Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვეგეტატიურ მდგომარეობაში 15 წლის გატარების შემდეგ პაციენტს ცნობიერება ნაწილობრივ დაუბრუნდა

28 სექტემბერი 2017

დღემდე უკიდურესად საეჭვო იყო, რომ 12 თვეზე მეტი დროის განმავლობაში  ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, ოდესმე ცნობიერება დაუბრუნებოდა. თუმცა დღეს 35 წლის ფრანგი მამაკაცი, რომელიც ავარიაში მიღებული ტვინის ტრავმის შემდეგ ბოლო 15 წელი  უგონოდ იყო, ტვინის გარკვეული რეგიონების ელექტრული სტიმულაციის შედეგად ცნობიერების ნიშნებს ამჟღავნებს.

საფრანგეთის მეცნიერული კვლევის ცენტრის მკვლევარმა, ანგელა სირიგუმ გამოსცადა ახალი მეთოდი, რომელიც „ცთომილი ნერვის“ ელექტრულ სტიმულაციას გულისხმობს.  ეს ნერვი, თავის ტვინს ორგანიზმის თითქმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოსთან აკავშირებს. იგი ყელის და გულმკერდის გავლით ტვინიდან მუცლისკენ მიემართება. ცთომილი ნერვი, იგივე ვაგუსი, მიეკუთვნება პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც სხვა მნიშვნელოვან პროცესებთან ერთად გულის ცემას და ფილტვების ფუნქციონირებას აკონტროლებს. ტვინში ეს ნერვი დაკავშირებულია ცნობიერებასა და სიფხიზლეზე პასუხისმგებელ ორ მნიშვნელოვან რეგიონთან.

დაახლოებით 20-წუთიანი ოპერაციის განმავლობაში, პაციენტს ყელში  ცთომილი ნერვის ირგვლივ პატარა იმპლანტატი ჩაუსვეს, რომლის ერთთვიანი სტიმულაციის შემდეგ მისი ყურადღება, მოძრაობის უნარი და  ტვინის აქტივობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მან დაიწყო  სხვადასხვა ობიექტების მოძრაობისთვის თვალის მიდევნება, უკვე შეუძლია თხოვნის შესაბამისად თავის შებრუნება, ხოლო თუ მას წიგნს უკითხავენ, ის სიფხიზლის შენარჩუნებას ცდილობს. როდესაც მკვლევრის თავი მის სახეს  მიუახლოვდა, პაციენტს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. „ის ჯერ კიდევ პარალიზებულია, ვერ მეტყველებს, მაგრამ რეაგირებს! ახლა ის გაცილებით უფრო ცნობიერია“, - ამბობს სირიგუ. მართალია, ეს მდგომარეობა ცნობიერების სრული აღდგენისგან შორსაა და ერთი პაციენტის მაგალითით ვერ ვიტყვით, რომ ეს მეთოდი სხვა დროსაც გაამართლებს, მაგრამ კვლევა წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ  პაციენტებში ცნობიერების აღდგენის გზა წლების შემდეგაც კი არსებობს.

ეს კვლევა მეტყველებს, რომ  უკიდურესად დაბალფუნქციურ ტვინშიც კი „შესაძლებელია დაკვირვებადი ქცევის არარსებობის  მდგომარეობიდან მინიმალურად ცნობიერი ქცევის მდგომარეობაში გადასვლა“, - ამბობს კორნელის სამედიცინო კოლეჯის ნევროლოგი, ნიკოლას შიფი,  რომელიც უშუალოდ ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, მაგრამ უძღვებოდა 2007 წლის კვლევას, რომელშიც  მინიმალურად ცნობიერი პაციენტების მდგომარეობა „ტვინის ღრმა სტიმულაციის“ თალამუსზე ზემოქმედების შედეგად გაუმჯობესდა. (მკითხველს შევახსენებ, რომ მინიმალურად ცნობიერი პაციენტი არის პირი, რომელიც პერიოდულად ავლენს ცნობიერებისა და მგრძნობელობის ზედაპირულ ნიშნებს).

სამწუხაროდ, რამდენიმე პაციენტის „გამოფხიზლება“ მხოლოდ ცალკეული წარმატებაა და ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი ასობით ათასი პაციენტისთვის ჯერჯერობით არაფერს ცვლის.  „მიუხედავად მზარდი მტკიცებულებებისა, რომ  სერიოზული დაზიანებების შემდეგ ტვინის  აქტივობის გაზრდა შესაძლებელია, თითქმის არ არსებობს ინფრასტრუქტურა ხანგრძლივი კლინიკური დაკვირვებისთვის ან უფრო მასშტაბური „საგამოძიებო კვლევებისთვის“, - ამბობს ნიკოლას შიფი.

ბირმინგემის უნივერსიტეტის კოგნიტურმა ნეირომეცნიერმა დემიენ კრუზმა ამ აღმოჩენას „საკმაოდ ამაღელვებელი“ უწოდა და დაამატა, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ცთომილი ნერვის სტიმულაციის რეაბილიტაციის სხვა ფორმებთან შეთავსება. მისი ვარაუდით, ეს პაციენტის ცნობიერების სრულ აღდგენას შესაძლებელს გახდის.

მომზადებული theguardian.com, scientificamerican.com და newscientist.com-ის მიხედვით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^