ფსიქიატრიული დაწესებულებების უმრავლესობაში სარეაბილიტაციო პროგრამები არ არსებობს ან შეზღუდულად ფუნქციონირებს. ერთადერთი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდოლოგიური ცენტრი კი, შესაძლოა, დაიხუროს.
საქართველოში ერთადერთი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდოლოგიური ცენტრი შესაძლოა შენობის, ფსიქიკური პრობლემების მქონე ათეულობით ადამიანი კი აუცილებელი სერვისების გარეშე დარჩეს.
თანამშრომლებთან ერთად, სარეაბილიტაციო ცენტრის მომავალზე ღელავენ პაციენტებიც, რომელთა უმეტესი ნაწილიც სოციალურად დაუცველია.
„თუკი ეს ცენტრი დაიხურება, უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, _ ამბობს რამაზი, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია რაც ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას გადის, - პაციენტების მდგომარეობა გამწვავდება და ალბათ ყველას საავადმყოფოში დაწოლა მოგვიწევს. სახელმწიფო კი იძულებული იქნება უფრო მეტი თანხა გაიღოს ჩვენს მკურნალობაზე. არ ჯობია, რომ ფული, რომელიც ამდენი ადამიანის მკურნალობაზე უნდა დაიხარჯოს, ოფისისთვის მოგვცენ?“
კიდევ ერთი პაციენტი, მარიამი, უკვე 13 წელია რაც ცენტრში დადის. მუშაობდა კიდეც აქაურ სამზარეულოში. ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია მის პიროვნულ, ფსიქიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავდა და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მისი მდგომარეობა მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გამწვავებულა.
„ეს ცენტრი დამცავი რგოლია ყველა პაციენტისათვის, _ ამბობს მარიამი, _ ვიდრე აქ მოვიდოდი, ჩემი სტატუსი საზოგადოებაში ნულს უთანაბრდებოდა. ცენტრი კი ჩემი მფარველი ინსტიტუტი გახდა. სწორედ აქაურობის დამსახურებაა, რომ დღეს ოჯახის წევრები და სხვა ადამიანები ნორმალურად მეპყრობიან. როგორმე უნდა გაიგონ ხელისუფლებაში, რომ ჩვენზე მეტი რესურსი უნდა დაიხარჯოს. სოციალურად დაუცველი ვარ და აქაურობის გარეშე საერთოდ მარტო დავრჩები.“
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი 1998 წელს უცხოელი დონორების დახმარებით ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაზაზე „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციამ დააარსდა.
ცენტრის დირექტორის, არჩილ ბეგიაშვილის თქმით, უკვე წლებია, რაც ორგანიზაცია ცდილობს გაეცნოს დასავლეთში არსებულ ყველა მეთოდოლოგიას, მოახდინოს მათი თარგმნა და ქართულ გარემოზე ადაპტირება. შემდეგ კი მათი პრაქტიკაში დანერგვა. პაციენტებს უტარდებათ კომპეტენტური ქცევის ტრენინგები კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გასავითარებლად და აღსადგენად; ფსიქიკური ფუნქციის ტრენინგები, მაგალითად, მეხსიერებისა და აზროვნების გასავითარებლად. გარდა ამისა, მუშაობენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მატერიალურ და სოციალურ გარემოსთან ადაპტირებისთვის _ ასწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, ოჯახთან, სამეზობლოსთან და საზოგადოების სხვა წევრებთან კონფლიქტისთვის თავის არიდებას და ა.შ.
ერთ-ერთი უმთავრესი კი, რაზეც ცენტრი ზრუნავს, ამ ადამიანების დასაქმება და მათი შრომითი პოტენციალის რეალიზებაა. ცენტრმა უკვე დაასაქმა ათი ადამიანი. „ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის, მანანა შარაშიძის თქმით, მათი პაციენტების 80% შრომისუნარიანია. სწორედ ამიტომ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში გახსნილია კომპიუტერული კლასი, სადაც პაციენტები ახალი უნარ-ჩვევების ათვისებას ცდილობენ. სწავლობენ თექაზე მუშაობას და უტარდებათ არტთერაპიის კურსები.
