სიტყვა “კოჰაბიტაციის” მნიშვნელობა დღეს თითქმის ყველამ იცის - არჩევნებში გამარჯვებულ და დამარცხებულ ძალებს შორის „თანაარსებობა“ პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. თუმცა, მანამდე იყო არჩევნები - მკვეთრად დაძაბული გარემოთი, პრინციპით: “ბრძოლა წესების გარეშე”.
საკანონმდებლო ცვლილებები
ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციაში მოსვლის შესახებ განცხადება პირველად 2011 წლის 5 ოქტომბერს გააკეთა. ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მხრიდან დაუყოვნებლივ დაიწყო. 11 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს მოულოდნელად მოქალაქეობა შეუწყდა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მან „საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა მოიპოვა. საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას”. სასამართლოს გზით ივანიშვილმა მოქალაქეობა ვერ აღიდგინა. სამაგიეროდ, თემის ირგვლივ ატეხილი ხმაურის შემდეგ, პარლამენტმა ცვლილებები მიიღო. ცვლილებები „საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს უფლებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“. მმართველის პარტია არ მალავდა, რომ ცვლილებები ივანიშვილს მოარგო.
ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აღუდგა.
ბრძოლის იარაღად საკანონმდებლო ცვლილებების ციკლიც იქცა. 28 ოქტომბერს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონსა" და საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, ბანკისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გირავნობა (იპოთეკით) უზრუნველყოფილი ქონებით პირველ რიგში სახელმწიფო უნდა დაკმაყოფილებულიყო. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო მოთხოვნის საფუძვლები უფრო ადრე იყო წარმოშობილი, ვიდრე ბანკის მიერ უძრავი ქონების იპოთეკის რეგისტრაცია. ცვლილებებამდე სახელმწიფოს ნაცვლად ჯერ ფინანსური ინსტიტუტების წინაშე წარმოშობილ დავალიანებას ენიჭებოდა პრიორიტეტი.
ცვლილებები სპეციალურად „ქართუ ბანკისთვის“ მიიღეს და მხოლოდ მასზე გავრცელდა. 2012 წლის აპრილში კანონი ისევ შეიცვალა და პირვანდელი სახე დაიბრუნა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, ბანკმა 114 მილიონ დოლარზე მეტი იზარალა.
მიუხედავად „ქართუს“ პროტესტისა, გამოძიება ამ საკითხით მხოლოდ არჩევნების შემდეგ დაინტერესდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების სქემა გაშიფრა.
გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი სქემა "ბანკი ქართუს" გაკოტრებისკენ იყო მიმართული. სქემაში კი შეთანხმებულად, ორგანიზებულად მოქმედებდნენ ბიზნესმენები და ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი - კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებითა და ქვედანაყოფებით. გამოძიების მიხედვით, სქემაში ჩართული ადამიანების ნაწილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაულებრივი სქემის შესახებ ჩვენება მისცა.
2013 წლის 21 დეკემბერს კი კომერციულმა ბანკებმა „ქართუ ბანკს“ ერწლიანი დაგვიანებით მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა კონკრეტულად ერთ კომერციულ ბანკს, "ბანკ ქართუს". ხსენებულმა საკანონმდებლო ცვლილებმა საფრთხე შეუქმნა როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
“პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი
28 დეკემბერს პარლამენტმა ერთდროულად დაამტკიცა ცვლილელებები „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში;
„მანამდე ამ კანონის სხვა ვერსიაზე მიმდინარეობდა მუშაობა. ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ კი მოულოდნელად მივიღეთ გაცილებით უფრო მკაცრი და შემზღუდავი კანონი“, - ამბობს ლევან ნატროშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსების მონიტორინგის პროექტის ხელმძღვანელი.
განსაკუთრებით საკამათო კანონში დამატებული 26-ე პრიმა მუხლი აღმოჩნდა. მუხლი პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილ შეზღუდვებს პარტიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზეც ავრცელებდა. ეს ნიშნავდა, რომ პარტიის მსგავსად, პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზეც მთელი რიგი შეზღუდვები გავრცელდა: ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობა, სესხისა და კრედიტის აღება, არასამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი კი 60 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდა.
მუხლის მიხედვით, შეზღუდვა ეხებოდა იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულები არიან პოლიტიკურ პარტიასთან, იმყოფებიან პარტიის კონტროლის ქვეშ, ან აქვთ განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. ასევე იურიდიულ პირებს, რომელიც „წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ, ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ".
პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები ეხება იმ ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც აქვთ განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები. ასევე, მასთან დაკავშირებული ან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორის ლელა ტალიურის თქმით, კანონი ბუნდოვანი იყო და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.
„მაგალითად, არ იყო განმარტებული რას ნიშნავდა პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება. მუხლს, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდა - ნებისმიერი არასამთავრობო ან მედია ორგანიზაცია პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიეჩნიათ მხოლოდ იმის გამო, რომ მისი რომელიმე წევრი/წარმომადგენელი რომელიმე პარტიის მხარდამჭერ მოსაზრებას გამოთქვამდა“, - ამბობს ლელა ტალიური.
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ. მისი შეფასებით, კანონი „არათანაბარ პოლიტიკურ პირობებს ქმნის".
ცვლილებებმა საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია და კამპანია „ეს შენ გეხება“ შეიქმნა. კამპანიის აქტიურობის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა, გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. მაისში “პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ” კანონში ცვლილებები კვლავ შევიდა, მათ შორის, დააზუსტეს 26 პრიმა მუხლიც.
კონტროლის პალატა
აქტუალური იყო ჯარიმების თემა. ცვლილებების მიხედვით, უკანონო შემოწურულების განხორციელების შემთხვევაში, შემომწირველი უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით ისჯებოდა, რაც, არასამთავრობოების თქმით, უპრეცედენტოდ დიდი თანხა იყო.
მოგვიანებით, “ეს შენ გეხება” კამპანიის აქტიურობით, ჯარიმების რაოდენობა ათმაგიდან ხუთმაგამდე შეამცირეს. თუმცა, კონტროლის პალატას სანქცია სამჯერ უკვე გამოყენებული ჰქონდა, სამივეჯერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ახალი კანონის მიხედვით, პარტიების ფინანსების კონტროლი კონტროლის პალატის აუდიტის სამსახურს დაევალა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ, კონტროლის პალატა „ქართულ ოცნებას“ მიზანმიმართულად, დაუსაბუთებლად და რაც შეიძლება დიდი თანხებით აჯარიმებდა.
„ჩვენ ვესწრებოდით პროცესებს. მახსოვს, იყო შემთხვევები, რომ ბრალდების მხარეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ თითქმის არ ჰქონდა მტკიცებულებები. ხშირად საქმეები აბსურდულიც კი იყო, მაგრამ სასამართლო მაინც იზიარებდა კონტროლის პალატის არგუმენტებს და “ქართულ ოცნებას” კოლოსალური თანხებით აჯარიმებდა“, - ამბობს ლელა ტალიური.
მაგალითად, ერთ-ერთი საქმე კახი კალაძესა და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ უკანონო შემოწირულობას ეხებოდა. აუდიტის სამსახური ამტკიცებდა, მათ მიერ საკუთარი ანგარიშებიდან განაღდებული რამდენიმე მილიონი, შესაძლოა, უკანონოდ იქნა გამოყენებული მათი პოლიტიკური საქმიანობისთვის. თუმცა, საიას განცხადებით, ბრალდების მხარე ვერ ასაბუთებდა, კონკრეტულად, რა სახის უკანონო შემოწირულობაზე იყო საუბარი. მიუხედავად ამისა, კახა კალაძისათვის დაკისრებულმა ჯარიმამ 16 944 960 ლარი, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებულმა ჯარიმამ 20 243 827 ლარი შეადგინა.
კონტროლის პალატის მონაცემებით, საბოლოო ჯამში, აუდიტის სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის, კახი კალაძის და “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების შემომწირველების მიმართ გამოყენებულმა საჯარიმო სანქციამ 117 572 000 ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველების მიმართ გამოყენებულმა საჯარიმო სანქციამ - 1 383 000 ლარამდე.
საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთოს დასკვნის მიხედვით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სულ 978 შემოწირულობა მიიღო, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 20 701 000 ლარს. ოცნების კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ჯამში სულ 1433 შემოწირულობა მიიღეს, რომელთა საერთო ოდენობა 3 440 000 ლარს შეადგენდა. მიუხედავად სოლიდური შემოწირულობისა, აუდიტის სამსახურს ნაციონალური მოძრაობის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუჩენია.
