Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ID ბარათები: საფრთხე პირადი თავისუფლებისთვის

08 მაისი 2013

ID ბარათების იმ ფუნქციებს, რასაც ერთნი კომფორტისა და ეფექტურობის გამო მიესალმებიან, სხვები პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის პოტენციურ საფრთხედ განიხილავენ. 

ID ბარათების გარშემო საუბარი მესამე წელია არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი პირადობის ელექტრონული მოწმობების დანერგვის წინააღმდეგია. მათი აზრის შესწავლა და არგუმენტების მოსმენა იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ ახლახან დაიწყო. ამჟამად სამინისტროს დაკვეთით სოციალური კვლევისა და ანალიზის ცენტრი ID ბარათებისადმი მოსახლეობის განწყობის მასშტაბურ კვლევას აწარმოებს. თუმცა, იუსტიციის სამინისტრო ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მოწინააღდეგეთა არგუმენტებს ცოტა არ იყოს, პრიმიტიულად აღიქვამს. მაგალითად, ორიოდე კვირის წინ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვიდეორგოლში იუსტიციის სახლის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ID ბარათი ეშმაკის კოდს, ე.წ. `მხეცის ნიშანს“  666-ს არ შეიცავს და, შესაბამისად, ასეთი ბარათებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის სავსებით უსაფრთხოა.

რელიგიურ ჯგუფებში ID ბარათების გარშემო გარკვეული მისტიფიცირებული წარმოდგენები არსებობს. ID ბარათი ცალკეულმა სასულიერო პირებმა ქრისტიანულ მოძღვრებაში არსებულ ესქატოლოგიურ მოტივებს მოარგეს. აპოკალიფსური წინასწარმეტყველებების მიხედვით გამოცხადებულ ეშმაკის ბეჭედთან მისი იგივეობრიობის განცდაც ასე გაჩნდა. თუმცა სინოდის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ID ბარათებს `ანტიქრისტეს ბეჭდის“ შემცველად არ განიხილავს.

ამის მიუხედავად, საეკლესიო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ცალკეული მოქალაქეები, რომლებიც თავს რომელიმე რელიგიურ ჯგუფს არ მიაკუთვნებენ, კვლავ გამოდიან ელექტრონული პირადობის მოწმობის ალტერნატივის მოთხოვნით. სინამდვილეში მათი არგუმენტები არ შემოიფარგლება აპოკალიფსური წინასწარმეტყველებებით, როგორც ამას ტრადიციული მედია წარმოაჩენს და როგორც  იუსტიციის სამინისტრო განიხილავს.

ID ბარათი მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ელექტრონული ბარათია. საქართველოში პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული ბარათების გაცემა 2011 წლის აგვისტოდან დაიწყო და ამჟამად ასეთი ბარათით 700 000-მდე მოქალაქე სარგებლობს. ID ბარათი დღეისთვის უალტერნატივოა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობებისთვის ვადის გასვლის შემდეგ მოქალაქე ვალდებულია ის ID ბარათით ჩაანაცვლოს.

ID ბარათში მოთავსებულია ორი, კონტაქტური და უკონტაქტო ელექტრონული მატარებელი. კონტაქტურ მატარებელზე პირის პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ფოტოსურათი და ტელეფონის ნომერი ინახება, უკონტაქტო მატარებელზე კი სხვადასხვა სახის სერვისების მიბმა შეიძლება. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან სამადაშვილი, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს წინა მთავრობა ეტაპობრივად ID ბარათის ისეთი ფუნქციებით დატვირთვას აპირებდა, როგორიცაა  საბანკო პლასტიკური ბარათის ფუნქცია, სამგზავრო ბარათად გამოყენება და ა.შ. უკვე განხორციელდა ID ბარათისთვის სტუდენტური ბილეთის ფუნქციების მინიჭება.

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ზვიად სულაბერიძე აღნიშნავს, რომ ID ბარათი მნიშვნელოვნად ამარტივებს სხვადასხვა ბიუროკრატიულ პროცედურას, მისი მეშვეობით პიროვნების იდენტიფიცირება შესაძლებელია სწრაფად და დისტანციურად: ის იდენტიფიცირებულია მოქალაქის ხელმოწერასთან, რომელსაც რეესტრი უნივერსალურ კოდს ანიჭებს და რომელიც საბანკო ბარათის პინ კოდის მსგავსად, მხოლოდ მოქალაქემ იცის. შესაბამისად, პირს  საკუთარი ოფიციალური თანამონაწილეობით სხვადასხვა ოპერაციების ჩატარება, მაგალითად რაიმე მოწმობის, ან ნებართვის მიღება ინტერნეტის მეშვეობით დისტანციურად შეუძლია.