ცენტრის მიერ ადაპტირებული ფსიქო-სოციალური ინტერვენციის მეთოდების მიხედვით უკვე 300-ზე მეტ სპეციალისტს ჩაუტარდა ტრენინგი.
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ყოველდღიურად 35 პაციენტის ორჯერად კვებაზე, სოციალური უნარ-ჩვევების, სააზროვნო და შემეცნებითი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიის გაყიდვის შემდეგ სამუშაო ფართის გარეშეა დარჩენილი. თავდაპირველად ცენტრი ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის შენობაში გადავიდა, თუმცა თბილისის მერიამ ის შენობაც გაყიდა. ამჟამად ოფისის ხარჯებს უცხოელი დონორები ფარავენ, თუმცა მაისის ბოლოდან ეს დახმარებაც შეწყდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას პრიორიტეტად აღიარებს, მანანა შარაშიძის თქმით, მთლიანად ჯანდაცვის სისტემაა მოუქნელი და გამართულად ვერ მუშაობს.
„ჯანდაცვის სამინისტროში პატიოსანი და მონდომებული ადამიანები მუშაობენ, მაგრამ თავად სისტემა არ იძლევა სფეროს გაჯანსაღების საშუალებას. სამინისტროს თანამშრომლებს აკლიათ შესაბამისი კომპეტენცია, რაც მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემაა. ძალიან ცუდად გვასწავლიდნენ ჯანდაცვის ორგანიზაციასა და მენეჯმენტს. ექსპერტები, რომლებიც აღნიშნულ თემას კარგად იცნობენ, იქ არ მუშაობენ,“ _ აღნიშნავს შარაშიძე.
რაც შეეხება უშუალოდ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მომავალს, პრემიერ-მინისტრთან არსებულმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ, დააყენა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საკითხი, რომლებსაც შენობის პრობლემა აქვს. „ამ საკითხის შესწავლისა და გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან უნდა შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, მაგრამ ეს პროცესი ძალიან იწელება და გაურკვეველია, როგორ დამთავრდება,“- განუცხადა „ლიბერალს“ ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ.
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მნიშვნელობა
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ფსიქიატრიის განვითარების ყველაზე თანამედროვე ტიპად მიიჩნევა.
გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან სპეციალისტები სხვადასხვა კვლევის საფუძველზე, მივიდნენ დასკვნამდე, რომ პაციენტის საავადმყოფოში დიდი ხნით მოთავსება იწვევს მათი სოციალური ფუნქციების დაქვეითებას და აღრმავებს ფსიქიკურ პრობლემებს _ პაციენტები კარგავენ პიროვნულ ინდივიდუალიზმს, უვითარდებათ ჰოსპიტალიზმის სინდრომი: აპათია, მორჩილება, დეპრესიულობა, სხვაზე დამოკიდებულება და ა.შ.
ამიტომაც გადაწყდა, რომ ფოკუსირება უნდა მომხდარიყო თემზე დაფუძნებულ ფსიქიატრიაზე, რომელიც სერვისების საავადმყოფოდან გარეთ გატანას გულისხმობდა და რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტიც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციაა.
„ჰუმანურმა საზოგადოებამ დასავლეთში თქვა, რომ არ უნდათ პაციენტების დიდ ფსიქიატრიულებში გამომწყვდევა, ეს არაჰუმანურია, რადგან პაციენტის სოციალური უნარ-ჩვევები, მუშაობის უნარი, კონტაქტები, ოჯახთან ურთიერთობა უკან-უკან მიდის და ადამიანი, რომელიც 10 წელი ფსიქიატრიულში იმყოფება, უკან ოჯახში დაბრუნებისას, თავის ადგილს ვეღარ პოულობს,“- აღნიშნავს მანანა შარაშიძე.
