ხშირად ვხედავთ. ამიტომაც ვამბობ, რომ სცენის ეს ორი ელემენტი ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენთვის კი თანაბრად პრიორიტეტული უნდა იყოს ორივე მხარის განვითარება. დღეს კი საკლუბო სივრცის განვითარების დონე გაცილებით მაღალია.
რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი არტისტებისა და კლუბების მუსიკალური პრიორიტეტები ხელოვნურად უნდა დავაახლოვოთ, რათა მათი მეტი გადაკვეთის წერტილი გავუჩინოთ. უბრალოდ მიმაჩნია, რომ ყველანაირი მუსიკისთვის უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც მას მოისმენენ და შეაფასებენ.
საჭიროა ქართველი არტისტების მეტი ჩართულობა, რათა მუსიკალური სცენა უფრო სოლიდურად და სტაბილურად გამოიყურებოდეს. მედიაპლატფორმების, დაჯილდოების ცერემონიებისა და სხვა მოტივატორების როლი უდავოა, თუმცა მთავარია, აქ და ამ წუთას საინტერესო და ხარიახიანი მუსიკა კეთდებოდეს“.
წელს ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალის „ELECTRONAUTS“-ის რიგით მეცხრე ცერემონიალი გაიმართა, სადაც ტრადიციულად არტისტებს ჯილდო 10 სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცათ. დღესდღეობით ეს არის ერთადერთი მაღალკვალიფიციური ჟიურისგან დაკომპლექტებული მედიაპლატფორმა საქართველოში, რომელიც მიზნად ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის განვითარებას ისახავს. ცერემონიალის როლზე მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი გვესაუბრა:
„ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალს 10 წელი უსრულდება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდით ამ სცენაზე მომუშავე ადამიანებისთვის მეტი მოტივაცია მიგვეცა და მხარი დაგვეჭირა ინოვაციური ფორმებისთვის. დღეს ადგილობრივი საკლუბო სცენის ოქროს ხანა დგას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ელექტრონული მუსიკის სცენისთვისაც, იხსნება კლუბები, ჩნდება ახალი ლეიბლები, ლოკალური დიჯეები უკრავენ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო კლუბებში და აუცილებელია, ეს ყველაფერი ტექსტის სახით დარჩეს ისტორიას.
ქუჯი დავითულიანი
ოქტომბრის თვიდან, ელექტრონავტის ორენოვანი ვებპლატფორმა ყოველდღიურად გააშუქებს ამ სფეროს მნიშვნელოვან ამბებს, ისაუბრებს თბილისის სცენის სოციალურ-პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, მიმოიხილავს მუსიკოსების ნამუშევრებს, გაგვაცნობს ახალ არტისტებს, მათ მუსიკას, ფესტივალების თუ კლუბების კალენდარს. მოკლედ, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ამ სცენას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება“.
თუ თბილისში საკლუბო სცენას ჟანრობრივად მიმოვიხილავთ, ნათლად გამოჩნდება ტექნოს ჰეგემონია. ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა და ტექნოს შინაარსობრიობის გარდა, ნაჯა ორაშვილი ქართული ელექტრონული სცენის მდგომარეობაზეც გვესაუბრა:
„ელექტრონული მუსიკის სფერო მრავალფეროვანია. გარდა იმისა, რომ ის საკლუბო სცენის უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა, თითქმის ყველა დიდი ფესტივალის მუსიკალურ მიმართულებასაც განსაზღვრავს. ელექტრონულ მუსიკის ათასამდე ქვეჟანრიდან EDM-ზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად ყველაზე მეტადაა გათვლილი მასებზე. რაც შეეხება ტექნოს და მის კონტექსტს, როგორც ტექნოს ინოვატორი ჯეფ მილსი ამბობს, ტექნო არ შექმნილა იმისთვის, რომ ყოფილიყო მხოლოდ საცეკვაო მუსიკა. შეიქმნა როგორც ფუტურისტული განაცხადი. ტექნო წინააღმდეგობის მუსიკაა, ტექსტის გარეშე, მხოლოდ მუსიკალური სტრუქტურით ახერხებს ამ შინაარსის ტარებას.
რაც შეეხება ქართულ სცენას, უნდა აღინიშნოს გოსლაბის თაობა 90-იანებიდან, რომელსაც ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია მუსიკის კეთება. მათ ადგილობრივ სცენას საკმაოდ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვეს. ახლა კი ახალი თაობის ჯერია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ძალიან იმედის მომცემი მუსიკოსები, რომლებიც საინტერესო კომპოზიციებს ქმნიან, მათი მუსიკა გამოიცემა ახალ ლეიბლებზე, უკრავენ სხვადასხვა სივრცეებში, მაგრამ ამ სფეროს ბევრი განსხვავებული ხედვების მქონე არტისტი სჭირდება, რომლებიც არ მოექცევიან ტენდენციებში, არ იქნებიან კონკრეტული მუსიკალური მიმართულებების ტყვეობაში, არ წავლენ კომპრომისებზე და შექმნიან თვითმყოფად ჟღერადობას.