სულაბერიძე განმარტავს, რომ თითოეულ ID ბარათს სახელმწიფო ანიჭებს უნიკალურ ციფრულ კოდს, რომელიც პიროვნების ვინაობას შეესაბამება. ცალკეული ელექტრონული სისტემების მიერ ID ბარათის წაკითხვის შემდეგ სისტემა სწორედ ამ კოდს აღიქვამს და მის იდენტიფიცირებას შესაბამის მოქალაქესთან ახდენს.  ამგვარად, ცალკეულ უწყებაში შესასვლელად  მოქალაქეს შეუძლია საშვთა ბიუროში მოლოდინი თავიდან აიცილოს და საშვად  საკუთარი ID ბარათი გამოიყენოს, თუკი სისტემაში მისი  ბარათის კოდზე დაშვება წინასწარ განსაზღვრეს. ბარათის გამოყენება შეიძლება საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად ან სატრანსპორტო ბარათად _ ID ბარათი, სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია უნიკალური გადახდისა და მოხმარების ბარათად აქციოს, რომლის მეშვეობითაც სუპერმარკეტში შეძენილი პროდუქტების საფასურსაც გადაიხდის და საზღვარსაც გადაკვეთს.

თუმცა, ID ბარათების იმ ფუნქციებს, რასაც ერთნი კომფორტისა და ეფექტურობის გამო მიესალმებიან, სხვები პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის პოტენციურ საფრთხედ განიხილავენ.

ID ბარათისთვის ამგვარი ფუნქციების მინიჭების შემთხვევაში მოქალაქე საკუთარი ყოველდღიური აქტივობის ელექტრონულ კვალს ტოვებს. ამ ინფორმაციაზე კი სახელმწიფოს ხელი მარტივად მიუწვდება. `საუბარი იყო ბარათებისთვის 100-მდე სერვისის მიბმაზე. ამ ინფორმაციით ადამიანის  შესახებ ყველაფრის გაგება შეიძლება: არა მხოლოდ მისი პირადი ნომრისა და ოჯახური მდგომარეობის, რაც სახელმწიფომ მანამდეც იცოდა, არამედ რა ხელფასი აქვს, სად ხარჯავს, რა სახელშეკრულებო ვალდებულებები აქვს, სად იკვებება, სად ისვენებს, ოჯახთან ერთად იმყოფება თუ არა და ასე შემდეგ. რეალურად, ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას,“ _ ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე. ის ID ბარათების სხვადასხვა ფუნქციით გამოყენების შეთხვევაში პერსონალური მონაცემების დაცვაში სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. თუმცა, მიაჩნია, რომ საქართველოში რთული წარმოსადგენია, სახელმწიფო აპარატის დამკომპლექტებელმა ჯგუფებმა ამ ინფორმაციით ბოროტად არ ისარგებლონ და ეს ინფორმაცია საკუთარი მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

"საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვა არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს ზრუნვის ობიექტი. ჩვენ გვინახავს ფარული ჩანაწერები, მოსმენები და ა.შ. ცხადია, სახელმწიფო სტრუქტურებს მოგროვილი ჰქონდათ იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც ჩვენ ვიცოდით. ამიტომ ასეთი სიახლის დანერგვა ჩვენი ქვეყნისთის  სერიოზული გამოწვევაა. ეს გამოწვევაა ჩვენთვის კი არა, ევროპის ქვეყნისთვისაც,“- ამბობს მენაბდე და მიიჩნევს, რომ ასეთ ბარათებს ალტერნატივა უნდა ჰქონდეს მათთვის, ვისაც ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების სანაცვლოდ საკუთარი პირადი ინფორმაციის სახელმწიფოსთვის ნდობა არ სურს.

ID ბარათების კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, სტუდენტი თორნიკე ჩივაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი სიახლეები, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ინერგება, სახელმწიფოსა და მსხვილი კერძო კაპიტალის ინტერესს ემსახურება. `სახელმწიფო და კაპიტალიზმი ინტეგრირებული დახვეწილი თვალყურის მექანიზმებს მოითხოვს, რომლის ბიუროკრატიული გამართლებაც  კომფორტულობაა. კონტროლის ამ მექანიზმებს ვერ გაექცევი, თუ არ გსურს ცხოვრების მიღმა დარჩე. ეკლესია კი საკითხის მისტიფიცირებას ახდენს, რაც განსაკუთრებით უარყოფითად  დაბალი სოციალური ფენის პოლიტიკურ შეგნებაზე მოქმედებს. საკითხის ასეთი ინტერპრეტაციები პრობლემების სოციალურ საზრისს ფარავს და თვალთვალის უარყოფის მოთხოვნის ნაცვლად ეშმაკთან ბრძოლას ცდილობენ.“- ამბობს სტუდენტი.