წინასაარჩევნოდ, 2012 წლის 8 სექტემბერს, ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს 11 ქალაქში ყრილობა გამართა. აუდიტის სამსახური ფაქტით არ დაინტერესებულა. საკითხის შესწავლა პროკურატურამ მხოლოდ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ დაიწყო. გამოძიების მასალების მიხედვით, ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნოდ „შავი ხვრელებით“ სცადა მიკროავტობუსების მომსახურებისა და საწვავის თანხის დაფარვა. სქემაში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირები, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერის მოადგილეც.
აუდიტის სამსახურმა უკანონოდ შემოწირულობის ფაქტები დაადასტურა. თუმცა, “ნაციონალურ მოძრაობას” ჯარიმა არ გადაუხდია. 2012 წლის 19 დეკემბერს მიღებული ამნისტიის აქტის შედეგად, წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ქმედებისთვის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" გათვალისწინებული სახდელი გაუქმდა.
ამომრჩეველის მოსყიდვა
2011 წლის დეკემბერში ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ცვლილების მიხედვით, იმ ამომრჩევლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც პოლიტიკური პარტიისგან ან მასთან დაახლოებული ფიზიკური და იურიდიული პირისგან საჩუქარს მიიღებს, ან მოითხოვს. საჩუქრის გამცემსაც და მიმღებსაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება. ეს ნორმა არამარტო წინასაარჩევნო პროცესზე ვრცელდებოდა. ამ ცვლილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდებმა “ატუმ” და “ქართუმ” ფუნქციონირება თითქმის შეწყვიტეს.
კანონში მოგვიანებით შესული ცვლილებების მიხედვით, მხოლოდ საჩუქრის მოთხოვნის შემთხვევაში პირის დასჯა აღარ მოხდებოდა.
პარტიების დაფინანსება
ჯერ კიდევ 2011 წლის ივლისში, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო შემოწირულობების კანონით დაშვებული ლიმიტი გაორმაგდა. ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიისათვის ყოველწლიურად ფიზიკურ პირს შეეძლო გადაერიცხა არაუმეტეს 60 000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირს - არაუმეტეს 200 000 ლარისა.
თუმცა, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, მოულოდნელად იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტში „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" შეტანილი კანონპროექტით, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალათ, ხოლო ფიზიკური პირებისთვის ლიმიტი 60 ათასი ლარი უცვლელი დარჩა.
მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამით შემცირდებოდა ბიზნესის პოლიტიკაზე და, პირიქით, პოლიტიკის ბიზნესზე ზეგავლენა. ხელისუფლებაში მიაჩნდათ, რომ ასე უფრო ადვილი იყო უცხო ქვეყნის ბიზნესის გავლენის შემცირება ქართულ პოლიტიკაზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით საიამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" სპეციალური განცხადება გაავრცელეს. მათ ეჭვი გამოთქვეს, რომ შესაძლოა, აღნიშნული ცვლილება ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს, ანუ პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლას უკავშირდებოდეს.
მედია
ექსპერტები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად პოლარიზებულ მედიაგარემოს ასახელებენ.
„ტელევიზიები - ერთ მხარეს “იმედი”და “რუსთავი 2”, ხოლო მეორე მხარეს “მაესტრო” და “მეცხრე არხი” - ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რომ, ფაქტობრივად, „ორი საქართველო“ იყო, - ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.
იმისათვის, რომ მედიაგარემო დაბალანსებულიყო და ადამიანებს შედარებით მრავალფეროვანი ინფორმაცია მიეღოთ, „ეს შენ გეხება“ კამპანიამ „მასთ ქერისა“ და „მასთ ოფერის“ პრინციპების დაკანონება მოითხოვა. ინიციატივის მიხედვით, საკაბელო კომპანიები ვალდებულები უნდა ყოფილიყვნენ, ჩაერთოთ ყველა საერთო მაუწყებელი. ასევე, „მასთ ოფერის“ პრინციპის ამოქმედება არ მისცემდა საშუალებას ტელეკომპანიებს, გასულიყვნენ საკაბელო კომპანიების მომსახურებიდან. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური იყო იმ ფონზე, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“, რომელიც ბიძინა ივანიშილის ცოლის საკუთრებაში იყო, მხოლოდ ერთმა საკაბელომ - „გლობალ ტივიმ“ ჩართო. “გლობალ ტივი” ბიძინა ივანიშვილის ძმის მფლობელობაშია. თვითონ „გლობალ ტივის“ კი ტელეკომპანია „იმედმა“ და “რუსთავი 2”-მა პაკეტიდან საკუთარი თავი ამოაღებინა. მმართველი პარტია თავდაპირველად კანონის მიღების წინააღმდეგი იყო.
