Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება“

07 მაისი 2013

სასოფლო სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების, ამ მიმართულებით საქართველოში არსებული პრობლემების, მათი გადაჭრის გზებსა და ამ სფეროში სხვა ქვეყნების პრაქტიკაზე „ლიბერალი“ სამართლის დოქტორს, სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, ანა ფირცხალიშვილს ესაუბრა. 

ქალბატონო ანა, რამდენიმე ადამიანთან ერთად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო სამეურნეო მიწების გასხვისების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეთ. რას ითვალისწინებს ეს წინადადება?

პაატა კოღუაშვილთან და ზაურ ჯინჯოლავასთან ერთად პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შევიტანეთ. წინადადება იმ შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეილებით თითქმის მთლიანად გააუქმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ არსებული კანონი უცხოელს საქართველოში მიწის შეძენის უფლებას არ აძლევდა, ხოლო თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქონებას მეკვიდრეობით მიიღებდა, მიწა 6 თვის განმავლობში უნდა გაესხვისებინა.

ეს ორივე ნორმა გასაჩივრდა, საკონსტიტუციო სასამართლომ კი ჩათვალა, რომ  აღნიშნული ნორმები არ შეესაბამებოდა კონსტიტუციის 21-ე მუხლს - საკუთრების შეძენის საყოველთაო უფლებას; აქედან გამომდინარე ეს რეგულაცია გააუქმა.

დღესდღეობით, თუ საქართველოს, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძანა სურს, ისინი თანაბარ პირობებში არიან. ამ ყველაფერმა უკონტროლო პროცესები გამოიწვია.

კონკრეტულად რა პუნქტები ჩადეთ საკანონმდებლო წინადადებაში?

გადავწყვიტეთ კანონმდებლებისთვის ისეთი რეგულაციები შეგვეთავაზებინა, რომელიც უცხოელებისადმი მართლაც მკაცრია. ეს სიმკაცრე არ ნიშნავს, რომ მათ საერთოდ არ შეუძლიათ საქართველოში სასოფლო სამეურნეო მიწას ფლობდნენ. ჩვენი წინადადებით, უცხოელი, რომელსაც საქართველოში მიწის შეძენა სურს 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში კანონიერად უნდა ცხოვრობდეს, უნდა ჰქონდეს 5 წლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფოეროში და ასევე, სპეციალური აგრარული განათლება.

გარდა ამისა, უცხოელს მხოლოდ 2,5 ჰექტრის შეძენის უფლება უნდა ჰქონდეს, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებული მიწა სასოფლო სამეურნეო მიწის სავარგულების 5%-ს უნდა შეადგენდეს.

ვერ წარმოიდგენთ რა რთული იყო ამ 5% -ზე შეთანხმება. არ არსებობს უწყება, რომელიც მოგვცემს ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის მიწაა დღეისათვის გასხვისებული. სავარაუდო მონაცემებით ეს მაჩვენებელი 50 ათას ჰექტარს უნდა შეადგენდეს. საქართველოში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა მთლიანად 800 ათასი ჰექტარია, ხოლო თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეალურად 745 ათასი ჰექტარი გვრჩება. დღეისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებული მიწები 745 ათასი ჰექტრის 5%-ზე მეტია. თუკი ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებები ძალაში შევა,  გაყიდული მიწა კი 5%-ზე მეტი აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში უცხოელს მიწის ყიდვა მხოლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქისგან შეეძლება.

საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთაგან, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა მხოლოდ იმ იურიდიულ პირს შეეძლება, რომელშიც საქართველოს მოქალაქე წილობრივად მინიმუმ 51%-ს ფლობს.

განხილვის რა ეტაპზეა პარლამენტში თქვენს მიერ შეტანილი წინადადება და რას გეგმავთ იმ შემთხვევაში, თუ საკომიტეტო სხდომაზე ეს საკითხი ჩავარდება?

ორ კვირაა მეტია რაც ჩვენი საკანონმდებლო წინადადება მიიღეს, განხილვის მაქსიმალური დრო 30 დღეა. თუ ეს საკითხი საკომიტეტო სხდომაზე ჩავარდება, ვაპირებთ პარლამენტს ინიციატივით მივმართოთ. ამას 30 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდება. ხელმოწერების შესაგროვებლად მობილიზებულები ვართ და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, 30 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად არ მგონია ერთ კვირაზე მეტი დაგვჭირდეს.

