სამი კვირაა შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტი დაიწყო. ბანკებში ამბობენ, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, მეწარმეების აქტივობა მაღალია და სესხი უკვე ასზე მეტ ფერმერს დაუმტკიცდა. თუმცა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ ბანკები კრედიტებს მკაცრად გასცემენ და აგროკრედიტი მათთვის არც ისე ხელმისაწვდომია.
“დღეს, სოფლის მეურნეობა მთავრობის მიერ დეკლარირებულია როგორც რეალური პრიორიტეტი. შესაბამისად, ეს ახალი ინიციატივა ძალიან დიდი დახმარება იქნება ყველა იმ ბიზნესორიენტირებული საწარმოსთვის თუ ფერმერისთვის, ვისაც სურვილი აქვს სესხი აიღოს. ეს პროგრამა აადვილებს ფერმერთა ხელმისაწვდომობას ფინანსურ რესურსზე, _“ ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ 27 მარტს, “შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტის” პრეზენტაციისას გააკეთა.
უკვე მესამე კვირაა დაიწყო “შეღავათიანი აგროკრედიტების პროეტი”, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინიტრომ მოამზადა. პროექტს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს, მის განხორციელებაზე კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მუშაობს. 2013 წელს პროექტისთვის ფონდიდან 36 მილიონი ლარია გამოყოფილი.
“შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტი” სამ კომპონენტიანია. პირველი კომპონენტი მცირე მეწარმეებისთვის 5 000 ლარამდე უპროცენტო სასაქონლო განვადებას გულისხმობს.
საფინანსო ორგანიზაციებსა და სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს შორის ხელშეკრულბები ფორმდება. მაღაზია ფერმერს შესასყიდი პროდუქციის საფასურის ანგარიშს უწერს, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტი ანაზღაურებს. ფერმერს შეუძლია მაღაზიიდან მისთვის საჭირო საწარმო საშუალებები გამოიტანოს, გარდა სასუქისა. განვადება 6 თვიანია. ვადის გასვლის შემდეგ თუ მეწარმე სესხს ვერ დაფარავს, მას წლიური 36% დაერიცხება. ამ კომპონენტში მეწარმეს ბიზნესგეგმის დაწერა ან რაიმე განსაკუთრებული ბიზნესგანაცხადის მომზადება არ სჭირდება.
მეორე კომპონენტი 8%-იან სესხს გულისხმობს და საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვისაა. კრედიტის მოცულობა 5 000 _ 100 000 ლარამდეა და არა უმეტეს 2 წლის ვადით.
ამ კომპონენტში სესხი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დასაფინანსებლად გაიცემა, როგორიცაა, საბრუნავი (ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალა, პესტიციდები, სასუქები, არასანაშენი და მოზარდი პირუტყვის ვეტპრეპარატების შეძენა და ა.შ.) და ძირითადი საშუალებების (სანაშენე პირუტყვის, ფრინველისდა თევზის შეძენა, სათბურის შენება, სარწყავი სისტემის მოწყობა) დაფინანსება.
პროექტის მესამე კომპონენტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვისაა და 60 ახალი საწარმოს დაფინანსებას ითვალისწინებს. ერთ მილიონ ლარამდე სესხი სამპროცენტიანია და არაუმეტეს 7 წლის ვადით.
პროექტში 11 ბანკი და 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობს.
სახელმწიფოს და ბანკებს შორის შეთანხმების შედეგად, პროცენტის მაქსიმალური რაოდენობა 17%-ით განისაზღვრა. მას შემდეგ, რაც მეწარმე სესხის აღებას გადაწყვეტს, მან ბიზნესგეგმით ბანკებს უნდა მიმართოს. ისინი განაცხადებს განიხილავენ და დადებითი პასუხის შემთხვევაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი სესხის თანადამფინანსებელი ხდება და აღებული კრედიტის 9%-ს იხდის. გარდა ამისა, ფონდი ბანკებს გარანტიას აძლევს, რომ თუ მეწარმე ვერ დააბრუნებს სესხს, ძირითადი თანხის ერთ მესამედს დაუფარავს.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ წლების განმავლობაში ბევრ სხვა ფაქტორებთან ერთად აგროსფეროს განუვითარებლობის ერთ-ერთი მიზეზი ფინანსების ნაკლებობა იყო. გასულ წლებში სოფლის მეურნეობაში გაცემული სესხის რაოდენობა საბანკო პორტფელში მხოლოდ 1% შეადგენდა და საპროცენტო განაკვეთი 36%-მდე აღწევდა.