ზვიად ქორიძის თქმით, ცვლილებების მიღებას საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობამ შეუწყო ხელი.
„უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტულ გარემოს, სიღრმეს და ინფორმაციის მასშტაბს, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის მოქალაქეებისთვის, მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებში, არის ის, რასაც ჩვენ „მასთ ქერის“ ვუწოდებთ,“ - აღნიშნა გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ ნაწილობრივ დათმო და ცვლილებები მხოლოდ არჩევნებამდე დაუშვა.
„მმართველმა პარტიამ გათვალა და დაინახა, რომ ამ გზით დამატებითი ინფორმაცია დაახლოებით 200 - 300 ათას აბონენტს მიეწოდებოდა. საკაბელოები ძირითადად დიდ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებშია. ამიტომ ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, ჩაეკეტა არხები, რომლითაც პოლიტიკური ოპოზიცია ინფორმაციის მიწოდებას შეძლებდა, თუნდაც, სოფლებში“, - ამბობს ზვიად ქორიძე.
ინფორმაციის მიწოდების “ჩასაკეტად” კი ანტენების დაყადაღება გადაწყდა. მანამდე კომპანია “გლობალ ტივიმ” ქვეყანაში ანტენების შემოტანა და მოსახლეობისთვის მისი დარიგება დაიწყო. ბიზნესგეგმის მიხედვით, მომხმარებლები ანტენების ღირებულების გადახდას 1 წლის შემდეგ, ეტაპობრივად შეძლებდნენ, თუმცა პროკურატურამ ანტენები მილიარდელი ბიზნესმენის საჩუქრად ჩათვალა და დააყადაღა.
ამის შემდეგ, აუდიტორიის გაფართოების მიზნით, ანტენები ტელეკომპანია “მაესტრომ” შემოიტანა, თუმცა, პროკურატურამ ეს ანტენებიც „დააკავა“. ორივე ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა „უკანონო“ უწოდა.
ზეწოლა იყო ჟურნალისტებზეც. “ინფო 9” (ერთ-ერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა) წინასაარჩევნო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სააგენტოს ჟურნალისტები რეგიონში არსებულ სიტუაციას აქტიურად აშუქებდნენ. თუმცა, გარდა ფიზიკური ძალადობის შემთხვევებისა, მათზე ფსიქოლოგიური ძალადობაც ხდებოდა. მოულოდნელად, ალტერნატიული საინფორმაციო სააგენტო შეიქმნა. მათი ჟურნალისტები “ინფო 9”-ის ჟურნალისტებს კამერებით დაყვებოდნენ, განუწყვეტლივ უღებდნენ, სხვადასხვა კითხვას უსვამდნენ დამფინანსებლის, პირადი ცხოვრების შესახებ და ცდილობდნენ, რომ მუშაობის საშუალების საშუალება არ მიეცათ.
“ფაქტები ცდებოდა უცნობი პირების გამოხატვის თავისუფლებას და შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. ისინი “ინფო 9”-ის ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში”, - ამბობს საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნოდ მედიის საქმიანობაში ხელის შეშლად ცესკოს მიერ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიღებულ დადგენილებასაც ასახელებენ, რომელიც საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღებას ზღუდავდა.
ადმინისტრაციული რესურსი ხარჯვა
იმის პარალელურად, რომ „ქართული ოცნებისთვის“ თითქმის ყველაფერი აკრძალული იყო, სპეციალისტების თქმით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსსაც აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნების განსახორციელებლად.
მაგალითად, წინასაარჩევნოდ დაიწყეს ისეთი პროგრამების განხორციელება, როგორიცაა სოფლებში 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგება, არჩევნებამდე ორი თვით ადრე სადაზღვევო პაკეტები პენსიონერებისთვის, სტუდენტური დასაქმება.
