Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირთა და შშმ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული ძირითადი სპეციფიკები

26 სექტემბერი 2017

შშმ ქალთა მიმართ ძალადობაზე გუშინ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის/partnership for human rights”-ის ოფისში ვსაუბრობდით. ეს პოსტიც გუშინდელი დისკუსიის შეჯამებასავით იქნება. ყურადღებას კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობის რამდენიმე ძირითად თავისებურებაზე გავამახვილებ.

  1. ბავშვობაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, როგორც წესი, ვერც გოგონებს და ვერც ბიჭებს (მაგ. მშობლების, უფროსი ნათესავებისა თუ და-ძმის მხრიდან ფიზიკური დასჯისგან) ვერ აზღვევს და ვერ იცავს ოჯახში ძალადობისგან. შესაძლოა, შშმ სტატუსმა ბავშვი „დაიცვას“ დამოუკიდებლობისგან, გარკვეული მოვალეობების შესრულებისგან ან მშობელთა მოთხოვნისგან, თუმცა ძალადობისგან ის მათ იშვიათად თუ იცავთ. შესაძლოა, ბავშვი სწავლით არ დატვირთონ, (იმ მიზეზით, რომ ცოდოა, „ავადმყოფია“ და ა.შ.), თუმცა რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ფიზიკურ დასჯაზე ოჯახები უარს მაინც არ ამბობენ;
  2. შშმ ბავშვზე ძალადობას ხშირად იწვევს კონკრეტულად შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ფაქტორი,  როგორიცაა: ბავშვზე მზრუნველის გაღიზიანება იმის გამო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო მას განსაკუთრებული მოვლა და ზრუნვა სჭირდება. (მაგ. თუ ბავშვს მობილობის შეზღუდვა აქვს, მისი ტარება, ფიზიკურად დახმარება თავის მოვლაში, იმ ასაკშიც კი, როცა ეს შეზღუდვის არმქონე ბავშვს აღარ ესაჭიროება. თუ ბავშვს ინტელექტუალური ან ფსიქო-სოციალური შესაძლებლობების შეზღუდვა აქვს, გაღიზიანება იმის გამო, რომ ის ძნელად ეგუება სიახლეებს, დაქვეითებული აქვს აღქმის უნარი). ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებს თავიანთი უიღბლობა, იმედგაცრუება სწორედ ბავშვზე გადააქვთ;
  3. ძალადობა, რომლის მიზეზია თავის მოტყუების მცდელობა, რომელსაც ოჯახის წევრები ხშირად მიმართავენ ბავშვის აღზრდისას. მაგ. როცა ოჯახის წევრები არ იმჩნევენ ბავშვის შეზღუდულ შესაძლებლობას და ცდილობენ, ასწავლონ ან მიაჩვიონ ისეთ რამეს, რის გაკეთებასაც მას შეზღუდული შესაძლებლობები არ აძლევენ. (მაგ. სმენადაქვეითებულს/სმენის არმქონეს აიძულებენ, უსმინოს და ისაუბროს, არ გამოიყენოს ჟესტური ენა. უსინათლოს ან ძალიან მცირე მხედველობის მქონეს ასწავლიან წერა-კითხვას ბრტყელი შრიფტით). როცა ბავშვს არ შეუძლია აჩვენოს ისეთი შედეგი, როგორსაც აჩვენებდა შეზღუდვის არმქონე ბავშვი, ეს ილუზიაში მყოფი ოჯახის წევრთა გაღიზიანებას იწვევს, რაც ასევე ხშირად მთავრდება ბავშვზე ძალადობით, მისი „დასჯით“ იმის გამო, რაშიც მას ბრალი არ მიუძღვის;
  4. რადგანაც ჩვენს კულტურაში გამჯდარია შშმ პირის ინფანტილიზაცია, ანუ მისი მუდმივ ბავშვად, არასრულწლოვნად აღქმა, შესაბამისად, მასზე ოჯახში ძალადობა, როგორც ბავშვზე, „აღზრდის“, დასჯის, კონტროლისა და იძულების მექანიზმი, ზრდასრულობის პერიოდშიც ხშირად გრძელდება ხოლმე;
  5. წინა 4 პუნქტი თანაბრად შეეხება როგორც შშმ ბიჭებს, ისე გოგონებს. ახლა კი ისეთ საკითხებზე გადავალ, რომლებიც უშუალოდ შშმ ქალს ეხება. მართალია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ხშირად სქესის არმქონე არსებებად აღიქმებიან; მართალია, საზოგადოებრივი აზროვნება ხშირად ვერც კი წარმოიდგენს, რომ შშმ ქალსაც შეიძლება, ჰქონდეს ოჯახის შექმნის, შვილის ყოლა-აღზრდის ან უბრალოდ პირადი ცხოვრების უფლება; თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად, სხვისი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე მიღება ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ და ა.შ. თუმცა ქალისთვის დაწესებული ქცევის ნორმები და მოთხოვნები შშმ ქალზეც სრულად ვრცელდება და მოქმედებს. (ვალდებულებები უფლებების გარეშე, ანუ შშმ ქალთა შემთხვევაში მათდამი, როგორც ქალებისადმი, არსებული მოთხოვნები არაფრით კომპენსირდება). შშმ ქალთა ჩაცმულობაც ისეთივე, რიგ შემთხვევაში უფრო მკაცრი შეფასების საგანია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ქალისა. ის ოჯახის, სანათესაოსა თუ საახლობლო წრის მიერ ზუსტად ისევე კონტროლდება, თუ სად, როდის, ვისთან და რამდენი ხნით აქვს წასვლის უფლება, როგორ უნდა/არ უნდა ერთობოდეს, სიგარეტს უნდა ეწეოდეს/არ ეწეოდეს და ა.შ. შშმ ქალი პირიქით, შეიძლება, უფრო მეტადაც გაიკიცხოს, „მაგას მაინც რად უნდა სამკაულები ან მანიკური; რა საჭიროა, რატომ, რისთვის?...