ექსპერტების შეფასებით, აქამდე კრედიტის გაცემას აზრი არ ჰქონდა, რადგან სასოფლო _ სამეურენო საქმიანობით ფერმერი პროცენტის გადახდას ვერ ახერხებდა. კრედიტის სუბსიდირება კი, ერთი მხრივ, საბანკო ინსტიტუტებისთვის რისკს ამცირებს, რადგან პროცენტის დიდ ნაწილს ფონდი აფინანსებს, მეორე მხრივ, ფერმერებისთვის ფინანსური რესურსებზე ხელმისაწვდომობას ზრდის.
“საქმე იმაში კი არ არის, რომ საკრედიტო რესურსი არ არსებობდა, არამედ კრედიტის გაცემას არ ჰქონდა აზრი, როგორც ბანკის მხრიდან ისე ფერმერებისთვის. რადგან მარტო იმ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, რომელსაც ეწეოდა ფერმერი, პროცენტს ვერ გადაიხდიდა. შეიძლება აეღო სესხი, დაებრუნებინა, მაგრამ რეინვესტირება რომ მოეხდინა, ბიზნესი გაეფართოებინა და ცოტა უფრო მეტი მოგება მიეღო, ამას ვერ ახერხებდა, -“ ამბობს ორგანიზაცია “mercycorps” - ის წარმომადგენელი ირაკლი ქასრაშვილი.
თუმცა, როგორც ფერმერები ამბობენ, კრედიტების აღება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის არც ისე ხელმისაწვდომია.
ბესო ბაბუნაშვილი ახალციხის რაიონში, სოფელ წნისში რძის გადამამუშავებელი ქარხნის და კომბნირებული საკვების მწარმოებელი ქარხნის დირექტორია. 2009 წლიდან ამ საქმიანობას ეწევა. ევროპული სტანდარტების საწარმოები “აისოს” სერტიფიკატს ფლობს.
ოთხი წლის წინ საწარმოების განვითარებისთვის სესხი აიღო, რომლის ვადაც 2019 წლამდეა. “აგროსესხების” პროექტის ფარგლებში მეწარმეს არსებული სესხის რეფინანსირება სურდა და შემდეგ უკვე ამ თანხით მსხვილფეხა საქონლის ფერმის გაკეთებას და მაღალპროდუქტიული ჯიშის საქონლის შეძენას გეგმავდა. პროექტის გამოცხადების შემდეგ ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად შვიდწლიანი ბიზნეს გეგმა შეადგინა და პროექტში მონაწილე ერთ-ერთ ბანკს მიმართა. თუმცა ბანკმა სესხის გაცემაზე უარი უთხრა. როგორც ბაბუნაშვილი ამბობს, ბანკს ორი მიზეზი ჰქონდა, პირველი ის, რომ პროექტი არსებული სესხის რეფინანსირებას არ ითვალისწინებდა და მეორე _ არასაკმარისი უზრუნველყოფა.
“ბანკი ფონდისკენ იშვერს ხელს, იქედან არ არის მითითება, რომ შესაძლებელია არსებული სესხების რეფინანსირებაც. ერთ-ერთ მიზეზად მონიტორინგის შეუძლებლობა დაასახელეს. მათი თქმით, ვერ გადაამოწმებენ მართლა აგროსექტორში დაიხარჯა თუ არა ის სესხი, რომელიც ოთხი წლის წინ ავიღე. არადა ამის დადგენა ძალიან მარტივია, ნებისმიერი საკრედიტო განყოფილება, რომლებიც აგროფირმებზე სესხებს გასცემს, აღრიცხვას და მონიტორინგის აწარმოებს. თან ასეთი ბანკები ხომ ძალიან ცოტაა, ვინც აგროსესხებს გასცემდა, ამიტომ გადამოწმება არც ისე რთულია”, - ამბობს ბაბუნაშვილი.
მისივე თქმით, უზრუნველყოფის ნაწილში, რომელიც მესამე კომპონენტს ეხება, ბანკი უძრავ ქონებას, ბინას ან რაიმე სხვა სახის კერძო საკუთრებას მხოლოდ თბილისის ფარგლებში ითხოვს.
“ორჯერ მეტი აქტივი უნდა გქონდეს, რომ ბანკი სესხის გაცემას დათანხმდეს. მოთხოვნილ 700 ათასისთვის მილიონზე მეტ უზრუნველყოფას ითხოვს, ისიც უძრავი ქონება თბილისის ზონაში უნდა იყოს. ეს რეალურად წარმოუდგენელია ფერმერისთვის”.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ხელისუფლების ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ პროექტი ცალსახად დადებითია, რადგან ოცი წელია, სოფლის მეურნეობისთვის ყურადღება არავის არ მიუქცევია. მაღალპროცენტიანი კრედიტებით სარგებლობის საშუალება ფერმების უმრავლესობას არ ჰქონდა. თუმცა ნინო ზამბახიძეს „აგროსესხების“ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და მიაჩნია, რომ ბანკი სესხებს ძალიან მკაცრად გასცემს, რაც სექტორში ჩართული ადამიანებისთვის იაფ რესურსებზე ხელმისაწვდომობას ამცირებს.
