Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალაქი - დრამატული ნაწარმოები

28 სექტემბერი 2017

შენ ოდესმე ყურადღებით შეგიხედავს საათისთვის  ,,შერატონის’’ კოშკზე?

ბერტოლტ ბრეხტს  გაუცხოების ეფექტის (V-Efekt) აღსაწერად მოჰყავს ძალიან უბრალო  ისტორია  საათზე. ამ მაგალითის  გადათამაშებით დავიწყებთ ლაპარაკს ბათუმზე. ვკითხავ ბათუმელ მეგობარს: „შენ ოდესმე ყურადღებით შეგიხედავს საათისთვის  „შერატონის“ კოშკისთვის?“ მან შეიძლება მიპასუხოს, რომ ეს უამრავჯერ გაუკეთებია,  ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა,  ბევრჯერ  დაუნახავს ეს საათი, მაგრამ ამ   შეკითხვის გამო საათისკენ გახედვა სულ სხვაა. ეს იქნება შეჩვეული საგნისთვის „უცხო თვალით“ შეხედვა, რასაც თან ახლავს ახლებური ინტერესი, რაც აქამდე არ ჰქონია. ბრეხტისეულად თუ ვიტყვით, ამ უბრალო შეკითხვის შემდეგ, საათიანი კოშკი გამოვიდა შეჩვეულის, ბუნებრივის სფეროდან, როგორც უჩვეულო და განსაკუთრებული გახდა.  ასე მარტივი გაუცხოების ეფექტი მივიღეთ.

მოკლედ გაუცხოების ეფექტზე

ბრეხტი  თავისი პიესის  „Mann ist Mann“-ის  შესავალში და შენიშვნებში იწყებს ლაპარაკს მხატვრული ჩვენების ტექნიკაზე, რომელიც ჩვეულს უჩვეულოდ, ნაცნობს უცნობად წარმოსახავს. საგნის ან მოვლენის  უცნაურად, უცხოდ მოჩვენების საჭიროებაზე ბრეხტი წერს მის თეორიულ წერილებში და სანიმუშოდ განიხილავს  რამდენიმე ნაწარმოებს: „სამგროშიანი ოპერა“, „მრგვალთავიანები და წვრილთავიანები“, რომლებშიც მოვლენები და ამბები წარმოდგენილია მათსავე საკვირეველებასა და უცნაურობაში, იმ მიზნით, რომ ისინი ნაცნობიდან შეცნობილნი გახდნენ. ბრეხტის ვარაუდით, ამ გზით გაძლიერდება მაყურებლის კრიტიკული განწყობა, რომელიც ჩაანაცვლებს  კლასიკური თეატრისთვის დამახასიათებელ ილუზიას და გაიგივებას. ამავდროულად გაუცხოების ეფექტი  არ გულისხმობს, რომ რაიმეს მხოლოდ ცივი, ანგარიშიანი და უსიცოცხლო გონებით უნდა შევხედოთ. სინამდვილეში ეს არის გრძნობის და გონების დიალექტიკური  წინააღმდეგობა, რომელიც მხოლოდ  ერთობლიობაში გვაძლევს ნათელ სურათს.

ვალტერ ბენიამინი აღნიშნავდა, რომ ბერტოლტ ბრეხტის ეპიკური თეატრი, რომელსაც თავად შემქმნელი მოგვიანებით დიალექტიკურ თეატრს უწოდებდა, იყო არა მხოლოდ ხელოვნების პოლიტიკური შინაარსის, არამედ მისი შექმნის წესის ცვლილების მოდელიც. 

დიალექტიკურმა თეატრმა  შეძლო შეეცვალა ფუნქციური დამოკიდებულება სცენასა და აუდიტორიას,  ტექსტსა და ავტორს შორის. ამით მან  უარყო ტრადიციული ნატურალისტური თეატრი რეალობის ილუზიით და შექმნა დრამის ახალი სახეობა. ძველი თეატრის იდეოლოგიური წარმოდგენების კრიტიკაზე დაფუძნებული. ბრეხტისეული კრიტიკის საფუძველი არის  გაუცხოების ეფექტი.

კლასიკური თეატრი დგას  ილუზიონიზმზე.  მასში თავისთავად იგულისხმება, რომ დრამატული წარმოდგენა უშუალოდ ასახავს სამყაროს, მისი ამოცანაა რეალობის ილუზიის შთაგონებით აიძულოს ადამიანი, ჰქონდეს სპექტაკლის თანაგანცდა, მიიღოს ის რეალურ ცხოვრებად და გაბრუვდეს მისგან. ამ შემთხვევაში აუდიტორია თეატრში,  „რეალობის“ სახით წარმოდგენილი დასრულებული, შეუცვლელი, მხატვრული ობიექტის პასიური მომხმარებელია.

