ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხშირად ადამიანებისთვის სამართლიანობის მიღწევის ერთადერთი გზაა, მას გავლენაც დიდი აქვს და საზოგადოების ნდობითაც სარგებლობს. ევროსასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე იყო 1999-2008 წლებში. მეორე კი - ნონა წოწორია 2008-2017 წლებში. სწორედ მის შემცვლელს ელოდება ევროსაბჭო უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს მთავრობამ 7 კანდიდატი წარუდგინა, ჯერჯერობით კენჭისყრამდე ვერც ერთი ვერ მივიდა. ამჟამად იქ კიდევ ერთი სამკაციანი სიაა გაგზავნილი. საინტერესოა, რატომ ვერ იმსახურებენ კანდიდატები ევროსაბჭოს მრჩეველთა კომიტეტის მოწონებას? თავიდანვე არასწორ კანდიდატებს აგზავნის მთავრობა თუ ევროსაბჭოს შიდა პროცედურების გავლაა შეუძლებელი.
მივყვეთ ეტაპობრივად, რას მოითხოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, როგორია მის მიერ 2009 წელს დადგენილი კრიტერიუმები. პოლიტიკური ორგანო სტრასბურგის სასამართლოს იმიჯსა და სანდოობას ძალიან უფრთხილდება და ხაზს უსვამს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი მიუკერძოებელი და პროფესიონალი უნდა იყოს. ასაკის, უცხო ენის ცოდნის, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გარდა, ევროკონვენცია აწესებს დამატებით სტანდარტს, რომლის თანახმადაც, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს „მაღალი მორალური რეპუტაცია, ფლობდეს სასამართლოს უმაღლესი ოფისისთვის შესაფერის კვალიფიკაციას ან იყოს აღიარებული იურისტი“.
ევროსაბჭოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის შიგნით კონკურსის გამოცხადებისა და განხორციელების პროცესი გამჭვირვალე იყოს. შემდეგ კი კანდიდატებმა სტრასბურგში უნდა გაიარონ რამდენიმე ეტაპი. პირველი საერთაშორისო მრჩეველ-ექსპერტთა კომიტეტია, რომელიც ქვეყნებს იმის გარკვევაში ეხმარება, რამდენად შეესაბამებიან მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები ევროსაბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. ამის შესახებ ის ხელისუფლებას კონფიდენციალურ რეკომენდაციებს უგზავნის. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკომენდაციები შესასრულებლად სავალდებულო არ არის, მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დიდ ყურადღებას აქცევს.
მას შემდეგ, რაც ასამბლეა კანდიდატების სიას მიიღებს, სამართლებრივი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პარლამენტარებისგან დაკომპლქტებული სპეციალური კომიტეტი კანდიდატების CV-ებს შეისწავლის და თითოეულ მათგანთან გასაუბრებას მართავს, შემდეგ კი დადებით ან უარყოფით რეკომენდაციებს გასცემს. ამასთან, დადებით რეკომენდაციაში მიუთითებს, რომელმა კანდიდატმა დაიმსახურა უფრო მეტი ნდობა. თუ კომიტეტის რეკომენდაცია უარყოფითი იქნება, მაშინ მთავრობას ახალი სიის წარდგენა დაევალება.
დადებითი პასუხის შემთხვევაში საპარლამენტო ასამბლეა, 324 პარლამენტარისგან დაკომპლექტებული ორგანო, თითოეულ კანდიდატს ფარული კენჭისყრით აძლევს ხმას. იმისათვის, რომ კანდიდატი პირველივე ტურში გამარჯვებულად ჩაითვალოს, სამიდან ერთმა ხმების უმრავლესობა უნდა მიიღოს. თუ ასე არ მოხდა, მეორე რაუნდი ჩატარდება და ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი 9 წლის ვადით დაიკავებს ევროსასამართლოს მოსამართლის ადგილს.