„ჩვენს ასოციაციაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფერმები არიან გაწევრიანებულები. ბევრ მათგანს, გამოცდილების მიუხედავად სესხის გაცემაზე ბანკმა უარი უთხრა. მთავარ მიზეზად სფეროს მაღალრისკიანობა სახელდება. გასაგებია, რომ ყველა ფერმერს სესხს ვერ მისცემენ. მაგრამ პრობლემაა როცა სესხს გამოცდილი ფერმერიც ვერ იღებს. სესხს ვერ იღებენ, მაგრამ რატომ - ვერ იგებენ. ეს უკმაყოფილებს იწვევს, რაც ცუდია” _ ამბობს ნინო ზამბახიძე. მისივე თქმით, ხელისუფლებამ პროექტი უნდა დახვეწოს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის გოგიტა ზამბახიძის თქმით, პროცესის შეფასება ჯერჯერობით ადრეა, რადგან ბანკებს, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო სფეროში კრედიტების გაცემის გამოცდილება არ აქვთ, მომზადება სჭირდებათ. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბანკებში განცხადებების დამუშავება მინდინარეობს და რამდენიმე კვირაში სრული სურათი დაიხატება.
“მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის, მეწარმეებს უნდა გააჩნდეთ კრედიტუნარიანობა. თუ პირი ადრე შემჩნეულია, რომ ვერ გადაიხადა განვადება და საკრედიტო სიაში ეს დაფიქსირებულია, ცხადია, ადვილად ვერ აიღებს ამ კრედიტს. ეს ყველა კომპონენტს ეხება. პროექტი არ არის ყველასთვის, ეს არ არის გრანტი. ბანკები გულდასმით შეაფასებენ მათ კრედიტუნარიანობას,” _ ამბობს გოგიტა ჩხეიძე.
სააგენტოში ამბობენ, რომ პროექტის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში პირველ კომპონენტში 100-ზე მეტმა მეწარმემ აიღო კრედიტი, დაახლოებით 400 000 ლარის ფარგლებში. მეორე კომპონენტში ბანკმა 23 მეწარმეს დაუმტკიცა სესხი, 601 400 ლარის ოდენობით. მესამე კომპონენტში 2 საწარმო დაფინანსდა, რომელთა საერთო მოცულობამ 660 000 ლარი შეადგინა. პროექტის ხანგრძლივობა კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი სესხი გაიცემა, რადგან პროექტის დასაფინანსებლად 2013 წელს ფონდიდან 36 მილიონია გამოყოფილი.
პროექტის მიხედვით, მეწარმე სესხს იმ შემთხვევაში აიღებს, თუკი ბანკის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობას აკამყოფილებს. პროექტში მონაწილე ბანკებს სესხის აღების მსრუველთათვის თავიანთი პირობები აქვთ დაწესებული.
“ვითიბი” ბანკი პროექტის სამივე კომპონენტში მონაწილეობს. როგორც ბანკში ამბობენ, სესხის გაცემისას აუცილებელია სოფლის მეურნეობის წარმოებაში კლიენტს პრაქტიკული ან თეორიული გამოცდილება ჰქონდეს.
“პროექტის დაწყებიდან ორ დღეში “ვითიბი” ბანკმა 5 სესხი გასცა. ამ მომენტისათვის პროექტის მეორე კომპონენტის ფარგლებში “ვითიბი” ბანკში 50-მდე კრედიტია დამტკიცებული, რაც მოცულობაში მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებს. ასევე, ბანკში 100-მდე განაცხადია შემოსული. მესამე კომპონენტში კი ერთი კრედიტი უკვე გასცა, რომლის მოცულობაც 600 000 დოლარს შეადგენს. ამ კომპონენტის ფარგლებში ბანკში 10-ზე მეტი პროექტის დამუშავება მიმდინარეობს,” _ აცხადებენ “ვითიბი” ბანკში.
სოფლის მეურნეობის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თანადაფინანსება ერთი ნაბიჯია, თუკი არ მოხდება საკრედიტო მოცულობის გაზრდა და ამ სფეროში სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, ეს აქტივობა შეიძლება მხოლოდ სფეროს წახალისებად დარჩეს, რადგან სოფლის მეურნეობა საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზეც ისეთი დარგია, რომელიც სახელმწიფოს მუდმივ მზრუნველობას საჭიროებს.
სტატია დაიბეჭდა ჟურნალი "ლიბერალის" 133-ე ნომერში, 22-28 აპრილი/2013