რას მიიჩნევთ იმ ძირითად პრობლემებად, რასაც უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო მიწების გასხვისება იწვევს?

ვფიქრობ პრობლემა არა მარტო ის არის, რომ საქართველოში უცხოელებს სასოფლო სამეურნეო მიწის შეძენის უფლება გაუჩნდათ, არამედ ისიც, რომ ქვეყანას სასოფლო სამეურნეო მიწების რეგულირებაშიც სერიოზული პროლემები აქვს, ელემენტარულად, მიწის მართვის სამსახურიც კი არ არსებობს.  

სხვა უძრავ ქონებასთან შედარებით, მიწას სხვაგვარი დატვირთვა აქვს, ის სოციალური კაპიტალია და საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს იმ მოსახლეობისთვისაც ეხება, ვისაც იქ მოყვანილი მოსავალი და პროდუქცია მიეწოდება.

როგორც მთელს მსოფლიოში, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება, შესაბამისად ძვირდება კიდეც, მაგრამ, რადგან ჩვენთან გლეხობა ჯერ-ჯერობით კონკურენტუნარიანი არ არის, ის უცხოელ ფერმერს კონკურენციას ვერ გაუწევს. პირიქით, ქართველი ფერმერი ამ მიწას ყიდის, რადგან მისი დამუშავების საშუალება არ აქვს. გასაგებია, რომ უცხოელი უნდა შემოვიდეს და ქვეყანაში ინვესტიციები ჩაიდოს, ამას მეც ვემხრობი, მაგრამ სამწუხაროდ გვავიწყდება, რომ ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება. სოფლის მეურნეობა არ არის ინვესტიციატევადი დარგი, მაგრამ როდესაც მიწა ასე იყიდება, ცოტა ხანში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის საერთოდ აღარ გვაქვს.

გარდა ამისა,  როდესაც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა ქართველსა თუ  უცხოელს საკუთრებაში აქვს, მისთვის დანიშნულების შეცვლა ძალიან მარტივია, მაშინ, როდესაც იჯარით გაცემის შემთხვევაში ამის მარტივად გაკეთება არ არის შესაძლებელი, რადგან ამას სახელმწიფო აკონტროლებს. სამწუხაროდ, ის კანონი, რომელიც იჯარის შესახებ არსებობდა, შეჩერებულია. უცხოელმა რომც მოინდომოს, საქართველოში იჯარით მიწას ვერ აიღებს.

საქართველოში არსებული იაფი მიწის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტშიც გვხვდება.  ამ საკითხთან დაკავშირებით უცხოელი ინვესტორები ცნობებსა თუ ვიდეომასალას სხვადასხვა ვებ-პორტალებზე ავრცელებენ და ხშირად, მათ მიერ ნაყიდ მიწას, ან ნაკვეთის შესყიდვაში დახმარება სხვადასხვა ფასად უცხოელს სთავაზობენ.

ეს დიდი საფრთხეა. ერთმა რომელიმე კომპანიამ რომ მოინდომოს, ხვალვე შეუძლია საქართველოში არსებული სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების შესყიდვა, შემდეგ კი თუნდაც ქართველებზე ან სხვა უცხოელ ინვესტორზე იმ ფასად გასხვისება, რასაც თავად მოინდომებს. მას შეუძლია ხელოვნურად გაზარდოს მიწაზე ფასი და ისეთ ნიშნულზე აიყვანოს, რომელიც ადგილობრივებისთვის კატასტროფული იქნება. არსებობს შემთხვევები, რომ როდესაც უცხოელებს საკუთრებაში აქვთ მიწა, მისი ზედა საფარი 35-დან 45 სანტიმეტრამდე ქვეყნიდან გააქვთ. ამის შედეგად ეს მიწა თავის ფუნქციას კარგავს და ისეთ ცვლილებას განიცდის, რომლებსაც წლების მანძილზე ვერ აღვადგენთ. საქართველოდან მიწის ზედა საფარის გატანა უნდა გაკონტროლდეს და  სისხლის სამართლებრივად დასჯადად გამოცხადდეს. კონტროლის მექანიზმების დაწესება პრობლემებთან არ არის დაკავშირებული, მთავარია არსებობდეს პოლიტიკური ნება. ვერ ვხვდები რატომ ვერ ხედავს სახელმწიფო რეალურ საფრთხეს და რატომ არ ჩქარობს  ამ პრობლემების მოგვარებას.  