მისივე თქმით, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობა ორ თანასწორ პროცესს მოიცავს _ ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობა და ფსიქო-სოციალური ინტერვენციები. ორივე კომპონენტი მხოლოდ ერთადაა ეფექტური. ფსიქო-სოციალური ინტერვენციები არა მხოლოდ პაციენტთან მუშაობას, არამედ მის საარსებო გარემოსთან მუშაობასაც მოიცავს. „საზოგადოებას ეშინია ასეთ ადამიანებთან კონტაქტი და არ იცის, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონდე ადამიანების უმცირესი ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს პოტენციურად საშიშად,“ _ ამბობს შარაშიძე,
როგორც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის სასწავლო პროგრამაშია აღნიშნული, პაციენტის საზოგადოებისგან მოუწყვეტლად მკურნალობა გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს მათი სოციალური კომპეტენტურობის გაზრდას, ღრმა ინვალიდობის პროფილაქტიკას. ქვეყნისთვის კი ეს საზოგადოების სოციალური კაპიტალის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რისი წარმატებული მაგალითებიც საზღვარგარეთ უხვადაა.
ხელმისაწვდომობასა და თემზე დაფუძნებული სერვისების აუცილებლობაზე საუბრობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია არ იყოს მკურნალობაზე უშუალოდ მიბმული. თუმცა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ვიწროდ, მხოლოდ არტთერაპიად არ უნდა ჩაითვალოს. საზღვარგარეთის წარმატებული მეთოდები სწორედ ამაზე მეტყველებს.
„გასულ წელს საქართველოში ჩამოსული იყო ბენედეტო სარაჩინო, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მენტალურ ჯანმრთელობას კურირებდა. მან ისაუბრა იტალიის გამოცდილებაზე _ იქ არსებობს ე.წ. კოოპერატივები და კანონმდებლობის დონეზე არის დარეგულირებული, როდესაც სახელმწიფო აცხადებს ტენდერს, უპირატესობას ანიჭებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების კოოპერატივს. მაგალითად, არის სასტუმროები, რომელთა მენეჯმენტსაც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ადამიანები ახორციელებენ. ასევე არსებობს კოოპერატივი, რომელიც ძალიან ხშირად იგებს ტენდერებს, რომელიც კონფერენციების ყვავილებით მორთვას ითვალისწინებს. სწორედ მათ ენიჭებათ ხოლმე უპირატესობა სხვებთან შედარებით, რის გამოც ხშირად აქვთ შეკვეთები, პაციენტები კი ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებენ,“ _ აღნიშნავს ჯანა ჯავახიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის „გლობალური ინიციატივები ფსიქიატრიაში“ თანამშრომლები ახალახან იყვნენ ჰოლანდიაში, სადაც გაეცნენ ძნელად აღსაზრდელ არასრულწლოვანთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მოდელს. როგორც ჟანა ჯავახიშვილი ამბობს, იქ ფსიქოლოგიური სამსახური საერთოდ არ აქვთ: „იქ არის საწარმოები, სადაც თუ კონსტრუქციულ ურთიერთობებში ხარ ჩართული, არ ილახება შენი ღირსება და თან სწავლობ შრომას, რა თქმა უნდა, ასეთ დროს რეაბილიტაციის დიდი შანსი გაქვს.“
სარეაბილიტაციო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემა
დღესდღეობით სახელმწიფო ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე წელიწადში მხოლოდ 70 000 ლარს ხარჯავს, რაც „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. მაშინ როდესაც ჰოსპიტალურ კომპონენტზე დაფინანსების 70% მოდის.
როგორც სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშშია აღნიშნული, „აუცილებელია ამ გადანაწილების შეცვლა, შედარებით დაბალანსებული და გაწონასწორებული დაფინანსებით.“
საქართველოს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდოლოგიური ცენტრის დირექტორის, არჩილ ბეგიაშვილის თქმით, სახელმწიფო დღეში მხოლოდ 10-11 ლარს გამოყოფს თითოეული პაციენტის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, რაც არსებულ სტანდარტზე დაახლოებით 15 ლარით ნაკლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ვაუჩერი მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე ვრცელდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია ფსიქიკური ჯანდაცვის აღნიშნული კომპონენტისთვის დაფინანსების გაზრდა. გარდა ამისა აუცილებლობას წარმოადგენს ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრების რაოდენობის გაზრდაც.