“ მსგავსი კომენტარები საკმაოდ ხშირად გამიგია სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისგანაც კი, რომლებსაც წესით ნაკლები სტიგმა და მეტი ცოდნა უნდა ჰქონდეთ შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  6. ეკონომიკური ძალადობა. შშმ ქალები სხვა ქალებთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ძალადობას განიცდიან, რადგან მათ დასაქმებისა და, მაშასადამე, საკუთარი შემოსავლის ქონის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. დასაქმებული შშმ ქალებიც კი ხშირად ნაკლებად ანაზღაურებად, დროებით ან ნახევარგანაკვეთიან სამუშაოზე არიან. შესაბამისად, არასტაბილური შემოსავალი აქვთ და ფინანსურად ოჯახის წევრებზე არიან დამოკიდებული ზრდასრულ ასაკშიც კი. შშმ ქალთა ფინანსურ მდგომარეობას ართულებს საქართველოში დამკვიდრებული ის პრაქტიკაც, რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობას მხოლოდ ვაჟები იღებენ, გოგონებს და ქალებს კი მხოლოდ მზითევი ეკუთვნით, რომელიც მემკვიდრეობის თანაბარი წილი არასდროს არაა ხოლმე. და ვინაიდან შშმ ქალისგან ოჯახის შექმნასაც კი არავინ მოელის და ხშირ შემთხვევაში მართლაც უჭირთ ოჯახის შექმნა, არც მზითევი ერგებათ და ყოველგვარი მატერიალურ-ქონებრივი უზრუნველყოფისა და გარანტიის გარეშე რჩებიან. იგულისხმება, რომ და-ძმები ან ოჯახის სხვა წევრები, ვისაც მემკვიდრეობა ერგოთ, მოუვლიან, რაც შშმ ქალებს სიცოცხლის ბოლომდე აგდებს ეკონომიკურად დამოკიდებულ და მოწყვლად მდგომარეობაში. ისინი ნათესავთა კეთილ ნებაზე დამოკიდებული ხდებიან, რაც  ასევე ნოყიერ ნიადაგს ქმნის ძალადობისთვის;
  7. დამოუკიდებელი ცხოვრების სერვისების არარსებობა, დამოუკიდებლად ცხოვრების უნარების არქონა, არაადაპტირებული გარემო ქალაქსა და ორგანიზაციებში. აღნიშნული ფაქტორები ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრებაში იმ შშმ ქალებსაც კი ხელს უშლიან, რომლებსაც დამოუკიდებელი და სტაბილური შემოსავალი აქვთ, რაც თავისთავად საკმაოდ იშვიათია ქართულ რეალობაში. თუმცა ასეთი შემოსავლის მქონე შშმ ქალებიც ვერ ამბობენ უარს ოჯახის წევრთა ზრუნვაზე, როცა არაადაპტირებულ გარემოში მარტო/დამოუკიდებლად ცხოვრების სირთულეებსა და სიძვირეს აცნობიერებენ. (შშმ ქალს პირადი ასისტენტების, კერძო ტრანსპორტით სარგებლობის, საკვების უფრო ძვირადღირებულ, თუმცა ადაპტირებულ მაღაზიებში შეძენისა და სხვა მსგავს ფაქტორთა გამო დამოუკიდებლად ცხოვრება საშუალოდ  შეზღუდვის არმქონე ქალებთან შედარებით გაცილებით უფრო ძვირი უჯდებათ. შესაბამისად, თუკი შშმ ქალი იღებს ხელფასს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ქალისთვის კარგ ხელფასად ჩაითვლება, მისთვის ის შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი). ამასთან შშმ ქალს ხშირად ოჯახი უნერგავს რწმენას, რომ უცხო ადამიანებმა (პირადი ასისტენტები, გამყოლები და ა.შ.) შესაძლოა, მათ ზიანი მიაყენონ, საფრთხეში ჩააგდონ, გაქურდონ, მოპარონ რამე, გულგრილობით ავარიაში მოაყოლონ. ოჯახები ხშირად ჩააგონებენ შშმ ქალებს, რომ ოჯახის გარეთ, საჯარო სივრცეში, ისინი აუცილებლად ძალადობის, დაცინვისა და დაჩაგვრა-დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდებიან, თავს ხიფათში ჩაიგდებენ; რომ ოჯახზე უკეთ მათზე ვერავინ იზრუნებს, ვერავინ გააცნობიერებს მათ საჭიროებებს. ამგვარად მატერიალური კეთილდღეობაც კი, შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ქალებისგან განსხვავებით, შშმ ქალს ყოველთვის ვერ აძლევს, დამოუკიდებლობას და ბოლომდე ვერ იცავს ძალადობისგან. იაზრებენ რა თავიანთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებსა და სხვათა კეთილ ნებაზე, იაზრებენ რა თავიანთი მდგომარეობის უალტერნატივობას, რომ სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში წასასვლელი მაინც არსად აქვთ, შშმ ქალები წნეხისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ექცევიან, მაშინაც კი, როცა არ განიცდიან ძალადობას. ეს კი შესაძლოა, ფსიქოლოგიური ძალადობად იქცეს;
  8. ინტელექტუალური და ფსიქო-სოციალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ქალებთან დაკავშირებით ითქვა, რომ ისინი საკმაოდ ხშირად არიან ხოლმე მუქარის მსხვერპლნი ოჯახის წევრთა მხრიდან. მათ ხშირად უყენებენ პირობას და ემუქრებიან, რომ თუ ამას ასე არ გააკეთებს, მათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შშმ პირთა პანსიონატში, სხვა რამე მსგავს ინსტიტუციაში მოათავსებინებენ ანდა უბრალოდ მიატოვებენ და მერე ნახონ, ვინ და როგორ იზრუნებს მათზე. რაც ასევე ფსიქოლოგიური ძალადობაა.

