Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განქორწინებული ქალების ბრძოლა გადარჩენისთვის - „ჩვენ თანამედროვე მონები ვართ”

02 ოქტომბერი 2017

ადრეულ ასაკში დაქორწინებული ეთნიკური აზერბაიჯანელი გოგონების ნაწილი საშუალო განათლებასაც კი ვერ იღებს და ფინანსურად სხვაზე დამოკიდებული ხდება. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება მაშინ, როცა ოჯახი ინგრევა და ქალი შვილებთან ერთად დახმარებისა და ალიმენტის გარეშე რჩება.

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრები გულშენ ნურმამადოვა 15 წლის ასაკში მოიტაცეს, მაშინ, როცა ჯერ ისევ სკოლაში სწავლობდა. მეუღლის ოჯახმა სწავლის გაგრძელების უფლება აღარ მისცა. ახლა ის 4 შვილის მარტოხელა დედაა, გულშენს კი არც განათლება აქვს და არც სპეციალობა და პროფესია.

„მეოთხე შვილზე ვიყავი ორსულად, როცა ქმარმა ჩემი მოკვლა სცადა. ამბობდა, რომ ჩვენი რჩენა აღარ შეეძლო. თვითონ ოჯახის გარეთ იკვებებოდა, მე ბავშვებისთვის გამხმარ პურს ვალბობდი, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, ხელებშეკრული ჩაკეტილ ოთახში რომ დამტოვა და წავიდა. სიკვდილისგან რძალმა მიხსნა, ქმარი კი მას შემდეგ აღარ მინახავს. ვიცი, რომ მუშაობს, მაგრამ ბავშვებს ალიმენტს არ უხდის”, - აცხადებს გულშენი.

ახლა შვილებთან ერთად ის სარდაფში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. მანამდე ერთი წელი თავლაში ცხოვრობდა. მეჩეთი დაეხმარა, შვილებისთვის საწოლები რომ ეყიდა. „ჯერ უმცროს მაზლთან ვცხოვრობდი, შემდეგ უფროსთან. ორივემ გამოგვყარა. ჩემი ძმაც არ მღებულობს. მითხრა, რომ თუ ბავშვებს დავტოვებ, მხოლოდ მაშინ შევძლებ მშობლების სახლში დაბრუნებას. შვილები როგორ უნდა მივატოვო? ძალიან გვიჭირს. ვცდილობ, დღიური სამუშაო მოვძებნო. ერთხელ თურქეთშიც ვიყავი თხილის საკრეფად. დიდი ხნით წასვლა და ყოველდღიურად მუშაობა არ შემიძლია, რადგან ერთ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ ვტოვებ. ყოფილი ქმარი არ მეხმარება”, - ამბობს გულშენი.

15 წლის ასაკში მოიტაცეს მარნეულში მცხოვრები ხაიალა ნასაბოვაც. ის  მეუღლესთან მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვეს, რადგან ქმარმა მის ოჯახს გამოსასყიდი გადაუხადა. ახლა მას ორი შვილი ჰყავს. ხაიალას ქორწინების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი არ აქვს:  „მამაკაცების ნაწილი უარს ამბობს ოფიციალურ ქორწინებაზე, გაყრის შემთხვევაში ცოლმა ქონებიდან წილი რომ არ მოითხოვოს. კაცს შეუძლია ცოლს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით გაეყაროს. შეიძლება ცოლის ნათქვამი ერთი სიტყვა არ მოეწონოს და სახლიდან გააგდოს: ჩვენ თანამედროვე მონები ვართ. მეუღლემ ორ შვილთან ერთად მიმატოვა და თურქეთში წავიდა, მე  წასასვლელი არსად მაქვს და არც არავინ მეხმარება”.

ხაიაილა ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის მიუხედავად, მამამისი საკუთარ საქციელს დღემდე არ ნანობს და ეუბნება, რომ ეს ალბათ, მისი ბედისწერა იყო. მეტიც: კატეგორიულად აფრთხილებს, რომ სახლში, მშობლებთან დაბრუნებაზე არც იფიქროს.

ალიმენტს მამისგან ვერც მადინა ბაირამოვას შვილი იღებს. მადინა იხსენებს, რომ ერთ დღეს მას მეუღლემ გონების დაკარგვამდე სცემა. როცა გრძნობაზე მოვიდა, ქმარი მისთვის ცხვირის მოჭრას ცდილობდა. მადინამ გაქცევა მოახერხა და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. „თავიდან მშობლები მეხმარებოდნენ. მას შემდეგ, რაც მამა დამეღუპა, ძალიან მიჭირს. მეუღლე წელიწად-ნახევარზე მეტია, ალიმენტს აღარ იხდის”, -  ამბობს მადინა.