„ჩვენნაირი ცენტრი, სამწუხაროდ, თბილისში მხოლოდ ერთია, რაც მილიონ-ნახევრიანი ქალაქისათვის ძალიან ცოტაა. რეალურად ერთ რაიონში ერთი ასეთი ცენტრი მაინც უნდა იყოს. ჩვენთან ყოველდღიურად 35 პაციენტი მოდის, დაფინანსების სიმცირის გამო კი როტაცია ვერ ხერხდება,“ _ აღნიშნავს არჩილ ბეგიაშვილი.
სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას ეხება, აღნიშნულია, რომ მიუხედავად რეაბილიტაციის კომპონენტის აუცილებლობისა, რაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაც არის დაფიქსირებული, დღესდღეობით ფსიქიატრიული დაწესებულებების აბსოლუტურ უმრავლესობაში სარეაბილიტაციო პროგრამები ან საერთოდ არ არსებობს ან ძალზე შეზღუდულად ფუნქციონირებს.
„ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები და მკურნალობის ინდივიდუალური გეგმები არ არსებობს სენაკის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რეფერალურ ჰოსპიტალში, ასათიანის სახელობის ინსტიტუტში, #5 კლინიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიულ დეპარტამენტში, ღუდუშაურის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში, სენაკის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში,“ _ ვკითხულობთ ანგარიშში.
ამ სფეროში არსებულ პრობლემებს აღიარებენ ოფიციალური სტრუქტურებიც. არჩილ ბეგიაშვილის თქმით, არავინ უარყოფს დაფინანსების გაზრდის ან ზოგადად ამ კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობას, თუმცა როგორც კი საქმე საქმეზე მიდგება, იქნება ეს თანხასთან დაკავშირებული საკითხი თუ ფართთან დაკავშირებული პრობლემა, მაშინ მათ კითხვებზე პასუხს არავინ აძლევს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, დარგის ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეიქმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ახალი საბჭო, რომლის უმთავრესი მიზანი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამასთან ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, ბინაზე მომსახურების სერვისების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია და 2013 წლის „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის პროექტზე მუშაობის პროცესში, შესაბამისი დარგის ექსპერტებთან ერთად განხილული იქნება პროგრამის ფორმატის ცვლილებები და დაფინანსების მეთოდოლოგია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლიდან დაიწყო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რეფორმა, რომლის ძირითადი მიმართულებები იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, სამედიცინო პერსონალის გადამზადება, სტაციონარული, ამბულატორიული და თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება.
„რეფორმა, როგორც მოგეხსენებათ, არ არის ხანმოკლე პროცესი, შესაბამისად, არსებული სამსახურების ანალიზის საფუძველზე და რეალობის გათვალისწინებით (ფინანსური შესაძლებლობები, კადრების მომზადების ხარისხი) უნდა დაიწყოს საფეხურეობრივი პროცესი ჰოსპიტალური მკურნალობის დაბალანსებისა და ამბულატორიული სერვისების გეგმაზომიერი განვითარება,“ _ განუცხადა „ლიბერალს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სოფო მორგოშიამ.
„საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“ თავმჯდომარე მანანა შარაშიძე რეფორმაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მხოლოდ ასათიანის საავადმყოფოს ტერიტორიის გაყიდვა არაფერს ნიშნავს, თუ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასავლური მოდელის მიხედვით არ წარიმართა. ჩვენთან ჯერჯერობით ფსიქიატრიული საავადმყოფოს დახურვის საპასუხოდ თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები არ დანერგილა.
„განხორციელდა ზოგი სასიკეთო ცვლილება: საერთო პროფილის საავადმყოფოებში გაიხსნა სამი ფსიქიატრიული განყოფილება, რაც მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის დამსახურებაა, ასევე ქავთარაძეზე შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ცენტრი. განახლდა ზოგიერთი დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გაიხსნა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. ამ დაწესებულებებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პაციენტთა საყოფაცხოვრებო პირობები, მაგრამ სერვისების შინაარსი არ შეცვლილა და ისეთივე მიდგომებია, რაც ადრე _ საბჭოთა ფსიქიატრიის დროს იყო,“ _ ამბობს მანანა შარაშიძე.