ასეთია ის პროცედურები და ეტაპები, რომლის მხოლოდ ნაწილი გაიარეს საქართველოდან წარდგენილმა კანდიდატებმა. მაგრამ ამ დრომდე ვერც ერთმა ვერ მიაღწია კენჭისყრის ეტაპამდე. თუკი პრობლემა მკაცრ კრიტერიუმებშია, საკითხავია, როგორ გახდნენ უგრეხელიძე და წოწორია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები. ან სხვა ქვეყნების მიერ წარდგენილი კანდიდატები როგორ გადიან წარმატებით ყველა ზემოხსენებულ პროცედურას. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროსაბჭომ კანდიდატები ზედიზედ რამდენჯერმე საქართველოს, აზერბაიჯანსა და ალბანეთს დაუწუნა.
ევროსასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს, ნონა წოწორიას უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 31 იანვარს ამოეწურა. ხელისუფლებამ თადარიგი დაიჭირა და სამი კანდიდატის შესარჩევად კონკურსი 2016 წლის დასაწყისში გამოაცხადა. მოსამართლეობის მსურველი 47 ადამიანიდან სამკაციან სიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სანდრო ბარამიძე, ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი და საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ადამიანის უფლებათა მკვლევარი ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სფეროში ნანა მჭედლიშვილი მოხვდნენ.
თუმცა ექსპერტთა პანელმა გიორგი ბადაშვილს გამოცდილება დაუწუნა, ხოლო ნანა მჭედლიძეს - შესაბამისი განათლების არქონა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მჭედლიძე იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრმა, ევა გოცირიძემ ჩაანაცვლა. საბოლოოდ, კომიტეტმა სიის ჩაგდებისა და ახალი სიის წარდგენის რეკომენდაცია გასცა.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეს მარცხი სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დააბრალა და განაცხადა, რომ ისინი ევროსაბჭოს წევრებს კანდიდატებისთვის მხარის არდაჭერისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მას არაფერი უთქვამს თავად კანდიდატების კვალიფიკაციაზე. არადა კანდიდატთა სამკაციან სიასა და მის ფორმირებასთან დაკავშირებით შენიშვნები გასაუბრების ეტაპის დასრულებისთანავე გაისმა. ადვოკატთა ასოციაცის თავმჯდომარე და არასამთავრობოები, რომლებიც შესარჩევ კომისიაში ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან ერთად შედიოდნენ, კანდიდატების შეფასების პროცესითა და სამკაციანი სიით უკმაყოფილოები იყვნენ. ომბუდსმენისთვის კი გაუგებარი იყო, როგორ მოხვდნენ სამკაციან სიაში ეს ადამიანები და არა მათზე მეტი ქულის მქონე პირები.
ხელახალ კონკურსში მონაწილეობის მსურველი 68 ადამიანიდან საბოლოოდ სოფო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე და ლადო ჭანტურია შეირჩნენ, თუმცა ევროსაბჭოს ექსპერტთა პანელის მოწონება ვერც ამ სიამ დაიმსახურა. მათ რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ შოთა გეწაძე ზედმეტად ახალგაზრდაა ამ თანამდებობისთვის და არც ისე დიდი სამოსამართლო კარიერა აქვს (6,5 წელი), ხოლო სოფიო ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებების სფეროში მისი „ღირებული პროფესიული გამოცდილებისა“, ამ ეტაპზე მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი საკმარისად მაღალი და საკმარისი ხანგრძლივობის არ არის.
26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტრომ ხელახალი კონკურსი გამოაცხადა და გასაუბრებაზე მისული 7 კანდიდატიდან კომისიამ 2 ადამიანი - ლალი ფაფიაშვილი (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე) და ოთარ სიჭინავა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე) აირჩია. ამჟამად ქვეყანა შეფასების მოლოდინშია.
რა იყო კონკრეტული კანდიდატების შერჩევის მიზეზი, პოლიტიკური ნება თუ შეფასების არასწორი სისტემა? როგორც მეორე კონკურსის კომისიის წევრი, ადვოკატი ზვიად კორძაძე „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, კონკურსის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო, არც სხვა რამ ყოფილა ბუნდოვანი ამ პროცესში. თუმცა ის ხარვეზად შერჩევის მეთოდს ასახელებს. მისი თქმით, გარდა ზოგადი კრიტერიუმებისა, რასაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, არ არსებობს კრიტერიუმები, რითაც მას გასაუბრებაზე შეაფასებენ. ამიტომ ხშირად გაუგებარი ხდება, რატომ დაიმსახურა ამა თუ იმ კანდიდატმა უარყოფითი ან დადებითი შეფასება.
ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ კანდიდატის ქულა კომისიის წევრთა მიერ დაწერილი ქულების საშუალო არითმეტიკულია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, 5-ქულიან შკალაზე კომისიის რომელი წევრი რა ქულას დაწერს. შესაბამისად, გაწერილი უნდა იყოს, რა შემთხვევაში წერს კომისიის წევრი 1 ან 5 ქულას.
„თვითონ პროცედურა ითვალისწინებს ამას, რომ სუბიექტურად შეერჩიათ, რადგან არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს გასაუბრებისთვის. იმის მიხედვით აფასებ, რა შთაბეჭდილებაც გექმნება და მანამდე რაც იცოდი ამ კანიდატის საქმიანობაზე და ა.შ. ამან გამოიწვია ის, რომ როცა საშუალო ქულები დაჯამდა, ძალიან განსხვავებული ქულები დაიწერა“.
ადვოკატისგან განსხვავებით პოლიტიკურ მოტივს ხედავს სიის ფორმირების პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი. ის კანდიდატების რამდენჯერმე დაწუნებაში ქვეყნის იმიჯისთვის საფრთხეს ხედავს. როგორც მან „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, ევროსაბჭო სიას იშვიათად აგდებს და ეს ქვეყნის ავტორიტეტზე უაღრესად ნეგატიურად აისახება. მისი შეფასებით, ასეთი ნაბიჯებით საქართველო ევროპელი მეგობრებისა და, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ჯერ კიდევ შემორჩენილ პატივისცემას კარგავს.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში სასურველი კანდიდატის გაყვანისას ხელისუფლება იმავე ინტერესს ავლენს, როდესაც სუს-ს, საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს თუ ფეხბურთის ფედერაციას პოლიტიკური ერთგულების ნიშნით აკომპლექტებს.
„კანდიდატების გამოცდილება, კვალიფიკაცია, პროფესიული ეთიკა და უნარ-ჩვევები ხელისუფლების შერჩევის კრიტერიუმებს აშკარად არ წარმოადგენს. მთავარია, გადამწყვეტ მომენტში, ამა თუ იმ ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მიზნებსა და დღის წესრიგთან. ფაქტია, რომ „ოცნება“ თავის ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებს, რაც, სამწუხაროდ, პირველად არ ხდება“.
ზაზა ბიბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს გარკვეულ საქმეებზე ზემოქმედება შეეძლოს. ის მიიჩნევს, რომ სწორედ ეს იქნება ხელისუფლების დავალება ამ ადამიანის მიმართ.
„ივანიშვილის ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემაა, როცა მის პირობებში საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდა ისტორიული გადაწყვეტილება ორი, მართლაც, სამარცხვინო - „რუსთავი 2-ისა“ და მერაბიშვილის საქმეებზე. იმ პირობებში, როცა არ არსებობს არანაირი ნება იმ პოლიტიკის ცვლილებისა, რომლის გამოც ეს გადაწყვეტილება გამოიტანეს, ხელისუფლებას სურს, მომავალში ამ გზით მაინც დაიზღვიოს თავი მსგავსი გადაწყვეტილებებისგან“.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში ვკითხულობთ, სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 2100 საქმე იცდის. ამ მაჩვენებლით საქართველო აზერბაიჯანსაც უსწრებს და სომხეთსაც. 2016 წელს ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ 4 საქმე განიხილა, აქედან 3 თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას ეხებოდა, ხოლო ერთი - სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სასამართლოს არსებობის დღიდან 2016 წლამდე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება 68 საქმეზე გამოიტანა და აქედან 52-ში კონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევები დაადგინა.
თუკი ევროსაბჭოს კომიტეტმა ამჟამინდელი სიაც ჩააგდო, მიზეზი ქვეყნის შიგნით კანდიდატების შერჩევის პროცედურებში უნდა ვეძებოთ. უცნაურია, გქონდეს ევროკავშირის წევრობის პრეტენზია და არ შეგეძლოს ისეთი სამი ადამიანის დასახელება, რომელიც ევროსაბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.