ელექტრონულ მუსიკას თავისი არსებობის მანძილზე ხანგრძლივი ბმა ჰქონდა სამუსიკო სკოლებთან. ამ ეპოქაში ინტერნეტზე მარტივმა წვდომამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ეს მუსიკა აკადემიური, კოლექტიური წრიდან მთლიანად გაინდივიდუალურდა და ელექტრონული მუსიკის წარმოებას ჩამოშორდა. ჩვენი შემდეგი რესპონდენტი სწორედ იმ იშვიათი სივრცის წარმომადგენელია, რომელიც ელექტრონული მუსიკის თეორიასა და პრაქტიკას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, „ილიაუნსა“ და „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში“ ასწავლის. ჩვენს დასმულ კითხვას, თუ როგორია აკადემიური სივრცის როლი ელექტრონული სცენის დამკვიდრებასა და მთლიანად ამ მუსიკის განვითარებისთვის, ქუჯი დავითულიანმა გვიპასუხა:
„თუ ელექტრონული მუსიკის ისტორიას გადავავლებთ თვალს დავინახავთ, რომ გარე ხელშეწყობის გარეშე არსად განვითარებულა ეს სივრცე. საჭიროა ერთგვარი სასათბურე პირობის შექმნა, საწყის ეტაპზე მიანც, თუ გვსურს, რომ რაიმე რეალურ შედეგს მივაღწიოთ. ილიაუნის მუსიკის ცენტრის საბაზისო მიმართულება (ელექტრონულ მუსიკაში) ელექტროაკუსტიკური -კონკრეტული მუსიკაა, რაც პრინციპში ევროპული უნივერსიტეტების დიდი ხნის სტანდარტია.
electronauts IX. electronauts.ge
აუცილებელია შეიქმნას აპარატურით სავსე სტუდიები, რომლებიც ექსპერიმენტების გარშემო დაინტერესებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს შემოიკრებს. ასეთები იყვნენ „სტუდიო დესაი“ და „პარიზის მუსიკის მკვლევართა ჯგუფი“ საფრანგეთში, რომელიც სწორედ საფრანგეთის რადიოტელევიზიის ბაზაზე არსებობდა, კიოლნის სტუდია გერმანიაში, დასავლეთ გერმანიიის მაუწყებლის ბაზაზე (წლების შემდეგ თავად ხელისუფლებამ დიდი როლი ითამაშა ბერლინური სცენის განვითარებაში), Jikken Kōbō იაპონიაში, რომელსაც კომპანია „სონიმ” უდიდესი დახმარება გაუწია და ასე შემდეგ. გარკვეულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა უნდა შეასრულონ თავიანთი პოზიტიური როლი. საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, ბიზნესკომპანიებმა, მედიამ - ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ კულტურა მნიშვნელოვანია. თუ რეალური შედეგის მიღწევა გვსურს, კულტურა უნდა გახდეს პრიორიტეტი.
აკადემიურ სივრცეში მუსიკის შესწავლის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე სულ უფრო მატულობს, არტისტი და ლექტორი ქუჯი დავითულიანი მზარდ ტენდენციასაც შეეხო:
„ტრენდულობა, არსებული სცენა და, რა თქმა უნდა, ინდივიდების დამოუკიდებელი სწრაფვა, რომელიც ნებისმიერ დროსა თუ სივრცეში უალტერნატივოა, განაპირობებს ახალგაზრდების უდიდეს ინტერესს. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ რეალური შედეგი მივიღოთ კულტურისგან, ის უნდა გახდეს სტაბილური და სისტემური. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩამოგვემხოს თავზე და მისი ადგილი რაიმე სხვა შეთავაზებულმა პროდუქტმა დაიკავოს. მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული, მუსიკა უნდა გასცდეს გასართობ, სამომხმარებლო სივრცეს. კულტურისკენ სწრაფვა გარდაუვალი აუცილებლობაა დღევანდელ ტექნიკურ და მატერიალურ განვითარებაზე ორიენტირებულ სამყაროში“.
ბერლინში 21 სექტემბერს, არტსივრცე „Silent Green Kulturquartier“-ში ქართული სცენის პიონერის, ნატალი ბერიძის კომპილაციის „დე / DE - Sounds from Georgia“-ს პრეზენტაცია შედგა. TBA-ის გარდა, აღნიშნულ კომპოზიციაში წარმოდგენილი იყო ისეთი არტისტების კომპოზიციები, როგორებიც არიან MYI, რეზო ღლონტი, Zesknel და Severiane. რაც ასევე საყურადღებოა, გამომცემელი ლეიბლი „Intergalactic Research Institute for Sound“ ირაკლი კიზირიას მიერ არის დაფუძნებული. ქართული ლოკალური სცენის წარმომადგენლების ამ მასშტაბით წარდგენას აქამდე ადგილი არ ჰქონია და ბუნებრივია, ეს მოვლენა ცალკე განხილვის საგნად უნდა იქცეს. მანამდე კი ამ შემთხვევის მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ელექტრონული სცენა, არსებობის მანძილზე განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე დგას, სადაც ის ახერხებს ჰქონდეს თავის უნიკალურობა და შეუძლია დამკვიდრდეს ახალ ხმად ელექტრონულ ჟღერადობაში.