Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ასათიანი: ჩემი გუნდი პრინციპულ საკითხებში ხელისუფლების ოპონენტი იქნება

25 სექტემბერი 2017

დეკემბრიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ასოციაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ამ თანამდებობას უკვე 8 წელია იკავებს. ამიტომ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აქვს. მან გუშინ, „ახალგაზრდა ადვოკატებთან“, „საადვოკატო ბიუროთა გაერთიანებასთან“, „ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირებთან“ და ადვოკატთა ფართო კოალიციურ ჯგუფთან ერთად თავმჯდომარეობის კანდიდატი წარადგინა - ადვოკატი დავით ასათიანი. 

„ლიბერალი“ დაინტერესდა, როგორია დავით ასათიანის მომავალი 4 წლის გეგმა, თუკი მას თავმჯდომარედ აირჩევენ, რას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად და როგორ ხედავს მათი მოგვარების გზებს. 

ასათიანი მთავარ გამოწვევად ადვოკატთა ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას ასახელებს. მისი თქმით,   ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ეს არის სრულიად თავისუფალი, თვითმმართველი პროფესია და გარკვეულწილად დისტანცირებული უნდა იყოს სახელმწიფოსაგან.

„ამ მიმართულებით ძალიან დიდი ბრძოლა გვაქვს უკვე ნაწარმოები და ეს შეუქცევადი პროცესი დაწყებულია. ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცებთ ადვოკატთა ასოციაციის ერთიანობას, დამოუკიდებლობასა და თვითმმართველობას“.

თავმჯდომარეობის კანდიდატის შეფასებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ადვოკატის ნდობის ამაღლება, რათა მისი როლი და ფუნქცია ყველას სწორად ესმოდეს. მისი თქმით, ზოგჯერ კლიენტსა და ადვოკატს ერთმანეთთან აიგივებენ და იმის გამო, რომ კლიენტები ხშირად მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები არიან, საზოგადოებისგან წამოსული აგრესია ადვოკატებზეც ვრცელდება.

„ამ მიმართულებითაც გვინდა, ვიმუშაოთ. ჩვენ გვაქვს პროექტები, ვაპირებთ საზოგადოების ფართო ფენებთან შეხვედრას. ასევე აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ სასამართლოს მომხმარებლებსა და მედიასთან. გვინდა, ყველას ავუხსნათ, რომ ადვოკატი შეიძლება სრულიად არ თანაუგრძნობდეს თავის კლიენტს, მაგრამ ეს მას პროფესულ საქმინობაში  ხელს არ უნდა უშლიდეს“.

დავით ასათიანის თქმით, კონსტიტუციის ბოლო რედაქციაში უკვე არსებობს ადვოკატის როლის, ფუნქციისა და თვითმმართველობის გარანტია და ეს მსოფლიოში მეხუთე კონსტიტუციაა, სადაც საადვოკატო პროფესიას მსგავსი ტიპის გარანტიები აქვს მიცემული. მისი ინფორმაციით, ის და მისი გუნდი ადვოკატთა შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობას კვლავაც გააგრძელებენ. 

მისი შეფასებით, წინა ხელისუფლების პერიოდში ადვოკატთა ასოციაციის გადარჩენის საკითხი იდგა, ასევე, 150 ადვოკატი ციხეში იჯდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე აღარ დგანან, თუმცა, ასათიანის თქმით, ის და მისი გუნდი ძალიან პრინციპული ოპონენტები იქნებიან ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ადამიანის, მათ შორის ადვოკატთა, უფლებების დაცვა, მათი დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა, მართლმსაჯულების სწორად განხორციელება.  

„ამ საკითხებზე საფრთხის დანახვის შემთხვევებში ვიქნებით ობიექტურები და კრიტიკულები. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ 21-ე საუკუნის, დემოკრატიული მისწრაფებების ქვეყანა და ადვოკატთა ასოციაცია ამ მიმართულებით პასიური ვერ დარჩება. კანდიდატურის წარდგენისას კოლეგებს მივეცი პირობა, რომ ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატთა კორპუსი არ იქნება გამოყენებული პოლიტიკურ თამაშებში ან სახელისუფლებო ბრძოლაში. მე ვერავის მივცემ უფლებას, რომ ადვოკატთა ასოციაცია პოლიტიკურად ანგაჟირებული გახადოს. ჩვენ დავრჩებით დამოუკიდებელ და ნეიტრალურ პროფესიულ გაერთიანებად“.

რაც შეეხება მის კონკურენტებს, ასათიანს მიაჩნია, რომ მათთან შედარებით მისი უპირატესობა უკვე გაკეთებული საქმეები და მიღებული შედეგია. ამიტომ ადვოკატი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„მე დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წარმატებაში იმის გამო, რომ ვლაპარაკობთ არა მომავლის იდეებით და არა მარტო სურვილებით, არამედ ჩვენ უკან არის გაკეთებული საქმეები. ჩვენ რეალურად ვიბრძოლეთ ადვოკატთა ასოციაციის გადარჩენისა და განვითარებისთვის.  შეიძლება სხვას აქვს კეთილშობილური იდეები, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაკეთებული საქმეები და კონკრეტული გეგმა. მე დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგების სწორ არჩევანში და გამარჯვებაში“.

დავით ასათიანის ბიოგრაფია:

საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან.

1995 წელს– დაამთავრა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი;

1997 წელს – დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სპეციალობა საერთაშორისო სამართალი;

 2001 წელს – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა; 

2012 წელს – CEDR-ის აკრედიტირებული მედიატორი;

2005 წლიდან – იურიდიული კომპანია „ასათიანი და ადვოკატების” მმართველი პარტნიორი;

2005 წელიდან – სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წევრი;

2006-2010 წლებში – სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” აღმასრულებელი საბჭოს წევრი;

2008-2010 წლებში – სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წარმომადგენელი CCBE-ში (ევროპის ადვოკატთა ორგანიზაციების გაერთიანება);

2009-2013 წლებში – არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (GLIP) დამფუძნებელი და თავმჯდომარე;

2010 წლიდან – ადვოკატთა და მოსამართლეთა სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე;

2012-2013 წლები – კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მმართველი კომიტეტის წევრი (თავმჯდომარე);

მიღებული აქვს პროფესიული გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიის სამეფოში, ბელგიის სამეფოში, გერმანიაში, ისრაელში, ჩეხეთსა და რუმინეთში მართლმსაჯულების სისტემის და იურიდიული პროფესიის მოწყობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩეულია 2013 წლის დეკემბერში.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^