მოქალაქის კონტროლისთვის სახელმწიფოს მიერ ID ბარათების გამოყენება ზვიად სულაბერიძეს არადამაჯერებლად ეჩვენება. "სახელმწიფოს სხვა ბევრი საშუალებაც აქვს გააკონტროლოს, სად იყავი და ახლა სად ხარ. მაგალითად, მობილური ტელეფონი“, _ ამბობს სულაბერიძე და ელექტრონული ბარათებისადმი ნეგატიურ განწყობას ინფორმაციის ნაკლებობითა და ახალი ტექნოლოგიებისადმი შიშით ხსნის. თუმცა, რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ  ID ბარათების გატეხვა და ინფორმაციის შეცვლა არ შეიძლება, არ ეთანხმება. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ არჩევანი ჩიპების პროგრამირებისთვის შედარებით იაფი სტანდარტის პროგრამაზე შეაჩერა, რომლის გატეხვაც შესაძლებელია. ამის გაკეთება ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეუძლია, მაგრამ სპეციალური მოწყობილობის შემთხვევაში, რაც  ათას დოლარზე მეტი ჯდება,  შესაძლებელია, _ ამბობს სულაბერიძე. ამის მიუხედავად, ბარათის გატეხვის საფრთხეც სპეციალისტს არარეალურად მიაჩნია _ იმის გარდა, რომ მსგავსი ფაქტების აღმოჩენა იოლად შეიძლება და დასჯადია, ბარათის გატეხვით მოქალაქე მოტივაციისთვის საკმარის სარგებელს ვერ მიიღებს.

იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების დანერგვის ერთ-ერთ მიზნად ევროკავშირთან ინტეგრაციასა და ვიზალიბერალიზაციას ასახელებს. ამისთვის კი მნიშვნელოვნად პირადობის მოწმობების დაცვის მაღალ ხარისხსს მიიჩნევს.  თუმცა, სინამდვილეში ევროპასთან მიმოსვლის გაადვილება და ვიზალიბერალიზაცია ქვეყნის შიგნით ასეთი პირადობის მოწმობების დანერგვის ვალდებულებას არ გულისხმობს.

ევროპის ქვეყნებში ბიომეტრიული მონაცემების პასპორტებში შეტანის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2004 წელს ამერიკის კატეგორიული მოთხოვნის შედეგად მიიღო, რაც ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიით იყო დასაბუთებული. ამის მიუხედევად, ევროკავშირის გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებს არ ავალდებულებს ბიომეტრიული მონაცემები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში შეიტანონ. გადაწყვეტილება მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით გაცემულ პასპორტებსა და სამგზავრო დოკუმენტებზე მოქმედებს და არა ქვეყნის შიგნით მოქმედ პირადობის მოწმობებზე. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი უნიკალური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის ვალდებულება კი მოქალაქეებს არ აქვთ.

რაც შეეხება საქართველოს, იუსტიციის სამინისტრო "განმანათლებლური“ ხასიათის ვიდეორგოლების გავრცელების პარალელურად,ID ბარათების პოლიტიკაზე მუშაობასაც აგრძელებს. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სამინისტრო მას შემდეგ მიიღებს, რაც მოსახლეობის აზრის შემსწავლელი კვლევა დასრულდება. ის საზოგადოებას ჰპირდება, რომ ID ბარათებისადმი განსხვავებული ფუნქციების მიბმა ისევ ნებაყოფლობითად დარჩება, წინა მთავრობის მიერ მისანიჭებელი ფუნქციები დეტალურად განიხილება და მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.

ID ბარათებისა და მათი ალტერნატივის დასაშვებობის საბოლოო ბედი ცნობილი ზაფხულისთვის გახდება. ბარათების უალტერნატივოდ დანერგვისა და ფუნქციური გამდიდრების შემთხვევაში სახელმწიფოს პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიების შემოთავაზება მოუწევს.  მანამდე კი, სპეციალურ დამცავ ბადეში მოთავსებული ID ბარათები ძველებური ლამინირებული პირადობის მოწმობებისგან დიდად არ განსხვავდება. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^