ასეთი პიესა  არ უბიძგებს მაყურებელს იმის განსჯისკენ, როგორ არიან წარმოდგენილი გმირები და მოვლენები, როგორები შეიძლებოდა ისინი ყოფილიყვნენ. რამდენადაც დრამატული ილუზია არის მთლიანობა, რომელსაც არ ეტყობა ნაკერები და მალავს თავის კონსტრუირებულობას.

ბრეხტი სწორედ აქ ხედავს იდეოლოგიური წარმოდგენის ანარეკლს იმისა, რომ სამყარო ფიქსირებული, უძრავი გვაქვს მოცემული. ჩვენი ყოველდღიური ჩვეული აღქმის შედეგად საგანი ან მოვლენა ნაცნობია, მაგრამ არ არის შეცნობილი, რადგან სწორედ ჩვეულება, რომლითაც საგანი ან მოვლენა გავიცანით, ადუნებს დაკვირვებას  და წარმოდგენას ბუნდოვანს და ზოგადს ხდის (ბრეხტი ხშირად იყენებდა ჰეგელის თეზისს: „ნაცნობი იმიტომ არაა ჯერ კიდევ შეცნობილი, ვინაიდან იგი ნაცნობია“).  

ამის საპირისპიროდ გაუცხოების ეფექტი გვაძლევს საშუალებას რეალობა დავინახოთ, როგორც განვითარებადი, არამდგრადი პროცესი, რომელსაც ვქმნით ადამიანები და ამიტომაც მუდმივად გვაქვს მისი შეცვლის უნარიც. 

ბრეხტის აზრით, დრამატულ ნაწარმოებს უნდა ჰქონდეს უნარი,  აჩვენოს სამყარო ისეთი, რომლის შეცვლაც შესაძლებელი იქნება.

ქალაქი - დრამატული ნაწარმოები

ათასწლეულების მანძილზე ყველა მმართველი ცდილობდა, თავისი იდეოლოგიის და მიზნების შესაბამისად გარდაექმნა სამყარო, ან თუნდაც მცირე მიწა, სადაც მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა. განსაკუთრებით გავლენიანები კი ის მონარქები იყვნენ, რომელთა სახელებიც ქალაქის დაარსებას ან ძირეულ გარდაქმნას უკავშირდება. 

შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი იყო მათი მთავარი ნაწარმოები, რადგან ის არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი,  თუ როგორ შეუძლია ადამიანს შეცვალოს სამყარო და შეიცვალოს თვითონაც.

ამერიკელი ქალაქის სოციოლოგი რობერტ  ეზრა პარკი თავის წიგნში  „On Social Control and Collective Behavior“  წერს: „ქალქი არის კაცობრიობის  ყველაზე თანმიმდევრული და ყველაზე წარმატებული მცდელობა გარდაქმნას სამყარო, რომელშიც ცხოვრობს. შეცვალოს იგი  თავისი სურვილების შესაბამისად.  ქალაქი ადამიანის შექმნილი სამყაროა.  ამდენად  სამყარო, რომელშიც ცხოვრება მისთვის გარდაუვალია, ამავდროულად ქალაქის სახეცვლილებისას ადამიანი გარდაქმნიდა საკუთარ თავსაც“.

ქალაქს მისი შენობებით,  ყოველდღიურობით, სოციალური ურთიერთობებით თუ განვიხილავთ, როგორც დრამატულ ნაწარმოებს, აუცილებლად უნდა დავსვათ შეკითხვები:  ვინ ქმის და გარდაქმნის მას  და რა როლი გვაქვს ჩვენ - მოქალაქეებს?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ქვეყანაში შექმნილმა ქაოსმა და ეკონომიკურმა კრიზისმა სრული სტაგნაცია გამოიწვია.  ქვეყანაში ახალი ეტაპი იწყება - „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი. ხელისუფლებაში მოსულმა პარტიამ დაიწყო მაშტაბური აღმშენებლობის პროცესი, სადაც  ქალაქს  განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. მნიშვნელოვნად  იცვალა სახე თბილისმა, ბათუმმა, სიღნაღმა, ქუთაისმა.  აქტიური დისკუსია დაიწყო შავი ზღვის პირას ახალი ქალაქის - ლაზიკის შექმნაზე.