განვიხილავდით იმასაც, თუ რომელი ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები არიან ძალადობის უფრო დიდი რისკის ქვეშ. სტატისტიკურად შშმ ქალს ძალადობის მსხვერპლად ქცევის 2–4-ჯერ უფრო მაღალი შანსი აქვს, ვიდრე ფიზიკური შეზღუდვის არმქონეს. კონკრეტული ჯგუფების გამოყოფა გაჭირდა. თუმცა აღინიშნა, რომ ღრმა გონებრივი და ფსიქო-სოციალური შესაძლებლობების, მძიმე მობილობისა და მნიშვნელოვანი მხედველობის შეზღუდვა ანდა სრული უსინათლობა არის ის რამდენიმე ნიშანი, რომლის მქონე ქალებიც ძალადობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან; მობილობის შეზღუდვის მქონენი გაქცევის, მოძალადისგან ფიზიკურად თავის დაღწევის სირთულის გამო, ინტელექტუალური და ფსიქო-სოციალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები კი მათთან მიმართებაში არსებული სტიგმების გამო (სამართალდამცველები და საზოგადოების წევრები ხშირად არასერიოზულად აღიქვამენ ასეთ ქალთა ნათქვამს, რომ დახმარება სჭირდებათ, რომ მათზე ძალადობენ, უსწორდებიან, არ იჯერებენ, თვლიან, რომ აზვიადებენ და ა.შ.). რაც შეეხება უსინათლო ქალებს, მათი დაუცველობა მდგომარეობს მოძალადის იდენტიფიცირების სირთულეში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის მათთვის უცნობი ადამიანია, ამასთან უსინათლოსაც გაუჭირდება საფრთხიდან თავის დაღწევა (შეიძლება, ვერ გაიქცეს სწორი მიმართულებით) და ბოლოს უსინათლოს უძნელდება იმის შემჩნევა, რომ მასზე თავდასხმა იგეგმება და ამის გამო ვერ ახერხებს მისგან დროულად თავის არიდებას;

რაც შეეხება სივრცეებს, სადაც შშმ ქალები ძალადობისგან მეტ-ნაკლებად დაცულად გრძნობენ თავს, შედარებით უფრო უსაფრთხოდ საჯარო სივრცე ჩაითვალა. ასევე ხაზი გაესვა, რომ ისეთი სივრცეები, როგორებიცაა, უმაღლესი სასწავლებლები, არაფორმალური განათლების მიღების ადგილები, არასამთავრობო ორგანიზაციები  თუ საჯარო სტრუქტურების სათავო ოფისები, სადაც თავს იყრის საზოგადოების განათლებული, საგანგებოდ, კონკურსების შედეგად შერჩეული, მოტივაციის მქონე ფენა, ასევე შეიძლება, ჩაითვალოს შშმ ქალისთვის უსაფრთხო სივრცედ. მსგავს ადგილებში ისინი შესაძლოა, გახდნენ დისკრიმინაციის, მაგრამ არა პირდაპირი ძალადობის მსხვერპლნი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^