ლელა ტალიურის თქმით, მსგავსი პროგრამების განხორციელება, რაც წინასწარ დაგეგმილია ბიუჯეტით, უკანონო არ არის. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი ეფექტიანობის საკითხი, ვინაიდან, როგორც წესი, ასეთი მოკლევადიანი პროექტები, ძირითადად, „მოსყიდვისა და გულის მოგებაზეა ორიენტირებული.“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, ხელისუფლება იყენებდა ისეთ ინსტიტუციურ რესურსებს, როგორიცაა საჯარო მოხელეებისა და ტრანსპორტის დახმარებით პარტიული ამოცანების გადაჭრა. აგრეთვე: „საჯარო მოხელეები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ეწეოდნენ აგიტაციას, რაც კანონით აკრძალულია. ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს კანონების მიზანმიმართული შეცვლა, სასამართლო ხელისუფლებისა და კონტროლის პალატის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებებიც.“
არაერთხელ გაკეთდა განცხადება სოციალური რეკლამების პარტიული მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით. ლევან ნატროშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მკვეთრად განსაზღვრავს, რა არის სოციალური რეკლამა, წინასაარჩევნოდ მათ პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
“მსგავსი რეკლამები, როგორც სოციალურ რეკლამა, სამინისტროს ბიუჯეტიდან ფინანსებდებოდა. შემდეგ კი მათ შეღავათიან ფასებში ან უფასოდ ანთავსებდნენ საზოგადოებრივ ან კერძო მაუწყებლებზე, რითაც მმართველი პარტია თანხებს ზოგავდა”, - ამბობს ლევან ნატროშვილი.
ადამიანის უფლებები
ადამიანის უფლებები ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად ითვლებოდა წინასაარჩევნოდ: თავდასხმა ჟურნალისტებზე, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში ასეთი 45 ფაქტი მოხვდა), წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების ადმინისტრაციული წესით დაკავება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლის პირველი აგვისტოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სავარაუდოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების დაშინების 12 ფაქტი, ხოლო ოპოზიციის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებს 5 ფაქტი გამოავლინა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინაასაარჩევნო პერიოდი მკვეთრად უკანონოდ და უთანასწოროდ შეაფასა.
“საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უხვი კომპრომატებით დაპირისპირების, მრავალრიცხოვანი კანონდარღვევების, სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების, ძალადობრივი და აგრესიული შეჯახებების ფონზე. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკურენცია მიმდინარეობდა არა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ, სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის, რაც განპირობებული იყო მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ორგანოების ადმინისტრაციულ ფუნქციებს შორის ზღვრის არარსებობით“ - ნათქვამია საიას წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში.
შიშის ფაქტორი
მძიმე დაპირისპირების პარალელურად, მმართველი პარტია სოციოლოგიურ კვლევებშიც ლიდერობდა. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევები იყო. ორგანიზაციამ ერთ-ერთი ბოლო კვლევა არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ჩაატარა, სადაც მმართველი პარტია მნიშვნელოვნად ლიდერობდა (ნაციონალური მოძრაობა - 37 %, ქართული ოცნება-12%).
„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობა მოიგებდა არჩევნებს. ჩვენ ცალსახად ვამბობდით, რომ არჩევნების ბედს ხალხის ის დიდი ნაწილი გადაწყვეტდა, რომელსაც თავისი პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია, ან ჩამოუყალიბებია, მაგრამ არ უნდა, პასუხი გაგცეს კითხვაზე,“ - ამბობს დღეს ლუის ნავარო.
იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც კითხვაზე პასუხის გაცემა არ უნდოდა, საკმაოდ დიდი იყო: 22% - არ ვიცი, 21 % - უარი პასუხზე.
ლუის ნავაროს თქმით, იმის პროგნოზირება, თუ ვის უჭერდა ეს ხალხი მხარს, თითქმის შეუძლებელი იყო.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კი NDI-ის კვლევის მეთოდოლოგიას უწუნებს. ის წინასაარჩევნოდ რამდენიმე კვლევაში იყო ჩართული. კაჭკაჭიშვილის თქმით, რესპონდენტებს კითხვარიდან კითხვას კი არ უნდა უკითხავდნენ, არამედ საშუალებას უნდა აძლევდნენ ფარულად, თავისით გააკეთონ არჩევანი - როგორც არჩევნებზე ხდება. მათთვის უნდა მიეცათ საშუალება, ბიულეტენში სასურველი კანდიდატურა შემოეხაზათ, შემდეგ ბიულეტენი კონვერტში ჩაედოთ და ყუთში ჩაეგდოთ.