ბნელ ჯურღმულებად ქცეულ ქალაქებში ცხოვრებას მიჩვეული მოსახლეობის დიდი  ნაწილი ამ პროცესს იმედიანად შეხვდა. პარალელურად  გამოჩნდნენ  მცირე ჯგუფები, რომლებიც გაბედულად დავობდნენ გემოვნებაზე, გაჩნდა ტერმინი „სიღნაღიზაცია“. იმართებოდა საპროტესტო გამოსვლები, რომლის ინიციატორები საუბრობდნენ ქალაქისთვის იერსახის შენარჩუნებაზე და ამავდროულად მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ იყვნენ აპოლიტიკურები. სამწუხაროდ, არსებული ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკული გააზრების გარეშე, ამ ჯგუფს  არ აღმოაჩნდა არგუმენტები, თუნდაც სხვა მოქალაქეების დასარწმუნებლად. 

ბათუმის და სხვა ქალაქების შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ვითარება, სადაც გადაწყვეტილებას მხოლოდ მოქმედი ელიტა იღებს. ისინი განსაზღვრავენ ქალაქის ყოველდღიურობას და მომავალს. ასეთ რეალობაში მოქალაქეები  უბრალო პასიური მაყურებლები ვართ.

 მაშინ, როცა ქალაქზე ვიწყებთ ფიქრს, ან უბრალოდ ვმოგზაურობთ, ტურისტის მზერის ნაცვლად, რომელიც რეალობის პასიური დამკვირვებელია და  უცვლელ მოცემულობად აღიქვამს მას (მოხიბლულია, ან თუნდაც არ მოსწონს სურათი),  სასარგებლოა გაუცხოების ეფექტი. მისი დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია მკაფიოდ გავარჩიოთ ნაკერები და რეალობის კონსტრუირებულობა და ვიფიქროთ მის შეცვლაზე, გარდაქმნაზე.

ასე ჩვენ აღარ ვიქნებით ილუზიით  გაბრუებული აუდიტორია და ქალაქი შესაძლოა გახდეს ეპიკური პიესა, რომლის შექმნაშიც ხალხი მონაწილეობს. ქალაქის შემთხვევაში კი, ცნობილი გეოგრაფის დევიდ ჰარვის სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა მოქალაქე ახორციელებს უფლებას ქალაქზე.

ბათუმი და მისი ორეული

ხშირად ტურისტი განწირულია, რომ „ტურისტულ კუნძულებზე“ აღმოჩნდეს გამოკეტილი. ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება მხოლოდ ის ნახოს, რაც სამოგზაურო კატალოგშიც შეეძლო დაეთვალიერებინა.  საინტერესო ვითარება იქმნება მაშინ, როცა ქალაქის გარდაქმნა ტურისტული ბიზნესის განვითარების მოტივით იწყება. ასეთ შემთხვევაში  ტურისტი უბრალოდ თავისივე გამომუშავებული მომხმარებლური უნარ-ჩვევების ტყვეობაში რჩება. იმას ნახავს, რის ნახვაც უნდა,  რასაც პრინციპში,  სხვა ნებისმიერ ქალაქშიც დაათვალიერებდა. ეს უბრალო ტურისტული ლაბირინთია.

ჩვენ უკვე გავაკეთეთ დაშვება, რომ ქალაქში მოგზაურობაც გარკვეულწილად სანახაობაზე დასწრებაა და ქალაქი არის დრამატული ნაწარმოები.  ამიტომაც მოგზაური, რომელიც ბრეხტის ოპტიკითაა აღჭურვილი, თავს დააღწევს ტურისტულ ლაბირინთს და ქალაქს შეიცნობს.

ანტონენ არტო თავის ტექსტში „თეატრი და მისი ორეული“ წერს სცენაზე რეალობის ისეთი ორეულის შექმნაზე, რომელიც თავად ამ რეალობაშია, მაგრამ მისი შემჩნევა შეუძლებელია.

ბათუმის ორეულის სანახავად, რომელიც თავად მასშია, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს,  ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში „ოცნების ქალაქში“ უნდა ვიმოგზაუროთ.

 აქ ერთ-ერთი მაყურებელი იმისთვის, რომ ბათუმში წავიდეს, ცენტრალურ მაგისტრალამდე  სამ-ოთხ  კილომეტრს გადის, მაგრამ ისევ აგრძელებს გზას, კიდევ თითქმის კილომეტრს გადის და მხოლოდ ამის შემდგომ აჩერებს ავტობუსს. ასეთ უცნაურ ქცევას მარტივი მიზეზი აქვს. მაყურებელს არ უნდა ავტობუსში მიუხვდნენ, რომ ,,ოცნების ქალაქიდანაა“. ასევე იქცევა ამ ქალაქში მცხოვრები ბავშვების უმეტესობა, რომლებიც სკოლაში წასასვლელად რამდენიმე კილომეტრს გადიან.  იქ კი საგულდაგულოდ მალავენ თავიანთ წარმომავლობას. 