„ქვემო ქართლში, სადაც ტრადიციები ძალიან მყარად არის ფესვმოკიდებული, ნაადრევი ქორწინების შემთხვევები ისევ ხშირია. გათხოვილი გოგონები ოჯახის ზეწოლის შედეგად უარს ამბობენ სკოლის დამთავრებაზე და განათლებას ვერ იღებენ, შემდეგ კი გაუნათლებლობის თანმდევ უარყოფით შედეგებს იმკიან, - ამბობს გულთეკინ მუსტაფაევა, „საქართველოს აქტიურ ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარე, - ქალები, რომლებიც ოჯახურ ძალადობას განიცდიან, ხშირად უარს ამბობენ ოფიციალურ განქორწინებაზე, რადგან ქმარზე ან მის ოჯახზე არიან ფინანსურად დამოკიდებული. განქორწინების შემთხვევაში კი მათი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. განათლების არმქონე, განქორწინებული ქალების ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლას ემსგავსება“.

ომბუდსმენის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ოჯახის შექმნის მიზეზით სწავლა 13-დან 17 წლამდე ასაკის  408 მოსწავლემ შეწყვიტა; ხოლო 168 შემთხვევაში სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა მოქალაქემ დაანება.

თუმცა, სავარაუდოდ, ეს მონაცემები ზუსტი არ არის და ვითარება კიდევ უფრო დრამატულია. როგორც გაირკვა, ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში, სადაც ყველაზე ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინება, სკოლის პედაგოგები და დირექტორები არ აწარმოებდნენ სტატისტიკას, რამდენმა მოსწავლემ დაანება თავი სკოლაში სიარულს ოჯახის შექმნის გამო.

გაერო-ის მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 15-19 წლის ასაკში დაქორწინებულ ქალთა 49 პროცენტს განათლება არ აქვს მიღებული. მათ 34 პროცენტს აქვს მხოლოდ დაწყებითი სასკოლო განათლება, საშუალო და უმაღლესი განათლება კი მხოლოდ 7.1 პროცენტს აქვს.

ამავე დროს 18 წლამდე დაქორწინებულ ქალთა 29,1 პროცენტი ყველაზე ღარიბი ფენის წარმომადგენელია, 21 პროცენტი საშუალო სიღარიბის მქონე ფენას წარმოადგენს, ხოლო 18.3 პროცენტი - საშუალო შემოსავლის მქონეთა კლასს.

არასამთავრობო ორგანიზაციის - „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი” - იურისტი, სალომე მეზურნიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ალიმენტი ძლიერი სამართლებრივი ბერკეტი არ არის და ხშირად აღსრულების ეროვნული ბიუროც კი უძლურია, რომ ურჩ და არაკეთილსინდისიერ მშობელს ალიმენტის გადახდა აიძულოს: „აღსრულების ეროვნულ ბიუროს  წარმოებაში აქვს რამდენიმე ასეული ისეთი საქმე, სადაც ალიმენტი არცერთხელ არ არის გადახდილი. 2017 წლის მაისისთვის, ბიუროში ასეთი 692 საქმე იყო. ალიმენტის გადახდისგან თავის არიდების ბევრი გზა არსებობს. განსაკუთრებით ხშირია ანაზღაურების ხელზე აღება, როდესაც არ ჩანს მოვალის საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვა ან თანამშრომელთან მოლაპარაკების შემდეგ ალიმენტდაკისრებული პირის კუთვნილი ხელფასი სხვის ანგარიშზე ირიცხება; ასევე, საცხოვრებელი მისამართის შეცვლა და ქვეყნიდან გასვლა. არც თუ ისე ცოტაა შემთხვევა, როდესაც მოვალისგან ვერ ხდება თანხის ამოღება, ვინაიდან ის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ირიცხება. ალიმენტი არ არის ისეთი მყარი სამართლებრივი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ყველა მარტო დარჩენილი მშობელი გარანტირებულად შეძლებს საკუთარი უფლებების რეალიზებას და მეორე მშობელს ბავშვის აღზრდაში მატერიალური მონაწილეობის მიღებას აიძულებს”.

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის”  იურისტი მიიჩნევს, რომ იმ მარტოხელა მშობლებს, რომლებსაც საკუთარი შემოსავალი არ აქვთ და ვერც ბავშვის კუთვნილ ალიმენტს იღებენ, ფინანსურად სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.

ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^