“ამ მეთოდის შედეგად, დაახლოებით 12-15 %-მდე შემცირდა პასუხი - “არ ვიცი” და “მიჭირს პასუხის გაცემა”, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი საკუთარი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ.
მისი თქმით, კვლევებიდან ჩანდა, რომ დისტანცია მმართველი პარტიის რეიტინგსა და ქართული ოცნების რეიტინგს შორის ნელ-ნელა მცირდებოდა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ჩამოაყალიბა, რამაც ხალხის თავისუფალ ნებაზე იქონია გავლენა. ისინი, ანგარიშსწორების შიშით, საკუთარ თავს უფრთხილდებოდნენ, სოციალურ კვლევებში აზრს არ აფიქსირებდნენ. ნაციონალურმა მოძრაობამ სინამდვილის აღქმის უნარი დაკარგა, ეგონა, არჩევნებს მოიგებდა, ხალხმა კი 1 ოქტომბერს სხვა არჩევანი გააკეთა”, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
ლუის ნავაროს თქმით, არჩევნების შედეგებში გადამწყვეტი როლი ციხის კადრებმა ითამაშა - ის ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი არ ჰქონდათ, ვისთვის მიეცათ ხმა, ციხის კადრებმა ოპოზიციურად განაწყო.
„ციხის კადრების გამოჩენა ტელესივრცეში სავსებით თანმიმდევრული იყო იმ აბსურდის ჟანრის მიზანსცენისა, რომელიც ჩვენ თვალწინ იდგმებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, და რომლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ვინმე ალისტრახო იყო (ალისტრახო იმ ე.წ. ჟურნალისტთა წრეს წარმოადგენდა, რომელიც „ინფო 9“-ის ჟურნალისტებს დაჰყვებოდა და მუშაობაში ხელს უშლიდა). ციხის კადრები სწორედ ამ აბსურდის ჟანრში მიმდინარე წინასაარჩევნო ბრძოლის კულმინაცია გახდა,” - ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.
ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ნაციონალური მოძრაობის საკვანძო პრობლემა “აზროვნების გაჯგუფება” იყო - ხელისფულების გუნდში ერთიანი, ”მონო”, გაზიარებული სააზროვნო-ემოციური სივრცის ჩამოყალიბება, რომელიც გარედან შემოსულ აზრს არ იღებდა, ხოლო კრიტიკას კი როგორც მტრულს, ისე განიხილავდა.
ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ნაციონალური მოძრაობის საკვანძო შეცდომა სწორედ “აზროვნების გაჯგუფება” იყო, რაც ნიშნავს, რომ ისინი გარედან შემოსულ აზრს იღებდნენ, როგორც არასწორს, მტრულს, არასამართლიანს - ფაქტობრივად, უკრიტიკო კამპანიას აწარმოებდნენ.
„ავტორატიზმისკენ გადახრილ მთავრობას ახასიათებს, რომ ნელ-ნელა რეალობის აღქმას კარგავს და მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან აფასებს მოვლენებს. ზედმეტი ხელისუფლება ყველა მთავრობას აზულუქებს. ასე მოუვიდა „ნაციონალურ მოძრაობასაც“, - ამბობს პოლიტოლოგი ზვიად აბაშიძე.
ზვიად აბაშიძის თქმით, სწორედ რელობის აღქმის დაკარგვამ გამოიწვია, რომ მთავრობა უფრო მეტ შეცდომას უშვებდა, არარაციონალური და აგრესიული ტონით პასუხობდა ოპოზიციის ყველა ქმედებას, რამაც ოპოზიციის რეიტინგი გაზარდა.
„ხელისუფლებას დაშინების რესურსი ჰქონდა, ოპოზიციას - დაპირების და ოცნების; ხალხმა მეორე აირჩია“, - ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.
მისი თქმით, ახლა მთავარია, ახალმა ხელისუფლებამ წინას შეცდომებზე ისწავლოს და იგივე შეცდომები აღარ დაუშვას.
“ამისთვის აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებას მოუსმინო და მისი კრიტიკის ფასი გაისიგრძეგანო; და გესმოდეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობა არა მის მიერ ხელისუფლებასთან მეგობრობა-სიყვარულობიასა და ხელისუფლების ყველა ნაბიჯის მოწონება-გამართლება-შექებაშია, არამედ სწორედაც რომ კონსტრუქციულ კრიტიციზმში,” - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.
სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.