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა თქმით, ბაღები უარს აცხადებენ მათი ბავშვების მიღებაზე. ბიუროკრატიულ ბარიერებთან ერთად (ბავშვები არსად არ არიან ჩაწერილი), ამის მიზეზი სხვა აღსაზრდელების  მშობლების დამოკიდებულებაა. ისინი ამბობენ, რომ არ სურთ მათმა შვილებმა „მოუწესრიგებელ“ ბავშვებთან ერთად ისწავლონ.

„ოცნების ქალაქი“ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაარსდა. ქალაქს ასე იმიტომ დაარქვეს, რომ ახალი მმართველი პარტიის დახმარების იმედი ჰქონდათ, თუმცა იქ დასახლებულების უმრავლესობას ხმის უფლება არ აქვს, რადგან ჩაწერილი არსადაა.

 ეკომიგრანტები და სხვა უსახლკაროები ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე შეიჭრნენ და დღემდე გაუსაძლის პირობებში, ნახევრად დანგრეულ უფანჯრო შენობებში ან ქოხებში ცხოვრობენ. გარშემო კი სრული ანტისანიტარიაა, ჭაობების და კანალიზაციის ნაერთში ბაყაყები და ქვეწარმავლები სახლობენ. თითქმის შეუძლებელია გადაადგილება. ბავშვებს არ აქვთ მცირე ადგილიც კი სათამაშოდ. ქალაქის მკვიდრები ჰყვებიან პოლიციის მხრიდან დამამცირებელ დამოკიდებულებაზე. ერთ-ერთმა ორმოც წლამდე კაცმა მიამბო, რომ პოლიციას, დიდხანს უმტკიცებდა, რომ ავადმყოფობის გამო არ შეეძლო მუშაობა. მათ კი არ სჯეროდათ და აგინებდნენ, უსაქმურობაში ადანაშაულებდნენ.

ოცნების ქალაქი ყველაზე მკაფიო მაგალითია სოციალური რასიზმის. მისი გააზრების გარეშე, სრულიად შეუძლებელია ბათუმის შესახებ სწორი წარმოდგენის შექმნა. ძლიერი ეკონომიკური უთანასწორობა ბათუმშიც თვალნათლივ ჩანს. ერთი მხრივ არის ქალაქის ცენტრი, სახელდახელოდ რეაბილიტირებული შენობებით, რომლებიც ტურისტების მოსაზიდად გალამაზდა. სულ ახლოს კი, გარეუბნებში უმუშევარი, ღარიბი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც უბრალოდ პასიური მაყურებლები არიან ქალაქის ყოველდღიურობის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ ბათუმში პოლიციური რეჟიმი ძლიერია. სხვანაირად წესრიგის შენარჩუნება გამორიცხულია. აქ მითხრეს, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ქალაქის ცენტრის პოლიციის განყოფილება გამოირჩევა. ეს მათ მიმართ პირდაპირ წამოსული ბრძანების შედეგია. არასასურველმა სტუმრებმა, გარეუბნებიდან, ან  მათ, ვისაც ქალაქის ცენტრში დასახარჯი ფული არ აქვთ, სამაგიეროდ კი დიდი შანსია, სასურველ სტუმრებს ხასიათი გაუფუჭონ, ქალაქის ელიტარულ  ზონაში დიდი დრო არ უნდა გაატარონ. ეს ამბავი ყველა გარეუბნელმა კარგად იცის. უნდა ითქვას, რომ აქ ელიტებს მთავარი ამბავი გამორჩათ: ზღვისპირა ქალაქში ზღვას ზუსტად ისეთი სუნი აქვს, როგორიც გარეუბნების ჯურღმულებშია.

მკაცრი ეკონომიკური უთანასწორობა ჩვენივე ცხოვრების პასიურ მაყურებლად გვაქცევს. ჩვენივე სახლში არასასურველი სტუმრები ვხდებით. ამ როლიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა, შეიცვალოს არა მხოლოდ ქალაქის შინაარსი, არამედ მისი წარმოების, შექმნის აპარატიც. მოქალაქეები არ ვართ მხოლოდ მაყურებლები, არც პერსონაჟები.  ჩვენ ქალაქის თანაავტორები უნდა გავხდეთ.

გაუცხოება კი არის ტექნიკა, რომელიც პირველ რიგში მშობლიური ქალაქში მოგზაურობისას არის სასარგებლოა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^