საქართველოს რამდენიმე სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელ ფერმერებს მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს. საზოგადოების ნაწილს უჩნდება კითხვა - როდესაც ადგილობრივები თავად ვერ/არ ამუშავებენ მიწას, რატომ უშლიან ამაში ხელს უცხოელებს?

რატომ ვერ ამუშავებს ქართველი გლეხი მიწას? იმიტომ რომ არავინ არ ეხმარება, ანუ ამ სფეროში სახელმწიფო სუბსიდიებს არ დებს. ეს ისეთი დარგია, სადაც მოსახლეობას სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. მიწას აქვს სოციალური ბოჭვის ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, მიწა შენი მოქალაქისთვის არის უპირატესი, რადგან ეს რესურსი გამრავლებადი არ არის. უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას კარგი მიზნები აქვს, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ და რაღაც - რაღაცეებში ჩანს კიდეც ეს, მას სახელმწიფოებრივი ხედვა აკლია.

როგორია უცხოელებზე მიწის გასხვისების პრაქტიკა სხვა ქვეყნებში?

ევროკავშირის წევრ შედარებით ძველ ქვეყნებში სასოფლო სამეურნეო მიწა უცხოელებზე იყიდება, მაგრამ იმ ადამიანებს აქვთ ცენზი - სახელმწიფო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ინვესტორი დანიშნულებისამებრ გამოიყენებს მიწას, მას უნდა ჰქონდეს განათლება, გამოცდილება და ა.შ.

გერმანიაში მიწის თითოეული გოჯი გაზომილია, უცხოელმა ინვესტორმა კი შეძენილი მიწა მაქსიმალურად დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენოს - სახელმწიფო ამ პროცესს აკონტროლებს და პირობების დარღვევის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს სანქციები ეკისრება.

შეზღუდვებია როგორც საფრანგეთში ასევე ავსტრიაში. ავსტირიაში უცხოელი ინვესტორი 10 წლიანი ბინადრობის ცენს უნდა აკმაყოფილებდეს, ანუ ეს ადამიანი ამ ქვეყანაში ინტეგრირებული უნდა იყოს. ასევე, მან უნდა დაამტკიცოს, რომ პროექტი ავსტრიის სოფლის მეურნეობისთვის სასარგებლო იქნება და ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.

თურქეთში უცხოელებზე გასაყიდ მიწად 2,5 ჰექტარია განსაზღვრული, ხოლო თუ ინვესტორს უფრო დიდი ფართობის შეძენა სურს, ეს მხოლოდ მაღალი ინსტანციების გავლის შედეგადაა შესაძლებელი.

არგენტინაში უცხოელებზე გასასხვისებელი მიწის მაქსიმუმი საერთო სასოფლო სამეურნეო მიწებს 20 %-ით არის განსაზღვრული, მაგრამ ვიცით რამხელაა არგენტინა და რამხელაა ჩვენი ქვეყანა. საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა, სადაც თითო მოსახლეზე მაქსიმუმ 0,17% სასოფლო სამეურნეო მიწა მოდის.

აღმოსავლეთ ევროპის და ევროკავშირის შედარებით ახალ წევრ ქვეყნებში თითქმის ყველგან არის დაწესებული შეზღუდვა. უკრაინაში, ბულგარეთსა და უნგრეთში მორატორიუმებია გამოცხადებული. ამ ქვეყნებში რაღაც პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ 10 წლის მანძილზე საერთოდ არ ასხვისებენ მიწას, იქამდე, სანამ მიწის ბაზარი არ ჩამოყალიბდება.

რატომღაც გვგონია, რომ ევროპაში მიწას ანიავებენ, არადა პირიქით, ძალიან უფრთხილდებიან, ისევე, როგორც ამერიკაში, სადაც უცხოელებზე მიწების ძალიან ცოტა პროცენტია  გასხვისებული.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^