მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, მომხმარებელთა ნაწილი კი ახალი, უფრო მეტად დამაზიანებელი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე გადავიდა.
ჩვენი კოლეგა და „ლიბერალის“ ერთ-ერთი რედაქტორი ირაკლი აბსანძე სამართალდამცავებმა საფოსტო განყოფილებასთან, მეგობრის მიერ გამოგზავნილი ამანათის მიღების შემდეგ დააკავეს. დალუქული პაკეტი პოლიციელებმა ირაკლის თვალწინ გახსნეს. პაკეტში საფოსტო ღია ბარათი და 2 პატარა პარკი იდო _ 0,1 გრ ჰაშიში და 0,4 გრ მარიხუანა. ირაკლი აბსანძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათღელვა მოჰყვა, ბრალი გადაკვალიფიცირდა _ ირაკლი აბსანძე სასამართლოს დარბაზიდან თავდებით გაათავისუფლეს. ირაკლი ჟურნალისტი რომ არ ყოფილიყო და საზოგადოებრივად აქტიურ მეგობრებსა და კოლეგებს მისი მხარდასაჭერი კამპანიის ორგანიზება არ დაეგეგმათ, არა ვარ დარწმუნებული, რომ იგივე შედეგი დადგებოდა. ეს ინციდენტი გახდა მიზეზი იმის, რომ ეროვნული ნარკოტიკული პოლიტიკის საკანონმდებლო ხარვეზებსა და უკუშედეგებზე კიდევ ერთხელ დაგვეწერა.
„ყველა ციხეში!“
საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ნარკოკანონმდებლობა საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა. 2002 წელს წამალდამოკიდებულება დაავადებად აღიარეს, მაგრამ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა, რის გამოც ეს კანონმდებლობა დღემდე წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების უმთავრეს პრინციპებთან: ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანი ერთსა და იმავე დროს ავადმყოფიც არის და დამნაშავეც.
„კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკების შენახვაზე გამკაცრებულ სასჯელს ითვალისწინებს... ამ დანაშაულებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს _ ყველა ციხეში!“, _ ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში 2006 წლის 14 თებერვალს გააკეთა, მაშინ, როცა კანონპროექტი _ „ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ“ წარადგინა.
პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ კანონი გამკაცრდა. ახლა საქართველოს პოსტსაბჭოთა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა აქვს: ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი მოქმედებაში მოდის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც 2000 ლარით დაჯარიმებას, ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობა“ ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნაში გადაიზარდა, პოლიციელთა „გონივრული ეჭვის“ ნიადაგზე კი ათასობით მოქალაქემ ნარკოტესტირება გაიარა. ამ პოლიტიკის შედეგად ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების გამო ათასობით ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდა.
„ბუპრენორფინის მოხმარებისთვის გამასამართლეს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს და ჯარიმის სახით 5000 ლარი გადამახდევინეს,“ _ ამბობს 35 წლის გიორგი მ. _ „მე არ ვიყავი დამნაშავე, არც დაკავების მომენტში და არც დაკავებამდე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ქუჩაში მივდიოდი, როცა დამიჭირეს. ვაღიარე ჩემი დანაშაული, მოვინანიე, ვთქვი ისიც რომ ნარკოტიკების რეგულარული მომხმარებელი არ ვიყავი. მეუღლე მყავდა ავად, სასწრაფო ოპერაციას ჭიროებოდა, მყავდა მცირეწლოვანი შვილი და ღრმად მოხუცებული დედა, ვიყავი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რის გამოც საკასაციო საჩივრით მოვითხოვე სასჯელის შემსუბუქება. მაგრამ სასამართლომ ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და სასჯელი სრულად მოვიხადე“. გიორგი დღეს თავისუფალია. ამჟამად უმუშევარია და ამბობს, რომ ნარკომანისა და პატიმრის იარლიყის მიკერებით ის სამუდამო უმუშევრობისთვის გაწირეს.
2007 წლიდან გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის შედეგები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2011 წლის ბოლოს შეაჯამეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად 4 წლის განმავლობაში ნარკოდანაშაულის რიცხვი 53%-ით, 8 493 შემთხვევიდან 3 984 შემთხვევამდე შემცირდა. მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, რომ პარალელურად შემცირდა ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი და შავ ბაზარზე „მძიმე ნარკოტოკული საშუალებების“ უკანონო ბრუნვაც.
„ჩვენ ომი გამოვუცხადეთ ნარკორეალიზატორებს, შედეგად კი შეიზღუდა ნარკოტიკის რეალიზაცია, დღეს ბევრად ნაკლები ადამიანი არის ჩართული ნარკოდანაშაულში და ბევრად ნაკლები ადამიანი იტანჯება ამ სენით“, _ განაცხადა ზოდელავამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში ნარკოდამოკიდებულების გამო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სულ მცირე 1500 ადამიანი ხვდება, ამ პოლიტიკის გატარების სამართლებრივ პროცედურებზე კი დაახლოებით 18 მილიონი ლარი იხარჯება.
„ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორი და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ გამგეობის წევრი, დავით ოთიაშვილი ,მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა მიმართ რეპრესიულია და მაგალითად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მოჰყავს. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ფლობა ნებისმიერი ოდენობით სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. მუხლში ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებელი ერთმანეთისგან გამოჯნული არ არის. ამავე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშულების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის დამზადება, შეძენა-შენახვა ან გასაღება მცირე ოდენობით ისჯება 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების (ჰეროინის შემთხვევაში დიდ ოდენობად ითვლება 0,2-1 გრამი) შენახვა ისჯება 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების (ჰეროინის შემთხვევაში 1 გრამზე მეტი) შენახვა კი 8-დან 20 წლამდე თავისუფლების, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. მაშინ როდესაც, იგივე კანონმდებლობა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევაში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 12 წლამდე, გაუპატიურების შემთხვევაში _ თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო განზრახ მკვლელობის შემთხვევაში _ 7-დან 15 წლამდე ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი კი ნარკოტიკული საშუალებების განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში ადამიანს ციხეში უშვებს“, _ ამბობს დავით ოთიაშვილი.
გარდა ამისა, ქართული კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები სათანადოდ განსაზღვრული არ არის. 2003 წლის პარლამენტის დადგენილებაში, რომელშიც განსაზღვრულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობები, საკმაოდ ბევრ ნივთიერებას არა აქვს განსაზღვრული მცირე ოდენობა, რის გამოც ნებისმიერი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობა დიდ ოდენობად ითვლება და სასჯელის მკაცრ ზომას ითვალისწინებს. ქართული კანონმდებლობა ერთმანეთისგან არც მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს მიჯნავს.
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ზაალიშვილი აცხადებს, რომ რეპრესული ნარკოპოლიტიკის მიუხედავად საქართველოში ნარკომომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა. ის საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და ორგანიზაცია „ბემონის“ მიერ 2013 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს იმოწმებს: „კვლევებმა აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 40 ათასიდან 45 ათასამდე გაზარდა. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფართოდ დეკლარირებულმა კამპანიამ გამოიწვია ის, რომ დღეს საქართველოში ნარკომომხმარებელთა ნაწილი უფრო მეტად დამაზიანებელი ე.წ. კუსტარული ნარკოტიკების მოხმარებაზე გადავიდა“.
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნარკოტიკების „შავ ბაზარს“ ადაპტაციის იშვიათი უნარი აქვს და მისი სტრუქტურა და შემადგენლობა ძალოვანების მეთოდების კვალდაკვალ შესაშური სისწარაფით იცვლება. ნარკოდანშაულთან ბრძოლის ფართოდ დეკლარირებული კამპანიის ფონზე ნარკოტიკების ქართული ბაზრის სტრუქტურაც შეიცვალა. ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა ჰეროინისა და სუბოტექსის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა. სამაგიეროდ, შავ ბაზარზე კუსტარული, ბევრად უფრო იაფი და დამაზიანებელი ნარკოტიკები: „ვინტი“, „ჯეფი“ და „ნიანგი“ გამოჩნდა. მათი მოხმარება კი გადაჯაჭვულია ზედოზირებასთან, რაც სიკვდილიანობის რისკის ზრდას იწვევს.
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის და ნარკოკომისიის წევრი პაველ ბემი მიიჩნევს, ქართული ნარკოპოლიტიკა დასახვეწია. ის ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარება არ უნდა იყოს განხილული, როგორც მხოლოდ დანაშაული და სამართლებრივი სანქციებით რეგულირებადი სფერო, დასჯაზე მიმართული პოლიტიკის ადგილი კი საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა უნდა დაიკავოს: „ნარკოტიკებისგან სრულიად თავისუფალ სამყაროზე ოცნება უტოპიაა. ამ პრობლემის ბოლომდე აღმოფხვა შეუძლებელია. უკანასკნელი 20 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვა ძალიან არაეფექტურია და ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოს მათი ციხეში შენახვა. ამით კი ვკარგავთ რესურსს მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. მსოფლიო გამოცდილებით, ნარკოტიკების მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციას ბევრი პოზიტიური შედეგი აქვს. დეკრიმინალიზაციის პროცესში ადვილია წვდომა ე.წ. დამალულ ნარკომომხმარებლებთან, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროსთან კონტაქტი არ აქვთ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში არსებული 45 ათასი ნარკომომხმარებლიდან ჯანდაცვის სერვისებით მხოლოდ ერთი მეოთხედი სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი ნარკომომხმარებელი შეიძლება დაავადდეს შიდსით, ან ცე ჰეპატიტით და ამით საფრთხე შეუქმნან დანარჩენ საზოგადოებასაც“. ბემი ამბობს, რომ დასჯაზე მიმართული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად უცხოეთის საუკეთესო გამოცდილების ქართულ გარემოსთან ადაპტაციაა აუცილებელი.
ექსპერტები საუკეთესო გამოცდილებად პორტუგალიაში ჩატარებულ რეფორმას ასახელებენ. პორტუგალიამ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციითა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომებით 10 წლის განმავლობაში მკვეთრად შეამცირა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, ნარკომოხმარებით ინფიცირების მასშტაბი და მკვეთრად გაზარდა პოლიციის მიერ ნარკოტიკების ბრუნვიდან ამოღების მაჩვენებელი.
ნარკოკანონმდებლობის გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიისთვისაა დაგეგმილი. 2012 წლის დეკემბერში ახალი მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოვიდა ახალი საკანონმდენლო ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას. ინიციატივა გლობალური ფონდის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ეყრდნობა და ის ნარკოტიკების მოხმარების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითვალისწინებს. მაგრამ, ამასთან ერთად მასში შემოთავაზებულია 3500-ლარიანი ჯარიმა ერთი წლის მანძილზე მესამედ და მეტჯერ განმეორებით მოხმარების შემთხვევაში, რაც 6-ჯერ აღემატება საქართველოში საშუალო შემოსავალს.